kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

XVI. შინ დაბრუნება

ამ დროს მეჩხერი ტბის მიდამოებიდან ერთი მარტო დარჩენილი არსება სანტას სოფლისკენ მიაბიჯებდა. თითქოს თოკით მიათრევენო, ის ვიღაცა ბნელ ბილიკზე თავჩაღუნული, ოხვრა-ოხვრით მიდიოდა. ფეხს ითრევდა, რაღაცაზე გული სტკიოდა, რცხვენოდა, ხვნეშოდა... შეეძლო, ბურუსის მოსასხამით ემგზავრა, სანტას სახლთან წამში გაჩნდებოდა, მაგრამ ისე განიცდიდა, რომ ამ მსვლელობას, რაც შეეძლო, აჭიანურებდა. როცა ცაზე სანტას მარხილმა გადაიქროლა. მგზავრი შეჩერდა, სანტასა და მის ირმებს თვალი გააყოლა და მწარედ ამოიკვნესა:

- ნეტავი, შენთვის დამეჯერებინა, კლაუს! ნეტავი, ლაპლანდიაში დავრჩენილიყავი! ნეტავი, გულში ბოროტება არ შემეშვა! რა სირცხვილია! ასე როგორ მოგექეცი, ჩემო ძმაო!

მერე თავი მწუხარედ ჩაჰკიდა:

- კლაუსი თავისთან მიმიღებს? დამიჯერებს? ისევ მომენდობა? შევძლებთ კი, ისევ ძმები ვიყოთ? ჩემი ენდრიუსი როგორ მოიქცევა? რას მეტყვის? ისევ ძველებურად ვეყვარები?

ძნელი და გრძელი გზა მის ფეხქვეშ თანდათან ილეოდა. აი, შორს ციმციმა სინათლეები გამოჩნდა. ადამიანებისა და გნომების ბედნიერმა ჟრიამულმა აქამდეც მოაღწია, მხიარული მელოდიებიც გაისმა. გზაზე დამდგარმა მარტოსულმა ძალა მოიკრიბა და იმ მოციმციმე სინათლისაკენ გასწია:

- თუკი კლაუსი დაიჯერებს, მე დღეიდან მისი ერთგული თანაშემწე გავხდები.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ მარხილში მჯდომმა გულთამხილავმა სანტამ ეს ამბავი უკვე იცოდა. იმდენად გაუხარდა, ძმა რომ უბრუნდებოდა, ძალა უფრო მოემატა, თითქოს უფრო გაახალგაზრდავდა კიდეც:

- ეს ხომ დიდებული საახალწლო საჩუქარია! უკეთესს ვერც ვინატრებდი! ძმა მიბრუნდება! ამიერიდან მე და ჩემი ძმა ისევ ერთად ვიქნებით! ენდრიუსს ერთად აღვზრდით, ვასწავლით, მხარში ამოვუდგებით! სწრაფად გასწით, ჩემი საყვარელო ირმებო! ამ საჩუქრით ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემი ბედნიერება მსოფლიოს მალე გავუნაწილო!

როცა ჩვენს ულამაზეს დედამიწას სამჯერ შემოუარა, როცა მთელ მსოფლიოს დაანახა საახალწლო სასწაული, ბავშვების სურვილების ასრულების დროც დადგა! პატარა ირემი მთელი ძალით მიქროდა, ცაზე უხვად ტოვებდა ოქროს ნაკვალევს, სანტა კი უხვად არიგებდა საჩუქრებს. ეს საოცარი ღამე იყო! არცერთ ბავშვს არ დასძინებია და ღამის თორმეტზე სანტა ყველამ საკუთარი თვალებით ნახა, თანაც ერთდროულად! ყველა ბავშვმა შეძლო სანტას დიდებულ ირმებს მოფერებოდა, პატარა კომეტას განსაკუთრებით. ყველას შეეძლო მეორე დღეს ეამაყა, სანტა პირისპირ ვნახე, დაშაქრული რძითა და შვრიის ნამცხვრით გავუმასპინძლდი და ნახეთ, რა დიდებული საჩუქარი მივიღეო. ეგ ცოტაა, კომეტაზეც კი ავმხედრდი და რამდენიმე წუთით ცაზეც კი გავისეირნეო.

რაც ყველაზე საოცარია, სანტასგან საჩუქარი ყველამ ერთსა და იმავე დროს მიიღო და კომეტაზედაც ყველა ერთდროულად და ცალ-ცალკე ამხედრდა. რა ძნელი გასაგებია ეს საახალწლო სასწაული! ეს ხომ ჯადოსნობაა! ასეთი რამე გულით უნდა დაიჯერო და მოხდება კიდეც.

იმ ჯადოსნურ ღამეს დაღლილმა ბავშვებმა გულში ჩაკრული საუცხოო სათამაშოებით დაიძინეს. ყველა სახლში თბილოდა, ყველგან სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო, ყველა სამზარეულოში საუცხოო სურნელი იდგა, ყველასთან ზღაპრული, ფერად-ფერადი ბურთებით დახუნძლული ნაძვისხე ციმციმებდა.

მშვიდად ეძინათ დიდებსაც, პატარებსაც. შუბლი გახსნოდათ მდიდრებსაც და ღარიბებსაც. ცხოველებსაც კი უშიშრად ეძინათ თავიანთ მყუდრო, თბილ თავშესაფრებში.

ერთ დიდ ქალაქში, მრავალსართულიანი სახლის სულ ზედა სართულზე, ლამაზ საბავშვო ოთახში ლიზის გაეღვიძა, სანტას ნაჩუქარ საუცხოო თოჯინას თმაზე ხელი გადაუსვა და ლამაზად მოქარგულ ბალიშზე მიაწვინა. მერე ადგა, ფეხები ფაფუკ საშინაო ფეხსაცმელებში ჩაჰყო, თბილი, ფუმფულა, თეთრი ხალათი მოიცვა და დედ-მამის ოთახისკენ გაეშურა. გზად ლეოს საძინებელში შეიხედა, ბიჭი საწოლზე ნებივრად იწვა, გულში საჩუქარი-სათამაშო ირემი-კომეტა ჩაეკრა და ძილში იღიმებოდა. იატაკზე სათამაშო მატარებელი -ისიც სანტას საჩუქარი, პატარა ლიანდაგებზე გაჩერებულიყო.

დედ-მამასაც მშვიდად ეძინა. ლიზის გულზე ბედნიერების ტალღა მოაწვა, თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა. ნაძვისხესთან მივიდა და სანტას ვერცხლისფერ ბურთს ხელი გაუბედავად შეავლო. ყურში მაშინვე ნაცნობი ხმა ჩაესმა:

- ლიზ, ძვირფასო, ირგვლივ ყურადღებით მომოიხედე. ხომ ხედავ, რა ბედნიერია ადამიანი, როცა მას გული სიყვარულით აქვს სავსე. ამიერიდან შენი ვალი სწორედ ესაა, ყველას ასწავლო, რომ ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრონ!

- ასედაც მოვიქცევი! გპირდები, სანტა! -დაიჩურჩულა გოგონამ.

სადღაც შორს, მარხილით შინ მიმავალმა სანტამ გაიღიმა. ხელში იმასაც ჯადოსნური ბურთი ეჭირა და ზედ გამოსახულ ლიზის ხედავდა. გოგონა აქ უკვე გაზრდილი ჩანდა. მომავალში ის განაგებდა ობოლ ბავშვთა სახლებს, აშენებდა მარტოხელა და შეჭირვებულ ადამიანთა თავშესაფრებს, ხსნიდა მოხუცთა პანსიონებს, საკუთარ საავადმყოფოებში ავადმყოფებს თბილ და გემრიელ წვნიანს საკუთარი ხელით აჭმევდა... მის დანახვაზე ყველა იღიმოდა, ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა. ლეო, იუკი, ენდრიუსი გვერდით ედგნენ და ეხმარებოდნენ. არამარტო ისინი, ლიზის გვერდით ყოფნას მომავალში უამრავი კეთილი ადამიანი მოისურვებდა. ლეო მომავალში მსოფლიოში ცნობილი ექიმი იქნებოდა, იუკი-მსოფლიოში სახელგანთქმული გამომგონებელი, ისეთი, რომ დროის მანქანასაც კი გამოიგონებდა. ენდრიუსი?.. მომავალში ენდრიუსი იქნებოდა სანტა ენდრიუსი- სანტა კლაუსის შემცვლელი.

- ეს შესანიშნავი ბავშვები მსოფლიოს უამრავ სიხარულს მოუტანენ, ისინი ადამიანებს გააბედნიერებენ! მომავალში მსოფლიო სრულიად შეიცვლება! -დაიჩურჩულა სანტამ.

თვითონ სანტა კლაუსი რას იზამდა? ის და მისი ძმა ახალ სანტას დაეხმარებოდნენ, მთელ დედამიწაზე იმოგზაურებდნენ, შეიძლება იმის იქითაც... განა ტყუილად გამოიგონებდა იუკი დროის მანქანას!

- მალე ყველას ბედნიერი დროება დაუდგება! -წარმოთქვა გულთამხილავმა, კეთილმა მოხუცმა.

ჯადოსნური ირმები ძირს დაეშვნენ. საოცარი მარხილი სანტას ეზოში შეჩერდა. სანტა მარხილიდან ჩამოვიდა. უცებ გაშეშდა, რადგან სახლის კართან მდგარი თავჩაღუნული, ბურუსის მოსასხამმოსხმული კაცი დაინახა. ბურუსის შავი ფერი თანდათან ფერმკრთალდებოდა, მოსასხამი თანდათან თეთრდებოდა. კაცს სახლში შესვლა ვერ გაებედა, ძმის დაბრუნებას ელოდებოდა. სანტამ გაიღიმა, ხელები გაშალა და ძმისკენ შესახვედრად გაემართა.

ენდრიუსს არ ეძინა. ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახში ფანჯარასთან იდგა. მათ უყურებდა, ხელებს უქნევდა და თვალები უბრწყინავდა. ბიჭი ძალიან, ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა! ბალვარ-ბურუსიანმა... თუმცა არა, ძველებურად მარკომ თავი ასწია... თვითონაც ხელები გაშალა და ძმას შეეგება!

ეს ახალი წელი მათთვისაც ბედნიერი წელი ხომ უნდა ყოფილიყო!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩადუნელი:


Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს თავისი ვნება

წაახალისეთ ბავშვი, გააკეთოს ის, რაც მას უყვარს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026