kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ამას,, მურიანი აშექალას“ მეტი არავინ იზამდა, -

ერთხმად დაასკვნეს ნაძვების კორომებთან მოგროვილმა ბავშვებმა.

თაია აშექალას მეზობლად ცხოვრობდა და მის ხბოებსაც ცნობდა.

როგორც კი მოვიდა, ეჭვი საბოლოოდ დაადასტურა:

-ჭალაში დავინახე, ნამდვილად მაგისი ხბოები არიანო!

ყველაზე გვიან ბავშვებს,, ჯეკი ჩანი“ შემოუერთდა.

დაღლილი და შეშფოთებული სახე ჰქონდა.

ბშაში შეყრილი ხბოები პირველად მას უნახავს... გამოქცეულა და სკოლაში განგაშის წერილი გაუვრცელებია!

თვითონ კი ისევ ტყეში დაბრუნებულა და აშექალას ნამეხარ კლდესთან ჩასაფრებია. ეგებ კიდევ მოვიდეს და დანაშაულზე წავასწროო!

- მთელი დღე ვყარაულობდი, ნეტავ კი მოსულიყო... აი, როგორი მშვილდ- ისარი მაქვს!! -

,, ჯეკი ჩანმა“ ზურგზე წამოკიდებული ჭაობისფერი საწვიმარი ბალახზე დადო და ფრთხილად გაშალა.

ბავშვები ახლოს მიჩოჩდნენ და მშვილდ-ისარს ცნობისმოყვარედ დაუწყეს თვალიერება.

- უბრალო არ გეგონოთ, ისრის წვერებზე ცხენის ლურსმნები აქვს, უნდა გამექანებინა და შიგ კოჭებში დამერჭო!! - დაასრულა იმდღევანდელი თავგადასავალის თხრობა კოპებშეკრულმა,, ჯეკი ჩანმა“.

ბავშვებს გაეცინათ.

შეთანხმდნენ, სახლებში მანამ არ წასულიყვნენ, სანამ ჩიკოს ოპერაციის შესახებ რამეს არ გადაწყვეტდნენ.

ასევე უნდა მოეფიქრებინათ, როგორ მოეღოთ ბოლო,, მურიანი აშექალას“ თავგასულობისთვის.

-მეტი გზა არაა, ჩიკოს ოპერაციისთვის ფულის შეგროვება უნდა დავიწყოთ, - თქვა ლენგინამ.

თავისი სახელის გაგონებაზე გვერდზე მიწოლილმა ჩიკომ თავი უმწეოდ ასწია და მეგობრებს დასისხლიანებული თვალებით გამოხედა.

მოეჩვენა, რომ ისევ დატრიალდა მთები და ბავშვები.

ბუნდოვნად ხედავდა მათ სილუეტებს.

-ოპერაციას ბევრი ფული სჭირდება, სანამ მოვაგროვებთ, ჩიკო ვერ გაუძლებს! - არ მოეწონათ ეს აზრი ბიჭებს.

-გუშინ საბამ და გიგიამ მითხრეს, თურმე თბილისში,, ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ არსებობს! - ჩაფიქრებულად დაიწყო ლელიამ.

- მართალია! ძაღლების თავშესაფარიც არსებობს! ტელევიზორში აჩვენეს! - ერთხმად წამოიძახეს ბავშვებმა.

-თურმე უპატრონო ძაღლებსაც უკეთებენ ოპერაციებს და არა მგონია უარი გვითხრან!

-მაგარია! - გაისმა შეძახილები.

-კი, მაგრამ როგორ შევატყობინოთ? -იკითხა ვიღაცამ.

-წერილი ინტერნეტით გავუგზავნოთ! იქ დირექტორის სახელიც წერია, გვარიც და მისამართიც!

ბავშვებმა ტაში შემოჰკრეს და ყიჟინა ატეხეს!

ერთმანეთს საუბარს აღარ აცდიდნენ.

საბოლოოდ ფურცელი და კალამი მოიმარჯვეს და საქართველოს,, ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავჯდომარეს ასეთი წერილი მისწერეს:

,, მოგესალმებით, ქალბატონო ნანუკა!

ჩვენ ვართ ხევსური ბავშვები, სოფ. ქობულოდან - ლელია, ლენგინა, სამუელი, საბა, გიგი, ონისე, მაგდა, ლილე, თენგო, ბარბარე, გიგა და სხვები.

ჩვენ გვყავს ძაღლი (სახელად ჩიკო), რომელიც ძალიან ავად გაგვიხდა.

კერძოდ, ის დაგლიჯეს მეცხვარე ძაღლებმა, ცხვირი დაუჩირქდა და ესაჭიროვება სასწრაფო ოპერაცია.

ჩვენს სოფელში არც ვეტექიმი გვყავს და არც ქირურგი.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ! ჩიკოს ოპერაციის გაკეთება სასწრაფოა!

კიდევ ისიც გვაწუხებს, რომ ჩიკოს უსამართლოდ გადაეკიდა აქაური ბებერი ქალი და სიცოცხლე გაუმწარა.

გთხოვთ, ამ ქალბატონს გამოუწეროთ ჯარიმა, რათა ისწავლოს ჭკუა!“

ბავშვების ერთმა ნაწილმა არ მოიწონა წერილში,, ბებერი ქალი“ -ს ჩაწერა. ითხოვდნენ ან ამოეღოთ ეს სიტყვა, ან მის ნაცვლად ჩაეწერათ,, მოხუცი“...

თუმცა, საბოლოოდ, მომხრეებმა მოწინააღმდეგეები დაიყოლიეს და როგორც იყო, ისე დატოვეს!

გადაწყდა, რომ წერილს ლელია წაიღებდა და ინტერნეტით გააგზავნიდა.

თითქოს ჩიკომ ბავშვების ყველა სიტყვა გაიგონაო (აქ ჯობდა, გვეთქვა, რომ მართლაც გაიგონა!) ფეხზე წამოდგა, საცოდავი ტორტმანითა და ბარძგალით წრეზე ჩამომსხდარ ბავშვებს შემოუარა, მერე პატრონთან მივიდა და გაბრუებული თავი კალთაში ჩაუდო.

-იმ კუდიანმა ჩიკო ალბათ იმიტომ აუშვა, რომ ტყეში წასულიყო და მგლებს შეეჭამათ, - თქვა,, ჯეკი ჩანმა“ და მშვილდ-ისარი ზურგზე მოიგდო.

ბავშვები ისე იყვნენ თავიანთი გადაწყვეტილებით გახარებულნი და ჩიკოს გადარჩენის იმედიც უკვე ყველას გასჩენოდა, რომ,, მურიან აშექალაზეც“ ისე ძალიან აღარ ბრაზობდნენ.

ჩიკო ისევ ბშა-ში დააბეს და ქობულოს გზას გაუდგნენ.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–13
ოპტიმალური ასაკი: 9–12

სხვა მოთხრობები

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ზამთარია.  დეკემბრის სუსხიანი დილა.  სულ მაღლა თუ აიხედავთ (მზის სხივებზე ოდნავ დაბლა), დათოვლილი მთის კალთა გამოჩნდება, რომელსაც უსწორმასწორო ბილიკი რუხი ბაწ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ყოყოჩაშვილო:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ოჯახური დღესასწაულების აღნიშვნა

აღნიშნეთ ოჯახური დღესასწაულები ერთად, რათა გააძლიეროთ ოჯახური კავშირები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026