kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ახალ სახლში ჩიკო თბილად და უსაფრთხოდ იყო. 

თუმცა, თვითონ  სხვაგვარად ფიქრობდა.

მას ქობულოში ლელიასთან ყოფნა ერჩივნა და ვერ ხვდებოდა, აქ რატომ მოიყვანეს.

,,ბშა“ ორი ოთახისგან შედგებოდა.

როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ- წინკარი ბავშვებმა თავისთვის მოაწყვეს,   უკანა თვალში ჩიკო დააბეს, ხოლო ,,ბშა“ -ს შესასვლელში თხილის წნელისგან  შეკრული კარი  ჩამოჰკიდეს.

ისეთი ლამაზი იყო აქაურობა , ავ თვალს არ ენახვებოდა.

დაბნელებამდე  თუ დარჩებოდი, წიგნის წაკითხვაც შეიძლებოდა,  დავალების დაწერაც და ჭადრაკის თამაშიც.

ლელია ,,ბშაში“ ყოველდღე მოდიოდა, თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის საჭმელი მოჰქონდა და გვიანობამდე რჩებოდა, დანარჩენმა ბავშვებმა კი მორიგეობა დააწესეს!  

თვის ბოლოს შატილიდან მესაზღვრეები გადმოვიდნენ.

ლელიამ  მღელვარება იგრძნო.

თან გაუხარდა მამის ჩამოსვლის ამბავი, თან იმან  შეაწუხა,  ტყუილი როგორ ვუთხრაო.

 

ვახშამს რომ მორჩნენ ლელია თავის ოთახში, ხატებთან მივიდა და ხმადაბლა დაიჩურჩულა:

,, იესო, გთხოვ, დამეხმარე...რომ მამიკოს ვუთხრა  ჩიკოს დაკარგვის შესახებ...მინდა, რომ მამიკომ არაფერი გაიგოს...ეს ხომ კეთილი ტყუილია! მე ხომ ყველაფერი ჩიკოს გადასარჩენად გავაკეთე !“

ლოცვას მორჩა.

მერე თითისწვერებზე აიწია.

ხატებს ვერ მიწვდა და თაროს კუთხეს იმდენჯერ აკოცა, რამდენი ხატიც იდო ზედ.

შვება  იგრძნო, თითქოს გულში პეპლები ჩაუსახლდნენ.

მეორე დღეს სახლიც მიალაგა, ეზოც და ჩიკოს ნაბინავარიც.

მერე ლამარა დეიდასთან გადაირბინა და  მამიკოს საყვარელი ღვეზელები იყიდა.

შუადღის ხანს ჭიშკართან გაჩერებულ სამხედრო პიკაპს  მოჰკრა თვალი. ოთახიდან გამოვარდა და კიბეებზე კისრისტეხით დაეშვა.

გიორგი თანამშრომლებს დაემშვიდობა და ხაკისფერი ზურგჩანთები ეზოში შემოალაგა.

მაშინვე თვალში მოხვდა ცარიელი და დაგვილ-დასუფთავებული ჩიკოს ქოხი და გულმა რეჩხი უყო.

-მამიკო!- შეჰკივლა ლელიამ და გიორგის კისერზე ჩამოეკიდა.

-ჩემო გოგო! როგორ, მომენატრე!- გიორგი კარგა ხნის უნახავ შვილს გულში იკრავდა და თვალებს უკოცნიდა.

- იცი, მამიკო, ჩიკო დაიკარგა!- მოულოდნელად წამოიძახა ლელიამ ...თან ისე, რომ მამის მხარში ჩარგული თავი  არ აუწევია!

--დაიკარგა?  - დაბნეულად გაიმეორა გიორგიმ, დივანზე ჩამოჯდა და გოგონა მუხლზე დაისვა.

- ჰო, მამიკო, ერთხელ სკოლიდან მოვედი და აღარ იყო! მთელი სოფელი შემოვირბინე, მაგრამ ვერ ვიპოვე!- უთხრა ლელიამ მამას, სახეზე ჩამოშლილი თმები ზურგზე გადაიყარა და ვერ შეამჩნია ,რომ  შავ, ბრიალა თვალებში მზისფერი ციცინათელები აუციაგდა.

გიორგის არ გამოჰპარვია, რომ ბავშვს დარდის ნატამალი არ ეტყობოდა.

თან  გაუხარდა, თან -  გაუკვირდა.

შვილი მკერდზე მიიკრა და გაამხნევა:

- არ იდარდო, ლელი! ამ ზაფხულს დათო ძია კიდევ ჩამოვა და უფრო ლამაზ ლეკვს ჩამოგიყვანს.

ლელიას  ეს სიტყვები არ მოეწონა... რადგან ფიქრობდა, რომ ჩიკოზე ლამაზი და  ჭკვიანი  ძაღლი დედამიწაზე არ არსებობდა.

ხმამაღლა კი მარტო  ეს თქვა:

- არ ვდარდობ, მამიკო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ , ჩემი ჩიკო აუცილებლად დაბრუნდება!!

ბავშვის დაბეჯითებულმა კილომ გიორგი შეაფიქრიანა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

- კარგი, ლელი, შინ შევიდეთ! ახლა სხვა ამბები მომიყევი, იმედა ბიძას ხომ არ აბრაზებდი?

- არა, მამიკო, სულ ათიანებს ვიღებდი... ნახე, რა მოგიტანე?- ლელიამ გიორგის ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.

მაგიდაზე ღრმა ჯამში ჩალაგებულ ღვეზელებს ხელსახოცი გადააძრო და მამას შესცინა.

გიორგის ძალიან ესიამოვნა შვილის ყურადღება  და ლელია გულში ჩაიკრა:

-ჩემი ყოჩაღი და კარგი გოგო ხარ შენ!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება ონლაინ

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება ონლაინ, როგორიცაა სოციალურ მედიაში ან ონლაინ თამაშებში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025