kids.ge logo

ქარიშხალას ამბები

ფავორიტებში დამატება

ადრიანი მარტის ერთ დილას, დიდი აურზაური შეინიშნებოდა ჩვენი ნაცნობი ნათელი ტყის  საკლასო ფუღოროში. კლასი „ქარიშხალა“-ს მოსწავლეები რაღაცაზე გამწარებული მსჯელობდნენ და  კამათობდნენ. ერთმანეთს  საუბარს არ აცლიდნენ, იყო ჩოჩქოლი და გაწევ-გამოწევა.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი გიჟმაჟუნები დედის დღისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მანამდე იმას არკვევდნენ რომელი მათგანის დედა იყო საუკეთესო.

- ჩემი დედა ყველაზე სწრაფი, ქუთქუთა და ლამაზია!- გაჰყვიროდა ბაჭია.

- არა, ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზი და მაღალი!- არ უთმობდა ჟირაფის პატარა ბოჟიკი.

- ჩემი ყველაზე გამრჯე, კუდფუმფულა და ლამაზია!- არც დღნაჩვი ჩამორჩა მეგობრებს.

- არა, ყველაზე ლამაზი კუდი ჩემ დედიკოს აქვს, ჩემია საუკეთესო!- აწაწკანდა მელაკუდა.

- ჩემ დედიკოს ყველაზე ძლიერი და ლამაზი ფეხები აქვს, ქარივით დაჰქრის. თანაც მსოფლიოში ყველაზე კეთილია.- ეს უკვე შვლის ნუკრი იყო.

- ჩემი დედიკო არც ისე სწრაფია და ვერც ლამაზი ბეწვით იწონებს თავს, მაგრამ მაინც ყველაზე ლამაზი და კარგია ჩემთვის!- ამოისლუკუნა კუ-კუსანამ.

- ჩემი დედიკო იცით რა კეთილია? ყველაზე საუკეთესო ხილი და ბალახი ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის მოაქვს, მაგრამ რა ვქნა, ძალიან ეკლიანია და მადლობის ნიშნად ვერ ვეხუტებიიი.- ტირილი ვერ შეიკავა ზღარბუნია-ზრურბლმა.

- კარგი, დამშვიდდი ზღარბუნა, ეგ ჩემთვისაც ძნელია, ერთი გემრიელად ვერ ჩავიკარი  გულში ჩემი დედიკო.-ნაღვლიანად გამოეხმაურა კუ-კუსანა მეგობარს.

- სამაგიეროდ ჩემმა ფუმფულა და მოსიყვარულე დედიკომ ისეთი გემრიელი ჩახუტება იციის!- სევდიანი მონატრებით ჩაილაპარაკა პანდამ, რომლის დედიკო შორეულ ბამბუკის ტყეებში იყო წასული, გემრიელი საკვების მარაგის შესავსებად.

- ჰოო, ჩემი დედიკო რომ არა, ვინ დამახურავდა ფოთლებს, როდესაც მძინავს? დილით, სკოლაში წამოსასვლელადაც სწორედ ის მაღვიძებს. მე ხომ ძილისგუდა ვარ. -გაწითლდა ზარმაცა.

- ვინ დახტის ხეებზე ჩემ დედიკოზე სწრაფად? ყველაზე გემრიელი ბანანის არჩევაც სწორედ მან იცის. თან იცით რა სწრაფა არჩევს? სუპერდედიკოა!- კიდევ უფრო დაიმანჭა პრანჭია მაიმუნი.

- ჩემი დედიკო ყველაზე ელასტიური და მოხერხებულია, ის ნემსის ყუნწშიც კი ძვრება! რომელს შეუძლია ასე?- წაიტრაბახა წრუწუნამაც.

- მე მგონი ჩემი დედიკო ჩვეულებრივი დედაა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესოა ქვეყანაზე!- პატარა თათები აიფარა ცხვირ-პირზე ენოტმა.

ჩვენი მეგობრები  ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ მსჯელობას და ყაყანს, უცებ ბუკნაჭოტ მასწავლებელი რომ არ შემოფრენილიყო. თავი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჰქონდა გაფოფრილი.

- რა ამბავია, რა ხდება? მთელ ტყეში ისმის თქვენი გნიასი. თქვენ გარდა აქ არავინ არის? არ ვმუშაობთ? როდის უნდა დაღვინდეთ და დაჭკვიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ? ყოველ წუთას ფეხებში გსდიოთ თუ რა ვქნა? სხვა საქმე არ მაქვს თქვენი აზრით? ზოგიერთ მოსწავლეს  მართლა უნდა აქ გაკვეთილის ჩატარება და სწავლისთვის არიან მოსულები.

ბუკნაჭოტ მასწავლებელს ეტყობოდა, რომ გაბრაზებულს ეფრინა და გზაში კარგად ჩამოეყალიბებინა სათქმელი.

- ბოდიში, ბუკნაჭოტ მასწავლებელო, ხომ იცით ხვალ დედის დღეა და იმაზე ვსჯელობთ, რომელი ჩვენგანის დედაა უკეთესი, ყველაზე ლამაზი და  კეთილი. ვინ იმსახურებს ყველაზე კარგ საჩუქარს. - ჩაიბურტყუნა ბაჭიამ.

- ოოხ, თქვე დოყლაპიებო! ხმა წაიწვრილა ისედაც ხმაჩახლეჩილმა ბოკნაჭოტ მასწავლებელმა. თქვენ გგონიათ, ასეთი ყაყანით შეძლებთ მაგ საკითხის გადაწყვეტას?

- მაშ, როგორ მასწავლებელო?- ერთად წამოიძახა ყველამ.

- სისულელეა თქვენი ეს  ყველა მსჯელობა და  ასე  ვერასოდეს გადაწყვიტავთ  რომელი თქვენგანის დედაა უკეთესი. 

- აბა, რა ვქნათ? - ისევ კითხვისნიშნით სავსე თვალებით შესცქეროდნენ პატარა ცხოველები.

- არაფერიც არ უნდა ქნათ! დედა ერთია ამ ქვეყანაზე და ცალ-ცალკე თითოეული შვილისთვის სწორედ ის არის ყველაზე ლამაზიც, კეთილიც და მოხერხებულიც!

-მართალიაა!- გახალისდნენ მეგობრები.

- სწორედ ამიტომ ყველა თქვენგანმა მიულოცეთ თქვენ დედიკოებს „დედის დღე“ და თქვენი პატარა ხელებით გაკეთებული საჩუქარი მიართვით: ლამაზ კონვერტში ჩადებული  მისალოცი წერილი, ფერად-ფერადი ქაღალდისგან დამზადებული ხელოვნური ყვავილების თაიგული, ანდა ზოგიერთი ბუჩქის ძირში ნაადრევად თავამოყოფილი ენძელა და ია იპოვეთ. 

- რა კარგი აზრიაა!-აყიჟინდნენ ქარიშხალელები.

- თუმცა გახსოვდეთ, ყველა დედიკოსთვის საუკეთესო საჩუქარი მათი შვილის ჯანმრთელობა, კარგი ქცევა, სწავლა და კეთილშობილებაა. ეცადეთ იყოთ საუკეთესოები, ერთმანეთს გვერდით დაუდექით და თქვენი დედიკოების გულსაც ყოველთვის გაახარებთ. ოღონდ მხოლოდ „დედის დღეს“ კი არა, ეს ცხოვრების წესად უნდა აქციოთ იცოდეთ!

- დიდი მადლობა ბუკნაჭოტ მასწავლებელო!- წამოიძახა დღნაჩვმა.

-მადლობა, მასწავლებელო!- ერთხმად წამოიყვირეს დანარჩენებმაც.

- ახლავე ფერად ფურცლებს მოვიტან!- წამოხტა მაიმუნი.

- ჩვენი მუხის მაღაზიაში მაგის მეტი რა აქვთ, აქედანაც კარგად ვხედავ, ბლომად მოიტანე!- წამოიძახა ბოჟიკმა, რომელიც ისევ ვერ ეტეოდა საკლასო ფუღურში და გარედან უსმენდა თანაკლასელებისა და ბუკნაჭოტ მასწავლებლის ამაღელვებელ დიალოგს.

- აბა, რას ვიზამ, ფერადი ფურცლებით უნდა მოვფინო აქაურობა!- კარგ ხასიათზე ჩანდა პატარა მაიმუნი.

- მეც დაგეხმარები!- გამოეხმაურა პანდა.

- მეც გამოგყვებით!- აჰყვა ენოტი.

- მე უკვე გზაში ვარ!- ეს უკვე  ყველაზე „სწრაფი“ კუ იყო.

- მე დავრჩები მეგობრებო, შეიძლება შემთხვევით რამე შემომეხეს!- სიფრთილე გამოიჩინა ზღარბუნია ზღურბლმა.

- ყველა მიდიხართ და მე ბარემ ცოტას წავუძინებ. - გემრიელად დაამთქნარა ზარმაცამ.

მეგობრები მალე ფერად-ფერადი ფურცლებით, ფანქრებით, წებოებით და მაკრატლებით დატვირთულები დაბრუნდნენ. მთელი დღე ჭრიდნენ, ხატავდნენ და წერდნენ. ერთმანეთის ნამუშევარს აფასებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, ეხმარებოდნენ.

საბოლოოდ ყველამ გააკეთა მისალოცი ბარათი და ლამაზადაც გააფორმა თავისი ხელით.

მეორე დილით კლასი „ქარაშხალას“ პატარა გიჟმაჟუნებს ვერავინ დაასწრო გაღვიძება. დედებს საწოლში შეუვარდნენ, კისერზე შემოეხვივნენ, მიულოცეს „დედის დღე“ და საჩუქრებიც გადასცეს.

„დედა, გილოცავ დედის დღეს! შენ საუკეთესო ხარ მსოფლიოში- ყველაზე ლამაზი და კეთილი.ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მყავს ასეთი დედიკო. მიყვარხარ ძალიან.

შენი შვილი“.

ყველა მათგანის წერილი ერთი და იგივე იყო. თუმცა ვერავის გაამტყუვნებ. მართლაც ბრძენია ჩვენი ბუკნაჭოტ მასწავლებელი: ყველა შვილისთვის სწორედ მათი დედაა ყველაზე ლამაზიც და საუკეთესოც. დედებო, გილოცავთ  დედის დღეს!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ პოზიტიური თვითსაუბარი

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს პოზიტიური თვითსაუბარი, რაც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს თვითშეფასებას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025