გზა უსაშველოდ გაიწელა. უკვე დიდიხანია ითვლის გზის ნაპირზე ჩამწკრივებულ ხეებს და სახეზე ღიმილი არ შორდება. ერთი, ორი, სამი... რამდენია?! არ მთავრდება, არ მთავრდება... დაიღალა, თვალები ეტკინა, წარამარა იფშვნეტს, ძილი მოერია, მაგრამ არ უნდა რომ დაიძინოს, დღეს პირველად ნახავს ზღვას, როგორც კი გამოჩნდება უნდა მიესალმოს, კოცნა გაუგზავნოს და მიუალერსოს.
- ნინო ფანჯარას მოშორდი, არ დაიღალე? - ფიქრებში წასული დედის ხმამ გამოაფხიზლა. სახეგაბადრულმა თავი გადააქნია და ისევ გზაზე ჩამწკრივებულ მაღალ, აწოწილ ხეებს დაუწყო ყურება. უეცრად გამოჩნდა უზარმაზარი, გაბადრული გულმკერდგადაშლილი, მზეზე ალივლივებული საოცრება. ნინოს თვალები გაუფართოვდა, გული საგულედან ლამის ამოუვარდა.
- დედა, ზღვა! - დაიყვირა და თვალებიდან სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. დედა ბედნიერი უყურებს სიხარულით მეცხრე ცაზე ასულ შვილს.
- დედა, ჩქარა წავედით, აიღე ჩემოდნები! - ეწიკება დედას ნინო და კარებისკენ მიიწევს.
- დამაცადე არ დამამტვრიო, მატარებელი ჯერ არ გაჩერებულა!
- დედა, ზღვა!
- არასად დაგეკარგება შენი ზღვა, ხედავ რომ არ მთავრდება? ყველგან ის არის, შენ გელოდება. მასაც უყვარხარ, როგორ უციმციმებს თვალები, დაგინახა და ერთი სული აქვს როდის ჩაგიკრას გულში.
ნინო დაიბნა, ბედნიერებისგან სუნთქვა შეეკრა. ზღვა მხოლოდ სურათებში უნახავს, თავისი საყვარელი მასწავლებლის საუბრიდან გაუგია, ახლა კი ხელით შეეხება, მის ლივლივა ტალღებში ინავარდებს. ნატო მასწავლებელმა ხომ უთხრა, ზღვა კეთილი და თბილიაო, ბავშვები უყვარსო, ისიც უთხრა მის ლურჯ თვალებს დაინახავო. ნინოს სჯერა ნატო მასწავლებლის, ამ ერთ თვეში აუცილებლად დაუმეგობრდება ზღვას, მერე სკოლაში რომ დაბრუნდება მოუყვება ამის შესახებ მასწავლებელს, მეგობრებს.
- დედა, ნატო მასწავლებელმა ზღვასთან მოკითხვა დამაბარა, აუცილებლად გადავცემ, ალბათ სამაგიეროსაც დამაბარებს...
- ზღვამ რომ ლაპარაკი არ იცის! - გაუღიმა დედამ.
- იცის, როგორ არ იცის! - დაიყვირა ნინომ და დედას დიდი ცისფერი თვალები შეანათა. - ნატო მასწავლებელმა მითხრა.
- კარგი, კარგი! რახან ნატო მასწავლებელმა გითხრა... ამ ბავშვს ნატო მასწავლებლის ისე სჯერა... - გადაულაპარაკა დედამ გვერდით მიმავალ უფროს შვილს.
- ნატო მასწავლებელმა ისიც მითხრა, ზღვამ თამაში იცისო, მაგ დროს უნდა მოვერიდო, თორემ შეიძლება ვერ განსაზრვროს რას აკეთებს და თავის სამეფოში წამიყვანოს.
- ზღვას სამეფო სად აქვს! ? - ცალყბად ჩაიღიმა სანდრომ, ნინოს უფროსმა ძმამ.
- ნატო მასწავლებელმა მითხრა რომ ზღვას ყველაზე საოცარი სამეფო აქვს, იქ თევზები, რვაფეხები, კიბორჩხალები... მოიცა კიდევ მოლუსკები, მედუზები და კიდევ ბევრი რამეები ცხოვრობენ.
- ნატო მასწავლებელმა მითხრა, ნატო მასწავლებელმა მითხრა... გააჯავრა უფროსმა ძმამ- რას შეაწუხე გული მაგ შენი მასწავლებლით.
- ჩემი მასწავლებელი ყველაზე კარგია, მე რომ გავიზრდები ნატო მასწავლებელი გავხდები.
- ნატო მასწავლებელი თუ მასწავლებელი!
- ნატო მასწავლებელი! - მკვახედ მიუგო ნინომ და ძმას ზურგი შეაქცია.
ნაქირავებ პატარა ოთახში დედა და ორი შვილი მშვენივრად მოთავსდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა არდადეგები ზღვაზე გაეტარებინა. სანდრომ ცხრა კლასი დაამთავრა, ხოლო ნინომ ორი. ნინო მეოცნებე, თავგადასავლების მოყვარული ბავშვია. ოცნებობს ზღვაზე, კოსმოსში გაფრენაზე, მთების დალაშქვრაზე, ჯუნგლებში მოგზაურობაზე და მასწავლებლობაზე.
მისი აურაცხელი ოცნებებიდან ერთ- ერთი უკვე ახდა. აი, უკვე ზღვაზეა და სადაცაა გულში ჩაეკვრება.
- ნატო მასწავლებელს აუცილებლად მოვუყვები რა უზარმაზარია ზღვა, ახლა ახლოს მივალ და მოკითხვას გადავცემ, - ტიტინებს ნინო და დედასთან ერთად ხელჩაკიდებული მიუყვება ზღვს პირა ბულვარს. - დედა, შეხედე ციყვები! - აყვირდა უეცრად და ციყვებისკენ გაიქცა. გული იჯერა მწვანე მინდორზე სირბილით.
ყველაფერს აკვირდება, ყველაფერი აინტერესებს, ენას არ აჩერებს და უხარია რომ ნატო მასწავლებელს ბევრ საინტერესო ამბავს მოუყვება. ნინო უეცრად ჩერდება და გული გამალებით უცემს. ის მის წინ არის გადაშლილი, ლურჯი და ციმციმა. დედას ხელი გაუშვა და შედგა. თვალი ვერ მოსწყვიტა ნაოცნებარს. ზღვა ხელს უქნევდა, თავისკენ უხმობდა.
- გამარჯობა! - დაიჩურჩულა ნინომ და ხელი გაიწვდინა ზღვისკენ.
- გაგიმარჯოს! - აღმოხდა ზღვას.
- კიდევ იტყვიან ზღვა არ ლაპარაკობსო? აბა, ეს რა იყო?! - ბედნიერი ნინო თვალს არ აშორებდა პატარა ტალღების ნანავს.
- ნატო მასწავლებელმა მოკითხვა დამაბარა. - ისევ დაიჩურჩულა ნინომ.
- ვიცი! ვიცი! ვიცი! - აჩურჩულდა ზღვა.
- საიდან იცი?
- ჩიტებს მოაქვთ ამბავი ჩემთან.
- ჩიტების ლაპარაკიც გესმის? - გაიკვირვა ნინომ.
- კი! განა შენ არ საუბრობ ჩიტებთან?
- ჯერ არა. მაგრამ ნატო მასწავლებელი აუცილებლად მასწავლის!
- ხო, ნატო მასწავლებელი გასწავლის!
- იცნობ ნატო მასწავლებელს?
- როგორ არა, ისიც ვიცი რომ შენ მასწავლებლობაზე ოცნებობ! - გაიღიმა ზღვამ.
- მაგარია! ესეც იცი?!
- ვიცი, ვიცი, ახლა მოდი ჩემთან, გულში ჩაგიკრა!
ზღვამ ხელში აიტაცა პატარა, გააქან- გამოაქანა, დიდხანს აქანავა, შემდეგ ტაატით გამოიყვანა ნაპირზე და ფერად - ფერად კენჭებზე დასვა.
- რა, მაგარია! - წამოიძახა აღტაცებულმა გოგონამ.
- ერთი, ორი, სამი... რამდენია. შემიძლია ათასამდე დავითვალო... ეს წითელია, ეს ყვითელი, ეს ლურჯი, ფერად- ფერადი კენჭები რამდენი მაქვს, ეს ყველაფერი ნატო მასწავლებელმა მასწავლა,
- ეს ჩემგან საჩუქრად! - წაიდუდუნა ზღვამ.
- მადლობთ ზღვაო! - დაიყვირა ხმამაღლა ნინომ.
- უცნაურია, სულ ოცნებობს და უსულო საგნებს ესაუბრება. ადამიანურად ეპყრობა ყველაფერს და ეცოდება, ამხელა სიყვარული როგორ შეუძლია, ამას ფეხი არ დაადგაო, ზღვაც ცოცხალი გონია, ნატო მასწავლებელმა ასე გვითხრაო. კარგია ეს მზია? - გადაულაპარაკა ნინოს დედამ მეგობარ ქალს.
- ცუდი რატომ უნდა იყოს ჩემო სულიკო, თუკი გეყვარება და არ შეიძულებ, თუკი შეგეცოდება და არ გაწირავ, თუკი კეთილი იქნები და არ გაბოროტდები, ამაში ცუდი რა არის? აბა, უსულგულო უნდა იყო?
ნინომ ფერადი კენჭებით დიდხანს ითამაშა, მერე ისევ ზღვასთან თამაში მოუნდა. ზღვამ ეს გაიგო და მასთან პატარა ტალღა გამოაგზავნა.
- ბავშვი იღრჩობა, ტალღამ პატარა გოგონა გაიტაცა, უშველეთ! - აყვირდა ვიღაც ქალი.
- ნინო... ნინო სად არის? - მეხნაკრავივით წამოვარდა ნინოს დედა და ზღვაში შევარდა- მიშველეთ, მიშველეთ! - ზღვას გადასწვდა ქალის განწირული კივილი.
მთელი სანაპირო შეიკრიბა. ძლივს მოასულიერეს ცოცხალ- მკვდარი ქალი.
- ჩემი შვილი გადამირჩინეთ! გთხოვთ... გთხოვთ... - ალუღლუღდა საცოდავად და ისევ გული წაუვიდა.
- დედა, დედა! - სასოწარკვეთილი ღრიალებდა სანდრო და არ იცოდა რა ექნა.
ტალღამ კი გოგონა ზღვის საოცარი ქვეყნის დასათვალიერებლად გაიტაცა.
- დელფინები, დელფინები! - აყვირდა ნინო როცა დელფინების მთელი ჯგუფი დაინახა.
- ზურგზე შემაჯექი და გაგაქროლებ, ზღვის მეფესთან მიგიყვან, არ გინდა? - შესთავაზა ერთმა დელფინმა.
- მინდა, როგორ არ მინდა! - გაეხარდა ნინოს.
- მაშინ შემომასკუპდი ზურგზე, მეფე გელოდება.
ნინო დელფინის ზურგზე მოკალათდა. თევზმა სწრაფად მოიქნია კუდი და გოგონა გააქროლა. მიცურავს უკიდეგანო ზღვაში ნინო და ზღვის საოცრებების ხილვას დასასრული არ აქვს.
ნინომ რვაფეხა დაინახა, უზარმაზარი და საშინელი ურჩხულის მსგავსი. ეს ხომ ზუთხია, ესეც ორაგული, ვეშაპები... რამდენი ლამაზი ყვავილია, რამდენი თევზია?! აი, ახლა კი ნამდვილად იცის რას მოუყვება მასწავლებელს, მეგობრებს. ნატო მასწავლებელი გაგიჟდება, როცა ზღვაში მისი მოგზაურობის შესახებ გაიგებს. ეს ყველაფერი ასწავლა ნატო მასწავლებელმა, მაგრამ ასე ახლოს არაფერი უნახავს, ახლა ხელით შეუძლია შეეხოს დელფინს, კიბორჩხალას, ზვიგენს... ყველანი მისი მეგობრები გახდნენ. დელფინი მოჩუქურთმებულ კართან მიცურდა, გოგონა ფრთხილად გადმოსვა ზურგიდან და უთხრა:მეფე გელოდება, შედი!
ნინომ კარები შეაოღო თუ არა, თვალილმომჭრელი შუქი ეცა თვალებში. უზარმაზარი დარბაზის შუაგულში ყვითლად აბდღვიალებული ტახტი იდგა, ტახტზე ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი მეფე იჯდა და ნინოს უღიმოდა. მეფეს გრძელი, თეთრი წვერი და საოცრად კეთილი თვალები ჰქონდა. რამდენი ზღაპარი წაუკითხავს, რამდენი ფილმი უნახავს, მაგრამ ასეთი კეთილი თვალები არსად უნახავს, ნატო მასწავლებელმა ასწავლა კეთილი თვალების ამოცნობა, სიკეთის კეთება და სიყვარული.
- შემოდი პატარავ! - გაუღიმა მეფემ ნინოს - როგორ ხარ?
- კარგად მეფეო! - ნინო სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო ასული
- მოგწონს ჩვენთან?
- ძალიან!
- ხომ არ გინდა აქ დარჩე?
- მინდა! მაგრამ იქ დედა მელოდება, ნატო მასწავლებელს აუცილებლად უნდა მოვუყვე იმის შესახებ რაც აქ ვნახე!
- გიყვარს ნატო მასწავლებელი?
- ძალიან მიყვარს,
- აბა, რა ხდება, როგორ არის სწავლის საქმე?
- სკოლაში კარგად ვსწავლობ, ნატო მასწავლებელი ყველაფერს გვასწავლის! როცა დიდი გავიზრდები მეც მინდა სხვებს ვასწავლო, დავეხმარო, გზა გავუკვალო, ნატო მასწავლებელი ჩვენ გზას გვიკვალავს...
- რას ნიშნავს გზას გიკვალავს?
- რას ნიშნავს და დაბრკოლებები, რომლებიც წინ გველოდება უნდა გადავლახო, სწორედ იმ დაბრკოლებების დაძლევაში მეხმარება ჩემი მასწავლებელი.
- კარგი, გამომყევი, მინდა ზღვის სამეფო დაგათვალიერებინო, თუ მოგეწონება დარჩი. იქნებ დაბრკოლებები აქაც გადალახო!
- არ მინდა მეფეო აქ დარჩენა, დედასთან მინდა, ნატო მასწავლებლისთვის იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი...
- კარგი! - გაიღიმა ყველაზე კეთილმა მოხუცმა კაცმა და გაქრა.
ნინოს თვალთ დაუბნელდა. როცა თვალი გაახილა დაინახა ლურჯი ცა და ცრემლიანი დედის თვალები. წამოჯდა. მის გარშემო უამრავი ხალხი შეკრებილიყო. დედა გულში იკრავდა, კოცნიდა და ჩუმად ჩურჩულებდა:მადლობა უფალო!
ადამიანები იღიმოდნენ, ნინოს ეფერებოდნენ, დედას გადარჩენას ულოცავდნენ. თვალზე ცრემლს იწმენდნენ. ნეტავ, რა მოხდა, ეს ხალხი რატომ ტირის, დედა რატომ მეფერება? - ფიქრობდა ნინო. - ჩემი ზღვა დამანახეთ, გაიწიეთ! - ფიქრობდა გულში.
შორიდან ზღვის ჩურჩული მოესმა:ნინო, შენთან ვარ, ყოველთვის გეთამაშები, მაგრამ ჩემთან აღარ წაგიყვან, როცა გაიზრდები და ისწავლი, მაშინ მესტუმრე!
- კარგი ზღვაო! - დაიჩურჩულა ნინომაც.
- რა მითხარი? - შეეკითხა დაბნეული და ბედნიერი დედა ნინოს.
- შენ, არაფერი დედა. - გაიღიმა ნინომ და დედას ლურჯი თვალები შეანათა. ჩაეხუტა. ზღვას ხელი დაუქნია. ზღვამაც თვალი ჩაუკრა და კოცნა გამოუგზავნა.
ნინომ ზღვის სამეფო უკვე ნახა. ახლა დანამდვილებით იცის, რომ ჯუნგლებშიც იმოგზაურებს, კოსმოსსაც დაიპყრობს და მასწავლებელიც გახდება. როცა რაღაც გულით გინდა, აუცილებლად აგისრულდება.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
პატივი ეცით მშობლის აღზრდის განსხვავებულ მეთოდებს
მხარი დაუჭირეთ თქვენი მეუღლის მიდგომას შვილების აღზრდაში - თუ ეს არ ცდება რაიმე ფარგლებს. პარტნიორთან კამათი უფრო მეტ ზიანს აყენებს თქვენს ქორწინებას და თქვენი შვილისთვის უსაფრთხოების განცდას. უმჯობესია, მიიღოთ ერთმანეთს აღზრდის სტანდარტები.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო