ლელიამ წერილი გაგზავნა თუ არა, იმ წუთიდან მოსვენება დაკარგა.
აღარც ეზოში გასვლა აინტერესებდა, აღარც თამაში და ვერც მეცადინეობას უდებდა გულს.
მთელი ყურადღება კომპიუტერისკენ ჰქონდა.
როგორც კი მამის თვალს აიცდენდა, თავისი ოთახისკენ გარბოდა, კომპიუტერს ჩართავდა და ფოსტას ამოწმებდა.
გიორგი ამჩნევდა, რომ ბავშვი უცნაურად იყო აფორიაქებული.
რამდენჯერმე ისიც შეამჩნია, რომ ღამღამობით ჩიკოს სახელს ახსენებდა. ჩანდა, რომ ბავშვს ძაღლი ესიზმრებოდა!
გიორგი ძალიან წუხდა და გულის სიღრმეში სინდისის ქენჯნას გრძნობდა! რადგან ფიქრობდა, რომ ჩიკო, მართლაც იმედამ წაიყვანა და სადღაც გაუშვა. ვერც იმისთვის მოიცალა, რომ ენახა და დაწვრილებით გამოეკითხა ყველაფერი.
ლელია გიორგის ნაბოლარა შვილი იყო.
მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან გოგონა ტანჯვით გაზარდა და
როცა მას რაიმე აწუხებდა, გიორგი ადგილს ვერ პოულობდა.
ახლაც ყველანაირად ცდილობდა ბავშვი გაერთო და ჩიკოს დაკარგვით გამოწვეული დარდი დაევიწყებინა.
-ლელი, თუ გინდა, შაბათ- კვირას საბა და გიგია მოვინახულოთ და ზოოპარკში წავიდეთ!- შესთვაზა შვილს.
ლელიას თბილისში წასვლის იდეა ძალიან მოეწონა, მაგრამ ჩიკოს დატოვება არ უნდოდა. ეშინოდა , ვაითუ,,,მურიანმა აშექალამ“ რაიმე ახალი ოინი მოიფიქროსო.
- მამიკო, მოდი, საბა და გიგია ჩამოვიყვანოთ და არაგვზე გავისეირნოთ!- შესთავაზა მამას.
გიორგი დათანხმდა და მეორე დღეს ქალაქიდან ბიჭებთან ერთად დაბრუნდა.
და-ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
საბამ და გიგიამ მთელი სოფელი ფეხით შემოირბინეს.
ერთი წამით სულს ვერ ითქვამდნენ!
ხან საკურდღლესთან მიცვივდებოდნენ , ხან ვაშლის ხეებზე დაძვრებოდნენ, ხან აივნის რიკულებზე კონწიალობდნენ , ხან კი სტადიონზე ბურთის ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ.
კარგად რომ დაიღალნენ, ლელიას ოთახში შეიყუჟნენ, კომპიუტერი ჩართეს და ჩიკოზე ჩურჩულს მოჰყვნენ.
-ჭალაში როდის წავიდეთ?- ჰკითხა დას საბამ.
- სანამ მამიკო სახლშია ვერ წავალთ!
- ლელი, მამას რატომ ვუმალავთ? არ ჯობია, ყველაფერი იცოდეს?!
- არა, იმიტომ რომ შეიძლება ჩიკო სადმე წაიყვანოს და გაუშვას!- აუხსნა გოგონამ.
ამდენი ხანი ლელიას ძმებისთვის არაფერი უთქვამს იმის შესახებ,რაც ბიძაშვილებისგან გაიგო და საბამ და გიგიამ არ იცოდნენ, რომ გიორგიმ მართლა დააპირა ძაღლის თავიდან მოშორება.
ბიჭები ფიქრობდნენ, რომ ბავშვებმა ჭალაში ,,ბშას“ აშენება მხოლოდ გასართობად წამოიწყეს.
-დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებს!- თქვა საბამ.
