- სანტა, ახლა მოედნისკენ უნდა იჩქაროთ! -უთხრა სანტა კლაუსს ბედნიერმა იუკმა, - საახალწლო მოგზაურობის დაწყების დრო ახლოვდება!
- ჰო, უნდა ვიჩქაროთ, იუკ, მაგრამ მანამ ერთი რამ უნდა მოვაგვარო. რამდენიმე წუთი დამჭირდება, ძვირფასო... მერე კი მოედანზე ელვის სისწრაფით გავჩნდები.
- რა მოხდა? -იკითხა იუკმა, როცა შენიშნა, რომ კეთილ მოხუცს წარბები შეეჭმუხნა და თავის ჯადოსნურ ბურთს დაჰყურებდა.
- გულმა მიგრძნო, მერე კი ამ ბურთში დავინახე, რომ ერთ ვიღაცას ჩემი დახმარება სჭირდება... -თქვა სანტამ, -იუკ, შენ მოედანზე დაბრუნდი, მეც ახლავე მოვალ...
- სანამ შენ მოხვალ, ჯიზერს ენდრიუსისკენ გავაქროლებ, იმასაც მოედანზე მოვიყვან.
- ძალიან კარგი. ასე მოიქეცი, ჩემო კეთილო იუკ! ენდრიუსი მოიყვანე!
ჯიზერზე ამხედრებული იუკი გაქრა. სანტამ კომეტას ზურგზე გადაუსვა ხელი:
- ჩემო კომეტა, არ დაიჯერებ, მაგრამ ჩვენ ახლა ბალვარის, უფრო სწორად, ჩემი ძმა მარკოს გადასარჩენად წავალთ...
კომეტამ თავი დაუქნია. სანტამ ჯადოსნური კვერთხი შემართა.
მალე ორივენი პოლარულ წრესთან იდგნენ. პოლარული წრეც ჯადოსნური ადგილია. წრის საზღვარზე ჯადოქარი ბალვარი გაშეშებული იდგა, ვერც წინ მიდიოდა, ვერც უკან. პოლარული წრე არ უშვებდა. მისი ბოროტი საქმეების გამო ბუნებაც გამწყრალი ყოფილიყო.
- ახია ჩემზე, ახი! -ფიქრობდა ბალვარ-ჯადოქარი, რადგან გაყინულსა და გათოშილს სიტყვების წარმოთქმის ძალა არ შერჩენოდა, -მალე ყინულის ლოლუად ვიქცევი და ჩემი ტანჯვაც მორჩება...
უცებ მოახლოებული სანტა დაინახა, კომეტასთან ერთად იყო.
- აქ ვერ გდაგტოვებ, მარკო! -უთხრა სანტამ ძმას, -ძმაო, ხელი გამომიწოდე!
ამ ამბავმა ბალვარ-ჯადოქარი ისე გააოცდა, ძალა მოემატა და გაშეშებული ხელის აწევაც კი შეძლო.
სანტამ მას ხელი ჩასჭიდა:
- პოლარულო საზღვარო, ძმა დამიბრუნე!
პოლარული საზღვარი აელვარდა. სანტას წრფელ სურვილს წინ ვერავინ გადაეღობება. სანტამ ძმა თავისკენ გამოსწია, ბალვარ-ბურუსიანმა საზღვარს აქეთ გადმოაბიჯა.
ძმები პირისპირ იდგნენ. უზომოდ გაოცებულმა ბალვარმა ძმას თვალებში ჩახედა:
- კლაუს, რატომ გადამარჩინე? მე ხომ უამრავი სისულელე ჩავიდინე... შენი მშურდა... შურისძიება მწყუროდა...
- პატიება უნდა შეგეძლოს, -უთხრა ძმას სანტა კლაუსმა, -დამიბრუნდი, ძმაო! მე ყველაფერს გაპატიებ, თუკი...
ჯადოქარმა წარბები შეკრა, თავი ჯიუტად გადააქნია, თვალები აუელვარდა...
- კლაუს, მე შენთვის პატიება არ მითხოვია! -კბილებში გამოსცრა ბალვარ-ჯადოქარმა, ბურუსის მოსასხამი მჭიდროდ შემოისხვია და... გაქრა!
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ ბავშვს, იყოს პასუხისმგებელი
მიეცით ბავშვს პასუხისმგებლობა, შეასრულოს თავისი რუტინული ამოცანები დამოუკიდებლად.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო