kids.ge logo

ყველას თავისი დედიკო უყვარს

ფავორიტებში დამატება

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს,
კნუტს - კატა, კოზაკს - ზანტი აქლემი,
დედა არწივზე გიჟდება მართვე.

ბახალებს უყვართ დედიკო ყვავი,
მერე რა მოხდა, თუკი ყრანტალებს,
სამაგიროდ კარგი დედაა,
შვილებს სულ ფრთებისგულზე ატარებს.

ბოჩოლას უყვარს დედიკო ძროხა,
ლეკვებს - მელია, ძაღლი და მგელი,
თან ისე უყვართ, ისე ძალიან,
ხანდახან თვალზე ადგებათ ცრემლი.

ფუმფულა ცხვარი უყვარს ბეკეკას,
თხა - თიკანს, ხოხობს თან დასდევს ლაპი,
ყურში გეტყვით და იმ უსაძაგლეს
დედა ვირთხაზეც გიჟდება ღლაპი.

ბოკვრებს დედიკო ლომები უყვართ,
გოჭებს - მსუქანა დედიკო ღორი,
დიდი ამბავი, თუკი ყოველდღე
დათხუპნულია ტალახში გორვით.

ბაჭიას უყვარს დედა კურდღელი
მის თათზე უდევს ძილის დროს თათი,
სულ ღიპზე ჰკოცნის სიყვარულისგან
ბელს ისე უყვარს დანდალა დათვი.

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
ჩოჩორს ვირი და წრუწუნას თაგვი,
მე ჩემი თბილი დედიკო მიყვარს,
ის არის ქვეყნად ყველაზე კარგი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შავი ზღვაგამიგია, ზღვა ლურჯია და ყოველთვის ლურჯად ვხატავ, მამიკომ კი წუხელ გვითხრა: -ვესტუმრებით მალე შავ ზღვას. რ...ნაძვის ხესთანნახეთ, ნახეთ, ნაძვის ხესთან თოვლის გუნდა როგორ ბუქნავს! -თოვლის გუნდა კი არა და ბაჭიაა, კუდბუთქუნა. ფიფქი...კეთილი ზღარბი-სად მიდიხარ ზღარბუნია? გარეთ დიდი თოვლია. -გავიგე რომ თაგუნიებს ნაძვის ხე არ ჰქონიათ. ეკლები მაქვს წიწვე...ღრუბლებითამაშობენ ღრუბლები, ონავარი ტყუპები, გორაობენ ცაში, ცაა მათი სახლი. ქუხქუხებენ, ჭექენ და ქვეყანა შეძრეს. ...მზრუნველი დედიკოკრუხი შვილებს უმზადებს სკოლისათვის ზურგჩანთას, ჩაალაგა ბალიში, საბანი და მუთაქა. -სწავლით რომ დაიღლებით,-...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026