-მე არ ვარ დარწმუნებული და როცა დავრწმუნდები, ვეტყვი!- გული მოუვიდა ლელიას და ინტერნეტში ფოსტა კიდევ ერთხელ გადაამოწმა.
- ბიჭებო, შეხედეთ! - შეჰკივლა უცებ და სკამიდან წამოხტა.
-წერილია! პასუხი მოგვწერეს!
საბა და გიგია კომპიუტერის ეკრანს ეცნენ.
- მიდი,ლელი, გახსენი , ჩქარა!- თვალებს არ უჯერებდა გიგია.
ეს ბავშვებისთვის ნამდვილი სასწაული იყო.
- ღმერთო ჩემო!- მღელვარებას ვერ იოკებდა გოგონა და ორივე ხელისგული აღაჟღაჟებულ ლოყებზე ჰქონდა მიფარებული.
ბოლოს წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო...
გამარჯობა, ბავშვებო!
გვიხარია, რომ ასეთი გულისხმიერები და კარგები ხართ! რომ ასე გიყვართ ცხოველები და ზრუნავთ მათზე!
ასევე მოხარული ვართ, რომ გაქვთ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და მოახერხეთ ჩვენთან დაკავშირება!
აუცილებლად დაგეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ თქვენს საყვარელ ჩიკოს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ!
სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, უახლოეს დღეებში, ვერ ხერხდება ჩვენი ვიზიტი ხევსურეთში! მკურნალობა რომ არ დაგვიანდეს, ხომ ვერ შეძლებდით ჩიკოს თბილისში ჩამოყვანას?
ყველა ხარჯს (ჩიკოს ოპერაციის ჩათვლით) ჩვენი ორგანიზაცია დაფარავს!
პატივისცემით - ნანუკა ძირტკბილაშვილი
ოთახში ბავშვების ისეთი ყიჟინა ატყდა ,გეგონებოდათ ცა ჩამოიქცაო.
ოთახის კარი გიორგიმ შემოაღო:
- რა ხდება?
ბავშვები კომპიუტერს მოშორდნენ და მამას დაბნეული სახით მიაჩერდნენ.
მათმა უჩვეულოდ ანთებულმა თვალებმა და გაბადრულმა სახეებმა გიორგი კიდევ უფრო დააბნია.
-მოხდა რამე? -გაიმეორა კითხვა.
საბამ და გიგიამ ლელიას ისე გადახედეს, თითქოს ეუბნებოდნენ: ,, კეთილი ინებე და ,რაც გინდა , უთხარიო!..“
ლელია შუა ოთახში გაჩერდა და ხელების მოძრაობით დაიწყო ახსნა:
-მამიკო, რაღაც საბავშვო საკითხი ხდება ...მაგრამ , ჯობია, დღეს დავწყნარდებით და ხვალ მოგიყვებით!
გიორგის გაეცინა.
- კარგი! თუ დაწყნარდებით და ვახშამზე მოხვალთ, ცუდი არ იქნება! - უთხრა ბავშვებს და ოთახიდან გავიდა.
- მართლა უნდა მოუყვე?- მიუბრუნდნენ გაკვირვებული ძმები ლელიას.
- ჰო, მართლა!! - თქვა გოგონამ და თვალებში ისევ მზისფერი ციცინათელები აუციაგდა.
- აბა, წეღან რომ თქვი, არაო?! - მხრები აიჩეჩეს ბიჭებმა.
- ხვალ მამიკოს ყველაფერს მოვუყვებით და ჩიკოსაც წაიყვანს თბილისში!- ბედნიერი სახით დაამატა ლელიამ.
ბავშვებმა , როგორც იქნა, მოახერხეს დაშოშმინება და სასადილო ოთახში გასვლა.
მერე კი, დასაძინებლად დაწვნენ.
უჰ, რა გაათენებდა ამ ღამეს...
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ასწავლეთ ონლაინ ვიდეოების გაზიარების უსაფრთხოება
აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გაუზიაროს ვიდეოები ონლაინ უსაფრთხოდ და როგორ უნდა დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო