kids.ge logo

ჩვენი მამალი

ფავორიტებში დამატება

მეტად ამაყია ჩვენი მამალი: ეზოში მედიდურად დადის, დროგამოშვებით შედგება და დაიყივლებს; ჯიჯლიბო გვერდზე გადაუგდია, როგორც თავმომწონე ბიჭი გადიგდებს ხოლმე ქუდსა. საყივრები ხმლებივით ბოლოდამ უკანა აქვს გადაშვებული, თითქმის მიწაზე მიათრევს. მტრის მოსაგერი დეზები შემოკაუჭებული აქვს; ეს დეზები შუბი და ლახვარია, მტრის გასაგმირად დამზადებული.

ვაი იმ უცხო, მეზობლის მამალს, რომელიც ჩვენს ეზოში შემოსვლას გაჰბედავს: ჩვენი მამალი დაუხვდება წინ და შეუტევს, როგორც ლომი, აუტეხს შემოსულს მტერს მედგარს ომს. სასიკვდილედ შეებრძოლება ჩვენი მამალი მტერსა. გაიმართება მამლებ შორის ფარ-ხმლის ტრიალი: ქვეყანა შეიძვრის იმათ ბრძოლისაგან, მზე დაბნელდება მამლების ფეხთა ანადენის მტვრისაგან.

ერთად შეგროვილი დედლები ანწლებში, ღოლოებში ან ჭინჭოებში გულისფანცქალით თვალს ადევნებენ ამ ორის გმირის ბრძოლას, ხანდახან აკუტკუტდებიან, ღმერთს ევედრებიან:

– „ღმერთო, შენ გაამარჯვებინე ჩვენს მამალს, დაამარცხებინე ეგ ვიღაც უცხო მამალი მოთრეულა; აქ, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ეზოში პამპლაუშობს და ჩვენზედ გაბატონება მოსწადებია“.

მამალმა კარგად იცის, რომ დედლებს ის პატრონად მიაჩნიათ და თავგამოდებით იმიტომ იბრძვის, იბრძვის, თანაც თვალი და თვალი დედლებზე ჰრჩება: მოსწონთ თუ არა ჩემი ბრძოლა, ჩემი ვაჟკაცობა.

უნდა მაშინ ნახოთ ჩვენი მამალი, როცა გაიმარჯვებს, – ან კი როდის არ გაუმარჯვნია! – როგორ ამაყად, მეფურად გაივლ-გამოივლის, ეზოში იქნება, თუ კალოში, გაიბღინძება, მკერდს წინ გადმოიშვერს, საყივრებს დასწევს, ყელს მოიღერებს და, რაც ძალი და ღონე აქვს, დაიყივლებს და დაიყივლებს: გაიგე, მთაო და ბარო, ცავ და დედამიწავ, რომ გავიმარჯვე!

დაუძახებს და შემოირტყამს გარეშემო დედლებს და ეუბნება იმათაც: – „გაიგეთ, დარწმუნდით თქვენც, ქალებო და ქალბატონებო, რომ გმირი ვარ, გმირი, უძლეველი გმირი! ნუ გეშინიათ, სხვის ხელში არ ჩაგყრით მე, თუ ცოცხალი ვარ და სული მიდგა; მიწამ არ უნდა შეჭამოს ჩემი მკლავები, რომ ვერ გიპატრონოთ, ვერ მოგიაროთ!“

– ვიცით, ბატონო, ვიცით, – უპასუხებენ დედლები, – იმიტომ გვიყვარხარ, რომ ეგეთი გმირი ხარ და კარგი ჩვენი პატრონი, უშენოდ ერთი დღეც ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა.
– შენს ჯიჯლიბოს, ნისკარტს და დეზებს ვენაცვალე! – ეუბნება ერთი, წვრილი თვალებით მოკირწყლული თალხს კაბაზე, ღაბუა ნაცარა ვარიკა, რომელიც ყველაზე მეტად ეწონება და ეფერება მამალს, რომ მუდამ ამის მზრუნველი და მფარველი იყოს და სხვებში გამოარჩიოს. დედლები იგონებენ მამლის მაშინდელს სიმამაცეს, როდესაც ქათმებს ქორმა დაუტია. ამ გაუმაძღარმა ფრინველმა ერთს დედალს გაჰკრა ბრჭყალი და მამალმა კი დაატოვებინა…
ეს ამბავი ასე მოხდა.

სწორედ გარიჟრაჟზე ჩამოფრინდა მამალი ქანდარიდამ, თან მოჰყვნენ დედლები და უცდიდენ პატრონს, რომ საკენკი დაეყარა ქათმებისათვის; დასეირნობდენ ეზოში, ფრთებს ისწორებდენ… მამალი მედიდურად მიდი-მოდიოდა და ქათმებს არიგებდა, რომ არ გაფანტულიყვნენ. სწორედ ამ დროს დაუტია ქორმა, დაეხურა ერთს მსუქანს დედალს, უნდოდა წაეღო. გადახტა მამალი, შეუტია ქორს და გაჰკრა დეზები. ქათმებმა ასტეხეს წიოკი, ტირილი და ჩივილი: „ვაჰმე, ქორი, ვაჰმე, ქორიო!“ – გაისმოდა. მამალი და ქორი შეიბნენ, დიდხანს იბრძოლეს; მამალი გულადად იყო, მაგრამ ქორმა დასძლია, რამდენსამე ადგილას დაგვიჭრა, – ეს წყლულები დღესაც ეტყობა ჩვენს მამალს: ერთი იარა კიდეც მოურჩა ნისკარტის ძირზე; მეორე ჯიჯლიბოზე ეტყობა, ცალი კბილი ჯიჯლიბოსი მოგლეჯილი აქვს; მესამე ჭრილობა ბიბილოზეა, რომელიც შუაზე აქვს გახეთქილი…
ის-ის იყო, თითქმის ქორს უნდა დაეძლია მამალი, შეერცხვინა დედლებთან და, ვინ იცის, იქნება შეეჭამა კიდეც, მაგრამ დედლები მიეშველნენ თავის ბატონ-პატრონს, თავის მეუფეს… ქორმა, ნისკარტგაღებულმა, დაუქშია დედლებს და გაფანტა; დედლებისაგან გამხნევებული ერთხელ კიდევ მოახტა მამალი, მაგრამ ამაოდ: ქორმა ყანყრატო დაუჭირა და გაითრია. საქმე გაჭირდა, იღუპებოდა გმირი, დიდის ოჯახის და ცოლ-შვილის პატრონი ვაჟკაცი…

სწორედ ამ დროს გამოხტა საიდამღაც ჩვენი კატა და გაექანა მამლის მისაშველებლად. რა ნახა ქორმა კატა, ანება თავი მამალს, ელვასავით სწრაფად წამოხტა, გასწია და რა გასწია, – ენით გამოუთქმელია, როგორ შეშინებული მიათახთახებდა ქორი თავის ლეგა ფრთებს. ათი ვერსი დაუსვენებლად იფრინა. შორს, შორს, მთის ძირას, დაჯდა ერთს ვერხვზე და იქიდამ მუქარას უთვლიდა მამალს: – „მოიცა, მამალო, თუ შენი ჯავრი არ ამოვიყარო და ჩემებურად, ქორულად ნაბუერი და ბდღვერი არ აგადინო, თუ შენი დეზები აქ, ამ ვერხვის ტოტზე არ ჩამოვკიდო!“

მამალს ქორის ტრაბახი არ ესმოდა, გმირულად დასეირნობდა ეზოში დედლებს შუა და ყიოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა: „მოგხვდა თუ არა, ქორო! მე მამალს მეძახიან, ეგ არაფერი, კვლავ უარესს მოელოდეო!“

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–16
ოპტიმალური ასაკი: 11–13

სხვა მოთხრობები

ირემი

ყვირილით, კიჟინით მორბოდა აუარებელი ხალხი. ხელში ზოგს თოფი ეჭირა, ზოგს ხმალი, სხვას ხანჯალი, შუბი, ყველას – ერთი რამ მომაკვდინებელი იარაღი. – საით წ...

ხმელი წიფელი

ყველას, და მათ შორის მეც, მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უც...

კლდე მტირალი

ფეხშეუხრელად, მკვიდრად, პირდაღმეჭილი, მრისხანე სდგას კლდე. სდგას ისე, ერთფერად ზამთარ-ზაფხულ. ეს კლდე მთელი მთაა კლდედ, ქვად გადაქცეული, პირისპირ ცისა, მზისა და...

წისქვილი

იყო დრო, რომ დედამიწის ზურგზე წისქვილი არსად იყო. ხალხი ფილთაქვას ხმარობდა წისქვილის მაგიერად. დიდს ტანჯვაში იყო ჩავარდნილი ქვეყანა. გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი, ჭ...

ჩხიკვთა ქორწილი

ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე დიდად მოშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვ...

ჩვენი მამალი

მეტად ამაყია ჩვენი მამალი: ეზოში მედიდურად დადის, დროგამოშვებით შედგება და დაიყივლებს; ჯიჯლიბო გვერდზე გადაუგდია, როგორც თავმომწონე ბიჭი გადიგდებს ხოლმე ქუდსა. ...

პატარა მწყემსის ფიქრები

ბეჩაობით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სიარული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლი...

მთის წყარო

არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ...

ია

უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მა...

სათაგური

ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “მერანს”, რომ შობა-დღეს სა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: პავლიაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს შეცდომების მიღება

აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომები სწავლის ბუნებრივი ნაწილია და რომ ისინი არ უნდა შეაშინოს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026