kids.ge logo

მამელუკი

ფავორიტებში დამატება

თამამად აპობდა ხომალდი ზღვის ტალღებს და წინ მიეჩქარებოდა. მაისის მზემ გამოანათა და ერთნაირი პირუთვნელი ღიმილით მიესალმა ზღვასაც, გემსაც და ბედკრულ ტყვეებსაც.

გუშინ ჰასან მეთვალყურის მიერ შეურაცხყოფილი ქალი ჩვეულებრივ ანძასთან იჯდა. თავზე გადაგდებული ლეჩაქი პირისახეს სანახევროდ უფარავდა. დღეს ის არ ტიროდა, მხოლოდ მოწყენილი გაჰყურებდა თვალუწვდენელ ზღვის სივრცეს.

მის გვერდით ათიოდე წლის ბიჭი იჯდა და გამხმარ პურის ქერქს კვნეტავდა. ბავშვს ტირილისაგან თვალები ჩალურჯებოდა, სახე ძლიერ გამხდარი ჰქონდა. თავისებური მოგრძო ცხვირი და ნიკაპი მოგაგონებდათ, რომ ეს ის ხვიჩა იყო, რომელიც ასე ვერაგულად მოიტაცეს უცნობებმა შავი ღელის პირას და იმავე ღამეს ფოთის ფაშას მიჰგვარეს. ფოთის ფაშამ კი ბავშვი ეფენდი ალი-უსუფს უფეშქაშა. გემზე ასვლისთანავე ბავშვი ქალს მიეჩვია და არ შორდებოდა. ალი-უსუფსაც ჯერ-ჯერობით ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

- კიდევ გინდა ქერქი? - ალერსიანად დაეკითხა ქალი ხვიჩას.

- ქერქი კი არა, რბილ პურს მივცემ, - გაისმა ხმა და მათ წინ ახალციხელი გამოიჭიმა. ხელში ორი მრგვალი პური ეჭირა.

ქალი შეკრთა, წამოწითლდა და თვალები ძირს დაჰხარა.

- შენ რად სწუხდები... მეც... - არეულად მიუგო ქალმა.

- შესაწუხებელი რა მაქვს. შესაწუხებელი რეზოს გუშინ ჰქონდა, როცა შავი დღე ადგა, თორემ დღეს რა მიშავს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ისე მომივიდა, ქალო სალომე, აღტაცებით ამბობდა რეზო. - გუშინ, მართალია, ცოტა ამიწვეს ზურგის კანი მაგ ძაღლებმა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს ჩემმა ბატონმა ერთის მაგივრად ორი პური მომცა. შემდეგშიაც დამპირდა, ყოველ დღე ორ-ორ პურს მოგცემო... ვერ გამიგია! მე დამტუქსავდა მეგონა, ის კი ისე მომეფერა, რომ... გაოცებული ვარ! გამიხმო ცალკე და, ყოჩაღ, ყოჩაღო, მეუბნებოდა და ხელს მხარზე მიცაცუნებდა... საცა თავისი დაიკვეხონ, იქ ჩემიცა სთქვან მაგ წუნკალებმა, - თავისთვის ჩაილაპარაკა რეზომ, პურის კარგა მოზრდილი ყუა მოსტეხა და ბავშვს გაუწოდა.

- ჰა, ხვიჩა, შვილო, ჭამე! - ტკბილად უთხრა მან, - შენ კიდევ არა გიშავს რა, ჯერ პატარა ხარ. ახალ ადგილას, ხალხს და ენას შეეთვისები. ვინ იცის, შვილო, რა კარგი ბედი გიძევს წინ. შეიძლება ისეთი კაცი გახდე, რომ შენ სახლში ისეთი კაცობა სიზმარშიაც არ მოგლანდებოდეს. ჩვენი საქმე უნდა იკითხო, ჩვენ უბედურების! არასი წელიც რომ ვიცოცხლო, ოქრო-ვერცხლში რომ ვიჯდე, მაინც როგორ დამავიწყდება ჩემი სახლ-კარი, ჩემ მიერ დამყნობილი, ყოველწლივ აუარებელ ნაყოფის მომცემი ხეხილი... ჩემი პატარა, ერთი ბეწო ნუცა... პატარა დოქით წყალს რომ ამომიტანდა ბაღში და თავისი მოტიკტიკე ენით დამიძახებდა, „მამა, მამა, წყალი მოგიტანეო...“ ვაი, მოგიკვდეს, შვილო, მამაშენი, - მკერდში ხელი ჩაიკრა ვაჟკაცმა და თვალებიდან მსხვილი ცრემლები გადმოუცვივდა...

- ნანა, შვილო, მოგიკვდეს დედაშენი! - მწარედ დაჰკვნესა ქალმაც.

ხვიჩაც ატირდა. თვალებიდან ლოყებზე ნაკადულად წამოსული ცრემლები ნიკაპთან ერთდებოდა და მსხვილ-მსხვილ წვეთებად პურის ყუას ეცემოდა.

- ე... ეხ! მინდოდა რამე სანუგეშო მეთქვა, - თავშეკავებით სთქვა რეზომ, - მაგრამ მაინც სამწუხაროზე გადავედი. ჩვენი მდგომარეობა ისეთი საცოდავია, ისეთი უმწეოა, რომ რაც გინდა გამაგრდე, მაინც საკაეშნოზე უნდა გადახვიდე, მაინც ცრემლით და ტირილით უნდა გაათავო.

- რეზო, ღმერთს გეფიცები, - თან ტირილით, თან ბრაზით წარმოსთქვა სალომემ, - პირდაპირ თათრებს მოვეტაცე, იმდენს არ ვინაღვლებდი. გულს ის მიკლავს, კაცო, ის ვერ მომინელებია, რომ ისევ ჩვენებმა, ჩვენმა ნათელ-მირონებმა მიღალატეს. ყოვლად წმინდაო, ნუ მისცემ ნურაფერს სიკეთეს და წარმატებას თავად ალმასხან წვერაძეს და მის ჩამომავალს... ოოხ! შხამად შეარგე მას ჩვენი პურ-მარილი...

- თავადის სახლში თუ მოხვდი, ქალო, რა გამიკვირდება, არ დაგინდობდა, - მიუგო რეზომ, - ჰაი დედასა, მძინარე მომიმწყვდიეს მთაში, თორემ მე მაგათ დედას აუტირებდი, მაგრამ რაღა დროსია! მადლობა ღმერთს, ეს ყოფილა ჩემი ბედისწერა!..

- ეს საცოდავი ბავშვი ორჯერ არის მონატაცები თურმე, ამბობდა სალომე, - ერთხელ დედ-მამის სახლიდან და სანამ თათრებს ჩაუვარდებოდა ხელში, ვიღაც ღვთისნიერ ხუცესს გამოუსყიდნია და თავის სახლში დაუნარჩუნებია. შვილივით ეპყრობოდა თურმე, ზრდიდა, ასწავლიდა, თვალიდან არ იშორებდა, სულ თან დაჰყავდა თურმე. მაგრამ უღმრთოები ღამე გზაზე მიმავალს თავს დასხმიან და ბავშვი მოუტაცნიათ.

- თათრებსა?

- რის თათრებს, ვაჟო, ჩვენებურებს! იქნება იმ ხუცის მეზობლებიც იყვნენ.

- ჰაი დედასა, - თავს იქნევდა რეზო.

- თათრები ახლა, ბოშო, ჩვენში ბევრს ვერაფერს გაბედავენ. ისევ ჩვენიანები იკლებენ ქვეყანას. მელა-ტურასავით დაეხეტებიან დაუნდობლები და, თუ სადმე მოხერხებულ ალაგას მოიმწყვდიეს ვინმე, შებორკავენ, პირში ბურთს ჩასჩრიან და ოსმალებთან მიჰყავთ. აშკარად ახლა ჩვენებიც ვერაფერს გაბედავენ. მეფემ რომ შეუტყოს, თვალებს დასთხრის.

- სხვა არა მინდა რა, ერთი ეს ვიცოდე... ცოცხალია თუ არა მარკოზ ხუცესი, - ტირილით სთქვა ბავშვმა.

- ბიჭო, შენ რომ მოგიტაცეს, არაფერი დაიძახა?..

- ერთი კი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა... სხვა არაფერი დაუძახნია... ბნელი ღამე იყო... მე დამიჭირეს... სხვა არაფერი მახსოვს.

- მოჰკლავდენ ის უსვინდისოები, - უკმაყოფილოდ თავი ჩაიქნია რეზომ, - კაცი რომ გამხეცდება, ნადირზედ უარესია... ჩვენში კი, ქალო, მეფე ერეკლეს საბრძანებელში, ემაგისთანები ვის გაუგონია. ყმის ტყვედ გაყიდვას იქ ვინ გაბედავს. მე სულ შემთხვევით მოვყევი, გაუწყრა ღმერთი... მე ბორჯომის ხეობიდან ვარ. შარშან ზაფხულ ახალციხის მთებში მოვყევი და იქ სულ უცაბედად ურჯულოთ ხელში ჩაუვარდი... ეეხ! დამშვიდდი, ქალო, - ლმობიერად უთხრა რეზომ... - აი ეს პური გაღეჭე, ათასიც რომ ვიდარდოთ და თავში ქვა ვიხალოთ, ვერას გავხდებით. ჩვენი საქმე მორჩომილია.

ქალმა პურის ნატეხი ნელა გამოართვა და რეზოს შეხედა. რეზო ოდნავ გაფითრებული იყო.

- დიდი მადლობელი ვარ შენი, რეზო, - მორცხვად ჩაილაპარაკა სალომემ, - გუშინ შენ არ ყოფილიყავი... - ქალმა სიტყვა ვერ დაამთავრა, ტირილი მოერია და ლეჩაქი თვალებზე მიიფარა...

- ნუ გეშინია, ქალო, - მტკიცედ უთხრა რეზომ, - სანამ პირში სული მიდგა, შენთვის ხელს არავის ვახლებინებ. - ქალმა თავი მაღლა აიღო, ლეჩაქს გადასწია, მათ ერთმანეთს შეჰხედეს და ორთავეს სახეზე ღიმმა გადაურბინა.

- ნეტავ როდის მოეღება ბოლო ჩვენს ტანჯვას. ამ საზიზღარ გემს მაინც მოვშორდებოდეთ როგორმე! ვნახო ქე მაინც ჩემი საბოლოთ ბედი... ალბათ, სადმე ადამიანებთან ვიქნები... ხეზე ხომ არ ჩამომკიდებენ... თუ გინდ ჩამომკიდონ, დამახრჩონ, ოღონდ ამ დამცირებას, ამ შეურაცხყოფას, რასაც ამ გემზე გვაყენებენ, მოვშორდე.

- გადავრჩებით, გადავრჩებით, ქალო, - მოწყენით მიუგო რეზომ. - მეზღვაურები ამბობენ: თუ ზღვა ძლიერ არ გაფუჭდა, ორ-სამ დღეში მივალთ სტამბოლშიო. ეეხ. სახარბიელო იქაც არა ყრია რა! აქ ჩვენ ენაზე ხმას მაინც ვცემთ ერთმანეთს, იქ კი გაგვთიშავენ და სააღდგომო ბატკნებივით თითო-თითოდ დაგვყიდიან.

- ვაიმე, ეს სრულებით არ გამხსენებია! - მწარედ წამოიძახა ქალმა და რეზოს თვალებში შეაჩერდა, - მერე ისე ვერ მოხერხდება, რომ ერთმანეთს არ დაგვაშორონ... რეზო?.. -

ამბობდა ქალი და გაფითრებული ვაჟკაცს თვალს არ აშორებდა.

- ვეცდები, თუ გამოვიდა რამე, ჩემი ბატონი, რაც ის წუწკი აქ გავშოთე, კარგად მიყურებს. მივალ, შევეხვეწები, არ დაგვაშოროს ერთმანეთს...

- მეც თქვენთან მინდა ყოფნა, მე თქვენ არ მოგშორდებით! წამოიძახა ბავშვმა და იმედით აღსავსე თვალებით რეზოს და სალომეს შეხედა.

- ხვიჩა, ნანა შვილო, ბედდამწვარი დედაშენი! - მიეალერსა ქალი და ბავშვი გულში ჩაიკრა. - რეზო! გესმის, რას ამბობს ეს ჯერ უსუსური ყრმა, ესეც ჩვენსავით უღმერთოთაგან ძალად დაობლებული და დამცირებული, მეც თქვენთან მინდა ყოფნაო! ჩვენ ვითომ რა სიკეთეს მოველით, რა ბედნიერ დღეს შევხარით, მაგრამ ერთადერთი ნუგეში მაინც ერთად ყოფნა დაგვრჩენია, ჰხედავ, ეს ბავშვიც ამით ნუგეშობს, თურმე... ღმერთო... - ძლივს წარმოსთქვა ქალმა, ბოღმა მოაწვა, სული ყელში მოებჯინა და მწარედ აქვითინდა. ატირდა რეზოც, სამთავენი ტიროდნენ.

ირგვლივ კი მრისხანე ზღვა თავისებურად შხუოდა, ფაფარგთეთრებული ტალღა ტალღას მოსდევდა, გემის კედელს ეხეთქებოდა და ზედ აკვდებოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024