kids.ge logo

წინაპართა აჩრდილნი

ფავორიტებში დამატება

როდესაც საქართველოს ლაშქარი ჰაჯი ჩალაბის სამფლობელოს დაუახლოვდა, მეფე ერეკლემ გაიყვანა ჯარიდამ ორასი რჩეული ვაჟკაცი, გაუძღვა წინ და გასწია ჩქარის ნაბიჯით მტრის ქვეყნისკენ. ერეკლეს თან ახლდნენ გორისა და ქიზიყის მოურავები: ოთარ ამილახვარი და ზაქარია ანდრონიკაშვილი. როგორც ოთარი, ისე ზაქარია არა მხოლოდ სახელოვანნი, მთელს საქართველოში ცნობილნი ვაჟკაცნი იყვნენ, არამედ გულწრფელი მამულიშვილებიც, რომელთაც სამშობლოსათვის თავდადება თავიანთ ცხოვრების წმიდა, საღვთო საქმედ მიაჩნდათ. ამით ისინი ღვიძლ ძმებსავით წააგავდნენ ერთმანეთს, ხოლო სხვაფრივ მათ შორის დიდი განსხვავება სუფევდა.

ზაქარია იყო დაბალი ტანის კაცი, ვეფხვივით მარდი, მამაცი და ბრძოლის დროს ფიცხი და დაუღალავი. შავგვრემან სახეზე მუდამ მხიარული ღიმილი გადაფენილი. მის მარილიან ხუმრობას და კეთილსიტყვიერებას ყველანი აღტაცებაში მოჰყავდა. რაგინდ მძიმე ნაღველი სწოლოდა რომელსამე კაცს, ოჯახს, საზოგადოებას, საკმარისი იყო იქ ერთი გამოჩენა ზაქარიასი, რომ ყველანი მხიარულს გუნებაზე დამდგარიყვნენ. ეს მხიარულება არ შორდებოდა ზაქარიას თვით გაცხარებულ ბრძოლის და სისხლის ღვრის დროსაც კი.

ჩინებული მომღერალი იყო თურმე!.. შემოსძახებდა სიმღერას და ლომივით ეძგერებოდა მტერს; იბრძოდა და თანაც მხიარულად ღიღინებდა, როდესაც ხმლის მოქნევით მარჯვენა ხელი ეღლებოდა, მაშინ მარცხენას წამოიშველიებდა და ამ ხელითაც იმგვარისავე ხერხითა და ძლიერებით ხმარობდა იარაღს, როგორც მარჯვენათი.

ოთარ ამილახვარი დევ-გმირული ახოვნების ვაჟკაცი იყო. ამ წარმოსადეგობას ღონე და ძლიერებაც შესაფერი მოსდევდა თურმე. რაც უნდა დიდი ხარი, ან ძროხა ყოფილიყო, ხანჯლის ერთი დაკვრით თავს აგდებინებდა. როგორც ოჯახში, ისე ხალხსა და საზოგადოებაში იყო ჩუმი, ზრდილი, მშვიდობის მოყვარე, მომთმინო, ღვთის მოშიში, ქვრივ-ობლის მოწყალე, გლეხ-კაცის მფარველი და მოსარჩლე. ხოლო ბრძოლის დროს მის მრისხანებას და შეუბრალებლობას საზღვარი ეკარგებოდა. რაც უნდა ღრიანცელი მდგარიყო, მისი მაღალი ბოხი ხმა მაინც კარგად ისმოდა. მტერს მუქარას უთვლიდა, უწმაწურის ენით ლანძღავდა, მთელს ქვეყნიერებას ბრძოლაში ითხოვდა. მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა, როცა ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდებოდა. ამისთანა შემთხვევაში ლანძღვა-გინების მაგივრად მტერს აქებდა, ძალასა და მოხერხებას უწონებდა. მაგრამ როცა ამასაც ბოლოს მოუღებდა, დაიღრიჯებოდა და ზიზღით ამბობდა: ბევრი არაფერი შვილი ყოფილა ესეცაო.

ანდრონიკაშვილი ბრძოლის ველზე ციბრუტივით ტრიალებდა. ერთს წამში რამდენსამე ადგილას ამოყოფთდა თავსა. ვაჟკაცურ მამაცობასთან ხშირად ხმარობდა ხერხსაცა. მტერს უცებ შეშინებულად ეჩვენებოდა. ნელ-ნელა უკან იწევდა, წაქეზებულ მოწინააღმდეგეს თავისკენ იტყუებდა, მერმე უცბად ერთს გადახტებოდა და ქორივით ეცემოდა თავზე. ამილახვარს ბრძოლის დაწყება არ უყვარდა; პირველ ხანებში ჯარს უკან უდგა და ბრძოლის ველს გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს. შენიშნავდა თუ არა რომელსამე ადგილას მტრის ძლიერებას, იმავე წამს იქ გაჩნდებოდა. შეჩერდებოდა შუა ადგილზე და იდგა იქ „ვით ციხე-ბურჯი მაგარი“, იდგა და ვაი იმის ბრალი, რომელიც მიუახლოვდებოდა: ერთის დაკვრით ვაჟკაცს შუაზე სჩეხდა: ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ხმლის ერთი მოქნევით  ორი-სამი კაცი წაუქცევია.

თავდასხმისა და გაქცევ-გამოქცევის დროს ზაქარია პირველობდა, ხოლო შეჩერებულ ბრძოლასა და მოგერების ჟამს ოთარს ვერავინ შეედრებოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი იგებს თავისი შესაძლებლობების შესახებ, ცდის ახალ იდეებს და უვითარდება წარმოსახვა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024