ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ.
ბატონო ნ.!
გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს რასმეს ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალურ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი.
გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ.
კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათრთოლდნენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის
მსხვერპლი შევიქნებით.
ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.
ჩემი ოთახის ფანჯროდან ხშირად მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა: მოუარეთ საქართველოს! მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ: მოუარეთ საქართველოს! ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს: მოუარეთ საქართველოს!
ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბას ეუბნება დინჯი მტკვარი: მოუარეთ საქართველოს!
ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირუმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა: მოუარეთ საქართველოს!
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ ბავშვს, რომ გაიგოს სხვისი მარტოობა
ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს, როგორ გრძნობენ თავს ადამიანები, როდესაც ისინი მარტო არიან და როგორ შეუძლია მათ დაეხმაროს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო