kids.ge logo

წინაპართა აჩრდილნი

ფავორიტებში დამატება

ქართლისა და კახეთის მეფეებმა - თეიმურაზმა და ერეკლემ - ტფილისში მოილაპარაკეს და გადასწყვიტეს გალაშქრება ნუხის ხანის, ჰაჯი ჩალაბის წინააღმდეგ. ეს ჰაჯი ჩალაბი შთამომავლობით სომეხი იყო: ვიღაც ტერტერას შვილი. რა იყო მიზეზი მისი გამაჰმადიანებისა, ამაზედ არა ვიცი რა... სჩანს მხოლოდ ის, რომ იგი კარგი დავაჟკაცებული იყო, როდესაც მაჰმადიან მლოცველებს გაჰყვა მექაში, მიიღო რჯული მაჰმადისა და დაბრუნდა დაღესტანში. თან მოიტანა „ჰაჯის“ (მლოცველი) სახელწოდება. ესეც არ აკმარა თავის გადასხვაფერებას: მან ამ სახელწოდებას მიუმატა „ჩალაბიც“, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველის მაჰმადისაგან შთამომაბლობას. ცხადია, რა გავლენასაც მოახდენდა იგი დაღესტნელ მაჰმადიანებზედ მარტო ამ სახელწოდებითაც კი... ხოლო ჰაჯი ჩალაბს სხვა, მაშინდელ დროში დიდად მოსაწონი და სასარგებლო, თვისებანიც ბლომადა ჰქონდა. იგი იყო მხნე, შორ-გამჭვრეტი, ხერხიანი, ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა... მის მოუსვენარ ხასიათს და დიდების მოყვარეობას ცეცხლისა და მახვილის სარწმუნოებამ შესაფერი საგანიც აღმოუჩინა. შეჰკრიბა თავზედ ხელაღებული ავაზაკები და მაჰმადის სადიდებლად იწყო საქრისტიანო კახეთის საზღვრების, საინგილოსი და ნუხის მიდამოების აკლება. ამგვარის მტაცებლობით მალე დიდი ქონება შეიძინა. ამ სიმდიდრით და თავის ცხოვრება-მოქმედებით მთელს დაღესტანში სახელი გაითქვა. ლეკები ხშირად ირჩევდნენ ხოლმე ჰაჯი ჩალაბს თავიანთ ბელადად და ამ დროს ყოველ მის ბრძანებას ყურმოჭრილ ყმასავით ემორჩილებოდნენ. ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ ქალაქი ნუხა და მისი მიდამო ადგილები ხელთ ჩაიგდო. ათასნაირის ხრიკებით, ძალმომრეობით, მოტყუებით და მოსყიდვით გაადიდა, გააფართოვა ეს ადგილები და დასასრულ თავისი თავი ნუხის ხანად გამოაცხადა.

ჰაჯი ჩალაბს გულით უნდოდა საქართველოსთვისაც წაეგლიჯა რომელიმე ნაწილი, უნდოდა ჩვენშიაც გადმოეყო თავისი გაუმაღძარი ხელი, მაგრამ კარგათ იცოდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, მისი ხმლის ძლევამოსილება და ამიტომ მასთან განცხადებით უსიამოვნებას, ფარულ გაიძვერულ მტრობას არჩევდა. ხშირად გროვდებოდნენ ხოლმე მის სამფლობელოში თავზედ ხელაღებული ლეკები და აქედან ჰაჯი ჩალაბის ხელმძღვანელობით ხან ერთ კუთხეს აოხრებდნენ საქართველოსას, ხან მეორეს, ყოველ ამგვარ შემთხვევაში ნადავლის მეათედი ნუხის ხანისა უნდა ყოფილიყო.

თეიმურაზი და ერეკლე კარგათა ხედავდნენ ამ ვერაგი კაცის თვალთმაქცობას, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ დამშვიდება მისი შესაძლებელი იყო; ამის გამო უგზავნიდნენ მეგობრულ წერილებს, ძვირფას საჩუქრებს და სთხოვდნენ მეზობლურ მშვიდობიანობას. ყოველ ამგვარ მოკითხვაზე ჰაჯი ჩალაბისაგან ერთი და იგივე პასუხი მოსდიოდათ მეფეებს: „შეუპოვარი და მხეცთა მსგავსი ლეკები ძალით შემოდიან ჩემს ქვეყანაში, იკლებენ, აოხრებენ მას და შემდეგ აქედან თქვენს სამეფოშიაც გადმოდიანო. მე ამათი მოკავშირე კი არა ვარ, დაუძინებელი მტერი ვარ: სადაც კი მოვასწრობთ, არ ვინდობთ ერთმანეთსაო“.

ამგვარ სიტყვებს წინაპირველად შეცდომაში შეჰყავდა ორივე მეფე. მაგრამ შემდეგ სცნეს ჰაჯი ჩალაბის ფარისევლობა. ცხადათ დაინახეს სიმართლე და განრისხებულთ შეუთვალეს მუქარა. ამ მუქარაზედაც ნუხის ხანმა ჩვეულებრივის ფარისევლურის პატივისცემით და მორჩილებით გასცა პასუხი მეფეებს. ამ ჟამადაც სცდილობდა - მოეტყუებინა და დაემშვიდებინა იგინი. ხოლო თვითონ, ყოველ შემთხვევისთვის, სისწრაფით გაგზავნა მთელს დაღესტანში ერთგული მოლები და მოუწოდა მის მცხოვრებელთ წინააღმდეგ საქართველოს მეფეებისა. ამ უკანასკნელთ ყოველივე ეს დაწვრილებით შეიტყეს და მსწრაფლ გასცეს ბრძანება ლაშქრის შეგროვებისა. მოუწოდეს აგრეთვე თავიანთ მოხარკე ერევნისა და განჯის ხანებს და ხუთი ათასი ჯარით გასწიეს ნუხისაკენ.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 11–19
ოპტიმალური ასაკი: 15–18

სხვა მოთხრობები

წინაპართა აჩრდილნი

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დუმბაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოხატეთ სიყვარული და მხარდაჭერა

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ მათ.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026