kids.ge logo

მამელუკი

ფავორიტებში დამატება

სტამბოლის ტყვეთა მოედანზე ხალხი ირეოდა. სხვადასხვა ქვეყნებიდან გასაყიდად მოყვანილი ტყვეები აქ იყო თავმოყრილი. ვინ გინდოდა, აქ რომ არ გენახა, შავკანიანი, წითელკანიანი, თუ ყვითელკანიანი. წინა წლებში უმრავლესობას კავკასიიდან მოდენილი ტყვეები შეადგენდნენ: ქართველები, აფხაზები, ოსები, ჩაჩნები... წრეულს კი მათი რიცხვი ძლიერ მცირე იყო, რაც საერთო ყურადღებას და გაკვირვებას იწვევდა.

ზოგი ტყვეები მინდორში ჰყავდათ გამოფენილი, ზოგიც სახელდახელოდ გაკეთებულ ფარდულებში. მყიდველები მოდიოდნენ, სინჯავდნენ, ზომავდნენ, ანჯღრევდნენ, ტყვეთა პატრონებთან ვაჭრობდნენ, ჩხუბობდნენ, ილანძღებოდნენ და, როცა ფასში მორიგდებოდნენ, ნაყიდ ტყვეს კისერში ბაწარს, ან ჯაჭვს ხბოსავით აბამდნენ და შინ მიჰყავდათ. ეს ჩვენ დროში წარმოუდგენელი სისაძაგლე, მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მდიდარი სოვდაგრები ათობით ყიდულობდნენ ტყვეებს სხვადასხვა საჭიროებისათვის. ზოგს ჯარის კაცად, ზოგს მიწის მომუშავედ, ზოგს ხელზე მოსამსახურედ: ლამაზ ქალებს კი, რა თქმა უნდა, დიდკაცობის გასართობად და სასიამოვნოდ.

- დიდება ალლაჰს, დიდება ალლაჰს,- სასოებით ამბობდა და ნელ-ნელა, დინჯად ფეხს მოაბიჯებდა ჰუსეინ-აღა, მდიდარი სოვდაგარი და განთქმული ტყვეთ მყიდავ-გამყიდავი. ჰუსეინ-აღას მრავალჯერ მოულოცნია არაბეთის წმინდა ადგილები, ნაკითხ კაცად და რჯულის მცოდნედ ითვლებოდა. თავი მუდამ თოვლივით თეთრი დოლბანდით ჰქონდა შემოხვეული. ტანზე ჩინეთიდან მოტანილი ფარჩა-ქსოვილის გრძელი ხალათი ეცვა და ხელში ოქროთი მოჭედილი ჯოხი ეჭირა. ჰუსეინ-აღას თითქმის მთელი სტამბოლი იცნობდა.

- ჰუსეინ-აღა მოდის, ჰუსეინ-აღა მოდის! - გაისმა აქეთ-იქიდან ტყვეთა მოედანზე.

სხვათა შორის, ჩვენ ნაცნობ ეფენდი ალი-უსუფსაც აქ მოეყვანა თავისი ქართველი ტყვეები.

- არ ვიცი, რა ვუყო, ეფენდი, რომ არა ცხრება ის შეჩვენებული? ვერაფრით ვერ დავამშვიდე, - მოახსენა ერთ-ერთმა მეთვალყურემ.

- რომელი?

- აი პატარა ბიჭი, ფოთის ფაშამ რომ გიფეშქაშა, ხვიჩა რომ ჰქვიან.

- რის ხვიჩა! - გაჯავრდა ეფენდი, - მე ხომ მაგას მახმუტი დავარქვი, მახმუტი დაუძახე. განა კიდევ ტირის?.. მიფეშქაშა!.. ისე ამდგარა დილა ადრიან ფოთის ფაშის გვერდები, რაც მე იმან რამე მიფეშქაშოს! კარგი ფეშქაშია, შენ არ მომიკვდე... იმის ფასად, რაც მე მაგას საჩუქრები მივართვი, ხუთ ტყვეს ვიყიდიდი... რა მინდაო, ბიჭო, რა ატირებს?

- თავს იკლავს, რატომ ზაიდოლას დედაკაცს არ გამაყოლეთო.

- ვა, გაგიჟდა? ხუმრობს თუ! ერთი მაგ ლაწირაკს უყურე და! ბიჭო, ხომ არ შიან?

- თავზე საყრელს ვაძლევ, ეფენდი, მაგრამ დღეს პურისთვის ზედაც არ შეუხედავს. გემიდან გამოსვლისას, შენც კი უყურებდი, ეფენდი, კინაღამ ზღვაში გადიჩეხა. ამსიმსხო კაცმა ძლივ-ძლივობით დავიმაგრე. ისე ღონივრად გამწია მაგ სარივით წვრილმა ბიჭმა, რომ ჯაფარა არ მომშველებოდა, ორთავენი ტყლაშუნს მოვადენდით წყალში.

- ჰა, შეჩვენებული! ეგ სულ მაგ ზაიდოლას გაღიზიანებულია. მაგის ოინებს ეშმაკიც ვერ გაუგებს თავბოლოსა. არ გამიკვირდა? ჯერ კიდევ გზაშივე ჩამაცივდა, ბიჭი მომყიდეო. არ ვყიდი-მეთქი. ორ დიდრონ ტყვეს მოგცემო, კაცო, თავი დამანებე-მეთქი. ის მასწავლის, რომელ ტყვეს რა ფასი აქვს?

- მართლაც და, იმ ზაიდოლას ტყვე დედაკაცს ძლიერ შეეჩვია ბიჭი. გემზე სულ მასთან იყო. ერთმანეთს რომ დავაშორეთ, ის ქალიც საშინლად ატირდა, თითქოს საკუთარ შვილს აშორებენო.

- ეხ! რაღა დროის მაგისთანებია! დალოცვილები, მაგათი გულის ასაყოლად ვის-ღა სცალია... მაშ, დღეს პური არ უჭამია? ეს სასიამოვნო ამბავი ვერ მითხარი სწორედ... სახეზედაც ძლიერ გამხდარი იქნება.

- არც ისე, მაგრამ...

- სალამ-ალეიქ, სალამ-ალეიქ ჩემს ალი-უსუფს! როგორა ხარ? მე და შენ ხომ მუდამ უნდა ვიცხოვროთ, - გაისმა ჰუსეიმ-აღას ხმა, - რა ცოტა ტყვეები ჩამოგიყვანია, ეფენდი, გურჯისტანიდან. რა ამბავია? შარშანწინ, მახსოვს, ამ მოედანზე არ ეტეოდნენ და წრეულს საგანგებოდ უნდა ეძებო, რომ შეამჩნიო.

- ეხ, აღაჯან! გურჯისტანში არ მიდის საქმე კარგად, იღვიძებენ, მგონია, გიაურები. რაც ჩამოგვიყვანია, ისიც დიდის წვალებით, რჯულის მადლმა. მთელ დასავლეთ გურჯისტანში ახლა ერთი კავშირია იმერთა მეფის სოლომონის მეთაურობით. შეიტყობდით, რა სირცხვილი აჭამა მაგ ურჯულომ მაჰმადის სახელს, რა საშინლად დაამარცხა მართლმორწმუნეთა მხედრობა... ისე გაძლიერდა, რომ ყველა მთავრები, ბეგები, თუ აღები მის სახელის გაგონებაზე კანკალებენ... ტყვეთა გამყიდველებს სასტიკად სდევნის, მოურიდებლად თვალებსა სთხრის...

- სამწუხარო, ძლიერ სამწუხაროა, ფადი-შაჰის დღეგრძელობამ, - დარბაისლურად სთქვა ჰუსეინ-აღამ.

- ლამაზი ქალები ხომ თავის წონა ოქრო გახდა, - განაგრძო ეფენდი-ალიმ.

- ეჰ, მაგ ლამაზი ქალების დავიდარაბას კარგა ხანია თავი დავანებე, ჩემო ეფენდი. ზარალია, სწორედ ზარალი მათი ყიდვა-გაყიდვა. დღეს შეჰხედავ, ლამაზია, ლოყა ბროწეულის მარცვალივით უღუის, ახალ გაშლილ ვარდს ჰგავს, ხვალ შეხედავ, მომაკვდავს დამსგავსებია... ზარალია, ზარალი... მე ახლა ქალების დავიდარაბის თავი არა მაქვს... ეხ, ეფენდი, ხათრი, ჯანიც არ არის საიმისო. ყოველ საქმეს თავისი დრო ჰქონია... გული მოდრკა, მოდუნდა, სიბერე შემეპარა... მე ახლა, ჩემო ალი-უსუფ, მიწის მუშები მინდა და, თუ რიგიანი ვიშოვნე, მეომრები... სამწუხაროა, ალლაჰს ვფიცავ, გურჯისტანში ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე ასე რომ შეფერხებულა. წინათაც მქონდა იქაური ამბები გაგონილი...

- რა ვქნათ, აღა, რაც არის, ის არის. ალლაჰის მადლით ცოტ-ცოტა მაინც გვყავს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც...

- ალლაჰის მადლით, ალლაჰის მადლით! - ამბობდა ჰუსეინ-აღა და ტყვეებს ათვალიერებდა. გაიარ-გამოიარა ტყვეებს შუა, გახედ-გამოხედა, ზოგი გასინჯა, ზოგს დაელაპარაკა, - კარგი, კარგი, ძლიერ კარგი, მაგრამ ძლიერ ცოტაა. ასეთი ქესატობა ჯერ მართლაც-და არ მინახავს, - აუჩქარებლივ ამბობდა ჰუსეინ-აღა და ოქროთი თავმოჭედილ ჯოხს მიწაზე ახაკუნებდა.

უეცრად მისი ყურადღება რაღაც ხმაურობამ მიიპყრო.

- გაჩუმდი! გაჩუმდი, შე კისერმოსატეხო, თორემ სულს გაგანთხევინებ! რა მიზეზიანი რამ ყოფილა ეგ ღორის შვილი! უჯავრდებოდა ვიღაც მტირალ ბავშვს.

ჰუსეინ-აღას გამოცდილ ყურებს ეს არ გამოეპარა.

- ეს ვინ ტირის იმ ფარდულში, ეფენდი-ალი? - დაეკითხა ჰუსეინ-აღა. - ის ტყვე ბიჭი იქნება.

- ჰა, კიდევ ტირის მაგ წყეული! - თავისთვის ჩაილაპარაკა ეფენდიმ, - ტყვე ბიჭია, დიახ, კისერმოსატეხი. ხომ მოგეხსენებათ მაგათი ჯინიანობა, აიტეხა რაღაც მიზეზი და არ ცხრება.

- შეიძლება ვნახო?

- აქ მოვაყვანინებ, აღა! აღმოსხით, აქ მოიყვა ეგ გიაურის შვილი. ჰა, კიდევ არ გაჩუმდა?

ბავშვი გამოიყვანეს.

ჰუსეინ-აღას ჭრელი ტანისამოსის და თოვლივით თეთრი დოლუბანდის დანახვაზე ბავშვი მართლაც გაჩუმდა.

- რისთვის ტირი, ბიჭუნია? ტირილი როგორ გეკადრება, - ტკბილად უთხრა აღამ და თავზე ხელი გადუსვა. ბავშვმა გაოცებით შეხედა. ოსმალოთგან ცემისა, გინებისა და ყვირილის გარდა, ასეთი ტკბილი სიტყვა ჯერ არ გაეგონა.

- გურჯია, არა?

- გურჯია. ფოთის ფაშისაგან საგანგებოდ ვიყიდე, - მიუგო ეფენდიმ.

- სახელი რა ჰქვიან?

- მახმუტ.

- მახმუტ? მახმუტ! კარგია, კარგი! - ამბობდა ჰუსეინ-აღა და თავზე ხელს უსვამდა. - ნეტავ რისთვის ტიროდა?

- მისი სისულელე! გზაზე ერთ ტყვე დედაკაცს გადაეკიდა, გინდათ თუ არა, იმას გამაყოლეთო. გიჟია ეგ ოხრის შვილი? ის დედაკაცი ჩოფურა ზაიდოლასი იყო. ჩამოვედი თუ არა გემიდან, ის დედაკაციც და მეორე ტყვეც იმ კაცმა ანდრიანოპოლელ ვაჭარს მიჰყიდა და მყიდველმა ნაყიდი ტყვეები, რა თქმა უნდა, თან წაასხა. ამანაც იმათკენ გაიწია, და, რომ არ გავუშვით, დაუღია პირი და ბღავის...

ჰუსეინ-აღა დაფიქრდა.

- კარგი, კარგი! - ჩუმად ჩაილაპარაკა მან. - ეხ, მახმუტ, მახმუტ! შენისთანა ბიჭს როგორ არ გრცხვენია, რომ ტირი. - აღამ აუჩქარებლად ხალათის ჯიბეში ხელი ჩაიყო, მუჭით ჩამიჩი ამოიღო და ბავშვს გაუწოდა.

