ძველად, დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა ერთი ბედნიერი ოჯახი: დედა, მამა და შვიდი შვილი. ბავშვებს სულ სხვადასხვა ფერის ტანისამოსი ჰქონდათ. ერთს-წითელი, მეორეს-ნარინჯისფერი, მესამეს-ყვითელი, მეოთხეს-მწვანე, მეხუთეს-ცისფერი, მეექვსეს–ლურჯი, მეშვიდეს-იისფერი. შვიდივე ერთად რომ გაივლიდა, მათ ყურებას არაფერი ჯობდა.
მაგრამ მათ ბედნიერებას მალე მოეღო ბოლო. დედა ავად გახდა. რა არ იღონა მამამ, მაგრამ ვერც წამლებმა უშველა, ვერც ექიმბაშებმა და ვერც შემლოცველებმა.
სიკვდილის წინ დედამ შვილები დაიბარა და დაარიგა:
-ჩემო საყვარლებო, მე მალე მოვკვდები, მაგრამ თქვენ არ მიგატოვებთ. ზეციდან დაგიფარავთ. ვეცდები, ყოველგვარი გასაჭირი აგაცილოთ. თქვენ სულ ერთად იყავით, ერთმანეთი გიყვარდეთ, სულ სიკეთე თესეთ.
გარდაიცვალა დედა. მამას გაუჭირდა შვიდი შვილისა და ოჯახის მოვლა, ამიტომ გადაწყვიტა მეორე ცოლი შეერთო.
დედინაცვალმა მალევე აითვალისწუნა გერები. მათი არც ჩაცმა მოსწონდა, არც ჭამა, არც თამაში, არც გაკეთებული საქმე. სულ ებუზღუნებოდა და წყევლიდა მათ.
ბავშვები ყოველ ღამე ტირილით იძინებდნენ . სიზმარში დედა მოდიოდა და ეფერებოდა მათ. გაიღვიძებდნენ და ისევ დედინაცვლის კაპასობა ესმოდათ.
ერთ ღამეს შვიდივემ ერთი და იგივე სიზმარი ნახა: დედა ციდან დაეშვა თეთრ, გრძელ კაბაში გამოწყობილი. თავზე თვალისმომჭრელი სიკაშკაშის გვირგვინი ეკეთა და ათბობდა მათ. მოეფერა, დაკოცნა ისინი და ისევ ზეცაში აფრინდა. თანდათან დაპატარავდა და ბრწყინვალე , კაშკაშა მზედ იქცა.
შვიდივემ ბედნიერი ღიმილით გაიღვიძა და ერთმანეთს სიზმრის მოყოლა დაუწყეს. ჯერ ნაბოლარას ლაპარაკი არც კი დაეწყო, რომ დედინაცვალი შემოიჭრა და ლანძღვა-გინებით წამოყარა ისინი.
-თქვე მუქთახორებო, თქვენა! ახლავე ადექით და ყანაში სამუშაოდ გაყევით თქვენს უქნარა მამას. საღამომდე თუ მთელი მოსავალი დაბინავებული არ იქნა, ჩემმა თვალებმა აქ მოსული არ დაგინახოთ.
წამოცვივდნენ საწყალი ბავშვები და მშივრები წავიდნენ ყანაში სამუშაოდ. მთელი დღე მონდომებით მუშაობდნენ, მაგრამ საღამოსთვის ნახევარი მოასწრეს მხოლოდ.
პატარებმა ტირილი დაიწყეს. ჩამავალმა მზემ მიუალერსა ბავშვებს და ცრემლები შეუშრო.
-დედა!-წამოიძახა ნაბოლარამ და ხელები მზისკენ გაიშვირა.
-დედა!-აყვა მეორე.
-დედა!-დაიძახა მესამემ.
-დედა,დედა,დედა,დედა..-აყვნენ დანარჩენები.
მზე შეჩერდა და გაუღიმა პატარებს.
-წაგვიყვანე, შენთან წაგვიყვანე დედა-ატირდნენ ბავშვები.
მზე მოიღუშა, ჩაფიქრდა.
-წაგვიყვანე დედი...-საწყალობლად აზლუქუნდა შვიდივე.
მზემ სხივები გადმოშალა, შვიდივეს მოხვია და ნელ-ნელა აწია.
ბავშვების ცრემლები წვიმად წამოვიდა, მაგრამ როგორც კი ზეცაში ავიდნენ , შვიდივემ გაიღიმა. ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და ზეცის თაღი გადაირბინ-გადმოირბინეს.
წვიმის წვეთებში და მზის სიცილში აელვარდა მათი ტანსაცმლის ფერები: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი.
დედამიწიდან ზეცის თაღზე ბავშვთა გადარბენ- გადმორბენა საოცარი სილამაზის რკალად გამოჩნდა.
ადამიანები, გაოცებულები შეყურებდნენ წვიმის წვეთებში აელვარებულ, მზის სხივთა ლივლივში გადაშლილ შვიდფერა რკალს.
-ცის სარტყელი,აი, ცის სარტყელი-დაიძახა ერთ-ერთმა.
-ცის სარტყელი, ცისარტყელა-აყვნენ სხვებიც.
იმ დღის მერე დედასთან ცხოვრობენ შვიდივენი. ხანდახან გაახსენდებათ დედინაცვალთან გატარებული დღეები და ატირდებიან, მაშინ დედამიწაზე წვიმა მოდის ხოლმე. მერე დედა მზე მოეფერება და გახალისდებიან, გადაირბენ-გადმოირბენას დაიწყებენ და ცაზე ლამაზი ცისარტყელა გადაიშლება ხოლმე.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას
მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო