kids.ge logo

მაგდანას ლურჯა

ფავორიტებში დამატება

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს  ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა. რა ექნა უბედურ ქვრივს? რითი გამოეკვება თავისი ობლები? სოფელი „მწირი“, სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობდნენ დღიურ ლუკმას. და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდიდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს.

ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრები გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ სამუშაოს, ბაზარს გასასაღებლად, თუ რამ ნაწარმი გააჩნდათ გასასაღებელი. მაგდანასაც ამ სიალოვემ უჩვენა გზა და ხელი მიჰყო იმისთანა საქმეს, რომელიც ძლიერ მძიმე და თითქმის აუტანელი იყო მისთვის. მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც ოთხი ბავშვის ტირილი: „დედა, პური, დედა პურიო!“ - დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა და მშობელს გულს უფათრავდა.

მაგდანა სულ ერთი კვირის დაქვრივებული არ იყო, როდესაც მძიმე შავებში გახვეული, მაწვნის ქილებით ცალ მხარზე და კარგა მოდიდო რძის კოკით მეორე ხელში, გაემგზავრა ქალაქისაკენ.

რძეს მაგდანა ყიდულობდა თავის მეზობლებისაგან, საღამოობით აყენებდა მაწვნად და მეორე დილაზე გაუთენებლივ გაუდგებოდა ხოლმე ქალაქის გზას. იქ, „იარმუკის“ თავში, ტროტუარზე დაჯდებოდა, მოიხსნიდა თავის მძიმე ტვირთს, ჩამოამწკრივებდა სუფთად დახეხილ მაწვნის ქილებს, რძის ლიტრებს და თავჩაღუნული ელოდა მუშტარს.

პირველში საშინლად იტანჯებოდა საცოდავი ქვრივი, რომ ასე აშკარად, გაშლილ მოედანზე იჯდა ახალი მგლოვიარე, შავებით მოსილი და გამვლელ-გამომვლელს იწვევდა საყიდლად, მაგრამ შემდეგ შეეჩვია, მყიდველებს ღიჭინიც კი დაუწყო, მეტადრე მაშინ, როდესაც მის გვერდით სხვა ბევრი ქვრივ-ოხრებიც გამოიჭიმა მაწვნის ქილებით, რძის ლიტრებით და მის ვაჭრობას შეეცილნენ.

მაგდანა იმდენს შოულობდა ამ ვაჭრობით, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და ცარიელი ლუკმა მაინც მიეწვდინა თავის ობლებისათვის.

თუმცა სოფელი „მწირი“ ქალაქიდან სულ ხუთ-ექვს ვერსზე იყო მოშორებული, მაგრამ ამ მცირე მანძილის გავლაც დღეში ორჯერ, მძიმემბარგით ზურგზე, ისე სწყვეტდა საბრალო დედაკაცს, რომ ბევრჯერ შინ დაბრუნებული მაგდანა ორი-სამი საათით უღონოდ ეგდო დერეფანში და თავს დასჩხაოდნენ თავისი პატარები. მუდმივმა მძიმე ტვირთის ზიდვამ მარჯვენა მხარი ჯერ დაუიარავა და შემდეგ ისე დაუკოჟიჟდა, რომ ყოველი ბარგის აკიდებაზე მაგდანა სიმწრით ცრემლებს ჰყრიდა და უღონოდ წაიჩოქებდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ წამს პირჯვარს გადაიწერდა და გაუდგებოდა გზას.

დედის დაბრუნებამდე ოჯახს პატრონობდა მაგდანას უფროსი გოგო, თორმეტი წლის სოფო და ჩინებულადაც პატრონობდა. მანამ პატარა და-ძმას ეძინათ, დაჰგვიდა დარბაზს, კოკებს აავსებდა დილის წყლით, წიწილ-კრუხს საზრდოს მისცემდა და, როცა პატარები გაიღვიძებდნენ, დაჰბანდა ხელ-პირს, დაჰხეხდა სახვალიოდ საჭირო რძის ჭურჭელს და პატარა ბავშვით ხელში გავიდოდა ბანზე. იქ მზის გულზე ჩუმად ჩხირკედელაობდა დედის დაბრუნებამდე. ქალაქიდან მომავალი გზა ამათი სოფლის წინ კარგა მანძილე იყო გაშლილი და შემდეგ დაღმართში იკარგებოდა; დაინახავდა თუ არა დედას პატარა სოფო აღმართზე ამოსულს, ძირს დასვამდა თავის პატარა დას, სირბილით მიეგებებოდა დედას, ჩამოართმევდა ცარიელ ქილებს, ნაყიდ ხორაგს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მშობელს ტვირთს.

მაგდანას აუტანელი გაუხდა ჯაფა ზაფხულში. მკათათვის მზის მწვავე სხივები ულმობლად სწვავდა საცოდავ თავ-პირს, ცეცხლს უკიდებდა მუდამ ფეხშიშველობით დაფათრულ ფეხებს და ერთიორად უგრძელებდა მანძილს; მაგდანა წამდაუწუმ ისვენებდა გზაზე, ბევრჯერ დაღლილ-დაქანცულს კიდეც მიეძინებოდა ჩრდილოში და საღამომდე ძლივს მიაღწევდა ხოლმე თავის სოფელს. რძის ყიდვა, ადრუღება, მაწვნების შეყენება უგვიანდებოდა და ერთ პირს დაძინებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მამლები იყივლებდნენ, და ისევ ხელახლად გზას უნდა გასდგომოდა. ამის გამო ყოველდღე ქალაქში სიარული შეუძლებელი შეიქნა და ობლების საზრდომაც იკლო. სოფო და დედა ნახევარზე მშივრები იყვნენ და თავის წილ ლუკმას პატარებს უზოგავდნენ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

იზრუნე გარემოზე

აჩვენეთ თქვენს შვილებს, რამდენად ადვილია გარემოზე ზრუნვა. დახარჯეთ ნაკლები, გადაამუშავეთ, ხელახლა გამოიყენეთ და შეინახეთ ნივთები თუ საკვები. ნაშუადღევს დაასუფთავეთ სამეზობლო.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024