ბავშვმა საჩქაროდ ორივე მუჭი ერთად გაუშვირა, ნაწილი ჩამიჩი უბეში ჩაიყარა და ჭამას შეუდგა.

ირგვლივ სიცილ-ხარხარი ასტყდა.

ჰუსეინ-აღამ ბავშვი გასინჯა - მკლავში ხელი მოუჭირა, პირი გაუღო და კბილებში შეხედა, შეანჯღრ-შემოანჯღრია და სახეზე კმაყოფილების ღიმმა გადაურბინა.

-კაი აგებულობის ბიჭია! წმინდა სამამელუკოა, - უთხრა ეფენდი-ალიმ.

ჰუსეინ-აღამ ცბიერად შეჰხედა და ტუჩები ჩაიკვნიტა.

- საგანგებოდ მომიყვანია სალეკ ეფენდისათვის. საცაა, ალბათ, ისიც გამოჩნდება, - დინჯად ამბობდა ეფენდი-ალი.

ჰუსეინ-აღამ ორაზროვნად გადახედა, თითქოს ეუბნებაო: ხომ იცი, შვილო, ორთავენი ვაჭრობის ძაღლები ვართ, ჩვენ შორის მაინც ტყუილი რაღა საჭიროაო.

- კეთილი, კეთილი, ეფენდი! - დინჯად მიუგო მან და ბავშვი ხელახლა უფრო დაკვირვებით გასინჯა. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა.

- შენ, პაწიავ, ჭიდაობა იცი? - ტკბილად მიუბრუნდა ჰუსეინ-აღა.

ბავშვმა ვერ გაიგო შეკითხვა. სხვებმა გააგებინეს. მაშინ ბავშვმა საჰოიოდ თავი დააქნია.

- კარგი. მაშ, ეფენდი, მოდი, დავჭიდოთ ვისმე.

- რას დავეძებ, - მიუგო ეფენდი-ალიმ. - ვის დავჭიდოთ? ტყვეთაგანს?

- არა, არა, ქუჩის ბიჭს... აბა, გაიქეცით, მომგვარეთ ვინმე, - სთქვა აღამ.

მეთვალყურენი აქეთ-იქით ეცნენ და ცოტა ხნის შემდეგ თორმეტ-ცამეტი წლის ოსმალო ბიჭი მოიყვანეს.

- ეს შესაფერი არაა! - ითაკილა ეფენდი-ალიმ. - ეს ხომ დიდია.

- მახმუტ, დაეჭიდები მაგას? - დაეკითხა ჰუსეინ-აღა.

ბავშვმა გაუღიმა და თავი დაუქნია. ეს მისი თითქმის პირველი ღიმილი იყო იმ უბედური ღამის შემდეგ.

- შენ თუ მაგას დასცემ, აი შენი საჩუქარი, - შეაგულიანა აღამ და ჯიბიდან ვერცხლის ფული ამოიღო.

ოსმალოს ბიჭი თუმცა სიმაღლით არა სჭარბობდა, მაგრამ თვალსაჩინოდ უფრო ხნიერი და მსხვილიც იყო.

ოსმალომ მედიდურად გადახედა ტყვე ბიჭს და დაუბღვირა. ტყვეც თავისი მიმინოსებური თვალებით დააჩერდა.

- ჰა, დავჭიდოთ? - წახალისდა მოხუცი აღა...

- თანასწორი ძალა არაა, ჰუსეინ, - ჭოჭმანობდა ალი-უსუფი, - სად ეს თითისტოლა ბიჭი, ზღვაში მოგზაურობით გალახული, და სად ეს ჭაბუკი, ჩამრგვალებულ-ჩასუქებული.

- ბიჭი თანახმაა. ალბათ, თავის იმედი აქვს, ჰა? გაბედე! - აძალებდა ჰუსეინ-აღა.

ეფენდი-ალი დასთანხმდა.

მეტოქენი ერთმანეთს დაეტაკნენ. ოსმალომ სტაცა ხელი მახმუტს და თავისუფლად ზეით ისროლა. ყველას ეგონა, ეს არის ძირს დაანარცხებს და დაამტვრევსო.

- მე ხომ ვსთქვი, ბარი-ბარი ჭიდაობა არაა! - უკმაყოფილობას უცხადებდა ეფენდი ალი-უსუფს.

მაგრამ ბავშვი, ყოველი მოლოდინის გარეშე, თუმცა წაბარბაცდა, მაგრამ არ დაეცა, თავი შეიმაგრა, საჩქაროდ გასწორდა და მოპირდაპირემ შემოხედვა ვერ მოასწრო, რომ გულდაგულ ეცა. ხელები ირგვლივ წელზე შემოჰხვია, მოსდო კაჭა და იმსიმსხო ბიჭი მიწაზე გააგორა.

შეიქმნა ერთი სიცილ-ხარხარი. ეფენდი-ალის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

- კარგი, კარგი! მე პირობას შევასრულებ, - ჩვეულებრივის აუჩქარებლობით წარმოსთქვა ჰუსეინ-აღამ და ბავშვს ფული გაუწოდა. - ახლა როგორ? დაეკითხა ეფენდი-ალის და რაღაცნაირად ტუჩები დაჭმუჭნა. ეფენდი-ალიმ მხრები აიჩეჩა და იმანაც ტუჩებით ანიშნა, თითქოს ეუბნებაო: ხომ ჰხედავ, რაც არის, რა საჭიროა მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ჩვენ ხომ ორივენი ერთ დარჯაკში ვართ ჩამოყალიბებულნი და რისთვის უნდა ვცადოთ ერთმანეთის მოტყუება, მაინც ხომ არა გამოვა რა.

- ხომ მოგახსენეთ, აღა, რაც დროება დადგა, დღითი დღე მატულობს საქონლის ფასი. სალეკ ეფენდიც...

- ზღაპრებს თავი დაანებე, ალლაჰი ნუ გაგიწყრება, - მოუჭრა ჰუსეინ-აღამ, - შენ ვაჭარი ხარ, მეც, აგერ საქონელი, აგერ ფული!

- სოვდაგარო, იცოდე, უკანასკნელია, - ჩუმად უთხრა ეფენდიმ და თითები უჩვენა.

- ალლაჰ? - რას ამბობ? - გაიკვირვა აღამ, - ამდენი ფულით მთელ რაზმს შევადგენ.

- ნება შენია. ქება მეტია. საქონელი ხომ თვალწინაა. ვიცი, ვისთვის გინდა. უკეთესი ძნელი მოსაძებნია.

- მართლადა, ეს რა მომივიდა, რომ ქუჩის ბიჭს დავჭიდე, - ფიქრობდა ჰუსეინ-აღა, - მაგრამ ესეც კარგია, დარწმუნებული მაინც ვარ საქონლის სიკარგეში.. ასი და ორასი ყურუში ჯანდაბას! - გულს იმაგრებდა აღა.

- ეფენდი-ალი! - მიმართა აღამ და თითები უჩვენა.

- ოო! ყოვლად შეუძლებელია. ჯერ გემის პატრონს რამდენი ფული მივეცი.

- გემით ის ერთი ხომ არ მოგყავდა?

- ყოველ შემთხვევაში...

- მაინც.

- ერთი ყურუში არ დააკლდება.

- ჰა, ესეც.

- რას ბრძანებთ, ჰუსეინ-აღა! მარტო ფოთის ფაშას ფარჩის ქსოვილი რომ ვუფეშქაშე, ორმოცდაათი მეჯიდიე მაინც ღირდა.

ჰუსეინ-აღამ ბავშვი ხელახლა გასინჯა. გაატარ-გამოატარა, ახტუნა, არბენინა...

- კარგია, კარგი! ჩინებული მამელუკი გამოვა! - ამბობდა გულში სოვდაგარი და ოქროთი თავმოჭედილ ჯოხს მიწაზე სცემდა. მერე ჰუსეინ-აღამ განზე გაიხმო, მთელი ქისა ოქროები გადასცა და ბავშვი თან წაიყვანა. ბავშვი სიხარულით გაჰყვა.

პუსეინ-აღამ სხვა ტყვეებიც ბევრი იყიდა, გემი დაიქირავა და ორი დღის შიგნით ეგვიპტისკენ გზას გაუდგა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველ საღამოს სადილზე შეკარით „მადლიერების წრე“

რიგრიგობით ისაუბრეთ სხვადასხვა ადამიანებზე, რომლებიც გულუხვნი და კეთილგანწყობილნი იყვნენ თითოეული თქვენგანის მიმართ იმ დღეს. თან, ამ „წრეს“ თქვენვე მოუფიქრეთ სახელი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024