kids.ge logo

მთათ მითხრეს...

ფავორიტებში დამატება
მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ,
კარგად აგვხედე, ჩაგვხედე;
ჩვენსავით იდეგ მტკიცედა,
ვინძლო აროდეს დაჰბერდე.
ცხოვრება ჭირინია,
ჭირით არ ერთით, ორითა,
შენაც მოგაცხობს ბევრს რასმე,
არ აგაშმოროს შმორითა.
ჩვენ დაგვიძახე მკურნალად,
წამალს მოგაწვდით შორითა.
თასი ვნახეთ ვაბა,
ას-ასჯერ რისხვა ციდამა:
სეტყვა, მეხი და ქარბუქი,
ყინვა, თოვლ-ჭყაპი ღვთიდამა.
დიდმა დარდმა და ვაბამ
დაგვაზინა ვითამა?
ჰხედავთ, რომ გაზაფხულზედა
ღვარები მოჰხეთქს მთიდამა.
გადვიგდებინებთ მაშინა
ყინულის ლოდსა ქედითა,
თუ გუშინ მკვდრადა გვსახავდენ,
დღეს ამდგარნი ვართ მკვდრეთითა;
ბუნებისა ვართ გვირგვინი
შეპოვარის მკერდითა.
აგვიყვავდება გულ-მკერდი,
გავფენთ ქუჩსა და მუროსა;
მშობადი ძალი გულისა
შიგით აგელებს უროსა;
კაცი სად არის, მის ჩქამი
დადგეს და დაიყუროსა.
განა მშობელმა შვილისთვის
უნდა რამ დაიშუროსა?
ნაყოფი გულის ბგერისა
დაგვესახება გარეთა;
დადის ზედ ანუსხველი
ცხვარი და ძროხა მთაზედა;
არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა
რქა გადუდვიათ რქაზედა;
კაკბის, შურთხის და როჭოსი
ბონი გვიდგა კარზედა,
გასასუქებლად ლუბ-მჭლენი
აქ მოიბრძვიან მაზედა.
სულ ჩვენს ალერსში არიან
ხშირნი ვარსკვლავნი ცაზედა.
მზე, მთვარე ვერ მოჭირვებს,
შუქი არ დაგვკრან ფხაზედა.
წინათ ჩვენ გვეამბორებენ _
მთებს არ გასცვლიან სხვაზედა.
ხოლო მგზავრობა ვერ ვიცით,
ჩვენ ვერ შავდგებით გზაზედა;
არც ვის უქივართ სიმარდით,
არც ვის მოვწონვართ ხმაზედა.
გვიცნია შეუდრკელობა
მთას დაკერებულს მთაზედა”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026