იყო და არა იყო რა, სიცოცხლის უკეთესი რა იქნებოდა?!
დედამიწიდან მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით კოსმოსურ ხომალდში ცხოვრობდა ერთი გალაქტიკათშორისი მოგზაური. მას სჯეროდა რომ ცხოვრება კონკრეტული გეგმის მიხედვით უნდა გაევლო. კოსმოსში მოგზაურობისას მას სანავიგაციო რუკები, ციფრები და მათემატიკა უწევდნენ მეგზურობას, თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა, მისი იდეალურად დალაგებული გეგმები მოულოდნელად აირია, ხომალდი გაუგებარი ავარიის შედეგად უცხო პლანეტაზე დაეშვა…
იგი აღმოჩნდა ტყით დაფარულ იდუმალ ადგილას, რომელიც არც ერთ კოსმოსურ რუკაზე არ იყო მონიშნული და მოგზაურსაც მის შესახებ არასდროს არაფერი გაეგო. თუმცა ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდები ხშირად მოულოდნელ და კარგ სიახლეებს გვიმზადებს ხოლმე. ასე დაემართა ამ ჩვენს კოსმონავტსაც.
მოულოდნელად მას ტყიდან ხმა შემოესმა...
- ხომ არ დაგეხმაროთ მეგობარო?
კოსმონავტი შიშისგან შეხტა, მის წინ ახალგაზრდა ქალბატონი იდგა, პატარა ელფებთან ერთად, გრძელი, შემოდგომისფოთლისფერი კაბა ეცვა, ტყის ყვავილებით გაფორმებული. პატარები გაკვირვებულები შესცქეროდნენ უცნობ მოგზაურს, თუმცა იგი მათში შიშს არ იწვევდა, თავიდანვე ისე თბილად უყურებდნენ, როგორც დიდი ხნის ნაცნობ მეგობარს.
- იცით, მე კოსმონავტი ვარ. ჩემი ხომალდი წყობიდან გამოვიდა და აქ შემთხვევით აღმოვჩნდი.
ქალბატონს გაეღიმა და უთხრა...
- ამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. მე ტალახის დედოფალი ვარ და ეს არის ჩემი ტყის სამყარო. შენი სახელი 145h44 ხომ არ არის?
იკითხა ქალბატონმა ისე თითქოს მასზე ყველაფერი უკვე კარგად იცოდა.
- დიახ, მაგრამ მე მხოლოდ ციფრების უკან მდგომი დაკარგული მოგზაური ვარ, ეს კი ჩემი მისიის ნომერია.
- ვიცით ვინც ხარ, მაგრამ აქ ციფრები არაფერს ნიშნავს, ჩვენთან ყველა ინდივიდუალურად თავისი ქცევით ფასდება, თუ გსურს შეგიძლია დარჩე, ჩვენი მეგობარი გახდე და ჯადოსნურ საბავშო ბაღში დაგვეხმარო.
- ჯადოსნური საბავშო ბაღი?
გაუკვირდა, მაგრამ თან აშკარა ინტერესმა გადაურბინა სახეზე ამ დაკარგულ კოსმონავტს.
- დიახ, ესაა ადგილი, სადაც ტყის პატარა მეგობრები სწავლობენ ცხოვრებას. იმას თუ როგორ გამოიყენონ ბუნების ჯადოსნური ძალები, როგორ გაანათონ ბნელი ღამეები, როგორ მოუსმინონ ბუნების ენას და დაამყარონ გამართული კომუნიკაცია სამყაროსთან, დაამარცხონ შიშები, ისწავლონ წამოდგომა ყოველი წაქცევის შემდეგ, შეიყვარონ ცხოვრება, საკუთარი თავი, ბუნება, მათი მეგობრები და სხვებსაც ასწავლონ ეს ყველაფერი. ტალახი კი ჩვენი გარემოს განუყოფელი ნაწილია, მასთან თამაში ეხმარება პატარებს იმუნიტეტის გაძლიერებაში, რომ მომავალში მათი ორგანიზმი გმირულად დახვდეს გარესამყაროს ახალ საფრთხეებს.
ძალიან მოეწონა კოსმონავტს ეს იდეები და მაშინვე ბევრი ფიქრის გარეშე დათანხმდა. იგრძნო რომ საინტერესო თავგადასავალი ელოდა და ეს შეიძლებოდა ნამდვილად ყოფილიყო ის, რასაც ეძებდა.
ასე დაიწყო 145h44-ის ახალი ცხოვრება. ელფებმა სწაფად შეიყვარეს, რადგან კოსმონავტი საოცრად მოხერხებული აღმოჩნდა, მარტივად ისწავლა როგორ დაეცვა ტყე, როგორ შეექმნა საინტერესო სათამაშოები და როგორ გამხდარიყო ტყის პატარა ბინადრების დიდი მეგობარი.
დრო გადიოდა, 145h44-მა იგრძნო რომ ეს ტყე გახდა მისი ახალი სახლი. იგი აღარ იყო დაკარგული მოგზაური და გამხდარიყო ჯადოსნური ბუნების ნაწილი, რომელიც მისი კოსმოსისგან მოშორებით, სიყვარულითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას ქმნიდა.
ლეგენდის თანახმად კოსმონავტი ერთ დღეს, პირველი გამოჩენიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ის ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც მისი გამოჩენა იყო საიდუმლოებით სავსე, თუმცა სადაც უნდა წასულიყო მოგზაური, მან ჯადოსნურ ტყეში ისწავლა, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი მისია არა მხოლოდ ვარსკვლავების აღმოჩენაა, არამედ მათი მიყვანა ბავშვების გულებამდე, მხოლოდ ასე შეგიძლია მარადიული სიცოცხლე აჩუქო იმ სილამაზეებს, რასაც ცხოვრების ქაოსში აღმოაჩენ.
ყველა არსება და ინდივიდი ბუნების საჩუქარი და ერთი სრულყოფილი სამყაროა, ზოგჯერ ამ დიდ სამყაროს ქაოსი უნებურად სასტიკად ექცევა ხოლმე, როგორც ქარიშხალი, რომელიც ამავდროულად ერთი უწყინარი პატარა სიოა, რომელიც არაფერს დაგიშავებდა, თუმცა გაუგებარი მიზეზით ქარიშხლად გადაიქცა, დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, ამით კი საფრთხეში ჩააგდო ყველა და ყველაფერი მის გარშემო. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებს, ჩვენს მეგობრებს, როგორც განძს. უნდა ვეძებოთ ცხოვრების სილამაზეები და ვეცადოთ რომ სიცოცხლემ არასოდეს შეწყვიტოს არსებობა.
“ჩვენ კი ჩვენმა დაკარგულმა კოსმონავტმა დაგვიტოვა თავისი მოგონებების ყუთი, რომელშიც ვიპოვნეთ უამრავი საინტერესო ამბავი, რომელიც მას ამ ჯადოსნურ ტყეში გადახდა თავს…”
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ხილი და ბოსტნეული - დღეში 5 პორცია
მიირთვით მინიმუმ 5 პორცია ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად. ისინი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ბოჭკოებით.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო