kids.ge logo

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი

ფავორიტებში დამატება

მოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი.
-ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა.
დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი.
ნობათი მიართვა დიდსა თუ პატარას.

სიმინდი ნალიას არგუნა უკვლებლივ,
მარანი დაწურულ მზის მტევანს პატრონობს,
მაჭარი მხირულ კრიმანჭულს გასძახის:
-რა ღვინოც დავდგები, იგემე, ბატონო!

ხეს კენწეროზეც კი არ შერჩა ფოთოლი,
ტანშიშველ გოლიათს წაუხდა გუნება,
მაშვრალ შემოდგომას-ჯაფისგან დაქანცულს,
ცილებს რატომღაც შემკრთალი ბუნება.

მთის თხემზე ზამთარმა კარავი გამართა,
ჭირხლიან მინდვრებზე ქარიღა სეირნობს,
შემწყდარა ხილის და თხილ-კაკლის ფერხული...
რა დარჩა სამღერი და თვალსასერო?

ველ-მინდვრებს გაშორდა ზღაპრული ფერია,
თან გაჰყვა ოქრო და ქარვათა ფერები,
მთის წვერზე ზამთარი თეთრ ბოხოხს ისწორებს:
-მე თოვლით ჩამოვალ და მოგეფერებით!

ტყე ჯავრით ბუზღუნებს, კვნესიან ველები:
-ეჰ, ზამთრის ალერსი! სუსხი სურს გვაწვნიოს!
მაგრამ ეგ ვინ იცის... დაგვბურავს თოვლით და
იქნება, არც იქნეს ზამთარი მკაცრიო...

სადღაა ზღაპრული ფერების ლივლივი,-
ქარვა თუ ბაჯაღლო...მზიანი დარები...
მთის კალთებს ათეთრებს ჭარმაგი ზამთარი,
ყინვისაბჯრინი მოჰყვება ჯარები.

ქარს ზამთრისპირული გააქვს და გამოაქვს,
სევდით ირწევიან შიშველი ხები,
მთის გაღმა დეკემბრის თეთრონი ჭიხვინებს,
მოდიან ზამთარი და ვერცხლის თვები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026