kids.ge logo

ჩურჩხელები, ჩურჩხელები, ჩურჩხელები!

ფავორიტებში დამატება

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართველოდ ვენახის გამოწმენდას ანდომებენ, დედაკაცები სულ ჩურჩხელების სამზადისში არიან. რვა ენკენისთვეს კაკლის ბერტყვა დაიწყო, დედათქვენმა კრეფის დროსვე საუკეთესო კაკლები გადაარჩია, დაკროლა, წენგოსაგან გასუფთავებული, დიდს ჭილობზედ გაგვაშლევინა მზის გულზედ და თვითონ აივნიდგან თვალმოუშორებლივ ორი-სამი დღე უყარაულა.

- იქით, იქით, ონავარო, - ეუბნებოდა პატარა ნიკოს, რომელიც, წუწკ ციცუნიასავით ოთხზედ დამდგარი, ეპარებოდა კაკლებს. - საჩურჩხელეა, საჩურჩხელე, არ მიეკარო, თორემ ხელებზედ გცემ.

- ხელი, ხელი არ ახლო, - სასტიკად შეუყვირა მზარეულს - გიგუას, რომელსაც ერთი-ორი კაკალი უნდა აეწაპნა ჩასაკნატუნებლად. - განა სხვა კაკალი არ მოიპოვება სახლში, რომ მაგას არ წაეტანო?! არ იცი, რომ საჩურჩხელეა?!

მესამე დღეს, საღამოზედ, ჩაის შემდეგ, ჭილობზედ შეგროვილი, გამშრალი კაკალი ქალბატონის ოთახში შევიტანეთ, გარს შემოვუსხედით, წინ ბრტყელი ქვები დავიწყეთ, ხელში - მრგვლები, და შევუდექით მტვრევას და რჩევას: მებაღის ცოლი მართა, იმისი ქალი ნუშკა, ჩვენი პატარა გოგო ანუა, ტარამანაანთ ნინუა და თქვენი მოსიყვარულე გამდელი თინათინა.

ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და ჩვენს მიწვდენილს ქაღალდივით თეთრს ნიგოზს დიდ სინებზედ აგროვებდა.

მტვრევის დროს ვმღეროდით, ვიცინოდით, რძესავით გემრიელს ნიგოზს ვღეჭავდით და თან ვანგარიშობდით, თუ რამდენი ჩურჩხელა უნდა აგვესხა, რომ ყველას, ჩვენო ძვირფასებო, გყოფნოდათ და ჩვენთვის - სტუმარ-მასპინძლისათვისაც ბლომად დაგვრჩენოდა.

ათ საათამდის ვიმუშავეთ, ათზედ კი ყველანი ჩავჩუმდით, თვალზედ რული მოგვეპარა, ხელების აღებ-დაღებას ვუკელით, ქვების რაკარუკი მიყუჩდა. ქალბატონმა დაღალულობა შეგვატყო და საქმეზედ ხელი აგვაღებინა.

- კმარა, კმარა დღეს, დანარჩენი ხვალ საღამოსთვის იყოს, - თქვა, სავსე ლანგრებს გაზეთის ფურცლები გადააფარა და განჯინაში შეაწყო.

დილით წუხანდელი დარჩეული ნიგოზი მზეზედ გავფინეთ. საღამოზედ კვლავ ვამტვრიეთ კაკალი. ქალბატონი კი თავისის ჯიბის დანით დილით გამხმარს ნიგოზს საჩურჩხლედ სჭრიდა. ჩვენ კიდევ ვიცინოდით, ვმღეროდით, ვამტვრევდით, ვარჩევდით და ვღეჭავდით რძით სავსე ნიგოზს. ბევრჯერ მოგიგონეთ თქვენ: ვანო, ლადო, ნატო, კატო! საწყლებო, რამდენი წელიწადი აღარ მოსწრებიხართ რთველს, ჩურჩხელების გავლებას, ბროლივით თეთრის და შაქარივით ტკბილის თათარას წინწკლების ლოკვას ტაბაკებზედ!

რაღა ბევრი გავაგრძელო, მთელი ექვსი დღე ვასხამდით ჩურჩხელებს. ორი დღე მარტო თავდებები ვუკეთეთ მე და ქალბატონმა და მერე, ჯარივით ჩარახტული გრძელ სარზედ, მზეზედ ჩამოვკიდეთ. ახლა ნარკვევის რჩევას შევუდექით. მთელი სამი დღე ჩავკირკიტებდით ჭვავით სავსე ხორბალს და ძლივს ბოლო მოვუღეთ. ასე გარჩეული ხორბალი წისქვილში მე თვითონ ჩავიტანე. ხვიმირა ჩემის ხელით ამოვწმინდე, იქაურობა დავგავ-დავწმინდე, რომ მტვერი არ მიჰკარებოდა საჩურჩხელე ხორბალს და ჩემის ხელითვე დავაყარე წისქვილს.

მანამ ხორბალი ჩამოვიდოდა, წინდით ხელში იქვე, წისქვილის კარებში, ჩავჯექ და ყურს ვუგდებდი სარეკელას, ღარში დაქანებულის წყლის ჭრიალს, წისქვილის ქვის ერთგვარს გრიალს, და იქვე ტომარაზედ მიყრდნობილს, ტკბილად მძინარე გოგიას.

ხორბალი ჩამოვიდა, სიფრთხილით ავკრიფე თეთრს პარკში, თეთრი ფქვილი ჩემისვე ხელით შინ ამოვიტანე, დიდი სათათარე ქვაბები დავაკალვინეთ, ციცხვები დავფხიკეთ, ხონჩები დავარაკრაკეთ, ბადაგის გადასასხმელი ქილა-ხელადები ქვიშით დავხეხეთ და ასე გამზადებულნი მივეგებეთ რთველს პირველს ღვინობისთვეს.

იჰ, რა სანეტაროა ეს რთველი! რა სიხარულს და კმაყოფილებას გრძნობს ყოველი ადამიანი! მეტადრე მოზარდი თაობაა ხოლმე გადარეული და თქვენ კი, ჩემო ჭრუკებო, აქ წიგნებში ხართ თავჩაღუნული.

რთველი გაჩაღებული იყო. ქალები კალათებში კრეფდნენ ყურძენს, კაცები მოსაკიდებში აგროვებდნენ, მებაღეები საწნეხელისკენ ეზიდებოდნენ.

ქალბატონი ვენახის ბოლოში, კაკალქვეშ, იჯდა და თეთრს დამკრახულს ყურძენს საჩურჩხელედ არჩევდა. საჩურჩხელე ცალკე ნავში დავწურეთ და მარნიდან პირდაპირ დიდის ქვაბებით ზედადგარზედ შემოვდგით.

საღამო ჟამი იყო, თბილი საღამო. მთვარე, ოდნავად ბურუსში გახვეული, მკრთალად ანათებდა სოფელს და ჩვენი სახლის კარ-მიდამოს, რომელიც სათათარავე ტკბილების ქვაბების ქვეშიდან აპრიალებული ცეცხლის შუქით იყო გაჩირაღდნებული. აქვე ქვებზედ, კიბეებზედ ვისხედით ჩვენ ყველანი და ქვაბების ადუღებას ველოდით.

კარგა შუაღამე გადავიდა, საგრძნობლად აცივდა, როდესაც დუღილით დანახევრებული ქვაბები ცეცხლიდგან გადმოვდგით და წითლად დარაკრაკებულს ქილა-ხელადებში გადავასხით.

მეორე დღეს ადრიანად მობადაგებული ტკბილი, ქილებში დაწმენდილი, ნელ-ნელა, დიდის სიფრთხილით ისევ ქვაბებში გადავიღეთ, ისევ ცეცხლზედ შემოვდგით, გავაცხელეთ, ბადაგში გალესილი, მომზადებული ფქვილი ჩავასხით და ნიჩბებივით დიდის ციცხვებით ვიწყეთ რევა, ზელვა, თან ცეცხლს გამხმარი სარის შეშას ვუმატებდით. ერთს საათზედ თათარამ მოიწია.

ბედს მადლობა მივუძღვენ, რომ კიდევ შემასწრო ამ ბედნიერ დღეს და პირველად ეს მთელ-მთელლებნიანი, გრძელი ჩურჩხელები ამოვავლე.

„ეს ჩემს მშვენიერს ვანოს, ეს ჩემ გონიერ ლადის, ეს დახატულს ნატოს, ეს დაბრძენებულს კატოს“, - ვამბობდი და ჩურჩხელებს ქალბატონის გამოწვდილი ხელის თითებზედ ვაცმევდი.

ქალბატონი აწოდებდა სარზე წამოსაცმელად ძალუათქვენს, ელისაბედს, ელისაბედი - მართას, მართა - თავისს ქალს ნუშკას, ნუშკა - გოგია მზარეულს, რომელიც გავსებულს სარებს წყნარად, სიფრთხილით, რომ ჩამოკონწიალებული ჩურჩხელები ერთმანეთს არ მიჰკარებოდა, წინადვე მომზადებულ ჯინჯიბახებზედ ჰკიდებდა.

მშვენიერი ბრწყინვალე მზე იდგა, მკათათვესავით ცხელოდა. სწორედ საჩურჩხელე დარი იდგა. ქალბატონი პირზედ ღიმილით ამბობდა: თუ ასეთი დარი დაიჭირა, ერთ კვირაზე ჩურჩხელები ქალაქს გაიგზავნებაო. ხუთასი ჩურჩხელა გავავლეთ, ოცდაათი სარი გამწკრივებული ეკიდა ჯინჯიბახებზედ, ქალბატონს წელი ასტკივდა ქვაბთან დახრითა და დგომით, მე მარჯვენა მიცახცახებდა ციცხვის ქნევით, მაგრამ გათავებას არ ვჩქარობდით.

ლხინში ადამიანს ჭირი ყოველთვის ავიწყდება! ჩურჩხელებქვეშ გაყრილ სუფთა ხონჩებზედ მეზობელ გლეხთა გოგო-ბიჭები ჩურჩხელის წინწკლებს გაფაციცებით ლოკავდნენ; ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, სცემდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ნამდვილი დღესასწაული იყო...

მზე მიილულა და ქვაბების ძირებიც გამოჩნდა. ჩურჩხელებს მოვრჩით და ახლა გასქელებული თათარის დარიგებას მოვუნდით. ყველა მეზობელს, მოსამსახურეს, მუშებს თეფშებზედ თითო ციცხვი დავუგლისე. სამხრობა გადასული იყო, როდესაც დიდი ხნით მოკეცილი, ჯდომით დაბუხული ძლივსღა ამაყენეს, ქალბატონი, წელში გაწყვეტილი ფეხზე დგომით, ძლივსღა ავიდა აივანზედ. მხოლოდ ახლა მოაგონდა, რომ მთელი დღე ნაყრი არ ჩასულა ჩვენს პირში და სადილის სამზადისს შეუდგა. ჯერ მუხლებში წყალი არ ჩაგვდგომოდა, ლუკმა ყელს არ ჩაგვცდენოდა, რომ ქარმა წამოისისინა, ჩურჩხელებმა რხევა დაიწყეს.

- არიქათ, არიქათ, მიეშველეთ ჩურჩხელებს, - დაგვიკიჟინა ქალბატონმა. - ქარი სულ ძირს დასცემს და ამდენი ხნის ამაგს მტვერში ამოგვივლებს.

საჩქაროდ გავცვივდით, დიდი და პატარა სარების აკრეფას შევუდექით. ნელ-ნელა ამოგვქონდა კიბეზედ და სასტუმრო ოთახში ორი მაგიდის შუა ვკიდებდით. მერე შემშრალი ჩურჩხელები სარის შუა წელზედ შევაგროვეთ და, როცა ხუთასი ჩურჩხელა ერთს ალაგს შევაგროვეთ, ქალბატონმა დიდი ჯამით ბადაგი შემოიტანა და იატაკზედ დაჩოქილმა, თითო-თითოს ცალ-ცალკე ორივ ხელით ბადაგი ჩამოუსვა. მერე თეთრი სუფრა შემოახვია ჩურჩხელის გროვას, სუფრას ზემოდგან დიდი, თბილი შალი, და ასე შეფუთნული ჩურჩხელები კარდაკეტილში დავტოვეთ.

- სიფრთხილეს თავი არა სტკივა, სულმა არავის წასძლიოს, - სთქვა ქალბატონმა: - ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს თვითონვე შესჭამდაო, ნათქვამია.

მესამე დღეს დილით სუფრა შემოვხსენით და თეთრად შეშაქრული ჩურჩხელები კვალვ გავწი-გამოვწიეთ სარებზედ და ჯინჯიბახებზედ გავიტანეთ.

ასე შეგვქონდა და გაგვქონდა მთელი ერთი კვირა. ქარი, ღრუბელი გულს გვიხეთქავდა და ყოველს წამს თავს დავტრიალებდით. მერვე დღეს სარებს დავაძრეთ ჩურჩხელები, ქალბატონმა თავდებები დააჭრა, ჩურჩხელები გაანაწილა და საოჯახო ნაწილი იმ დიდს წითელს სკივრში ჩააალაგა, რომელსაც თქვენ ყველანი კარგად იცნობთ და, რომელიც ნოეს კიდობანივით ყოველთვის სავსეა თქვენთვის ტკბილეულის სასუსნავით.

თქვენთვის გადაწყობილი კი ცალ-ცალკე თეთრ პარკებში ამოკერა და აი ჩემი ხელით გაახლათ. მიირთვით და შეექეცით, კეთილად შეგარგოთ, მრავალს რთველს და მოსავლის შეკრებას შეგასწროთ, სწავლა მალე დაგასრულებინოთ და პირადად თქვენ თვითონ შეგაძლებინოთ ამ მძიმე, მაგრამ ქართულის ოჯახის სამხიარულო და სახალისო საქმის გაწყობა, სოფელი არ დაგავიწყოთ და მისი საქმე და ჩვეულება გულში ჩაგინერგოთ!..

...ასე გაგვახარა ჩვენმა გამდელმა, ბებერმა თინამ, თეთრი, დაშაქრული ჩურჩხელებით ცალკე და ჩურჩხელების მძიმე სამზადისის მოთხრობით ცალკე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ექიმს

თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024