kids.ge logo

საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა

Kids.ge-ს საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს იწყებენ სკოლაში სწავლას.

პროგრამის მიზანი არ არის მხოლოდ ბავშვისთვის ცალკეული აკადემიური ცოდნის გადაცემა. მუშაობა ერთდროულად მოიცავს სკოლისათვის მზაობის რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროს: შემეცნებით უნარებს, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, მეტყველებასა და ენობრივ უნარებს, მათემატიკურ და ლოგიკურ აზროვნებასა და დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო ჩვევებს.

პროგრამას უკვე 11-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება უდევს საფუძვლად. ამ დროის განმავლობაში ჩვენ სისტემატურად ვაკვირდებით ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს, სწავლის პროცესში გამოვლენილ სირთულეებსა და რეალურ საჭიროებებს. ამ დაკვირვების, მუშაობის გამოცდილებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე პროგრამის შინაარსი, სამუშაო მეთოდები და ცალკეული მიმართულებები პერიოდულად გადაიხედება და ვითარდება.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ ყველა საგანს ბავშვთა ფსიქოლოგები უძღვებიან. შესაბამისად, სასწავლო პროცესი დაგეგმილია არა მხოლოდ კონკრეტული თემებისა და მასალის ათვისების, არამედ ბავშვის ასაკობრივი განვითარების, ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მეცადინეობების დროს ფსიქოლოგები აკვირდებიან ბავშვის მუშაობის სტილს, ყურადღებას, კომუნიკაციას, დავალების შესრულების თავისებურებებსა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს და საჭიროების მიხედვით არჩევენ შესაბამის სამუშაო აქტივობებს.

პროგრამის განმავლობაში ასევე ხდება სისტემატიური უკუკავშირი მშობლებთან. მშობლებს მიეწოდებათ ინფორმაცია ბავშვის მუშაობის, პროგრესის, ძლიერი მხარეებისა და იმ მიმართულებების შესახებ, რომლებიც დამატებით ყურადღებას საჭიროებს. საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგები მშობლებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევენ.

» გაიგეთ არის თუ არა ბავშვი სკოლისათვის მზად და ესაჭიროება თუ არა მას დამატებით მუშაობა. გაიარეთ მარტივი კითხვარი. კითხვარის დასაწყებად მიჰყევით ბმულს: სკოლისათვის მზაობის კითხვარი 5-6 წლის ბავშვებისათვის

საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • სოციალური და ემოციური განვითარება
  • ქართული ენა და მეტყველება
  • მათემატიკური და შემეცნებითი უნარების განვითარება

მოსწავლის მიღება და საჭიროებების განსაზღვრა

სწავლის დაწყების პერიოდში ხდება ბავშვის სხვადასხვა უნარისა და განვითარების სფეროს შეფასება სპეციალურად მომზადებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით.

შეფასება საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ როგორც თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები, ისე მთლიანად ჯგუფის ძლიერი და გასაძლიერებელი მხარეები. მიღებული ინფორმაცია გამოიყენება სამუშაო პროცესის დაგეგმვისას - აქტივობების, სავარჯიშოებისა და მათი სირთულის შერჩევისას.

ბავშვზე დაკვირვება მხოლოდ პროგრამის დასაწყისით არ შემოიფარგლება. ფსიქოლოგები მუშაობის პროცესშიც აკვირდებიან მის განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში მშობელს აწვდიან შესაბამის ინფორმაციასა და რეკომენდაციებს.

სოციალური და ემოციური განვითარება

სოციალური და ემოციური განვითარება სკოლისათვის მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბავშვი ახალ გარემოში არა მხოლოდ დავალებების შესრულებას, არამედ ჯგუფში ურთიერთობას, საკუთარი სურვილებისა და ემოციების გამოხატვას, სხვის მოსმენას, შეთანხმებასა და სხვადასხვა სოციალური სიტუაციის მართვასაც უნდა ახერხებდეს.

მეცადინეობების დროს ბავშვები მუშაობენ საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობასა და გაგებაზე, ემოციების გამოხატვის მისაღებ ფორმებზე, ბრაზისა და სხვა ძლიერი ემოციების მართვაზე, თავდაჯერებულობაზე და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაზე.

ასევე ყურადღება ეთმობა ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო უნარებს: მოსმენას, რიგის დაცვას, საკუთარი აზრის გამოხატვას, გაზიარებას, თანამშრომლობას, კონფლიქტურ სიტუაციებში გამოსავლის მოძიებას, დახმარების თხოვნასა და დახმარების გაწევას.

ბავშვები სხვადასხვა სიტუაციას განიხილავენ საუბრის, თამაშის, როლური და სხვა პრაქტიკული აქტივობების საშუალებით.

ქართული ენა და მეტყველება

ქართული ენისა და მეტყველების საგანი აერთიანებს ენის, მეტყველებისა და კითხვისა და წერის წინარე უნარებზე მუშაობას.

ბავშვები ეცნობიან ასოსა და ბგერას, სწავლობენ ბგერების მოსმენასა და გარჩევას, სიტყვების მარცვლებად დაყოფას, რითმის ამოცნობას, სიტყვის აგებულებასა და მარტივი წინადადებების შედგენას. ამავე პროცესში ეტაპობრივად ეცნობიან ქართულ ანბანს და ემზადებიან კითხვისა და წერის შემდგომი ეტაპებისთვის.

მუშაობა მიმართულია:

  • სიტყვათა მარაგის გამდიდრებისა და ენობრივი ყურადღების განვითარებისკენ;
  • წინადადებების გრამატიკულად სწორად აგებისა და აზრის გასაგებად, თანმიმდევრულად გადმოცემისკენ;
  • მოსმენილი და აღქმული ინფორმაციის გაგების, დამახსოვრებისა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემისკენ;
  • ამბის თხრობის, კითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემისა და დიალოგში მონაწილეობის უნარების განვითარებისკენ;
  • ბგერების, მარცვლების, რითმისა და სიტყვის აგებულების უკეთ გააზრებისკენ;
  • კითხვისა და წერის საწყისი და წინარე უნარების ჩამოყალიბებისკენ.

მეცადინეობებში გამოიყენება ასევე მარტივი არტიკულაციური და სუნთქვითი სავარჯიშოები, მუშაობა გამოთქმაზე, ხმის ტემბრსა და მეტყველების გამომსახველობაზე.

ეს სამუშაო ჯგუფური სასწავლო პროცესის ნაწილია და არ წარმოადგენს მეტყველების თერაპიას ან ინდივიდუალურ ლოგოპედიურ მუშაობას.

მათემატიკური და შემეცნებითი უნარების განვითარება

საგანი აერთიანებს მათემატიკურ და ლოგიკურ აზროვნებასთან დაკავშირებულ სამუშაოს და სპეციალურად შერჩეულ განმავითარებელ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ძირითადი შემეცნებითი უნარების განვითარებას.

ბავშვები ასაკის შესაბამის დონეზე მუშაობენ რიცხვებზე და რაოდენობებზე, დათვლაზე, შედარებაზე, მეტობა-ნაკლებობაზე, შეკრება-გამოკლების საწყის წარმოდგენებზე, გეომეტრიულ ფიგურებზე, კლასიფიკაციაზე, შესაბამისობებსა და მარტივ კანონზომიერებებზე.

ამავე დროს მუშაობა მოიცავს:

  • ყურადღების კონცენტრაციასა და გადანაწილებას;
  • მეხსიერებას;
  • მხედველობით და სმენით აღქმას;
  • აზროვნებასა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას;
  • კლასიფიკაციასა და დაჯგუფებას;
  • თანმიმდევრობების აღმოჩენასა და გაგრძელებას;
  • სივრცით წარმოდგენებს;
  • ინსტრუქციის გაგებას, დამახსოვრებასა და შესრულებას;
  • პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის მოძიებას.

დავალებები შეიძლება შესრულდეს საგნებით, სურათებით, ბარათებით, სამუშაო ფურცლებით, კონსტრუქციული მასალით ან თამაშის ფორმით. მათი შერჩევისას გათვალისწინებულია როგორც ბავშვის ასაკი, ისე კონკრეტული ჯგუფის საჭიროებები.

ამგვარი სამუშაო მათემატიკურ ცოდნასთან ერთად ავარჯიშებს დაკვირვებას, მსჯელობას, ინფორმაციის შედარებას, ყურადღებას, მეხსიერებასა და ამოცანის გადაწყვეტის გზის მოძიებას.

მეცადინეობების განრიგი

საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ, შაბათს.

მეცადინეობები იწყება 14:00 საათზე. დღის განმავლობაში ტარდება სამი გაკვეთილი. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 50 წუთი, ხოლო გაკვეთილებს შორის ბავშვებს აქვთ 5-წუთიანი შესვენება.

ბავშვების ასაკი

სკოლებში ბავშვების მიღების ასაკობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, Kids.ge-ს საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მიიღებიან 5-6 წლის ის ბავშვები, რომლებიც მომდევნო წლის სექტემბერში მიდიან სკოლაში.

» გაიგეთ არის თუ არა ბავშვი სკოლისათვის მზად და ესაჭიროება თუ არა მას დამატებით მუშაობა. გაიარეთ მარტივი კითხვარი. კითხვარის დასაწყებად მიჰყევით ბმულს: სკოლისათვის მზაობის კითხვარი 5-6 წლის ბავშვებისათვის

მოსამზადებელზე რეგისტრაცია

შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდეთ: 591 42-11-00

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
  • ჯგუფში ადგილის ჯავშნის საფასური (25 ლარი);

* ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენთან სასწავლო ცენტრში.
* ჯგუფში ადგილის ჯავშნის საფასურის გადახდა ხდება ჩვენს ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი:
GE34TB7510936020100001

ან

საქართველოს ბანკი:
GE33BG0000000773203900

დანიშნულებაში მიუთითეთ ბავშვის სახელი და გვარი. გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.

სწავლის საფასური

საშაბათო სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლის საფასურია 180 ლარი თვეში.

დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს შეღავათიანი პირობები და სწავლის საფასური შეადგენს 160 ლარს თითო ბავშვზე.

საფასურში ასევე შედის სასწავლო პროცესისთვის საჭირო ძირითადი რესურსები და სამუშაო მასალები.

რა უნდა მოიტანოთ?

სასწავლო პროცესისთვის საჭირო ძირითადი მასალებისა და ინვენტარის მოტანა ბავშვს არ სჭირდება - მათ ცენტრი უზრუნველყოფს.

სწავლის საფასურში შედის:

  • სამუშაო რვეულები და ფურცლები;
  • კალმები, ფანქრები და სხვა საკანცელარიო ნივთები;
  • შემეცნებითი და განმავითარებელი აქტივობებისთვის საჭირო მასალები;
  • ბარათები, ვიზუალური და სხვა სასწავლო რესურსები.

შესაბამისად, მშობელს არ უწევს პროგრამისთვის საჭირო სასწავლო მასალების ცალკე შეძენა.

Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ თქვენს პატარას ჟესტიკულაცია

ის, რომ ბავშვს არ შეუძლია ლაპარაკი, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ბევრი რამ სათქმელი. უბრალო ნიშნები სიტყვების გარეშე დაგეხმარებათ გაიგოთ რა სჭირდება ბავშვს და როგორ გრძნობს იგი თავს - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა იმედგაცრუებების შესამცირებლად.

Kids.ge-ს რჩევები
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026