ორი კვირის შემდეგ, როდესაც სახედარმა იმდენად მოიხედა, რომ შეეძლო ტვირთის აკიდება, მაგდანამ ერთიორად მეტი რძე იყიდა, ერთიორად მომეტებული მაწონი შეაყენა. მეზობლებისაგან ორი დიდი გოდორი ითხოვა, გადაჰკიდა თავის ბედაურს, შიგ მჭიდროდ ჩააწყო თავისი ქილები და გაუდგა ქალაქის გზას. დღეს ვერავინ იცნობდა მაგდანას, ისე გაღიმებული, ბედნიერებით სავსე იყო იმისი შეხედულება. ჩვეულებრივ ტვირთქვეშ მოხრილი კი აღარ მიღოღავდა, არა, ამაყად აბიჯებდა და მხიარულად შესცქეროდა თავის თანაშემწე - ლურჯა სახედარს და მის გარშემო სიხარულით მხტუნავ თავის ბავშვებს.
- დედა, დღეს ხომ უფრო ადრე ჩახვალ ქალაქს? - ღიმილით ეკითხებოდა მაგდანას მისი პატარა მიხა.
- რასაკვირველია, შვილო, ადრე კი არა, ერთიორად ადრე ჩავალ და შუადღემდე იქნება კიდეც მოვბრუნდე.
- რას ამბობ, დედა, შუადღემდე! იქნება საღამომდინაც ვერ მორჩე მაგოდენა მაწვნის გაყიდვას; მთელი სოფლის ქოთნები მათხოვნინე წუხელ, - უთხრა სოფომ დედას.
- გაყიდვისა კი აღარ მეშინიან, ამ ოთხ-ხუთ დღეში, შვილო, იმოდენა ხალხი გავიცანი, იმდენი მუშტარი ვიშოვე, რომ ფიქრი არ არის, მალე დავაცარიელებ მაგ დიდ გოდრებს, მერე ვერა ხედავ, რა ცხელ დღეს იჭერს, მაწვნის მეტს რას შესჭამს ამ პაპანაქებაში ვაჭარი კაცი?! ახლა კი დაბრუნდით, შვილო, დაიღლებით.
- არა, დედი, არა, დაღმართამდის მიგაცილებთ და იქიდან გიყურებთ, როგორის გოგმანით წავა ჩვენი ლამაზი ლურჯა. რა ლამაზი თვალები აქვს , დედა, შავი, ჭკვიანი! მაგრამ ისევ ისე დაღონებული კი გამოიცქირება, როგორც მაშინ, დავარდნილი რომ ვიპოვეთ. ახლა ხომ აღარა შიან, დაღონებული რაღად არის?
- რა ვიცი, შვილო, ვირის ჯიში აგრეა, სულ დაღონებულნი არიან ვირები, თავს მაღლა თავის დღეში არ აიღებენ. მაძღრობა ვირს მარტო კუნტრუშზედ ეტყობა, განა არა ნახე, გუშინ ჩვენი ლურჯა მინდორზე როგორ კუნტრუშობდა?
- ხა, ხა, ხა, როგორ დაკუნტრუშობდა გოგიანთ ვირებთან! - გადაიხარხარეს პატარებმა, - მანამ მოხვალ, დედი, იმდენ ბალახს მოვუტანთ, იმდენს, რომ სულ შიგ ჩაიფლოს ჩვენი ლურჯა, - ხტუნვით და აღტაცებით შესჭიკჭიკებდნენ მაგდანას შვილები.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გამოიყენეთ წიგნები, როგორც საუბრის თემა
ისაუბრეთ ბავშვთან წიგნებზე და გაუზიარეთ თქვენი საყვარელი წიგნები.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო