kids.ge logo

გომბორელა

ფავორიტებში დამატება

I. საზაფხულო ბანაკში წასვლა

 --დედა მე ყველაფერი ჩავალაგე!--მხიარულად დატრილდა ოთახის შუაგულში,  ყავისფერ, ლამაზად ამოქარგულ და მორთულ ხალიჩაზე, ათიოდე წლის გოგონა და თავის წაბლისფერი თმები მხრებზე გადმოიყარა:--მაგრამ რომ იცოდე რამდენ რამეს მოვუყარე თავი.. აბა შეხედე, განა ძალიან არ გაიბერა ჩემი ჩემოდანი?

    დედას გაეღიმა და  ყოველ კუნჭულამდე გადავსებული ჩემოდანი,  მძიმედ გაასრიალა მისაღებ ოთახში:--ჰო მართლაც რომ მძიმეა, იმედია ბორბლები მიგყვება ბანაკამდე.

--კი დედიკო, თანაც ყველაფერი საჭიროა, ერთი ნივთით ზედმეტიც კი არ ჩავდე არაფერი.

  დედას ისევ გაეღიმა და  სკამზე ჩამოჯდა :-- ლილე, მოდი ჩემთან!

--ჰო დედიკო!

--ხომ იცი ყველაზე მთავარი რა არის?

--რა?--დიდრონი და წაბლისფერი თვალები, ცნობისმოყვარეობით შეანათა გოგონამ დედას და სმენად იქცა.

--ამ ჩემოდანში მოთავსებულ ყველა კაბასა  და ნივთზე მნიშვნელოვანი, შენი კეთილი გული და სურვილებია ჩემო გოგონა, რომელიც თან უნდა წაიღო ბანაკში, ეს ორი რამ ყველაზე მეტად დაგჭირდება, რადგან...

--რადგან მე სიკეთის ბანაკში მივდივარ და იქ სიკეთე უნდა ვაკეთო.

--დიახ ჩემო ლამაზო!--აბზეკილ და პაწაწინა ცხვირზე, თითით მიეალერსა დედა და დაუმატა:--და სიკეთეს რა ფერის შორტით ან  მაისურით გააკეთებ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხომ იცი?.

--მართალი ხარ დედი!--კიდევ ერთხელ შეჰღიმა ნაღვლიან ქალს პატარა გოგონამ და ეზოდან  სიგნალის ხმაც მოესმათ.

--ძალიან მომენატრები!--ძლიერად მოხვია  კისერზე ხელები  დედას.

 ქალმა კი  ლოყები დაუკოცნა:--მეც ჩემო პრინცესა, ძალიან...

    ბავშვებით სავსე ავტობუსი, უკვე მოსდგომოდა მისი სახლის კარს და მძღოლი მოუთმენლად და  გულის გამაწვრილებლად ასიგნალებდა. მასაც ვერ გაემტყუნება, წინ ხომ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი კახეთისკენ, სადაც ულამაზეს ბუნებასა და მთებში ჩაფლული, მისი საოცნებო ბანაკი ელოდათ, ბანაკი სახელად   ,,გომბორელა“, რომელიც სხვა საზაფხულო ბანაკებისგან გამოირჩეოდა გარს შემორტყმული ულამაზესი ბუნებითა და მისი არსებობის ხანგრძლივობით, რადგან საქართველოში არ მოიძებნებოდა სხვა ბანაკი კიდევ, რომელიც მასზე უფრო ადრე დაასრსებულიყო და იმდენი მოსწავლე  აღეზარდა და გაეცილებინა თავის კედლებიდან, როგორც ეს გომბორელას შემთხვევაში იყო.

    იმასაც ამბობდნენ, რომ ბანაკის დირექტორი მეტად უცნაური კაციაო,  ერთი შეხედვითვე რომ მოგაგონებდათ ზღაპარში ნაპოვნ ჯადოქარს, ოღონდ ვერ მიხვდეობოდით ეს ჯადოქარი  კეთილი იყო  თუ ბოროტი?  მაგრამ განა კეთილი ჯადოქრები არსებობენ?

   აქ მოხვედრაც არ იყო ადვილი, რადგან მსურველი ბევრი ბავშვი გახლდათ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდული  და როდესაც  გაგზავნილ საბუთებზე პასუხი დადებითი მოვიდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა  ლილე,  რომ იღბლიანი იყო.  იღბლიანად კი საკუთარ თავს იმისთვის თვლიდა, რომ მას მსოფლიოში ყველაზე საყვარელი მშობლები ჰყავდა, ბანაკში გაშვებაზეც რომ დიდი  ფიქრის გარეშე დათანხმდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მას თავი კარგად ეგრძნო და აესრულებინა დიდი ხნის ოცნება.

     ბანაკში გამგზავრება? დიახ, ეს იყო  მისი სანუკვარი ოცნება და რაც მთავარია, ეს მის ცხოვრებაში ხდებოდა პირველად. დედის გარეშე და თანაც ასე შორს, პირველად მიდიდოდა ქალაქგარეთ მთელი გრძელი ორი თვით, წინ ივლისი და აგვისტო ელოდა, თავგადასავლებითა და მხიარულებით სავსე ზაფხული.

    ხუმრობა ხომ არ არის? მას ენდნენ, არჩევანი მოუწონეს და მისგან კეთილ საქმეების კეთებასა  და სიკეთის შესწავლას მოელიან, იმედი არ უნდა გაუცრუოს უფროსებს, პირველ რიგში კი დედას, რომელიც მისი აზრით -- სიკეთის ცოცხალი მაგალითია დედამიწაზე. 

    თავდაპირველად ისიც, როგორც ყველა ბავშვი ფიქრობდა რომ სიკეთეს შესწავლა არ სჭირდება, რადგან ყველა კეთილი სურვილი და საქმე გულიდან უნდა მოდიოდეს, ესე იგი ამისთვის საკმარისია კეთილი გული, თუმცა შემდეგ ამ ბანაკის არსსაც მიხვდა, -- იმისათვის რომ იყო უფრო  მეტად სასარგებლო საზოგადოებისათვის, ამ სიკეთის კეთების გზები და ხერხებიც უნდა ისწავლო, აბა დაფიქრდი! რამდენი გზა შეიძლება არსებობდეს ადამიანთა გასაბედნიერებლად? რა თქმა უნდა ბევრი.

      შემდეგ, სკოლის დერეფანში მოჩურჩულე გოგონების საუბარსაც მოჰკრა ყური, რომლებიც საიდუმლოდ  ეუბნებოდნენ ერთმანეთს, თუ რაოდენ ბევრი   წიგნი ინახებოდა ბანაკის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში სიკეთის ხელოვნებაზე  და ეს წიგნები, არც თუ ისე პატარანი ყოფილან... ეს კი უკვე საინტერესო  ჩანდა,  თანაც ძალიან საინტერესო!

    ასე ფიქრებში და ახალ  მოსალოდნელ აღმოჩენებში გართული გოგონა,  თვალს არ აშორებდა სარკმლის იქით გადაშლილ მშვენიერ ბუნებას, რომელიც მწვანედ ხასხასებდა ირგვლივ და ტკბებოდა ცქერით.  ძალიან გაუმართლა, რომ ადგილი ფანჯარასთან შეხვდა, აბა მთელი გზა როგორ გაეყვანა დრო, მგზავრებიდანაც ჯერ ხომ არავის იცნობდა?

   მართალი უთქვამს დედას:--კახეთი ულამაზესი ადგილიაო.  ამაში თავადაც დარწმუნდა, ეს გრძელი და ნაცრისფერი გზა, გარშემო შემორტყმული ფართოფოთლოვანი ტყეებით, სულ ზევით და ზევით მიიწევდა, ხან  მაღალი ხეებით იბურებოდა და ხანაც კიდევ მზის გულზე მიეშურებოდა.

--მე ანი მქვია!--ფიქრებიდან ანცმა და მხიარულმა ხმამ გამოაფხიზლა მალევე.

     გვერდით მოიხედა. ოქროსფერთმიანი და ორი კიკინით თავდამშვენებული გოგონა უღიმოდა ძალიან კეთილად, თავისი ცისფერი თვალებით.

--მე კი ლილე.

--გავიცნოთ?

--რატომაც არა?--გამოწვდილ ხელს სიხარულით შეაგება ხელი გოგონამ და ამჯერად უფრო გულისყურით დააკვირდა გვერდიმ მჯდომის სახეს, ბოლოს კი ჭკვიანური მზერით  ჩაეკითხა:--გინდა გამოვიცნო შენ რომელ ბანაკში მიდიხარ?

--საინტერესოა...--თავი მოიწონა ანიმ და ცნობისწადილმა სძლია.

--არ  უნდა ბევრი ფიქრი, სიყვარულის ბანაკში ხომ?

    გოგონამ ცხვირი შეჭმუხნა ღიმილით და რადგანაც მეგზური ვინაობას ვერ მიუხვდა, მშვიდი ხმით აუწყა:--მე სიკეთის ბანაკის წევრი ვარ!

--მიხარია, მიხარია! მეც სიკეთესთან  მიმეჩქარება!--აღტაცებული გადაეხვია ლილე ახლად შეძენილ მეგობარს და გული სიხარულისგან აუჩქარდა.

    სიკეთის კეთების სიყვარული კი მას შემდეგ გაუძლიერდა ლილეს,  რაც ყვავილების გარჩევა და ცნობა ისწავლა. მას  ხშირად ასეირნებდა ხოლმე დედა ზაფხულობით მინდორში, თავისი სოფლის სახლის ახლოს რომ გადაშლილიყო. ყვავილების სახელების დასახელება გოგონას არა მარტო შეხედვით, უკვე ყნოსვითაც შეეძლო ხოლმე, იმდენად გაიწაფა.  შემდეგ ეზოს ძაღლებზე გადავიდა და უპირველეს მოვალეობად აქცია, ყოველ დილით მათი გამოკვება. მართალია ეს უკვე იაფი არ ღირდა , მაგრამ მასსავით კეთილი დედა, ენთუზიაზმში ჰყვებოდა და ყოველ დილით, საწერ  მაგიდაზე ხვდებოდა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ პური და ძაღლის საკვები ეყიდა.

    როდესაც მეოთხე კლასში გადავიდა, მისი სურვილებიც და კეთილი საქმეების კეთების მეთოდებიც შეიცვალა. ერთ დღეს კი შესანიშნავი იდეა მოუვიდა პატარა და ლამაზ თავში, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა და ამიტომაც დაიკარგა  მთელი დღის განმავლობაში სახლიდან, ისე რომ არავინ იცოდა სად იყო და იმაზე ფიქრი, რომ მშობლები ძალიან ინერვიულებდნენ, სულაც არ გახსენებია, რადგან საღამოთი როცა უკვე ბინდდებოდა, მათი უბნის კათარზისში მიაგნეს, სადაც თურმე მთელი დღის განმავლობაში, ჯერ მზარეულს ეხმარებოდა კერძების დარიგებასა და განაწილებაში, შემდეგ კი როცა მოხუცები დანაყრებულან, მათთვის უმღერია კიდეც. უამრავი ტაში და სიყვარული წამოიღო იმ დღეს მოხუცებიდან და დრო გამოშვებით, უკვე მშობლებთან შეთანხმებით  მიდიოდა ხოლმე  მათთან და სიხარულით იღებდა მონაწილეობას მთელს ამ რიტუალში.

   ამ ზაფხულს კი როცა სურვილი გამოთქვა საზაფხულო ბაბნაკში რეგისტრაციაზე, მშობლებს ბევრი აქრც უფიქრიათ და ყოყმანის გარეშე  გამოუშვეს თავიანთი თავდაჯერებული და კეთილი გოგონა ,,გომბორელაში.“

    ანი, ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. ამ გრძელი გზის მანძილზე, მათ უკვე კარგად მოასწრეს ერთმანეთის გაცნობა და როდესაც ,,გომბორელას“ მიუახლოვდნენ, თავს  უკვე საუკეთესო  მეგობრებადაც კი  თვლიდნენ, რაც არც თუ ისე ცუდი იყო პირველი დღისთვის.

     ავტობუსის დატოვებისთანავე, პირველი რაც თვალში მოხვდათ,  ეს იყო მწვანე, ერთ სართულიანი გრძელი შენობები, სამი ერთნაირი და ერთი ზომის, სხვადასხვა ადგილას და ერთმანეთისგან მოშორებით განლაგებულნი.

   პირველი, შესასვლელთან ახლოს-- თავს იწონებდა სიყვარულის ბანაკი, კარიბჭის თავზე დიდი წითელი ასოებით რომ დაეწერათ თეთრ ბანერზე - სიყვარულის ბანაკი. ასოების თავზე ცისფერი პეპლები მიეხატა მხატვრის მარჯვე ხელს და უფრო შთამბეჭდავი გაეხადა თავის ნამუშევარი.

    სიყვარულის ბანაკი, როგორც აღმოჩნდა ძირითადად გოგონებისაგან შედგებოდა და მხოლოდ ერთი ბიჭი გამორეოდათ რიგებში. ყველა მათგანი ერთმანეთისგან მხოლოდ გარეგნობით განსხვავდებოდა, თორემ მოძრაობა, სიტყვა-პასუხი და მზერაც კი ერთნაირი ჰქონდათ. 

  ლილეს მოეჩვენა, რომ ისინი კი არ დადიოდნენ, იმდენად ჰაეროვანნი იყვნენ რომ დაფარფატებდნენ, მიხვრა-მოხვრაც კი ნაზი და კეთილშობილური ჰქონდათ, აი ზუსტად ისეთი, პატარა ქალბატონებს რომ შეეფერებათ და ყველას და ყველაფერს გასაოცარი სიყვარულით უმზერდნენ.

    შემდეგ მოდიოდა ,, გმირობის ბანაკი“ და რაღა გასაკვირია, რომ მისი წევრების სრული უმრავლესობა ბიჭებისგან შედგებოდა, ყველა ამაყი და თავდაჯერებული ნაბიჯით რომ გაემართა თავიანთი ადგილსამყოფელისკენ და სულ ბოლოს, ჩამორჩენილი იხვის ჭუჭულივით აედევნათ ერთი გოგონა, დიახ! ისიც მათი წევრი იყო, გზა არ შეშლია, რადგან ამ ცოცხალ მზერიან და მოაუსვენარ გოგონასაც გმირობის შესწავლა გადაეწყვიტა.

     და ყველაზე ბოლოს, ეზოს განაპირას მოჩანდა მათი ბანაკი, თეთრ ბანერზე ლურჯად დაწერილი დიდი ასოებით ,,სიკეთის ბანაკი“, რომლის ორივე  საპირისპირო მხარეს,  ზევით აღმართული ხელები ეხატა, რაც სიმბოლურად ბავშვების თვალში-- სიკეთეს გამოხატავდა.

--რა ლამაზია!--აღმოხდა ანის და მხარი გაჰკრა გვედით მდგარ მეგობარს გამოფხიზლების ნიშნად, რადგან შეამჩნია რომ ლილე  გაშტერებული თვალებით მისჩერებოდა ყველაფერს.

--აქ გაკვეთილები ჩაგიტარდებათ გაკვეთილები საყვარელო სტუმრებო!--ყვითელი შენობისკენ გაახედა ბავშვები, ეზოში ახლად შემოსულმა ქალმა:--დამიჯერეთ, ბევრ საინტერესო რამეს ისწავლით ამ კედლებში.

--არ უნდა იყოს ცუდი ქალი!--მხრები აიჩეჩა დაეჭვებით ლილემ და პასუხის დასტურად მეგობარს გადახედა.

--მეც ასე ვფიქრობ, თვალები კეთილი აქვს, მაგრამ აი ეს თმები...  ასე მოკლედ და წითლად შეღებილი, ცოტა არ იყოს მეუცნაურება.--ეჭვიანი ვარაუდი გამოთქვა ანიმ.

--კარგი რა, ახლა ხომ ბევრი ატარებს ასეთ ვარცხნილობას?

--კი მაგრამ, ის ხომ ყველას არ უნდა გავდეს?

--ვითომ რატომ?--თეძოებზე ხელები შემოიწყო ლილემ გაკვირვების გამოსახატად.

--იმიტომ რომ მან სიკეთის საფუძვლები უნდა გვასწავლოს.

--მერე რა, განა ასეთი ვარცხნილობით ვერ შესძლებს ამას?

--შეძლებს, ალბათ შეძლებს!--ჩაილაპარაკა ანიმ ხმადაბლა და მზერა ისევ კურატორს მიაპყრო.

--აი ეს კი თქვენი სასადილო იქნება!--ხელი საპირისპირო მხარეს მდგარ, მაღალ ლურჯ შენობისკენ გაიშვირა  იმ წითლად შეღებილმა ქალმა და ღიმილით დაუმატა:--თქვენ აქ ყველა ერთდროულად შეიკრიბებით დღეში სამჯერ და უგემრიელეს კერძებს თუ ტკბილეულს მიირთმევთ.

--დედამ მითხრა რომ ბევრი ტკბილეული არ შეიძლება!--ძალიან ნაზი და წვრილი ბგერები გაისმა სიყვარულის ბანაკთა რიგებიდან.

  ყველამ მისკენ გაიხედა, აქა-იქ სიცილის ხმაც გაისმა.

  გოგონას შერცხვა და თავი დახარა.

--რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იქნება!--ღიმილით კვერი დაუკრა დამხვედრმა  და უფრო ხმამაღალი ტონით დაუმატა:--მე კი თქვენი კურატორი ვიქნები!--მიუბრუნდა ღიმილით გმირების ბანაკს! თათული მქვია, დანარჩენი კურატორებიც მალე შემოგვიერთდებიან!

--ხომ გითხარი!--გაებღინძა ანი მეგობარს:--გმირობის საფუძვლებს გასწავლითო.

--ჰო გამოიცანი, რაღა დაგიმალო და სიკეთის ხელოვნებას უფრო სხვანაირი გარეგნობა შეეფერება...--კვერი დაუკრა ჩაფიქრებით ლილემაც.

 --მაინც როგორი?

--ფუმფულა, წითელი ლოყებით! --მხიარულად მიუგო ლილემ და გოგონებმა გულიანად გადაიკისკისეს.

--გოგონებო რამე სასაცილო ვთქვი?--მათი მიმართულებით გამოიხედა კურატორმა.

--არა, ბოდიშით მასწავლებელო, ჩვენ..--ამოიკნავლა დამნაშავესავით ანიმ, თუმცა კურატორმა აღარ   დაასრულებინა ნათქვამი და განაგრძო:

 --გასაგებია... ახლა კი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სამოთხეში ბავშვებო,  გპირდებით რომ ამ  ორი თვის განმავლობაში, თქვენ ძალიან ბევრ საინეტერესო სიახლეს გაეცნობით და შეისწავლით,  აქ გატარებული დრო, ყოველთვის ღიმილით გაგახსენდებათ და აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება! ახლა კი ყველამ თქვენს ბანაკს მიაშურეთ და იმ ოთახში დაბინავდით, რა ნომერიც დარიგებულ ფურცლებზე წერია, წარმატებებს გისურვებთ!

--ღმერთო ჩემო, რა უცნაური შენობაა არა?--ტუჩები აიბზუა ლილემ და ანის გახედა, რომელიც აღფრთოვანებული ათვალიერებდა უკვე ბანაკის შიდა მხარეს.

--არა, მშვენიერი ადგილია!

--მე კი მეშინია და არ მომწონს ეს მწვანე კედლები!--მხრები აიჩეჩა ლილემ.

--მაინც რატომ? აბა ნახე რამდენი და რა ლამაზი ცხოველებით არის მოხატული აქაურობა.

--სწორედ ამიტომ, მე მეშინია ცხოველების.

--კარგი რა, როგორ შეიძლება ამ საყვარელი ცუგასი გეშინოდეს?--საჩვენებელი თითი, თეთრ ფუმფულა ძაღლისკენ გაიშვირა ანიმ და ლილეს გამომცდელი მზერა მოავლო.

--მერე აქ მხოლოდ ერთი ძაღლია, დანარჩენს დააკვირდი, ვეფხვები, ავაზა, სპილო, ლომი და დინოზავრიც კიი...

--შენ ალაბათ სკოლის კედლები უფრო გირჩევნია!--დამცინაცად ჩაილაპარა ანიმ და დაწინაურდა ოთახისკენ, სადაც უნდა მოესვენათ მგზავრობისაგან დაღლილებს.

--დედა მომენატრა!--ამოისლუკუნა მათ უკან მომავალმა ციცქნა და სიფრიფანა გოგონამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩუმად მოჰყვებოდა მეგობრებს და მათი საუბრის არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვია.

--რას ამბობ?--გადაიკისკისა მხიარულად ანიმ და მისკენ შემობრუნდა:--აქ ყველა დიდი გოგონები ვართ, ტირილი არ გაბედო!

  ბავშვი უფრო მოიბუზა.

--როგორც ჩანს, შენც ჩვენი ოთახის მეგობარი ხარ,  მაჩვენე შენი ბარათი!--ლილემ  ღიმილით ჩამოართვა ფურცელი ბავშვს და ისიც შეამჩნია თუ როგორ ცახცახებდა იგი.

--საბრალო, შენ მგონი მართლა გეშინია!--მზრუნველი კილოთი მხარზე ხელი მოუტყაპუნა მას   და დაუმატა:--შენც ჩვენი მეგობარი იყავი.

    ამასობაში ანიმ კარიც გააღო და ფეხის წვერებზე ტრიალით შევიდა ოთახში.

--აი აქ მე დავიძინებ!--სარკმელთან ახლოს მდგარ საწოლისკენ გაემართა იგი.

     წინაამღდეგიც არავინ იყო.

--სახელიც არ გითქვამს!--დიდი ნახატის ქვეშ მოთავსებულ საწოლს მიუახლოვდა  ლილე და დაღლილი სახით ჩამოჯდა.

--მე ლიზი მქვია.--უფრო დამშვიდებული ტონით მიუგო გოგონას ახალმა მეგობარმა და როგორც იქნა სახეზე ღიმილი დაეფინა.

    ცხადი იყო, რომ ამ წუთებიდან ისიც  კარგად გრძნობდა თავს ამ ახალ გარემოში, რომელსაც ასე უეცრად დაეუფლა და შეესია მთელი იქ მყოფი ბავშვთა საზოგადოება, რომელთა რაოდენობაც როცხვებში არც თუ ისე ცოტა იყო.

     სამივე ბანაკი  ცალ-ცალკე შედგებოდა ოცი ბავშვისგან და ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი სურვილი, კარგად შეესწავლათ ის საქმე, რომლის გულისთვისაც ამხელა მანძილზე წამოსულიყვნენ და სახლში დაბრუნებულიყვნენ ამაყები, უფრო ძლიერები და რაც მთავარია, გასაოცარი თავგადასავლებით.

     ზაფხული ხომ წელიწადის ის დროა, როცა მოზარდს ყველაზე მეტი თავისუფალი დრო აქვს და როდესაც იგი ცდილობს გაიცნოს გარე სამყარო, ბუნება, ეზიაროს ახალ შთაბეჭდილებებს და შეიძინოს ახალი მეგობრები. ყოველი ახალი მეგობარი ხომ სულ სხვა და უცხო გამოცდილებაა, რადგან მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად იზრდებიან და შენც  მათი მეშვეობით ყალიბდები როგორც პიროვნება. გასაოცარია და სწორედ მათი დახმარებით შეგიძლია ადამიანმა საკუთარ თავში აღმოაჩინო ახლა- ახალი თვისებები, შეიძლება ზოგი კარგიც იყოს, ზოგი კი ცუდიც, რომლის გამოსწორებაშიც ისევ კარგი მეგობრები დაგეხმარებიან.

     შუადღის სამი საათი სრულდებოდა, როდესაც ჩიტების  ჭიკ-ჭიკის მსგავსი ზარი დაირეკა.

    მისი ხმა იყო სასიამოვნო და შორეული.

    კურატორის ხმაც გაისმა:--სასადილო ოთახში გელოდებით ბავშვებო!

   ალბათ რუპორში აცხადებდა, რადგან მისი ბოხი ბარიტონი ძალიან  ჭექდა.

    რამოდენიმე წუთში, უკვე ყველას მოეყარა თავი უზარმაზარ დარბაზში, სადაც ყველაფერი თეთრ ფერში ქათქათებდა და სისუფთავისაგან ბრწყინავდა.

  --რა სილამაზეა!--საკუთარ სკამზე არხეინად მოკალათდა ლილე და გარშემო ცნობისმოყვარე მზერა მოავლო.

   დარბაზში მალევე შემოვიდნენ კაბების შრიალით, სიყვარულის ბანაკის წარმომადგენლები. როგორც უკვე გითხარით, ისინი ისეთი ჰაეროვანნი და ნაზები გახლდნენ, შეგეშინდებოდათ მათთან მიახლოება და ხელით შეხება, რომ უეცრად ფაიფურის თოჯინებივით არ დამსხვრეულიყვნენ. თითქოს ეს სინარნარე საკუთარი სხეულების, მათაც კარგად იცოდნენ და ისეთი ამაყი და ცხვირ აპრეხილი მზერა ჰქონდათ, დაბლა დახედვის უფლებასაც კი არ აძლევდნენ საკუთარ თავს, რომელზედაც  ვარდისფერი პეპლები წამოესკუპებინათ სამშვენისებად.

---არ გეჩვენება რომ ზედმეტად ამპარტავნები არიან?--ანიმ მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მშვიდად მჯდარ ლილეს.

--რატომ?

--აბა ნახე როგორ იყურებიან?

--ცდილობენ შთაბეჭდილება მოახდინონ.

--კარგი რა... სიყვარული ხომ ამპარტავნობას არ ნიშნავს.

--ლილე, დააცადე ბავშვებს და გაგეცნობიან ნელ- ნელა.

--ერთი ამას უყურე!-- საჭიროზე მეტად ხმამაღლა მოუვიდა გადაკისკისება ლილეს და თვალით გოგონების უკან მომავალ ბიჭზე მიუთითა, ბიჭი სხარტად მიიწევდა წინ და ცდილობდა ამ ანგელოზის მაგვარ არსებებს არ ჩამორჩენოდა:--ისიც სიყვარულს სწავლობს?

--რატომაც არა!--მხრები აიჩეჩა ანიმ.

--ლიზი, მგონი თქვენ კარგად გაუგებთ ერთმანეთს!--ახლა მათ წინ ჩუმად მჯდარ გოგონას გადასწვდა ლილე, მაგრამ მისი პასუხი აღარ გაუგონია, რადგან დარბაზში ამჯერად  გმირების ბანაკი შემოდიოდა.

     აი ახლა უნდა გენახათ მათი თავდაჯერებული და მკაცრი ნაბიჯები, ერთი პირობა ისიც კი იფიქრა ლილემ:--ისინი ხომ უკვე გმირებს  ჰგვანან, აბა შეხედეთ როგორი გამარჯვებულის მზერა აქვთ, აქ რაღა უნდა ისწავლონო? მაგრამ მერე გაახსენდა, რომ  გმირობა გამომეტყველებით კი არ გამოიხატებოდა, არამედ მათ მიერ ჩადენილი საქმეებით, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი სმენოდათ.

   სულ ბოლოს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მათი ასაკისვე გოგონა მოაბიჯებდა, დაკვირვებული სახითა და წელში ჯოხივით გამართული, მაგრამ  მას პეპელა კი არ უმშვენებდა თავს, არამედ ფერადი ბულბულები  გაერჭო ყურთან ახლოს, რაც მებრძოლთან ერთად -- მოხეტიალის იერსაც ჰმატებდა მის პატრონს. როგორც ჩანს, გოგონა თავგადასავლების და ფათერაკების მოყვარული გახლდათ და გარეგანი დეტალებითაც ცდილობდა ამის თქმას.

--აბა ბავშვებო! --მალე დარბაზში ცივად დაირხა კურატორის ხმა, არწივისებური გამომეტყველებით რომ ათვალიერებდა ბავშვებს ისე, თითქოს ამ ერთი წამის განმავლობაში ცდილობს, ყველა მათგანის სახის შეუცდომლად  დამახსოვრებასო.

--დღეს თქვენ პირველი სადილი გექნებათ ერთად, გემრიელად მირთმევამდე კი რამოდენიმე წესი უნდა გაგაცნოთ თუ აქ ბოლომდე დარჩენა გსურთ.

    რას ნიშნავს ბოლომდე? ყურები ცქვიტეს ბავშვებმა და ერთმანეთს გადახედეს კითხვით სავსე თვალებით. ნუთუ შესაძლებელია ამ მშვენიერი ადგილიდან ვინმე გააძევონ? ან რატომ? აახ, გასაგებია, წესები ახსენეს, ალბათ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ასე ისჯებიან მოსწავლეები. რა ცუდია.

--ეს წესები რა არის?--უკმაყოფილოდ ჩაიჩურჩულა ლილემ.

--არ მიყვარს წესები!--კვერი დაუკრა ანიმ.

--არც მე!--ძლივს ამოილუღლუღა ლიზიმ და მისი ხმა მალევე გადაფარა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კურატორის ხმამ, რომელიც თანდათან უფრო მკაცრი და მომთხოვნი ეჩვენებოდათ ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში ლილე ასე ფიქრობდა.

--დღეს ამ თვის პირველი შაბათია, ეს კი იმას ნიშნავს რომ სადილად გექნებათ ქათმის სალათთან ერთად ბრინჯის გარნირი, ვისაც ბრინჯი არ უყვარს შეუძლია ჩაანაცვლოს წიწიბურით და დესერტად დააყოლებთ ვაშლის ნამცხვარს, დამერწმუნეთ უგემრიელესია!--ამ სიტყვებზე შეთქმულივით ჩაიცინა კურატორმა თათულიმ და მზერა დარბაზის შესასვლელისკენ გადაიტანა, სადაც სულ ახლახანს გამოჩნდა მოხუცი, თეთრ გრძელ წვერში ჩაფლული ბერიკაცი, ხელში ჯოხით, ცხვირზე წამოსკუპებული სათვალითა და შავი ტანსაცმელით.

--წესებს კი ამ ბანაკის დირექტორი, ყველა ბავშვის საყვარელი ზაქარა გაგვაცნობს.

 --ანი აქ რაღაც ისე ვერ არის!--ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ლილემ და მასზე არანაკლებად გაოცებულ გოგონას გადახედა.

--რატომ?

--როგორ თუ რატომ? განა შეიძლება ეს კაცი ყველასათვის საყვარელი იყოს?

--რას ერჩი?--ისე იკითხა ანიმ, რომ ნამდვილად აინტერესებდა მეგობრის პასუხი მის ფიქრებსაც დაემთხვეოდა თუ არა.

--აბა შეხედე როგორი სახე აქვს?... რაღაცნაირი... ავი..

--და ბოროტი...--სიტყვა ჩამოართვა ლიზიმ გოგონას და უფრო მეტად მოიბუზა გაწუწული წიწილასავით.

--ჩემო პატარა მეგობრებო, მეც მოგესალმებით!--თეატრალური რევერანსით ჩაიმუხლა და ხელები ფართოდ გაშალა მოხუცმა კაცმა:--მიხარია თქვენი გაცნობა და უფრო მეტად მახარებს თქვეთან საუბარი! წესები კი ასეთია, პირველ რიგში ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, შევასრულთ კურატორის მითითებები, არ ვირბინოთ დერეფნებში უგზო-უკვლოდ...--მან ცოტა ხანს შეისვენა და ბავშვების სახეებს დააკვირდა დაჟინებით.

     პატარა სტუმრების მხიარული განწყობა, ნელ-ნელა ინტერესითა და შეშფოთებით იცვლებოდა, მან კი განაგრძო:-- პარასკევ დღეს, უნდა დავეხმაროთ მზარეულებს, სამზარეულოში პროდუქტისა და ჭურჭელის გარეცხვაში, სამშაბათ დღეს -- მრეცხავებს თეთრეულის მოწესრიგებაში, ოთხშაბათი იქნება ეზოს მოვლის დღე, დამიჯერეთ ეს საქმე ყველაზე მეტად მოგეწონებათ...

--და ჩვენი გმირობა როდის უნდა ვისწავლოთ?--მოულოდნელად სიტყვა გააწყვეტინა მას, მოშორებით მჯდარმა იმ ბუმბულებიანმა გოგონამ, რომელიც ერთადერთი იყო ბიჭების მთელ იმ ლეგიონში.

--ეს რომელი იყო?--თვალებზე ხელი მოიჩრდილა დირექტორმა ზაქარამ და და გასუსულ დარბაზს თვალი მოავლო.

--მე ვარ!--გულადი გამომეტყველებით ფეხზე წამოდგა გოგონა და  უნდა გენახათ ბავშვების გაოცება, როგორი შეშფოთებული თვალებით დაუწყეს ცქერა იმ გულად არსებას, რომელიც უკვე ამ ერთი პატარა საქციელის გამო, გმირად იქცა მათ თვალში და სულაც აღარ საჭიროებდა აქ სწავლას.

--და თქვენ რა გქვიათ პატარა ქალბატონო?

--მე ნიცა ვარ.

-- რა არ მოგეწონა ნიცა ჩემს ნათქვამში?--მასთან ნელ-ნელა მიახლოვება დაიწყო დირექტორმა და თან სათვალეს ისწორებდა მონდომებით მოღუნულ ცხვირზე.

--მაგალითად ის, რომ აქ მე საქმე უნდა ვაკეთო...

--რა არის ამაში ცუდი?

--მე აქ გმირობის შესასწავლად ჩამოვედი!--ამაყად გაიბღინძა ნიცა და გარშემო მიმოიხედა:--ეს საქმეები საერთოდაც არ მაინტერესებს.

--მდაა...--- თეთრი წვერი ჩაფიქრებით მოიფხანა ზაქარამ და დაკვირვებით დააშტერდა გულად პატარა ადამიანს:--გასაგებია... და ვინ ეთანხმება მას?

  დარბაზი გაისუსა.

--ახლავე მომახსენეთ, გელით!--ბრზმა იმატა დირექტორის ხმაში.

   დარბაზი ისევ დუმდა.

--როგორც ჩანს მომხრეები არ გყავს პატარა ქალბატონო! ახლა კი დაუბრუნდი შენს სკამს, აქ ურჩი ბავშვების ადგილი არ არის, დაგაკვირდებით ერთი კვირა!

   ნიცამ უკმაყოფილოდ დახარა თავი და ჩამოჯდა კუთვნილ სკამზე.

   ერთი კი ცხადია, ამ წუთებიდან იგი გახდა მთელ ბანაკში ყველაზე გულადი   გოგონა, ბიჭებზე გაცილებით უშიშარი... ოოპს, გენდერული ბალანსი დაირღვა, ვნახოთ რას იზავენ ბიჭები? თუმცა ნიცას შემართება მათთვის ნამდვილი მაგალითი უნდა გამხდარიყო და რათქმა უნდა არ იცოდნენ, აქ მოსახვედრად რამდენი დაბრკოლება გამოევლო მას. ვიღაცისთვის საზაფხულო ბანაკი უბრალოდ სურვილი იყო, --თქვა  და გამოუშვეს! მისთვის კი მთელი ბარიერების  კომპლექტი გახლდათ. დავიწყოთ იქიდან, რომ  უფროსმა ძმამ ერთი გულიანად გადაიხარხარა, როცა პატარა დის სურვილი შეიტყო, შუათანამ თავში წამოარტყა და დამცინავად უთხრა:--შენგან რა გმირი უნდა დადგეს, ბევრი-ბევრი მხოლოდ ბუზები გააქრო ზაფზულობით ოთახიდანო.  ეს კი მართალი არ იყო, ბუზების გარდა თაგვების გაქრობაც კარაგდ ეხერხებოდა გოგონას, მათი უზარმაზარი სახლის სხვენიდან. ლამის რამოდენიმე  წლის ნაგროვები ფული, იმ ხაფანგების ყიდვას დაახარჯა, შემდეგ რომ ყოველ ნაბიჯზე დაალაგა სხვენში და შედეგმაც არ დააყოვნა, ყოველ დილით ორზე მეტი თაგუნია მაინც ხვდებოდათ  მასში გაბმული, ეს კი ცუდი შედეგი ნამდვილად არ იყო და იმ ხანებში მათი ნებიერა კატაც, კარგად მოასუქა მზამზარეული ნანადირევით. მამამ ამის გამო შეაქო კიდეც, მაგრამ იმდენად კმაყოფილიც არ დარჩა, რომ ამ საქმის გამო  ერთადერთი  ქალიშვილი გმირთა ბანაკში გაეშვა.  მერე მთელი ღამეები ტირილში გაატარა ნიცამ, ყველა პოსტერი ჩამოხია კედლებიდან, რაც საგმირო საქმეებს ასახავდა  და მშობლებიც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მისი სურვილი არ იყო უბრალოდ ახირება და ისინიც დათანხმდნენ. ამიტომაც იყო ახლა აქ, ასე ამაყად რომ წამომჯდარიყო და მაინც გამარჯვებულის მზერით ათვალიერებდა გარაშემომყოფებს.

--და ბოლო წესი, რომელიც ყველამ უნდა შესარულოთ!--საჩვენებელი თითი მაღლა შემართა მოხუცმა და იდუმალი ხმით დაუმატა:--ბანაკების ბოლოს, ეზოს განაპირას მდგარ, წითელ სახლში არ უნდა შეხვიდეთ! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი! არ უნდა შეხვიდეთ, რადგან იქ თქვენი ადგილი არ არის!

--იმ ლამაზ სახლზე ამბობს ნამდვილად!--ეშმაკურად გახედა გოგონებს ლილემ:--შემოსვლისას პირველი რაც დავინახე ეს სახლი იყო, ყვავილებით ლამაზად მოხატული.

--ხო მაგრამ არ უნდა შეხვიდეთო!--დამრიგებლური ტონი გაისმა ლიზის ხმაში.

--მგონი აქ ბევრი წესებია!--თავი გადააქნია უკმაყოფილოდ ანიმ და კალთაზე დადებული თეთრი სატინის ნაჭერი გაისწორა, ეს ალბათ ხელების შესწმენდად თუ დაურიგეს.

   --რას ვიზავთ, წესებს უნდა დავემორჩილოთ!--მხრები აიჩეჩა ლიზიმ.

   ცნობისმოყვარეობა ხომ ერთ-ერთი ძლიერი გრძნობაა, რაც ადამიანს მოიცავს ხოლმე როცა რამეს კატეგორიულად აუკრძალავენ და განსაკუთრებით ბავშვს არ ასვენებს სიახლის გაგების სურვილი, აი აქ შეცდა დირექტორი.. იმ დარბაზში მყოფი ბავშვების უმრავლესობა, სწორედ იმ იდუმალ სახლზე ფიქრს აჰყვა ამ წუთიდან და შეთქმულსავით გადახედეს ერთმანეთს.

   ნუთუ დირექტორმა არ იცის იმდენი, რომ აკრძლული უფრო გემრიელია? და ცნობის წადილი უფრო მეტად გიკიჟინებს გულსა და გონებაში? ეს ხომ მათემატიკასავით არის, ამოცანას სანამ არ ამოხსნი, მანამ ვერ ისვენებ და აწყნარებ ბავშურ ამბიციებს. თუმცა რადგანაც არ შეიძლებაო,  არც გაუფრთხილებლობა იქნებოდა.

--ახლა კი გემრიელად მიირთვით!--ერთობ კეთილი ღიმილი გადაეფინა მალევე  სახეზე დირექტორ ზაქარას, კვერთხივით შეათამაშა ხელში საკუთარი სხეულის საყრდენი ჯოხი და ქუდის მოხდით გავიდა დარბაზიდან.

მოთხრობა 8 ~ 14 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 8-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021