kids.ge logo

ჩვენი მამალი

ფავორიტებში დამატება

ძველთაგან ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ციხეს რა გასტეხდა გარედამ, შიგნიდამ რომ არა ტყდებოდესო. რამდენი ომი გადაუხდია ჩვენს მამალს სხვა მამლებთან, და ქორთან ხომ ეს მესამედა ჰქონდა ბრძოლა, და მაინც კიდევ ვერ გასტეხეს მამალი: იმას ისევ მამლური გული შერჩა, მამლური მორთულობა და იარაღი. დღეს კი ლამის ეს საოცარი გმირი პამპულად გახდეს, დამცირდეს თავის ოჯახის თვალში. ან კი რაღა დამცირებაა საჭირო: თქვენი მტერი დამცირდეს და ჩავარდეს იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც ჩვენი მამალია დღეს.

სახლში მამლის საუბედუროდ ინდაურები გაიჩინეს, – გაიჩინეს ეს აბლატი, ჩერჩეტი, კივკივა ფრინველები. მამალს, რასაკვირველია, არ ეჭაშნიკა ინდაურების ფარფაში ეზოში, იმათი ახმახი ტანი. განა მამალი იმიტომ იჭიმება, რომ სხვა ფრინველი გამობძანდეს ეზოში და გაუჭიმავად თითქმის ორჯელ მეტი სჩანდეს მამალზე?! ამას მამლის გული ვერ აიტანს, ეს უცხო ფრინველები ამის თვალწინ ჰკენკენ ქათმებთან ერთად საკენკს და აწიოკებენ კრუხ-წიწილას, უნისკარტებენ წიწილებს თავში. მამალი ამას ვერ დასთმობს, ვერა! იმას ძალიან უყვარს პატარა წიწილები, ფუნჩულა ბუმბულით შემოსილები რომ დაცუცუნებენ დაბლა და იძახიან: „წიაპ-წიაპო!“

წიწილებისა და იმათ დედების გულისთვის მამალმა რამდენიმე ინდაური ცალ-ცალკე გალახა. ბოლოს ინდაურებმა პირობა შეკრეს, რაკი თითო ვერას აკლებდა მამალს, რომ ერთად, კრებულად დასხმოდენ თავსა და ჩაექოლათ…

ერთხელ გამარტოებით მოიგდეს და მიესივნენ ყოველმხრივ ჩვენს მამალს ეს ყუყუჩი ინდაურები; თან უშნოდა ხტოდენ და თანაც სცემდენ საცოდავ მამალს; მთელი ტანი დაუწყლულეს, დაქოჩრეს, ძალიან დაქოჩრეს, გასწიეს და გამოსწიეს. ჩვენმა მამალმა საოცარი, თუმც კი მოსალოდნელი, გმირობა გამოიჩინა და რამდენიმე ინდაური დასჭრა კლანჭით; მაგრამ რას გახდებოდა საბრალო გმირი მტრის ურიცხვს რაზმთან. მამალი თითქმის სულ გაატიტვლეს ინდაურებმა: საწყალს მხრის ძირებში და ორგან-სამგან გვერდებში თუ ეკრა ბუმბული, თორემ დანარჩენი ტანი მთლად გაუშიშვლეს, ჯიჯლიბო ნახევარი გადააფცქვნეს, საყივრები და თითქმის მთელი ბოლო მოაკვნიტეს.

დღეს ამ ყოფაშია მამალი. საბრალო სანახავია სწორედ ეს ოდესმე ახოვანი, გულოვანი და ტანოვანი ვაჟკაცი. მტერსაც, ქორსაც კი შეეცოდებოდა, მაგრამ ინდაურებმა არ შეიბრალეს.
მანამ მკლავში და მუხლში ძალა ჰქონდა მამალს, იბრძოლა და როცა დაიღალა, დაოსდა, არაქათი გამოელია, გატყდა, რაცრაცით და ბარბაცით გასწია დასამალად. ინდაურებმა დაჰკიჟინეს და დაესივნენ, მაგრამ ჩვენმა მამალმა ჭინჭრებში შეასწრო და ამით უშველა თავსა. ზედაც დიდი წვიმა დაუშვა; დასველდა, გაილუსკა, გაიყინა და დააწყებინა ბაგბაგი მამალსა. ამ ბაგბაგზე ბალღებმა მიაგნეს და გამოიყვანეს ნაომარი გმირი. მამალს სიარულის თავი აღარა ჰქონდა.

– ვაჰმე, ვაჰმე, ჩვენო მამალო! – ტირილის ხმაზე ამბობდენ ბავშვები, – როგორ უცემნიათ საწყლისათვის მაგ ოხერს ინდაურებსა!

აიყვანეს, წამოიყვანეს და დასვეს კერაში ცეცხლა-პირას. ჩვენს მამალს არ ესმოდა, არ იცოდა, რა ამბავი იყო იმის თავსა. მარტო ის ახსოვდა და იცოდა, რისთვისაც მიძვრებოდა ჭინჭრებში: დედლებმა არ დამინახონ შერცხვენილი, თავლაფდასხმულიო. დედლები უკვე ქანდარაზე ისხდენ გულშეწუხებული და მოუთმენლად ელოდენ მამლის მოსვლას. იმათ არ იცოდენ, თუ რა უბედურება ადგა მამალს. არ იცოდენ ბეჩავებმა, რომ მამალს ინდაურებმა ფარხმალი თავზე დაალეწეს.

მამალი თვალებდახუჭული, ჩიჩაღვდაკიდებული, მხრებდაშვებული, თავტანსისხლიანი საცოდავად, გულსაკლავად იჯდა ცეცხლთან და თბებოდა. იმისი მნახველი ბალღები უფრო მამალზე მეტად დანაღვლიანებულნი შესჩერებოდენ მამალს და ეხვეწებოდენ ღმერთს: – „ღმერთო, შენ უშველე ჩვენს მამალს, მოარჩინე, გაანთავისუფლე წყლულებისაგან, რომ მტრების ჯავრი ამოიყაროსო!“

ერთ-ორ თვეს ცალკე დაბმას და კარგად ჭმევას უპირობენ ბალღები მამალს.

არა უშავს რა, მამალი
მაინც გმირია, მაინცა,
თუმცა კი მტრისა სიმრავლით
მისი დიდება დაიქცა…
ერთხელც იქნება მორჩება,
ყელს მოიღერებს გმირია,
საგათენებოს იყივლებს:
„ყველამ დავიფთხოთ ძილია!“
მთა-ბარსაც აათამაშებს
მამლის ქამანჩა-სტვირია:
„ადეგით, აიშალენით
და დაიბანეთ პირია!“
მითქვამს და კიდევაც ვიტყვი:
მამალო, რასა სტირია?!
ინდაურების სკერტვამა
როგორ გაგტეხა გმირია?

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–16
ოპტიმალური ასაკი: 11–13

სხვა მოთხრობები

პატარა მწყემსის ფიქრები

ბეჩაობით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სიარული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლი...

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი...

მთანი მაღალნი

იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე კი არაფერი ე...

სათაგური

ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “მერანს”, რომ შობა-დღეს სა...

მთის წყარო

არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ...

შვლის ნუკრის ნაამბობი

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი. ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამ...

ჩვენი მამალი

მეტად ამაყია ჩვენი მამალი: ეზოში მედიდურად დადის, დროგამოშვებით შედგება და დაიყივლებს; ჯიჯლიბო გვერდზე გადაუგდია, როგორც თავმომწონე ბიჭი გადიგდებს ხოლმე ქუდსა. ...

სააღდგომოდ

დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დე...

ირემი

ყვირილით, კიჟინით მორბოდა აუარებელი ხალხი. ხელში ზოგს თოფი ეჭირა, ზოგს ხმალი, სხვას ხანჯალი, შუბი, ყველას – ერთი რამ მომაკვდინებელი იარაღი. – საით წ...

კლდე მტირალი

ფეხშეუხრელად, მკვიდრად, პირდაღმეჭილი, მრისხანე სდგას კლდე. სდგას ისე, ერთფერად ზამთარ-ზაფხულ. ეს კლდე მთელი მთაა კლდედ, ქვად გადაქცეული, პირისპირ ცისა, მზისა და...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩაჩქანიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება

ისწავლეთ ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება თავის წინ დახრით და ცხვირის ნესტოების მოჭერით.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026