kids.ge logo

ქარიშხალას ამბები

ფავორიტებში დამატება

V. ახალი წელი ტყეში

დიდ, ნათელ ტყეში თეთრი და ქუნქულა ზამთარი დადგა, ბარდნა და ბარდნა ფიფქები, გადაათეთრა, გადააფითქინა ირგვლივ ყველაფერი. მალე არდადეგებიც დაიწყებოდა. მანამდე კი, დილაობით ზამთრის ტყის სიჩუმეს ჯერ კიდევ არღვევდა საკლასო ფუღუროდან გამომავალი ზარის ხმა, პატარა მხეცუნების ყიჟინა და პერიოდულად ბუკნაჭოტ მასწავლებლის მჭახე ხმა.

ტყის პატარა ბინადრები ძალიან გახარებულები იყვნენ თოვლის მოსვლით. ხშირად გუნდაობდნენ, თოვლის კაცებს აკეთებდნენ და ანგელოზებსაც ხატავდნენ თოვლში. ეგ იყო, ბაჭია მოიწყენდა ხოლმე, ხანდახან, როგორც კი გაახსენდებოდა, რომ მისი სახელობის წელი დასასრულს უახლოვდებოდა და ტყის ბინადრებს შორის იმ უპირატესობას დაკარგავდა, რომლითაც მთელი წელი ტრაბახობდა.

ზამთრის ცივ დილასაც არ ეზარებოდა ბაჭიას დილით ადრე ადგომა და ღუნღულა სოროდან გამოძვრომა, ჩამოუვლიდა მეგობრების ბუნაგებს, სოროებს, ფუღუროებს „ფიფქებო, ფიფქებო“-ს ან „ახალი წელი მოდის“ მიუმღერებდა და თან შესძახებდა:

-ჯერ კიდევ კურდღლის წელია მეგობრებოო, თუ გინდათ, რომ სიკეთე, ხვავი და ბარაქა დაგებედოთ, სტაფილო და კომბოსტო ბლომად მოიმარაგეთ და მაძღარი შემახვედრეთ ახალ წელს!

მე-12 თვე იყო ბაჭიამ ყველას გული გაუწყალა თავის დილის „სერენადებით“, თუმცა, აქაოდა, მართლა კარგი წელი გვქონდაო, ყველა ცხოველი, ცალ-ცალკე და ჩუმ-ჩუმად ეზიდებოდა კურდღლების სოროსკენ ბოსტნეულს და საახალწლო მარაგს უკეთებდა.

თუმცა, რაც უფრო ახლოვდებოდა ახალი წელი, მით უფრო იწყენდა ბაჭია და სოროდანაც კი აღარ გამოდიოდა, გაკვეთილებსაც აცდენდა.

ერთ დღესაც, ბაჭიას „ქარიშხალას“ კლასი სრული შემადგენლობით  მიადგა სახლში სტაფილოს თაიგულით და ლოგინზე წამოკოტრიალებულ უხასიათო მეგობარს უსაყვედურეს:

- რა გჭირს ბაჭია, რატო აღარ დადიხარ სკოლაში?- ლაპარაკის დაწყება თავის თავზე აიღო ციყვმა.

- რატო ხარ მოწყენილი?- გააგრძელა მაიმუნმა.

- ნაძვის ხე რატომ არ მოგირთავს?- ეს ბოჟიკი იყო.

- მოწყენილი ვარ, რადგან ჩემი წელი მიდის და რამდენიმე დღეში, უკვე მეც ჩვეულებრივი კურდღელი ვიქნები.-ჩაიბურტყუნა ნაღვლიანმა ბაჭიამ.

- მერე მაგაზე დარდობ? ერთი შენც, მოგცლია რა, ჩემი წელი მასე საერთოდ არ არის და რა ვქნა ახლა, აღარ გამოვიდე სოროდან?- ეს ზღარბუნია ზღუბლი იყო.

- არც ჩემი!- წამოიყვირა კუ-კუსანამ.

- არც ჩემი! -აჰყვა ენოტი.

- მეც ამ სიაში ვარ!- გააგრძელა პანდამ.,

- ისევე, როგორც მე.- დააკომენტარა ბოჟიკმაც.

ზარმაცამაც გააღო პირი რაღაცის სათქმელად, მაგრამ იმ წამსვე გადაიფიქრა და ლაპარაკის ნაცვლად, ერთი გემრიელად დაამთქნარა.

- მეტს გეტყვი, ჩემი წელი ჯერ ადრეა, მაგრამ შენ თუ გინდა ისიც შენი იყოს, დამითმია!- ახალი ინიციატივით გამოვიდა მაიმუნი.

- რა კარგი იდეა მომივიდა!- საუბარში ჩაერთო ნუკრიც. ახლა ხომ დრაკონის წელი მოდის. ეგ კი მითიური არსებაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენში ნამდვილად არ არის. გინახავთ ვინმეს?

- -არა, არ გვინახავს. - წამოიძახა ყველამ ერთად.

- ჰოდა, ჩვენ შეგვიძლია ახალი 2024 წელიც კურდღლის წლად გამოვაცხადოთ.

- თუ გინდა, ყველა წელი შენი იყოს!- ხელები გაშალა თავისი მიგნებით აღტაცებულმა პანდამ.

-არა, არა!-  სიცილი ვეღარ შეიკავა ბაჭიამ. რა საყვარლები ხართ! რა ბედნიერებაა თქვენნაირი მეგობრები რომ მყავს.

- ჰოდა, ეგრე, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის!- გამხიარულდა ზღარბუნია- ზღარბი.

- ხომ იცი, საახალწლოდ რამდენი საქმეა.- სიტყვა ჩამოართვა ბოჟიკმა.

- ნაძვის ხე ასაწყობია.- გააგრძელა კუ-კუსანამ.

- გოზინაყი მოსამზადებელი.- ტუჩები მადიანად მოილოკა ციყვმა.

- საჩუქრები შესაფუთი. - შეახსენა მეგობრებს პანდამ.

- მე ფუმფულა ბალიში მინდა! - ძილიდან გამოერკვა ზარმაცა.

- მე ბანანების დიდი შეკვრა! - წამოიძახა მაიმუნმა. 

- მე თხილეულის ასორტი.!- ადგილზე ხტუნვა დაიწყო ციყვმა.

- დაწყნარდით, დაწყარდით, მთელ ტყეში ისმის თქვენი ხმა! -პატარა  ქარიშხალელებს თავზე წამოადგა ბუკნაჭოტ მასწავლებელი.

- სად ხართ, რატომ იგვიანებთ სკოლაში?

- რა ვიცი... ბაჭიას გასამხნევებლად მოვედით... ნერვიულობდა... ჩემი წელი მიდისო... - უხერხულად ბურდღუნებდა თითოეული მათგანი.

- კაი, გემრიელი საყვედური გეკუთვნით, მაგრამ ახალი წელი მოდის და კარგ ხასიათზე ვარ. თან ისიც ქებას იმსახურებს, რომ მეგობრის გასამხნევებლად მოხვედით და ძალ-ღონეს არ იშურებთ მის ხასიათზე მოსაყვანად. გისწავლიათ რაღაც, გაზრდილხართ.

- მადლობა ბუკნაჭოტ მასწავლებელოო! რა კარგი მასწავლებელი ხაართ! რა ბრძენი მასწავლებელი ხართ!- ყვიროდნენ აქეთ- იქიდან.

- კაი, კაი, ქორს რა უნდა და ხელის აფრენაო!- აყიჟინებული მხეცუნების ჩაშოშმინება სცადა ბუკნაჭოტ მასწავლებელმა.

- თოვლის ბაბუას გაუგზავნეთ უკვე წერილები? თუ არ იქცეოდით ისე კარგად, რომ საჩუქრები დაიმსახუროთ?

რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. ქარიშხალელებმა ერთმანეთს გადახედეს. მათი ჩადენილი გიჟობები გაახსენდათ, განსაკუთრებით ერთმანეთის ტყუილ უბრალოდ დაბეზღებები, რაღაცების დაბრალებები და განსაკუთრებით სკოლის დერეფანში გამართული დაუნდობელი ჩეხაობები. 

- კარგი, კარგი, ნუ შეშფოთდით! მიიღებთ საჩუქრებს, მიიღებთ, აბა რას იზამთ! ძალიან კარგები ხართ, აბა რა ხართ. უკვე ბევრი რამ ისწავლეთ, კარგად სწავლობთ, ერთმანეთს მხარში უდგახართ. დანარჩენს კი ნელ-ნელა ისწავლით. ჯერ კიდევ პატარები ხართ. თოვლის ბაბუა ჭკვიანი და კეთილია, ყველაფერს გაითვალისწინებს.

- რა კარგია საჩუქრები!!-  ყვირილი ყველას დაასწრო ბაჭიამ

- მე უკვე დავწერე წერილი. - აღიარა პანდამ.

- მეც, მეც მეც. ერთმანეთის მიყოლეით იძახოდა ყველა.

- -ძალიან კარგი. კიდევ ერთი სიახლე მაქვს თქვენთვის. ჩვენთან ორი ახალი მოსწავლე მოვიდა და აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს, როგორ დახვდებით, როგორ მიიღებთ, როგორ მაგალითს აჩვენებთ. წინა შემთხვევიდან, იმედია კარგი გაკვეთილი მიიღეთ. 

- ვაა, რა კარგია! -აყვირდა პანდა.

- რა გიხარია, ჩვენ უკვე ძველები გამოვდივართ.- ჩაიბურდღუნა ზარმაცამ.

- აბა, სად არიან ახალი კლასელები?- ეს მაიმუნი იყო.

- აქ არიან. - თქვა ბუკნაჭოტ მასწავლებელმა და კარი გამოაღო.

ოთახში ორი საყვარელი პინგვინი შემობაჯბაჯდა.

- გამარჯობა- დაიძახეს ერთდროულად.

- მიხარია თქვენი გაცნობა. -ესეც ერთდროულად თქვეს.

- ჩვენც გვიხარია- თქვა ბაჭიამ.

- თქვენ ტყუპები ხართ?- ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ბოჟიკმა.

- არა, მაგრამ ყველას ასე ჰგონია.

- რა გქვიათ?- იკითხა კუ-კუსანამ.

- მე რიკო.

- მე ტრიკო.

- ვააა. რა სასაცილოები ხართ- აკისკისდა მაიმუნი.

- ძალიან საყვარლები-დაამატა ზღარბუნია-ზღურბლმა.

- ახლა ყველა ერთად წავიდეთ და ნაძვის ხე ავაწყოთ. თან საახალწლო სიმღერებიც ვიმღეროთ. -კარებისკენ წაუძღვა ქარიშხალელებს ბუკნაჭიტ მასწავლებელი.

- წავიდეეეთ.

- გილოცავთ ყველას ახალ წელს, ბედნიერება,  ჯანმრთელობა ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ.

- სიკეთე და სიყვარული დაგბედებოდეთ.

- რას გვპირდებით ახალ წელს?- იკითხა ბუკნაჭოტ მასწავლებელმა.

- კარგად სწავლას.

- კიდევ?

- კარგად მოქცევას.

- კიდევ?

- მეგობრობას და სიყვარულს.

- გაიხარეთ ჩემო პატარებო. დაე, თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო წელი ყოფილიყოს! ერთმანეთის და  თქვენი დედიკოების გულები გაგეხარებინოთ თქვენი კარგად ყოფნით!

- თქვენც გილოცავთ ბუკნაჭოტ მასწავლებელო!

- ყველას გილოცავთ!

- გილოცავთ, გილოცააავთ!

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სოციალური მედიის უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა გამოიყენოს სოციალური მედია უსაფრთხოდ და როგორ უნდა დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025