kids.ge logo

ბაგრატას ყორე

ფავორიტებში დამატება

ერთი უცნაური ზნე სჭირდა ბაგრატას: თავისი ეზოს ყორეს ყოველ გაზაფხულზე ანგრევდა და ხელახლა აშენებდა.

უბნის ბიჭები პირველ წელიწადს შველოდნენ, მეორე წელიწადსაც მიეხმარნენ, მაგრამ მესამე გაზაფხულზედაც რომ შემოანგრია, ზედაც აღარ მიჰხედეს.

გოგლა ექვსი წლისა იყო, ბაგრატამ მეშვიდედ რომ შემოანგრია თავის ეზოს ქვა-ტალახის ყორე, აურია ტალახი და დაიწყო აშენება.

გოგლამ რომ დაინახა მარტოდ მშრომელი ბაგრატა, მასთან მივიდა:

- მოგეხმარები, ძია ბაგრატ!

- ღმერთი კი შენ მოგეშველება, შვილო, - უპასუხა ბაგრატამ, ისე რომ თავი მაღლა არ აუღია.

გოგლა დაიხარა ქვის ასაღებად.

ბაგრატას ჩუმად მუშაობა არ შეეძლო, თუ ვინმე ახლდა, უნდა ელაპარაკა, თუ მარტო იყო - ღიღინებდა.

ბავშვთან ვინმეზე ლაპარაკი ეუხერხულა. ისევ ლექსებს ვიტყვი, ბალღია, გაუხარდებაო, - გაიფიქრა და დაიწყო:

- მზევ, შინა და, მზევ, გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო...

გოგლას ცის თვალები გაუფართოვდა. სმენად იქცა, თან ქვებს აწვდიდა. ბაგრატას კი სათქმელი ლექსი არ ელეოდა.

მთელი კვირა არ გასულა გოგლა უბნის ბიჭებში.

თედომ და ლადომ სახლში მიაკითხეს. სოფიომ უთხრა:

- დილას მიდის სახლიდან და საღამოს გვიან მოდის, მგონი, ბაგრატას შველის.

ბიჭებმა ორღობეში ჩაუხვიეს. დაინახეს: ბაგრატას ეზოშია გოგლა, დიდი ქვა აუწევია, ისე დიდი, რომ სიმძიმისაგან წელში ვერ სწორდება და მოხრილი საცოდავად მიაბიჯებს.

- თავს რაზე იკლავ, ბიჭო! - შეეხმიანენ თანატოლები.

გოგლამ მძიმე ქვა ბაგრატას ფეხებთან დაუშვა და ღიმილი შეაგება ბიჭებს.

- აი, ეს კედელი მარტო მე და ძია ბაგრატამ ავაშენეთ, - თქვა ამაყად.

მეორე დღეს ლადომ უთხრა:

- თავს რაზე იკლავდი, არ გაგიგია მაგისი ახირება? მერმის ისევ დაანგრევს და ისევ ააშენებს. შენ თუ ყოველ წელს ამ სიმძიმე ქვები სწიე, მოკვდები. პატარა ქვებს მაინც მიაწვდიდი, რას ეჭიდებოდი ისე დიდებს?

გოგლას გაეცინა.

- პატარა ქვას თუ მივუტანდი, პატარა ლექსს მეუბნებოდა ბაგრატა, დიდ ქვას რომ მივუტანდი, დიდ ლექსს ამბობდა. მე კი მინდოდა დიდი ლექსები ეთქვა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თამლიანი:


Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ საკვებზე ჩხუბს

ჯანმრთელმა ბავშვმა ინსტინქტურად იცის რამდენი ჭამოს. თუ ის უარს იტყვის საჭმლის დასრულებაზე, არ დააძალოთ ულუფის დამთავრება. ბავშვი არ მისცემს თავს უფლებას, იშიმშილოს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026