kids.ge logo

ბაში-აჩუკი

ფავორიტებში დამატება

კახეთის მეფე, თეიმურაზ პირველი, დავით წინასწარმეტყველს ეტოლებოდა თავის გუნებაში: „ის ჩემი წინაპარი და მე მისი ჩამომავალი, ისიც გვირგვინოსანი-მგოსანი და მეცო“, - ჰფიქრობდა და ის კი ავიწყდებოდა, რომ დავით მეფობდა უმაღლესად ჩაგონებული და თეიმურაზი მხოლოდ ქვეშევრდომთან უმდაბლესად შეგონებული; ის იქ ებრძოდა „ამალეკთა“ და ეს აქ – თათარ-ლეკთა!.. პოლიტიკაში პოეტობდა, პოეზიაში პოლიტიკოსობდა ის დალოცვილი და მით საზარელ მომავალს უმზადებდა სამეფოს. ამას ატყობდნენ ზოგიერთები, მაგრამ ვინ გაბედავდა ცხადად მხილებას? – და ჩუმად კი აქა-იქ საყვედურები ისმოდა.

ზამთრის პირი იყო. გამხიარულებული ბუხარი გუგუნებდა და კოპიტის შეშას ტკაცატკუცი გაჰქონდა... ერთი ყმაწვილი კაცი მისჯდომოდა ბუხარს და ნაკვერცხლებს დასშტერებოდა. იქვე, მახლობლად, ტახტზე მხარ-თეძოს წამოწოლილიყო მოხუცი და პირისახეს ათამაშებდა. – ეტყობოდა, რომ თავის გულში რაღაცას საუბრობდა. უცბად აიღო თავი ახალგაზრდამ და ჰკითხა მოხუცს:

- რა ამბავია, რომ ეს ერთი ხანია ბატონი სადარბაზოდ აღარ დაბრძანდება?.. ჩაუკეტია კარები და ჩამწყვდეულა!..

- სტვირის გუდას თუ ჰბერავს?! – უპასუხა მოხუცმა ცივად.

- გუდას?!.

- ჰო! შარშან გაზაფხულზე ჩაიკეტა და „ლეილ-მეჯნუნიანი“ დაგვიწერა, ერთხელაც ზაფხულში - „შამი-ფარვანიანი“, მეორედ შემოდგომას - „ხილთა-ქება“ და ახლაც უთუოდ ზამთრის შესაფერსა სწერს რასმე...

- მაგითი არა დაშავდება რა!.. სწეროს! მოცლის დროს ეგეც კარგია.

- მოცლის დროს?! მერე და, მეფე და მოცლის დრო ვის გაუგონია?.. არა, შვილო!.. მეფე რომ „პიიპუუ-პიიპუს“ დაუკრავს, მაშინ მისი სამეფო „ვაი, ვაის“ იმღერებს.

- დავით აღმაშენებლიც მწერალი იყო, მაგრამ სამეფოსთვის არა დაუკლია რა.

- აღმაშენებელი წინასწარმეტყველსა ჰბაძავდა, ადიდებდა ყოვლის შემოქმედს; მისი იამბიკო ლოცვა იყო და ამისი შაირები კი ლაზღანდარობაა!..

- რუსთველს ეჯიბრება.

- ჰმ! უკვდავების წყარო და ნაძალადევი ჭა ერთმანეთს ვინ შეადაროს?!.

- აგრე ჰკითხა ერისკაცებს!.. მაგრამ არ არწმუნებენ.

- კიდეც ეგ არის, შვილო, რომ პირფერობა ახდენს საქმეს! პირმოთნეობა და ფარისევლობა საზოგადოდ კარისკაცების ხელობაა, მაგრამ მეფისგან კი მიკვირს, რომ სტყუვდება.

- ალბათ სნეულებაა, იმ ერთი ზღაპრული მზეთუნახავისა არ იყოს.

- როგორ თუ მზეთუნახავის?

- არ გაგიგონია, თუ აღარ გახსოვს? ერთი მზეთუნახავი თურმე ყოველ დილ-დილაობით მიდიოდა წყაროსთან და, პირს რომ დაიბანდა, ეკითხებოდა ხოლმე წყაროს: „წყაროვ! მე ვჯობივარ, მზე თუ მთვარეო?“ - „შენც კარგი ხარ, მზეც და მთვარეცო, მაგრამ ეთერი კი ყველას გჯობიათო!“ – ესმოდა პასუხად და ეყრებოდა გულს. ბატონ მეფესად სწორედ ისე ემართება: რომ რამეს დასწერს, ეკითხება თავის გულს: მე ვჯობივარ, ჩახრუხა თუ შავთელიო? „შენც კარგი ხარ, ჩახრუხაც და შავთელიცო, მაგრამ რუსთველი კი ყველას გჯობიათო“, - უჩურჩულებს გონება და რუსთველის მოქიშპეს შურით ევსება გული.

- უბედურებაც ეგ არის, შვილო: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც დასნეულდება! დიდი ცოდვაა, შვილო, შურიანობა და ჩვენ სამეფო ოჯახს რაღა ცოდვის მიმატება ეჭირვება? განსვენებული პაპამაგისი სულ იმას სჩიოდა, რომ ხალხი გამრავლდა, ქვეყანა გაშენდა და ჩემ კახეთში სანადირო ადგილები აღარსად დარჩაო!.. ამ საყვედურებით აწყენია ღმერთს და კიდეც გადახდა: დღემდის ვის გაუგონია საქართველოში, რომ შვილი მამასა დასტაკებოდეს, და ის კი მისმა შვილმა, დავით მეფემ, ამ თეიმურაზის მამამ, ციხეში ჩაამწყვდია; - მეორე შვილმა, გაურჯულოებულმა კონსტანტინემ, მოჰკლა და თავისი ძმა გიორგიც თან მიაყოლა!.. აი რა დიდი ცოდვა ტრიალებს მათ ოჯახში, შვილო! სისხლი მართებს და დიდი მსხვერპლიც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს!.. – დაამატა ამოოხვრით მოხუცმა და გამოისახა პირჯვარი.

- ღმერთმა შეუნდოს იმ ოჯახს და ნუ მოჰკითხოს მამა-პაპის ცოდვა ჩვენს ბატონ მეფეს! და თუ მოჰკითხოს მაინც, მის სამეფოს კი ააშოროს რისხვა! – სთქვა ახალგაზრდამ მწუხარებით და მოიხადა ქუდი.

- ამინ! – დაამატა მოხუცმა და ხელებაპყრობით მაღლა ზეცისკენ აიხედა. სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა მარტოდმარტო, დიდ საგონებელში ჩავარდნილი, მაგრამ რუსთველზე არ ჰფიქრობდა. წინ ედვა ორი წერილი. ერთი ჩრდილოეთიდან და მეორე აღმოსავლეთიდან გამოგზავნილი. პირველი ტკბილი იყო, ალერსიანი და იმედით გამამხნევებელი, მეორე – რჩევა-საყვედურებითა და მუქარით სავსე; ერთი გულში უხიცინებდა, და მეორე კი გულზე ჰკბენდა: „თეიმურაზ-ხან, - სწერდა შაჰ-აბას პირველი, - შევიტყვე, რომ პაპაშენის კვალს შესდგომიხარ და გადამთიელი გინდა კარზე მომაყენო საჭირბოროტოდ, მაგრამ, სანამ მე მომადგებოდნენ, ხომ შენი სამეფო უნდა დაუდვა გზად და ხიდად! და მიკვირს, რომ, ჩემთან ერთად ძმასავით თანაშეზრდილს, ჭკუა-გონება დაგკარგვია! ჩვენი ძმური კავშირი უძველეს დროიდან დღემდე მტკიცედ შენახულა და ახლა რაღად უნდა გაწყდეს? მართალია, ჩვენი დიდი სახელი ადევს თქვენს პატარა სამეფოს, მაგრამ საქმით ხომ დამოუკიდებელი ხართ და არავინ ეხება თქვენს რჯულს, ენას, ეროვნებას, ზნე-ჩვეულებას და წეს-წყობილებას? მართალია, სპარსეთის „ვალად“ ითვლები, მაგრამ ესეც თქვენივე სასიკეთოდ: ასე რომ არ ყოფილიყო და ჩვენი დასახელებული არ ყოფილიყავით, ვინ იცის, აქამდის რამდენჯერ აგაოხრებდნენ თურქები, და დღეს კი, ჩვენი შიშითა და მორიდებით, ხვანთქარს თქვენი ბუზიც ვეღარ აუფრენია. ხარკს თუ იტყვი, აბა, რა სახსენებელია ხარკად სამოცი ზონა ახალგაზრდა ქართველი ქალი, მაშინ როდესაც სამაგიეროდ ჩვენგან ათასთუმნობით მიგაქვთ და ხალათი კიდევ ზედმეტია. თეიმურაზ-ხან! გადაიგდე გულიდან ეგ ორივესთვის მავნებელი სურვილი, თვარა, თავმან ჩემმან, ვეღარ გადაურჩეთ ჩემ სამართლიან რისხვას ვეღარც შენ და ვეღარც შენი სამეფო!..“

ეს წერილი რომ წაიკითხა, თეიმურაზმა თავი ჩაღუნა და ღრმად ჩაფიქრდა. ბოლოს, თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლაო, უცბად გასწორდა, დაიყვირა: არა! არა! გათავებული საქმეა... აქ ფეიღამბარია თავმდები და იქ კი ჯვარი და სახარება!.. პირველს რომ დავერწმუნო და მეორეს არ ვენდო, ეს ხომ რჯულის გმობა იქნება?! უნდა გადაწყდეს... რაც მოხდეს, მოხდეს!.. ეს პატარა კახეთიც ხომ ნაწილია იმ დიდი საქართველოსი, რომელიც წილად ჰხვდა ღვთისმშობელს, და დედაღვთისა განა ხელს იაღებს თავის საუფლისწულოზე? ცოდვაა აქ იჭვიანობა! არ ეკადრება საქრისტიანოს, რომ გულგრილად აიტანოს მაჰმადიანების მედიდურობა: წამიერმა ჭირმა, დროებითმა უბედურებამ როგორ უნდა გაუტეხოს გული მორწმუნეს?!. გამოცდა იგივე გამობრძმედაა; მისგან რჩეული ხალხი ღმერთმა არ ჩაჰყარა ეგვიპტის ტყვეობაში და მანვე არ დაუბრუნა აღთქმული მხარე და დაუჯინა სამეფო ტახტზე ჩამი წინაპარი დავით?! დღესაც შეურყეველი იქნებოდა მათი სამეფო, თუ რომ ღმერთი, ქრისტედ მოვლენილი, ეცნოთ ძედ ღვთისად და არ გასდგომოდნენ! შორს!.. შორს ჩემგან, იჭვიანობავ! მრწამს და აღვიარებ, რომ მომავალი ქრისტიანობისაა!.. დღესვე შევყრი დარბაზს და გადავაწყვეტინებ, რომ ორივემ თავთავისი საკადრისი პასუხი მიიღოს და, ღმერთო, შენით!.. – სთქვა, გამოისახა პირჯვარი და შეაჩერდა სახატეს.

ამავე დღეს დარბაზმა ხმის უმეტესობით გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა კავშირი სპარსეთთან და მიჰკედლებოდა ჩრდილოეთს...

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 11–17
ოპტიმალური ასაკი: 13–16

სხვა მოთხრობები

მესარკე

სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო ...

დათუნა გოცირიძე

რაჭველი აზნაური დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული, მისივე გაზრდ...

პატრიოტის აღსარება

ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სად...

ყვითელი სანთელი

მოდით, მოდით, მოდით, მოდით, მობ-ძან-დით, მობ-ძან-დით... მოდით, მოდით, მობ-ძან-დით!.. გაიძახოდნენ პატარა ზარები და შიგა და შიგ დიდიც ჩაერეოდა ხოლმე. საყდარში რომ...

ბაში-აჩუკი

თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივითი მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან კლდოვან კიდეს გამეტებით ეხეთქებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ იზოგავდა, მაგრამ...

მამალი რას ყივის

ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირად და მეთევზეები ნახა: ზოგი ახალ ბადესა ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და ზოგიც მხარ-თეძოს იყო წა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩაჩქანიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ისაუბრეთ ემოციებზე

ხშირად ისაუბრეთ ემოციებზე თქვენს ბავშვთან, როგორც თქვენს, ასევე მის ემოციებზე.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026