ახალი წლის დილას მამას კბილი ასტკივდა. დედა სტომატოლოგია. სთხოვა, კლინიკაში წავიდეთ, გიმკურნალებო, მაგრამ ვერ დაიყოლია. ბორმანქანის დანახვაც არ მინდაო. მალე ტკივილმა გაუარა და მეგობრებთან წავიდა.
ათიოდე წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღეთ და... შემოვიდა თეთრჩოხიანი, ჭრელხურჯინიანი თოვლის ბაბუა!
- თოვლისბაბუა! თოვლის ბაბუა მოვიდა! - სიხარულისაგან კინაღამ გავგიჟდით პატარები.
ნაძვის ხესთან მივიწვიეთ. გაგვიკვირდა, საბასთან ხვეწნა არ დაგვჭირვებია, ისე გვიმღერა.
- ყოჩაღ! - შეაქო თოვლის ბაბუამ. - კარგი სიმღერისათვის კარგ საჩუქარს იმსახურებ! გაიქეცი, სადარბაზოში დაგხვდება.
კართან ველოსიპედი დაგვხვდა. საბა სიხარულისაგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა, თუმცა მადლობის გადახდაც არ დავიწყებია:
- გმადლობთ, თოვლის ბაბუა! სწორედ ასეთ ველოსიპედზე ვოცნებობდი!
- აბა, მოცეკვავე გოგონებო, თქვენ რით გამახარებთ? - გვკითხა თოვლის ბაბუამ მე და ჩემს დას.
- საიდან იცით, რომ მოცეკვავეები არიან? - გაოცდა საბა.
- მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ ერთს ანი ჰქვია, მეორეს - მარი. ტყუპები არიან, პირველკლასელები; ერთ მერხზე სხედან და კარგად სწავლობენ.
- ისიც იცით, კანფეტებსა და ჩურჩხელებს ჩუმ-ჩუმად რომ ვჭამ?
- ბევრი ტკბილეული მადას რომ წაგიხდენს ხოლმე. ვიცი, ყველაფერი ვიცი!
საბას შერცხვა და თავი ჩაღუნა.
მე და მარიმ ვიცეკვეთ და თოვლის ბაბუას ტაში და საჩუქრებიც დავიმსახურეთ, საცეკვაო კოსტიუმები გვაჩუქა! გულმა არ მოგვისვენა, გამოვეწყეთ და კიდევ ვიცეკვეთ.
-სხვასაჩუქრებიც მოგიტანეთ! - გვითხრა თოვლის ბაბუამ და ხურჯინიდან წიგნები ამოაწყო. - ძალიან მინდა, ეს ლამაზად მოხატული წიგნები წაიკითხოთ! იმეგობრეთ მათთან! ისინი საინტერესო ამბებსაც გიამბობენ და ბევრ რამესაც გასწავლიან!.
უცებ თოვლის ბაბუა მოიღუშა და ლოყაზე მიიდო ხელი.
- კბილი აგტკივდათ? - ჰკითხა დედამ.
მან თავი დაუქნია.
- დილას მამასაც სტკიოდა კბილი, მაგრამ დედას კლინიკაში არ გაჰყვა, ბორმანქანის შეეშინდა, - უთხრა საბამ.
- თოვლის ბაბუას კი არაფრის ეშინია! - ვთქვი მე. - ასე არ არის, თოვლის ბაბუა?
- კი, ასეა... არაფრის მეშინია, - კვერი დამიკრა მან. გვითხრა, ჩემზე არ იდარდოთ, თქვენი დედიკო უცებ მომარჩენსო...
დედა და მამა ერთად დაბრუნდნენ. მამამ გვიამბო:
- სახლისაკენ რომ მოვდიოდი, კლინიკაში მიმავალი დედა და თოვლის ბაბუა შემხვდნენ. თოვლის ბაბუას ხათრით მეც ვიმკურნალე. ბორმანქანა გაბრაზებული ფუტკარივით კი ბზუოდა, მაგრამ არაფერი მტკენია. თქვენი დედიკო საუკეთესო ექიმი ყოფილა! თოვლის ბაბუამ დამშვიდობებისას უთხრა, თქვენ კეთილი ფერია ბრძანდებითო!
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ჯანსაღი ცხიმები - გულისა და ტვინისთვის
მიირთვით ჯანსაღი ცხიმები, რომლებიც გვხვდება ავოკადოში, თხილში, თესლებში და ზეითუნის ზეთში. მოერიდეთ ტრანსცხიმებს და გაჯერებულ ცხიმებს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო