თოვს. ლამაზად მოფარფატებენ თეთრი ფიფქები ციდან. ფანჯრის მინას ეცემიან და წამში უჩინარდებიან. ნეტავი სად მიდიან?იქნებ მათთვისაც არის იმქვეყნიური სამყარო. იქნებ ისინიც გადადიან სხვა განზომილებაში.
ვფიქრობ...
ადამიანები რატომ ვართ ამქვეყნად?
-სიყვარულისთვის, სიკეთისთვის!-ჩამესმის ხმა ყურში.
-კარგია, მაგრამ ბოროტებაც ხომ არსებობს... ნგრევა, სიკვდილი, განადგურება...
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს სიკეთე. ფიფქები ამას მეჩურჩულებიან, მაიმედებენ.
ცაში ავიხედე. ცა უსასრულოა და ზღვა ფიფქებითაა სავსე. იქ ვეძებ საიდუმლოს ახსნას- რატომ მოვედით, რა გვინდა?
ფურცელი ავიღე და ფიფქებს ლექსი მივუძღვენი. თეთრი, ქათქათა ფურცელი მელნისფერი ასოებით უეცრად აივსო:
თოვლის ფიფქმა ფანჯრის მინას
სიყვარული დააწერა,
და მომიძღვნა თეთრი ფიქრი
სიხარული დამაბედა.
ამღერდა და ამამღერა,
თეთრი კაბა მომიქსოვა,
ფანჯრის მინას დაეკიდა,
შინ შემოსვლა მოინდომა.
შევევედრე ნუ შემოხვალ
არას გარგებს ამაყობა,
ჩემი სიტყვა არად იღო,
შემოფრინდა და მაკოცა.
თეთრი ფიფქი აღარ არის,
თეთრი ფიფქი აღარ მოვა,
ოცნებებში და ფიქრებში
გაფრინდა და მე დამტოვა.
ლექსი რამდენჯერმე ჩავიკითხე, მომეწონა. სიყვარულით გავხედე ცაში მოფარფატე ფიფქებს, მათ ორომტრიალს, მხიარულებას. ლამაზია ზამთარი... ნეტა წელიწადის რომელი დრო არ არის ლამაზი?!
22 წლის ვარ, მაგრამ უკვე დამღალა ცხოვრებამ, მასთან ჭიდილმა. უზარმაზარ სამყაროში მარტოსულად ვგრძნობ თავს. ჩემი არავის ესმის. არა ვარ სიცოცხლის ღირსი, ვერა და ვერ ვისწავლე ცხოვრება. ზოგჯერ სხვების მოქმედებას ვაკვირდები და მათ ვბაძავ, იმიტომ რომ ჩემეული ქმედება ყველას აკვირვებს, ვერასოდეს მიგებენ. ერთი სიტყვით, სხვანაირი ვარ, ოცნებებით დახუნძლული და საოცარი მეზღაპრე. სიყვარული ჯერ არ მწვევია. ბიჭები გამირბიან, ჩემი აზროვნება აშინებთ. ან ძალიან ჭკვიანი ვარ, ან სულელი…
წელს უნივერსიტეტი დავამთავრე. დიდი ბრძოლის შემდეგ ჩემსას მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ ძმა და მამა დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ, სოფელში წასვლა და იქ მასწავლებლად მუშაობა გადავწყვიტე.
ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა შემოდგომა, როდის დაიწყებოდა ახალი სასწავლო წელი.
ეს ბედნიერი დღეც დადგა. დავტოვე ხმაურიანი ქალაქი და შემოდგომის დასაწყისში სოფლისაკენ გავეშურე. ძველებურად დამიხვდა დედისეული კარ-მიდამო, ჩემი უბერებელი ბებო. აქ გავატარე ჩემი ბავშვობა, აქ ყველაფერი მიყვარს: ხეები, ბუჩქები, ნივთები... ახლაც ჩამესმის დედაჩემის ხმა. ეს ხმა, სამწუხაროდ, ნაადრევად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.
ბებო არაჩვეულებრივად გამიმასპინძლდა. უგემრიელესი მჭადით და ყველით. იმ ღამით ბევრი ვისაუბრეთ... გვიან დავიძინეთ.
დილით ადრე ავდექი და გასეირნება გადავწყვიტე. სოფლის ორღობე გოგო-ბიჭებით იყო სავსე. მათი მხიარული შეძახილები აყრუებდა არე-მარეს. მე რომ დამინახეს გაიტრუნენ და ღიმილჩამდგარი თვალებით მომაშტერდნენ. მივესალმე. ერთხმად დასჭექეს საპასუხო სალამი. ბავშვების თვალებში სოფლისათვის დამახასიათებელი
სიწმინდე, სიკეთე, გულუბრყვილობა დავინახე.
ბედნიერი მივაბიჯებდი ვაშლის, მსხლის, ატმის ხეებით სავსე ორღობეში. ჰაერში შემოდგომის დამათრობელი არომატი ტრიალებდა. ორღობე გავიარე და აღმართს მივადექი. აღმართის დასაწყისში კოხტა, ახლადაშენებული სახლი იდგა. ეზოში ბიჭი შევნიშნე, ბიჭი კი არა მზეჭაბუკი. დამინახა თუ არა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. ღობესთან დადგა და სიცილი დაიწყო, მე დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა. ბიჭი უაზროდ იკრიჭებოდა და რაღაცას ლუღლუღებდა. მივხვდი, რომ ამ უნაკლო გარეგნობის ვაჟკაცსს რაღაც ჭირდა. გული მომიკვდა. სასიამოვნო ამინდით მოგვრილი კარგი განწყობა უეცრად გამიფუჭდა.
აღმართს შევუდექი. ცნობისმოყვარეობამ მძლია, უკან მოვიხედე. ბიჭი ისევ იქ იდგა და მე მიყურებდა. მზეჭაბუკს ჰგავდა. როგორც შევხედე, მაშინვე მოვიხიბლე მისი გარეგნობით:მაღალი, შავგვრემანი, შავი თვალ-წარბი, წაბლისფერი ტალღოვანი თმა, მომხიბვლელი ღიმილი. ერთი სიტყვით, ზღაპრებიდან გადმოსული გმირი იყო.
როგორც იქნა აღმართი ავიარე, ისე დავიღალე სულს ძლივს ვითქვამდი. იქვე ქვაზე ჩამოვჯექი. იმ ბიჭის თვალები თითქოს ადრეც მენახა, მაგრამ სად?გონება დავძაბე. ბავშობაში გადავვარდი, ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი გამახსენდა. ნამდვილად გიორგია. რა დამავიწყებს მის თვალებს. მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით. ერთად ვთამაშობდით და ვცელქობდით. ათი წელია თვალით არ მინახავს. ძალიან შეცვლილა, მაგრამ თვალები ისევ ისეთი აქვს.
იმ ავადსახსენებელ ზაფხულს მოხდა ყველაფერი. ერთ დღეს გიორგი ბაბუას წაჰყვა მთაში. ბაბუა ხეებს ჭრიდა, ის კი მაყვალს კრეფდა. ისე გაერთო, რომ ვერც კი გაიგო როგორ დაშორდა ბაბუას. როცა ბაბუა საქმეს მორჩა, ბავშვს დაუძახა, მაგრამ არსად ჩანდა. ნოემბრის შუა რიცხვები იყო, საკმაოდ ციოდა. ტყე სავსე იყო ნადირით. იმის შიშით, ნადირს ბავში არ დაეგლიჯა, ბაბუამ მეზობლებს უხმო დასახმარებლად.
მთელი სოფელი, დიდი თუ პატარა ტყეს შეესია. დიდხანს ეძებეს გიორგი და ბოლოს იპოვნეს მთლად გაყინული და ჭკუაგადამცდარი. მას შემდეგ გიორგი აღარ მინახავს. მათი ოჯახი ახალციხეში გადასახლდა. ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი სოფელში, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა. დროთაგანმავლობაში დამავიწყდა კიდეც. ქვევით ჩავიხედე, გიორგის გოგო-ბიჭები გარს შემოხვეოდნენ. სახლიდან ქალი გამოვიდა, ბავშვებს დაუყვირა, ბიჭს ხელი მოავლო და სახლში ძალით წაიყვანა. გული ჩამწყდა. ძალიან შემეცოდა გიორგი.
წყნარი ამინდი იდგა. ჰაერში შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. წითელ-ყვითელი ფერებით მორთული ტყე ხელს მიქნევდა. ძალიან მომინდა ტყეში შესვლა. გზიდან გადავუხვიე. ტყეში შევედი თუ არა საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. გონებაში გალაქტიონის ლექსი ამოტივტივდა:ისმოდა ხმები ახალ-ახალი, ტყე ტაძარივით იყო მაღალი...
მოჭრილ კუნძზე ჩამოვჯექი. სიჩუმეს დავუგდე ყური. უცებ ფეხის ხმა მომესმა. ჩემს უკან ვიღაც დადიოდა. ფეხზე წამოვხტი, უკან გავიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე. ვიღაცის დაჟინებულ მზერას აშკარად ვგრძნობდი. შიშმა შემიპყრო. უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ გაოგნებული ვეღარ ვინძრეოდი, ძალა გამომეცალა, ხმის ამოღება ვეღარ მოვახერხე. ათასმა აზრმა გამიელვა თავში. ხან რა წარმოვიდგინე და ხან რა. ისევ მომესმა ხმელი ტოტების ტკაცანი. იმ მხარეს გავიხედე და შავ მოსასხამში გახვეული ადამიანი დავინახე, სახეზეც შავი ნიღაბი ეკეთა. მხატვრული ფილმი ზორო გამახსენდა. ზუსტად ზოროსავით იყო გამოწყობილი ეს უცნობი. ვიფიქრე ვიღაცამ ხუმრობა გადაწყვიტამეთქი. უცნობს გავუღიმე და ხელი დავუქნიე. ის კი ერთ ადგილას იდგა და არ იძვროდა. ისევ დამიარა ჟრუანტელმა ტანში. უცებ უცნობი შებრუნდა და ხევისკენ წავიდა. მე თვალს არ ვაშორებდი. როცა თვალს მიეფარა, ცნობისმოყვარეობამ მძლია და უცნობის კვალს მივყევი.
ხევი, რომელიც ტყის სიღრმეში იყო არასოდეს მინახავს, მაგრამ მის შესახებ ბევრი უცნაური ამბავი მსმენია. ბებია სულ მაფრთხილებდა იმ ხევს სიახლოვეს არ გაეკარო, იქ ავი სულები და ჭინკები ბუდობენო. ბავშვობიდან დიდი შიში მქონდა იმ ხევის. ახლა კი შიში სადღაც გაქრა. ძალიან მინდოდა გამეგო იმ უცნობის ამბავი, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ჩემს თავს რაღაც სასწაული ხდებოდა. ყოველთვის გავურბოდი რეალობას, მეოცნებე, მეზრაპრე ვიყავი და აი, ზღაპარი რეალობად მექცა. ხევს მივუახლოვდი და ნაბიჯი შევანელე. ისევ მოვკარი თვალი შავებში გამოწყობილ უცნობს. ხევში ჩავედი და ფრთხილად ვიწრო ბილიკს გავუყევი.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
წითელას და სხვა დაავადებების შემთხვევები ჯერ კიდევ გვხვდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო