kids.ge logo

გიგი

ფავორიტებში დამატება
ბრალია გიგის სიკვდილი,
ფშაველნ ნუმც გაგონებენ;
შაიყრებიან ციხე-გორს,
ლაშქრობას მაგონებენ.
გულზე ეკალი დაესხმისთ,
მტერს ვეღარ დამონებენ.
- გიგი სადა გყავთ, ფშავლებო,
ან იმის ცხენი ტილი?
- გიგის თოფ დაჰკრეს ქისტებმა,
სისხლმა დაწყო წკრილი.
ღარ აცალეს რჯულძაღთა,
ფრანგულს გაღო კრილი.
გვენახა არწივის მოსვლა,
წეროთ დაქსაქსვა, გრილი.
დაგენატრებათ, ფშაველნო,
გიგის ფრანგულის ტრილი.
ხადს გავსთხარეთ სამარე
შავგვრემანაის ბიჭისა,
ცოლს გავუგზავნეთ იმისას
ლურჯი პერანგი გიგისა.
გიგის ლურჯაი ბაგას ჰბავ,
თვალით ცრემლები მისდისა,
ტოტს უცემს მხარკვერინი,
ზურგი დაღარა მიწისა.
- ხმალი რას შვრება გიგისი,
ფრანგული გველისპირისა?
- სამჯერ იღვრება დღეშია,
უგიგიობას სტირისა.
- ცოლი რას ამბობს გიგისი,
ქალი ლუხუმათ ბერისა?
- ქმარს ეძებს მოშინარეს,
არმიმდევარსა მტერისა.
- დედამ რაღა სთქვა ჯავარამ
შვილის სიკვდილის თქმაზედა?
- გონთით გადვარდა ბეჩავი,
ხელი იტაცა თმაზედა,
შუა გახია მანდილი,
ხორცი იგლიჯა ტანზედა.
ვეღარ გაუძლო ვარამსა,
დანას დაეჭრა ფხაზედა.
- მამამ რაღა სთქვა თინიბექმ,
ამბავ რო უთხრეს შვილისა?
- გულ ჩაიმჯიღა, ჩაფიქრდა,
ლი აჰვარდა პირისა:
“რად არ აცალეს რჯულძაღთა
ვეფხვს ერთხელ გასმა კბილისა?
მოკლან, თუ მოკლეს, რაღა ვქნა,
წეს ეგ არიო გმირისა!”
- შვილმა რაღა სთქვა მახარემ,
ვაჟკაც წვერშამამავალმა?
- ზავთი დაიდვა, როგორაც
ღრუბელმ ცას გადმამავალმა;
სამტროდა ჰლესავს ფრანგულსა,
სისხლი აღოს მამისა,
შაღებოს ქისტის სისხლითა
ქერა ულვაში ბრძამისა.
- რვალი სადღაა გიგისი,
სამკლავე, საფუხარია?
- ომში ურვალოდ ჩავიდის,
მეხად ცით ნაქუხარია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026