ჩვეული ლამაზი და მზიანი დღე იყო ტყის პლანეტაზე, ზამთარი
იყო და ცოტა ციოდა, თითქოს ზამთრის სუსხი და დილის მზე დილის ტანგოს ცეკვავდნენ ჩვენს
სახეზე. ისე სასიამოვნოდ გვათბობდნენ, რომ არც ძალიან გვციოდა და არც ძალიან გვცხელოდა,
იდეალური ამინდი იყო მორიგი ბედნიერი დღის გასატარებლად.
დილა იწყებოდა ზუკუტუნის თამაშით. ეს იყო ჩვენი მეგობარი აჩოს მოგონილი თამაში, კარგი
გასართობი და თან ფიზიკური განვითარების სავარჯიშო იყო, ინასთან ერთად თამაშობდა ხოლმე
ხშირად, თუმცა ხანდახან სხვებიც სიამოვნებით უერთდებოდნენ ხოლმე. ეს თამაში იყო და
იმ დღეს დილის ცვარს ბალახი გაეყინა მიწაზე, მოულოდნელად ფეხი აუცურდათ ზუკუტუნის თამაშისას
და აჩომ შემთხვევით ინას სათვალე გატეხა, სათვალის გარეში კი ცუდად ხედავდა ჩვენი მეგობარი.
მაშინვე შეიკრიბა “ინჟინერთა და გამომგონებელთა რაზმი”: თათუ და ქუბი, ტორი, აჩო, პატარა
ნინია, რომელიც ელვისიკო აღარ იყო და რა თქმა უნდა ტყუპები, სადმე თუ რამე ხდებოდა
ისინიც მაშინვე იქ ჩნდებოდნენ, რადგან ყველაფერი აინტერესებდათ. შეიკრიბნენ და მაშინვე
ახალი სათვალე ააწყვეს ბავშვებმა ტყის რესურსებით, ცოტა მასალა ხისგან ითხოვეს ცოტა
მიწა, წყალი, მზის სხივიც დაიჭირეს პატარა გამადიდებელი შუშებით და ყველაფერი გამზადდა,
“გამოაცხვეს” ახალი ჯადოსნური ნივთი პატარა მეგობრებმა. ამ ახალი სათვალით ძალზედ გაახარეს
მათი ახალი მეგობარი ინა.
- მეგობრებო ასეთი კარგი საჩუქარი დიდი ხანია არ მიმიღია, ძალიან დიდი მადლობა ყველას…
ძალიან, ძალიან… მიყვარხართ!
ამ დროს რაღაც ფხუკუნმა შეაწყვეტინა ინას სამადლობელი სიტყვა. თითქოს მოგვეჩვენა, მაგრამ
კიდევ გავიგონეთ.
- ფვ, ფვ,
გაისმა ისევ უცნაური ფხუკუნის ხმა, მაგრამ
მაინც ვერაფერი შევნიშნეთ.
- ჰეიი, ქვემოთ დაიხედეთ ჯიგრებო! გამოგვძახა თუთიყუშმა, რომელიც ჩვენს ხმებს იმეორებდა
ხოლმე და თითქმის ჩვენსავით საუბრობდა, ეს ჯიგრებო კი ვინ ასწავლა ჯერ ვერ გავარკვიეთ.
ქვემოთ დავიხედეთ და ძველ კუნძთან პატარა მწვანე ხვლიკი იდგა, თვალებში გვიყურებდა
და თითქოს გვანიშნებდა ახლოს მოდითო, ჩვენ გავშეშდით, ამიტომ თვითონ დაიძრა ჩვენსკენ,
მოვიდა და მხარზე ააცოცდა ინას, ის თითქოს შეკრთა, მაგრამ ნუ გეშინიაო მაშინვე ანიშნეს
პატარა მეგობრებმა, ეს ჩვენი მეგობრული მეზობელი ხვლიკუ იყო, თათუს აწყობილი მინიატურული
მაკრატელი ეჭირა, უცებ კუდი მოიჭრა, ისევ შევკრთით, თუმცა ყველამ ვიცოდით მისი კუდი
უსასრულოდ იზრდეობდა, რამდენჯერაც არ უნდა მოეძრო მაინც ისეთივე კუდი უბრუნდებოდა,
ამას რეგენერაციის ძალა ჰქვია და სულ ასე იქცეოდა ხოლმე. აიღო და ეს მოჭრილი კუდი ინას
სათვალეზე წაუსვა, კარგად მოუსვა ორივე თვალზე და შემდეგ ისევ თავისი კუნძისკენ გაიპარა.
ამ ხვლიკის კუდმა სათვალე უფრო ჯადოსნურ ნივთად აქცია, ახლა უკვე გაცილებით შორს შეგეძლო დაგენახა და ასევე ნივთებს
მიღმა დანახვის ძალა მისცა ამ პატარა ხვლიკუმ ინას სათვალეს. ახლა უკვე მასაც ჰქონდა
თავისი სუპერძალა, შეეძლო ნებისმიერ ხის, ქვის ან გორაკის უკან დაენახა გაქცეული ბავშვი,
დაკარგული ნივთი ან რაიმე საფრთხე, ასევე შეეძლო მიწის ქვემოთ შეემჩნია და შეესწავლა
სხვადასხვა მიწისქვეშა არსებები და მცენარეები, შეეძლო ცაში აეხედა და რომელიმე სხვა
პლანეტა ისე ახლოდან ენახა, როგორც ჩვენ ტყის პლანეტას ვხედავდით, მოკლედ კარგი გასართობიც
გვაჩუქა პატარა ხვლიკუმ. ის იყო ამ სათვალით ვერთობოდით რომ უცხო ხმა შემოგვესმა.
- გამარჯობა კეთილო ხალხო. ეს თოთორა იყო ორ ბუჩქს შორის იდგა მორცხვად, თავჩახრილი.
- მოდი თოთორა, ჩვენს მეგობრებს გაგაცნობთ. დავუძახეთ და ჩვენთან საბანაკეში მოვიპატიჟეთ.
მორცხვობდა იმის გამო რაც დააშავა, თუმცა უკვე ვაპატიეთ, მაგრამ მაინც აწუხებდა დანაშაულის
გრძნობა. ასეა როცა სინდისი გაგაჩნია, თავს ცუდად გაგრძნობინებს, მაგრამ მეგობრების
პატივისცემას დაიმსახურებ მისი დახმარებით.
- მე ვივანი ვარ, ვიცი შენი ამბავი და შეგიძლია მშვიდად შემოგვიერთდე თოთორა, შენთვის
თათარა უნდა გავამზადო. ჩვეული ხუმრობით გაანეიტრალა უხერხულობა დიდმა კაცმა. სხვა
ყველაფერთან ერთად “ყინულების გალღვობაც” ეხერხებოდა ვივანს. თოთორა პატარებს მიესალმა.
ელზი, სესო და ნინადუ გამოვიდნენ თავიანთი პატარა უჩინარი კარავიდან.
- ვიცით შენი ამბავი თოთორო, შენი ფერადი ქვების ამბავიც ვიცით და ძალიან მოგვეწონა,
ყველაფერი გაპატიეთ და შეგვიძლია ვიმეგობროთ. ერთხმად უთხრეს, გაიცინეს და სათამაშოდ
გაიქცნენ უკან. თოთორასგან დაზარალებული ლუიც იქვე იყო, მაგრამ არ ეცალა, ვერც კი შეამჩნია
მთელი ეს ამბავი, ხვლიკუს ოინებით დაწყებული თოთორას მოსვლით დამთავრებული, რადგან
დილიდან ლედიკუნკულასთან ერთად თამაშით იყო გართული. საოცარი მეგობარი იყო ლედიკუნკულა,
მაგრამ მის ამბავს ცოტა მოგვიანებით მოვყვები.
ამასობაში ვივანმა ცეცხლი ააგუზგუზა. თათუს დამზადებული სანთებელა წამის მეასედში ანთებდა
კოცონს და როცა აღარ გვჭირდებოდა ისევ იქ შეიწოვდა უკან ამ ცეცხლს საიდანაც გამოუშვებდა.
ეს იყო “ცეცხლის საწოვის მანქანა”, როგორც თავად უწოდებდა ამ ნივთს.
პატარა ნადიმი მზადდებოდა და მოდი ამ მინი ნადიმის მენიუსაც გადავხედოთ:
“იშვიათი კენკრა ღომის ყვავილზე” - დილისა და ღამის გასაყარზე მოკრეფილი კენკრა. ვივანის
ფურცელზე ასე ეწერა მისი რეცეპტი:
“ეს კენკრა რომ მოიპოვო, არის მხოლოდ ერთი შანსი,
ადექი და გაემზადე მოვა როცა დღე სამასი,
დაინახავ მზის სხივებით გაიშლება ტყის ფოთლები,
არც მეტი და არც ნაკლები,
დაიჭირე დღის ბალანსი,
დრო რომ მოვა, იგრძნობ მაშინ…
მოემზადე და უსმინე,
გაიწვდინე ხელი როცა
მთვარემ უნდა გაუკეთოს დილას რევერანსი.”
“გიგანტური თხილის გულში შემწვარი სოკოს ჩიფსები” - ვივანის შექმნილი გენიალური სასუსნავი,
რომელიც მხოლოდ მის მიერ გამოყვანილ გიგანტური თხილის გულზე გამოდიოდა ისეთი გემრიელი
და ხრაშუნა, როგორიც ყველას გვიყვარდა.
“ქარიშხლის წვნიანი” - ერთი შეხედვით ჩვეულებრივ წვნიანს გავდა, ძალიან ბევრი ინგრედიენტით,
თუმცა როგორც კი გასინჯავდი პირში ნამდვილი გემოების ქარიშხალი ტრიალებდა. ყველა მისი
ინგრედიენტი ვიცოდით ერთის გარდა, მას კი ვივანი საიდუმლოდ იტოვებდა.
“კლასიკური თათარა დაკარგული თხილით” - ტყის ველური ყურძნის წვენით მოხარშული ტრადიციული
ტკბილი თათარა, რომელიც იდეალურ ტანდემს ქმნიდა ვივანის საფირმო დაკარგულ თხილთან,
ეს თხილი ტყის პლანეტის ენდემური ჯიში იყო და ვივანისგან ვიცით, რომ მხოლოდ ტყის პლანეტაზე
იზრდებოდა.
და რა თქმა უნდა ღიმილის ნაყინი, ტყის კენკრითა და ხილით, ამ ნაყინსაც არაფერი აქვს
უცნაური, რადგან ნაყინი ისედაც ჯადოსნური და განსაკუთრებულია.
ყველანი ერთად შევიკრიბეთ და გავსინჯეთ ვივანის ჯადოსნური კერძებიც, მოვისმინეთ პატარების
შექმნილი ტყის მუსიკა, ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ და ამასობაში
თოთორამ სხვა ფერადი ქვებიც მოგვიტანა და გაგვაცნო, მის სამყაროში ფერადი ქვები იგივე
ემოციების ქვებია, რომელიც ერთმანეთისთვის ისეთი ემოციების გადაცემასა და გამოხატვაში
გვეხმარება, რომლის გამოთქმაც შეიძლება გვიჭირდეს, არ გვინდოდეს ან უბრალოდ ასე უფრო
ლამაზად შეგვეძლოს თვითგამოხატვა.
🔴 წითელი ქვა - სიყვარული
მისთვის
ვინც მონატრებას, სიყვარულს ან მეგობრობის დაკარგვის შიშს განიცდის.
ვისაც
სიყვარული სჭირდება, მას ეხმარება სიყვარულის გამოხატვაში, შერიგებასა და ახლობელ არსებებთან
კავშირის შექმნასა თუ გახსენებაში.
🟢 მწვანე ქვა
- სიმშვიდე
მისთვის,
ვინც გაბრაზებული, აღელვებული ან გადაღლილია.
ეხმარება
დამშვიდებაში, შფოთვისა და ემოციების კონტროლში.
🔵 ლურჯი ქვა - სევდა
მისთვის
ვინც მოწყენილია, რაღაც ან ვიღაც ენატრება. სევდა უნივერსალურია და ყველგან ტირიან
ბევრს, ტირილი ხშირად კარგია, მაგრამ ზოგჯერ რომ იტირო ამაშიც გჭირდება დახმარება.
ლურჯი ქვა დაგეხმარება საკუთარი სევდის მიღებასა და გრძნობების გამოხატვაში.
🟡 ყვითელი ქვა - სიხარული
მისთვის
ვინც უბრალოდ მოწყენილია ან პოზიტიური ენერგია სჭირდება.
ყვითელი
ქვა დაგეხმარება დროსა და სივრცეში გაფანტული ბედნიერი მომენტების გახსენებაში.
🟠 ნარინჯისფერი ქვა - გამბედაობა
მისთვის
ვინც ეძებს, ან რაღაცის ეშინია, მაგრამ ამის გაკეთება სჭირდება.
ნარინჯისფერი
ქვა დაგეხმარება იპოვო გზა შიშის მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯის გადადგმაში, რადგან
გზა სულ არის, უბრალოდ ნაბიჯის გადადგმა და მოქმედებაა საჭირო რომ ის დაინახო, ამას
კი ნამდვილად გამბედაობა სჭირდება.
🟣 ვარდისფერი ქვა - თანაგრძნობა
მისთვის,
ვისაც უჭირს სხვისი გრძნობების გაგება, სხვების ან საკუთარი თავის მიმართ სითბოს გამოხატვა
და მიღება.
ვარდისფერი
ქვა დაგეხმარება სხვების მოსმენაში, გაგებასა და მათზე მზრუნველობისთვის ენერგიის მიღებაში..
⚫ შავი ქვა - შიში
მათთვის ვისაც რაღაცის ეშინია და საკუთარ შიშს მალავს. ყველას რაღაცის გვეშინია, შავი ქვა კი დაგეხმარება მის მიღებასა და სახელის დარქმევაში, ასევე იმის გააზრებაში, რომ შიში ნორმალურია და სირცხვილი არაა რომ რაღაცის გეშინია.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ მეგობრების სიხარულის გაზიარება ონლაინ
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს მეგობრების წარმატების გაზიარება ონლაინ და მათთვის გახარება.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო