kids.ge logo

ასპინძის ომი

ფავორიტებში დამატება

III. ერეკლე მეფე და ტოტლებენი

სოლომონ მეფის და ერეკლეს მოსაშველებლად იმპერატრიცა ეკატერინემ რუსეთიდან გამოგზავნა ოთხი ათასი ჯარისკაცი, გენერალის ტოტლებენის წინამძღოლობით. ეს ჯარი გადმოვიდა კავკასიონის ქედზე სამხედრო გზით, გაიარა ქართლი და დაიბანაკა სურამსა. ერეკლემაც მალე შეჰკრიბა შვიდი ათასი კაცი, წაიღო სამი ზარბაზანი და წაიყვანა თან თავისი მემკვიდრე გიორგი და ორი ეპისკოპოზი მოძრავი საყდრითურთ... შეერთება ჩვენისა და რუსეთის ჯარისა მოხდა სურამთან. აქედან შეერთებულმა ლაშქარმა გასწია ბორჯომის ხეობისკენ ოსმალებთან საბრძოლველად. ეს იყო 1770 წლის აპრილის დამდეგსა. გზაზე მოულოდნელად ჩამოვარდა განხეთქილება ერეკლესა და ტოტლებენს შორის... რა იყო ამის მიზეზი? ტოტლებენს უნდოდა ხელში ეგდო შეერთებულის ქართველ-რუსთა ჯარის უფროსობა და თავის ნებაზე წაეყვანა საქმე. ერეკლე კი ჰფიქრობდა, რომ წინამძღოლობა და ბატონობა მე მეკუთვნის, როგორც მეფესა და გამოცდილ სარდალსაო. განხეთქილებამ თანდათან იმატა და სიძულვილად გადაიქცა. შეერთებული ჯარი მაინც წინ მიდიოდა, გაიარა ტაშის კარი, შევიდა ბორჯომის ხეობაში, ასცილდა ბორჯომსა და მიადგა აწყურის ციხესა, რომელსაც იცავდა ოსმალეთ-ლეკების ჯარი. ძველი აწყურის ციხე, აქამომდე დარჩენილი, აშენებულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მიუვალს კლდეზე; აქვს მეტად განიერი და მაგარი კედლები და მისი აღება ძლიერ ძნელი იყო იმ დროს. ერეკლე მეფე იმ აზრზე იდგა, რომ აწყურისა და ახალციხის ციხეებისათვის მხარი აექციათ, გარეშე მყოფი ჯარი მტრისა დაემარცხებინათ, სადაც კი შეხვდებოდათ, გარშემო ქვეყნები დაეჭირათ, მეციხოვნე ჯარები გაემარტოებინათ, საჭმელ-სასმელის მიწოდება შეუძლებელი გაეხადნათ და სიმშილ-წყურვილით ბოლოს და ბოლოს დაემორჩილებინათ. ტოტლებენს კი დიდი იმედი ჰქონდა თავისი ზარბაზნებისა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უკეთესი იქნება ჯერ ციხეები აწყურისა და ახალციხისა ავიღოთ და მერე ეს ქვეყანა დავიპყროთო. ერეკლე იძულებული შეიქნა უნებლიედ დათანხმებულიყო, ალყა შემოარტყეს აწყურის ციხესა. ერთი მხრით მიადგა ქართველი ჯარი, მეორე მხრით რუსთა ჯარი თავისი ზარბაზნებითა. ამათ ასტეხეს ხშირი სროლა ზარბაზნებისა და თოფებისა; ციხის ზარბაზნებმა და ჯარმაც პასუხი გასცეს და გაჩაღდა ჭექა-ქუხილი, რომელსაც გარშემო ხეობა ბანს აძლევდა. მთელი ორი დღე იომეს ამგვარად და ციხეს ცოტაოდენი ზიანიც არ მისცემია. მისი უმაგრესი კედლებიდან ისე ცვიოდა მოხვედრილი ტყვია, როგორც სახლის კედელსა სცვივა შეყრილი ცერცვი. მესამე დღეს უცებ მოახსენეს ერეკლეს, რომ ტოტლებენმა ჩუმად ციხეს თავი დაანება და თავისი ჯარით ქართლისაკენ გასწიაო. საშინლად განცვიფრებული მეფე დაედევნა უკან ტოტლებენსა, მოეწია და სთხოვა: ოღონდ უკან დაბრუნდი, ნუ მიღალატებ და მზად ვარ ჯარის უფროსობა შენ დაგითმოვო და ყოველი შენი სურვილი აღვასრულოვო. ტოტლებენი უარზე დადგა. რა საბუთით? ჯერ სთქვა: ჯარისათვის საკმარისი სურსათი არა მაქვს, ცხენებისათვის, საკვებიო. ერეკლემ უპასუხა: გარშემო სოფლებში მყავს კაცები გაგზავნილი და იმდენს საჭმელს და საკვებს მოიტანენ, რომ თავზე საყრელი გექნებათო, ოღონდ უკანვე დაბრუნდით და მტერთან ერთად გავაგრძელოთ ომი. მერე სთქვა ტოტლებენმა: ბრძანება არა მაქვს ჩემი ხელმწიფისა ვიომო ახალციხის საფაშოშიო; მტერი მრავალია და ძლიერი, მე ჯარი ცოტა მყავს და საშიშია ომის გაგრძელებაო. ერეკლე მაინც ეხვეწებოდა, ტოტლებენი კი მხოლოდ ბოდიშს იხდიდა მეფის წინაშე და დაბრუნებაზე კი ცივს უარს ეუბნებოდა. მაშინ ბატონიშვილი გიორგი, ერეკლეს უფროსი შვილი, მოთმინებიდან გამოვიდა და უთხრა თავისს მამასა: დაანებე თავი, წაეთრიოს სადაც უნდა, ჩვენ მარტონიც გავიმარჯვებთ მტერზე და მაგას თავზე ლაფს დავასხამთო.

ტოტლებენი ქართლისკენ გამოეშურა, ერეკლე კი ისევ დაბრუნდა თავის ჯართანა. ერეკლე ასე ხსნიდა ტოტლებენის საქციელსა: ალბად მას იმედი აქვს, რომ მე ვითაკილებ უკან დახევასა, შევებრძოლები ოსმალთა ჩემი მცირე ჯარითა, დავმარცხდები, ჯარს დავკარგავ, მეც დავიღუპები ჩემი მემკვიდრითურთ და მაშინვე ჩემს სახელმწიფოში ბურთი და მოედანი მას დარჩებაო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–18
ოპტიმალური ასაკი: 12–15

სხვა მოთხრობები

ცხრა ძმანი ხერხეულიძენი

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახ...

ჯიუტი თხები

მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო. - უკან დაიხიე! - უთხ...

ასპინძის ომი

„მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს.“გრ. ორბელიანი. მშვენიერი სანახავია მოწმენდილი ცა განთიადის წ...

მკვეხარა ქოთანი

ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ. ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო. უცებ თავს წაადგა ცაცხვი. მკვ...

თხა და გიგო

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, ...

გულკეთილი ქვრივი

ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი და ღვთისნიერი ქვრივი. შვილად ჰყავდა ერთი შვიდი წლის ვაჟი. ქვრივი ბოროტისათვის ბოროტს არასდროს არ უზამდა ადამიანს, პირიქით, ცდი...

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდ...

ცოტნე დადიანი

მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. თამარ მ...

სიკეთე ბოროტებისათვის

ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზით, ნაკლებად ბეჯოთობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავი...

ვანო და ქვევრი

ვანო ახლდილი ქვევრის პირას იდგა და ილანძღებოდა. ქვევრი ცარიელი იყო. ამიტომ ყველა ლანძღვა უკანვე უბრუნდებოდა. ვანომ დედადდს შესჩივლა: ამ წყეულმა ქვევრმა ლანძღვით...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ აპლიკაციები ეკრანული დროის კონტროლისთვის

არსებობს აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის ეკრანული დროის კონტროლში და შეზღუდვაში.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026