kids.ge logo

ხმელი წიფელი

ფავორიტებში დამატება

ყველას, და მათ შორის მეც, მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ რა შეედრება!..

მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალწინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლოს ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულფოთლებიანი, ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტიღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილა და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამ ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს კი, რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ. მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად დაუახლოვდებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი „ადგილის დედა“ ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: „რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, რას ამბობსო!“

ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით და არც ავად, არც კარგად ყურს არ ათხოვებს ამ ამაყ მცენარეთ, მაგრამ „ადგილის დედის“ ზღაპარს კი ყურს უგდებს; თითოეული მისი სიტყვა ლახვარივით ესობა გულზე და უჩუმრად ცრემლსა ჰღვრის.

საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთამბრძოლს დაჰფერებია, წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგას უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანძალი დაუციათ და ნაწლავები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა.

როცა ქარი უბერავს, სხვა ხეები ირწევიან, მხოლოდ ხმელი წიფელი არ ინძრევა; წინად კი, როცა იგი ჯანსაღად იყო, სიცოცხლით სავსე, ქარის ბერვაზე დაიწყებდა ზღვასავით ღელვას; მისი ტოტები და ფოთლები ჭექა-ქუხილივით ხმაურობას ასტეხდნენ. ხმელის წიფლის ტოტები ამაყად დედამიწას სცემდენ, ასკდებოდენ. დიაღ, ეხლა ქარს ვეღარ მიჰყვება ხმელი წიფელი სხვა ხეებივით, ძველებურად, შეუპოვრად გულ-მკერდს ვეღარ უპყრობს ქარიშხალს. არ მოიდრიკება კი ხმელი წიფელი და, თუ მოსტყდება, იმისი რა ვსთქვათ... მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება, ფეხვები გამოჩნდებიან, აღმე თავაჭერილები, თითქოს ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, შველასა სთხოვდენო. ზაფხულობით უფრო შესაბრალისია ხმელი წიფელი. სხვა ხეები მორთულან მწვანის ფოთლებით, უვნებელნი, უდარდელნი; მათზედ ათასი ფრინველი სხდება საგალობლად, ქედნები ღუღუნებენ იმათ ტოტებზე, ქერონა ჩიტი დაჰკრავს დაუსრულებელს გალობას, წიპრია იკლებს სტვენით იმათ არემარეს და მოუსვენრად გადახტ-გადმოხტის; ყელმოღერებული შველი და ირემი იმათ იჩრდილავს. ეს დაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან ბეჩავს ხმელს წიფელს, იმისი ეჩოთირებათ და ამბობენ: „ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო!“ - არ იციან, რომ ხმელი წიფელი იმათზე მეტად ისხენიება და არიან, იპოვებიან ისეთნი კაცნი, რომელთაც მოსწონთ და უყვართ უბედურებაში ჩავარდნილი ხმელი წიფელი... სოფელში დღეში სამჯერ მაინც მოიგონებენ  ხმელს წიფელს, - სადა გყვანდათ დღეს საქონელიო? - მამამ რომ ჰკითხოს თავის შვილებს, ისინი უჩვენებენ ხმელის წიფლის მიდამოს, გაღმითს ან გამოღმითს, თავს ან ბოლოს.

- ხმელ წიფლის ძირს, კლდეში, ვეფხი დაბუდებულაო, - ხმა არის სოფელში, - ლეკვები დაუყრიაო. მონადირეებს ენახათ ხმელ წიფლის გარშემო დედა ვეფხის და იმის ლეკვების კვალიო.

- ეს სააბედე სოკო ხმელს წიფელს ავაჭერო, - ამბობს მეორე.

დიაღ, არ იციან უგუნურმა ხეებმა, რომ ხალხს ჯერ არ დაუვიწყნია ხმელი წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს იმისი სიდიადე.

განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია?!
ათასს ცოცხლასა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია, -
თითქო დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია.
რისთვის მოსულხარ, ბეჩავო,
არ იგლოვები მკვდარია?!
შენთვის არც წაწყმედა არი,
არსად ცხონება არია!
ვინ არ შეგიკრავს კუბოსა,
ვინ არ აგინთოს სანთელი?..
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს,
იკარგებოდეს სახელი!

ღამღამობით ათასში ერთხელ ხმელს წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: „ვერ იპოვეო?“ და, როცა ძახილით დაქანცულს შემოესმის: „ვერა, ვერაო“, მოსაწყლებული თავს დაჰკიდებს და „ღრუ, ღრუო“, ხმადაბლა გულს ჩასძახებს.

ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელს წიფელს, აიტუზება იმის გვერდით და ღმუის, შიმშილისაგან შეწუხებული. ხმელი წიფელი შეუშფოთრადა სდგას, არც ავს იტყვის, არც კარგს, სდგას გაშტერებული; იმან არც სიბრალული იცის, არც სიმძულვარე; არც სამტროდ აუდუღდება გული, არც სამოკეთოდ; ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭედვია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთ ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ესღაა იმისი ნუგეში...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ გუნდური მუშაობა

თუ თქვენი შვილი ჩხუბობს სხვა ბავშვთან სათამაშოს გამო, დააყენეთ ტაიმერი ხუთ წუთზე - უთხარით ერთ ბავშვს, რომ მას შეუძლია სათამაშო იქონიოს მანამ, სანამ ტაიმერის ხმას არ გაიგონებს, შემდეგ კი მეორე ბავშვის ჯერი დადგება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024