kids.ge logo

პატარა მწყემსის ფიქრები

ფავორიტებში დამატება

ბეჩაობით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სიარული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლის განმავლობაში მამაჩემი ჩემის ჯამაგირით იხდის მახტას*. წლისა და წლის თავზედ მოდის ხოლმე ჩემი ჯამაგირის ასაღებად. მე კი ერთი ფრჩხილის საკვეთი დანაც არ მიყიდია. ეჰ, ნეტავი მშობლები ცოცხლები მყვანდენ და, რა ვუყოთ!..

მარტოობამ დამატანა ძალა: ხშირად ოთხი თვე გავა, კაცს ვერ დავინახავ თვალით; მოხუცებული პაპუა რა ტოლამხანაგობას გამიწევს? საღამოზე ბინაში მისვლაც კი მეზარება ხანდახან, მაშინვე ჯავრობას დამიწყებს, სულ ჯავრობს, ბუზღუნებს: „ეშმაკ-ქაჯთ შეჰხედავ, ცხვარს ვერ უმარჯვებ ბალახიან ადგილებსაო“. ჩვენს მთებში ხომ ბალახს ძებნა არ უნდა, ლაშარის-ჯვრის მადლმა!

ჩემი განუშორებელი დღედაღამ ამხანაგი ყურშია არის. ენაცვალოს თავისი პატრონი ყურშიას, ის არავის დააჩაგვრინებს ჩემს თავს! იმ დღეს პაპუჩელთ ტუღუნა ყოფილიყო სანადიროდ როჭოებზე*, პაპას გამაჰპარვიყო სათიბიდამ. ის იყო ცხვარი გადავჰფინე თხილიანთ ვაკეზე; ზევიდამ ხმა მომესმა „თილო, ჰა, თილო!“

„ვინა ხარ, მტერი თუ მოკეთეო?“ - დავუძახე მე ქვევიდამ.

„აბა, თუ ბიჭი ხარ, ამოდი, მეჭიდეო“, - მეუბნებოდა თავმომწონებით ტიღუნა. მეც არ დავუშინდი, ვიჭიდენით. ტიღუნა ხერხით მჯობდა, მე - ღონითა, „სწორული“ მოგვდიოდა. ბოლოს იმან წამაქცია და ყელში წამიჭირა. ნახა ჩემმა ყურშიამ, რომ ტიღუნა აღარა ხუმრობდა, ეძგერა, წააქცია და, მე რომ არ მივშველებოდი, სულ ლუკმა-ლუკმა დაგლეჯდა. ჩემს ყურშიას ჯერ ძაღლი არ მოჰრევნია; ამაყი და დიდგულაც ძლიერ არის, მეც არ დამიზავებს, თუ უმიზეზოდ გავაჯავრებ, სამს დღეს ხეირიანის თვალით აღარ შემომხედავს, - გამებუტება. ბეწვი გასწყდა, კინაღამ ტიღუნას ახალი ჩოხა და წითელი პაიჭები არ შემოახია. მე ვინ მომაშავებს, - წითელს არ ვიტყვი, - თუნდაც თეთრ პაიჭებს?!

მამაჩემი გულშავი კაცია, სრულებით არ ვებრალები, ისევ დედაჩემს ვენაცვალე სულში. ამ ხუთ წელიწადში ერთხელ ძლივსძლივობით დამითხოვეს დიდყურაანთ შინა. დედას ჩემი დანახვა ძლიერ გაეხარდა, დიდხანს მკოცნა: „ენაცვალოს დედა ჩემს ბეჩავსო“, - იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც მაკოცებდა. დედამ ერთი პირი ჭრელი წინდა მომცა; ეს წითელგულისპირიანი პერანგიც ჩემთვისა ჰქონდა შენახული, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა: - როგორ გექცევიან დიდყურაანიო, ხომ არა გცემენ, ან ხომ არ გამშევენო? დიდიხანია, შვილო, რასაც ეს ტყავანი გაცვიანო? ბარეღამც დიდყურაანთ ცუდად მექცევიან, მაგრამ იმათზე ცუდს როგორ ვეტყოდი დედას. როდესაც დედამ ჩემი ტანისამოსი ნახა, დაგლეჯილი ტყავ-ნაბადი, დაუწყო ჩხუბი მამაჩემს: „შე დამეხილო, რაზე ჩაუგდე სხვათ ეს ბალღი ხელში, რად აკვლევინებ ქვეყანასაო?!“ - ამბობდა რა ამას, თან თხილის გულის სიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდამა და კალთა ევსებოდა. მეც დამენანა, შამებრალა თავის თავი და ტირილი დავიწყე.

დედამ საცვლები დამირეცხა, ნაბადი დამიკერა, ტყავი გამიპოხა და ისეთი ჩამაცო. დიდი ხანი მე წმინდა პური აღარ მეჭამა, დედამ გამომიცხო კვერი, წმინდის ფქვილი მოლოდინაანთაგან ისესხა, „ჩამიხურა“ ერბოში და მაჭამა. გული დამიბრუნდა შინ, აღარ მეწადა ცხვარში წასვლა. რადა ვყევივარ, მიკვირს, მამას სხვისშვილად? დიდყურაანთ ერთხელ არ გამგზავნიან ქორწილში, არც ხატში... შენი ქორწილი ცხვარიაო, - მეტყვიან, მომაგონდება წითელკაბიანი ქალების თამაშობა და გული მომიკვდება...

საშინლად იტანება მგელი. ნეტავი დამბაჩა მაინცა მქონდეს, რომ დავახალო და გავაფრთხო. დედაჩემს შავეხვეწე, ერთის ვარიათი ტყვია-წამალი მიყიდე და მამას დამბაჩა მითხოვეო. დამპირდა, მაგრამ არ ვიცი, ამისრულებს პირობას, თუ არა. თუ დამბაცა ვიშოვნე, ჯიხვების და როჭოების ჯავრსაც მაშინ ამოვიყრი, ეხლა რომ არ მეპუებიან და, სადაც არა მგონია, გადმოჰყუდებენ ჯიხვები რქებს კლდის თავებზედ, ხან ხროდ შეყრილები დააქანებენ ქვიშის ზვავს და როჭოები ჩემს წინ ამოიღებენ ფრთხიალს, - აბა, მაშინაც ნუ შემეპუებიან!

ჩემი შინ ყოფნის დროს ჩვენსა მღვდლის შვილი ვასო მოვიდა. იმან მიამბო, რომ ქალაქში ბევრი ტყვია-წამალი არისო. ნეტავი მე მომიტანა... ახ, ნეტავი მეც ნასწავლი ვიყო! რამდენი მიამბო ვასომ ნახული და გაგონილი. თუმცა პაპუამ მითხრა ცისა, დინდგლისა არისო, მაგრამ ვასომ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაიწყო, - იქამდისინ მაშ რატომ არ დადნაო.

ვასოს ლამაზად ეცვა: მაუდის ჩოხა, ჭრელი ახალული, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი. თოფიც მამამ უყიდა. მე ვინ რას მიყიდის?! როდის გავიზრდები, მე თვითონ ვიყიდი ჩემთვის ყველაფერს: ტყვია-წამალს ბლომად ვიქონიებ, ერთს შევერცხლილს თოფს, სირმიანს ჩოხას... ვასომ ერთი სროლა ტყვია-წამალი მომცა, მაგრამ ისიც იქვე დავწვი ნიშანზედ. ვასო კარგი გულისაა. მაშინ რომ მყოლიყო ის როჭო, რომელიც გუშინ ჩემმა ყურშიამ დამიჭირა, ვასოს ვაჩუქებდი. რად მინდა, ტყუილად მომიკვდება; თუმც კალათაში მიზის, მაგრამ პაპუა იმას ყურს არ უდგებს, არაფერს არ აჭმევს...

საწყალი! როგორ ჰფეთქდა, გული როგორ უცემდა, წინაპირველად ხელში რომ ავიყვანე. შავარდენი მოსდევდა. ჭექასაებრ ხმა, ქუხილი რომ შემომესმა. თავი მივიბრუნე და დავინახე: წინ როჭო და უკან შავარდენი დამალებულები მოდიოდენ; ორივენი მე მომიახლოვდენ. ცხვარი მაშინ ქობთოხევსა მყვანდა, წყლის პირას ვიჯექ და დიყის სტვირს ვაკეთებდი. შეშინებულმა როჭომ გზა ვეღარ გაიგნო, ჩემს წინ გუბეში ჩაეცა, ჩემი ყურშია გადუხტა და დაიჭირა. შავარდენი გაწყრა, წავიდა მაღლა-მაღლა კივილით და ცაში დაიღუპა. მე როჭო ხელში ავიყვანე. საცოდავი! კანკალებდა და გასაფრენად იზიდებოდა, დაფეთებულს თვალებს აქეთ-იქით ავლებდა, წუხელ კი უფრო გულდასევდიანებულს ჰგავდა, ორჯერ გადაუხედენ ჩრაქვით, თვალებმიხუჭული, მობუზული იჯდა.

ჩემმა ყურშიამ შარშან უფრო საკვირველი საქმე ჩაიდინა. ერთხელ ცხვარი აფხუშოს კუდებში მყვანდა. იმღამინდელი წვიმისაგან სველი იყო ბალახი. მე ისეც სველი, უფრო დავსველდი. ის იყო მზემაც გააწითლა მთის წვერები. მე დავჯექ ერთი კლდის თავზედ და ვუცდიდი მზის ამოსვლას. ჩემს წინ ერთი ცირცელი იდგა... საპარავის-ყელში გამოჩნდა არწივი; არწივი თავმომწონებით, ამაყად მოიზლაზნებოდა; მხოლოდ დროდადრო მოიხრიდა თავქვე და იქით-აქეთ კისერს; იმას აჰსევიყო ორი ყორანი და აღარ ასვენებდნენ; გაუელვებდა ერთი იმათგანი, ამობრუნდებოდა გულაღმე და „ყრანტ“, „ყრანტს“ შესძახებდა. არწივი ყორნებს თავს არ უყადრებდა, არ ივლებდა ბაი-ბუად იმათგან მიტანილს იერიშს; იგი ხანგამოშვებით შააფრაშფრაშებდა მხოლოდ მხრებს და ერთმხრივ მიიწევდა. ერთი ყორანი უფრო აწუხებდა. არწივი გაჯავრდა, დაჰკრა გაზი, ყორანი მხარგაშლილი თავქვე წამოვიდა, თან ბუმბულის კვალი გამოჰყვა, ერთი კუმში იმის ბუმბულისა, ქარმა ცისაკე წაიღო. არწივმა იმას ყური არ უგდო, ის ისევ თავისთვის დინჯად მიდიოდა და უფსკრულებს თვალს ადევნებდა. მეორე ყორანმა მაშინ ფეხი უკან დადგა, არწივმა საძერიანი გადაიარა, დამეკარგა თვალიდან.

ახლა ახუნიდან გამოჩნდა ერთი ორბი. კლენჭებში ძვალი ეჭირა: ორბი ძვალს ათამაშებდა: ჩამოაგდებს დედამიწაზე და დაეტანება; მერე ისევ წაიღებს. წავა, წავა მაღლა, გაუშვებს კლანჭებიდამ და ჩამოჰყვება თვითონაც თანა. ესე რამდენჯერმე ჩამოაგდო ძვალი და წაიღო. მალე მეც დამიახლოვდა, მაგრამ ვერ კი დამინახა, ცირცელი მეფარებოდა, ყურშიაც გვერდზე მეწვა. აფხუშოს კუდები კლდიან-რიყიანები არის, ორბი უფრო რიყეს უგანებდა ძვალს. აკი გაუწყრა ღმერთი და ჩვენს ახლო ჩამოაგდო ორბმა ძვალი. ყურშია გადაეტანა და, მანამ ორბი აიღებდა, ყურშიამ დაასწრო აღება. ორბს ეწყინა, გველივით სისინი დაიწყო და თოფნასროლივით საჩქაროდ შაეფარა კლდეებში. მერე პაპუას ვკითხე: რადა შვრებოდა, ჩემო პაპავ, ორბი იმასაო? - ორბმა ეგრე იცისო, - მითხრა იმან: - როცა ძვალს ნისკარტით ვერ გასტეხს, რომ ტვინით ჩაიპოხოს ყელი, რიყეზე ჩამოაგდებს მაღლით ძვალს, დაამსხვრევს და მერე ტვინს ისე შაექცევაო. დიდება შენთვისა, ღმერთო, ფრინველსაც ამოდენა ჭკუა ჰქონია!.. თქვენი ჭირიმე, მთებო, რამდენი რა არის კარგი სანახავი აქა!.. გაზაფხულზე, როცა ზვავები დადნება, ნაზოვრებში კენკეშა და ჩადუნა ამოჩნდება, მოვკრეფ ნორჩ ჩადუნას, მივიტან ბინაში. მოვხარშავთ რძეში. იმაზედ გემრიელი განა კიდევ რამ იქნება?!

დოლობაც ამ დროს არის, გვიჩნდება ბატკნები. დღე და ღამე სიხარულით აღარა მძინავს. უდგა ბატკნებს და ბატკნის დედებს ბღავილი... მაგრამ, ახ! ამ ორი წლის შემდეგ დიდყურაანთ დამითხოვენ შინ და ხელცარიელი როგორ მიუვიდე დედას, რომ ერთი სატყავე მაინც არ მიუტანო?

---

* მახტა - წლიური სახელმწიფო ფულადი გადასახადი კომლზე
*
 როჭო - 
მოზრდილი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველ საღამოს სადილზე შეკარით „მადლიერების წრე“

რიგრიგობით ისაუბრეთ სხვადასხვა ადამიანებზე, რომლებიც გულუხვნი და კეთილგანწყობილნი იყვნენ თითოეული თქვენგანის მიმართ იმ დღეს. თან, ამ „წრეს“ თქვენვე მოუფიქრეთ სახელი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024