ღამეა. ნახევარმთვარე აკაშკაშებს არე-მარეს. ირგვლივ სიჩუმე დგას. პატარა ბილიკზე ორი მგზავრი გამოჩნდა, გზადაგზა ჩერდებიან, ყურს უგდებენ ღამის სიწყნარეს. ბოლოს, ერთ, პატარა სახლთან შეჩერდნენ. ერთ-ერთმა კენჭი აიღო, ფრთხილად ესროლა ფანჯრის მინას. “წკაპ“გაისმა ხმა. იმწუთში კარი გაიღო და სახლიდან ქალი გამოვიდა, სწრაფი ნაბიჯით გამოემართა ჭიშკრისკენ.
-შემოდით, შემოდით! -წასჩურჩულა ქალმა მოსულებს. მერე სწრაფად დახურა ჭიშკარი, ირგვლივ მალულად მიმოიხედა, სტუმრები შინ შეიყვანა.
-ცაგო დეიდა, ეს ბიჭი ქართველია, როგორმე ჩვენებს უნდა დავუკავშირდეთ, იქნებ გაიყვანონ აქედან.
-უიმე, შვილო, სულ მთლად ბავშვია, რა იცის ამან ომის, იარაღი როგორ უნდა დაიჭიროს?! -ლოყაზე ხელი იტკიცა ცაგომ, -შვილო, როგორ შემორჩი, რატომ სხვებს არ გაყევი?
-ვეღარ მოვასწარი, ყველამ გამასწრო... -მარიკას ყელში რაღაც გაეჩხირა, სათქმელი ვეღარ დაამთავრა.
-რა დავაშავეთ ასეთი, გვინგრევენ ჩვენს ნაწვალებს, ყველაფერს წვავენ. ამას ვინ დაეძებს, ცოცხალს არავის უშვებენ, მკვდარსაც არ გვანებებენ, რომ მიწას მივაბაროთ. ჯანდაბას ჩემი თავი, ერთი მოხუცი ქალი ვარ, თუ მომკლავენ თქვენი ჭირიც წამიღია. ახალგაზრდები მეცოდებით, არ მემეტებით ომისთვის შვილებო! მეუღლის საფლავი ვერ დავტოვე, კიდევ კარგი შვილები დროზე გაეცალნენ აქაურობას. გული მიდუღს აფხაზების და ქართველების საცოდაობით. მე აფხაზი ვარ, ქართველი შვილები მყავს... საით წავიდე, არ ვიცი. გული ორად გამეგლიჯა. ვაი, ჩვენს დღეს! -ხელები მუხლზე დაიკრა ცაგომ.
მარიკა შეშინებული და თვალცრემლიანი მიჩერებოდა მოხუც ქალს. ეს შეამჩნია ცაგომ და უეცრად შეიცვალა გუნება-განწყობილება.
-ნუ, გეშინიათ შვილებო, -გულში ჩაიკრა ქალმა მარიკა, -შენ რა გულჩვილი ყოფილხარ, ისეთ ადგილზე დაგმალავ, ადვილად ვერავინ გიპოვნის, შენ თავს არავის დავაჩაგვრინებ!
ცაგო გარეთ გავიდა, ცოტახანში უკან, სინით, საჭმელი შემოიტანა.
-თემურ, შენ რას იზამ შვილო, დარჩები თუ წახვალ?
-დღეს დავრჩები, ხვალ კი ადრიანად წავალ. ცაგო დეიდა, ამ ბიჭს უნდა დაეხმარო, როგორმე უნდა გაიყვანო, ამათ თუ ჩაუვარდათ ხელში მოკლავენ, არ დაინდობენ.
-ვიცი შვილო, როგორმე გავიყვან.
ივახშმეს. მერე ცაგომ ორივე უზარმაზარ სარდაფში ჩაიყვანა.
-აქ დაიძინებთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ხვალ ტყეში გავალთ, იქ ჩვენი ბიჭები გიპატრონებენ და სამშვიდობოს გაგიყვანენ.
სარდაფში ბლომად ეყარა საბნები, ლებები და ბალიშები.
-აბა, დროზე მოთავსდით, ეს ერთადერთი ლამპა მაქვს, ამის გარეშე მე ვერ გავჩერდები, აქ სიბნელეში მოგიწევთ დარჩენა.
მარიკამ და თემურმა საწოლები გაიმზადეს. ცაგო დაემშვიდობა და თავის ლამფიანად გაუჩინარდა. ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა. თემურს მაშინვე ჩაეძინა. მარიკამ თავზე საბანი გადაიფარა და თავს დატეხილი ამბის გაანალიზებას შეუდგა. საოცარია ცხოვრება, თურმე ყველაფერი შეიძლება გადაგხდეს თავს. გუშინ ბედნიერი სტუდენტი გოგონა იყო, დღეს კი საცოდავი, ბიჭის ფორმაში გადაცმული, სიკვდილს გამოქცეული, უპატრონო ადამიანია. მარიკას უნდა რომ სიზმარში იყოს, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა! რაც ნახა, რაც განიცადა, ყველაფერი მართლა იყო... მისი გახსენება აღარ უნდა. ძნელია დაივიწყოს. თვალებს დახუჭავს თუ არა მეგობარი ელანდება. საბრალო თათია... რა საშინლად აწამეს... ვერ უშველა... ლაჩარივით გამოიქცა. რა უნდა გაეკეთებინა, მასაც თათიას ბედს გაუზიარებდნენ. არა, მაინც ლაჩარი და მხდალია! რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. ქალი იყო მაია წყნეთელი, მაგრამ გმირობით ვაჟკაცებს არ ჩამოუვარდებოდა. შენ კი რა გააკეთე?!
-ლაჩარო, ლაჩარო!!! -ჩასძახოდა საკუთარ თავს.
დილით ცაგომ გააღვიძა. თემური აღარსად ჩანდა.
-აბა, ჩემო პატარა ბიჭო რა გქვია?
მარიკა დაიბნა, მერე მაია წყნეთელი გაახსენდა და ახალი სახელიც დაირქვა.
-მათე, მათე მქვია!
-უჰ, რა კარგი სახელია, ძალიან მომწონს!
-რა გვარის ხარ, შვილო?
-ლომიძე!
-ლომიძეებს ვიცნობდი, ბაბუას რა ერქვა, ის უფრო მეცოდინება.
-დემეტრე. დემეტრე ლომიძე.
-დემეტრე ლომიძე, -ჩაფიქრდა ცაგო-არა, მასეთი არავინ ვიცი!
მარიკას ბაბუა გაახსენდა. თეთრი თმითა და წვერით მოსილი კეთილი მოხუცი. მასთან საუბარი ძალიან უყვარდა. მიუჯდებოდა გვერდით და გამოკითხავდა ძველებურ ამბებს. ბაბუაც უყვებოდა თავისი ახალგაზრდობისდროინდელ თავგადასავლებს. მარიკა სულგანაბული უსმენდა, თუ როგორ გადმოასახლეს თავისი სამკვიდროდან ბაბუა, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, ოჯახთან ერთად, იმერეთიდან აფხაზეთში. როგორ წვალებით ააშენა ბაბუამ დიდი, ორსართულიანი სახლი, როგორ დააყენა შვილები გზაზე. ეხ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ყველაფერი გაცამტვერდა, რაც აქამდე ბაბუას შეუქმნია. მართალია, ბაბუა ომს არ შესწრებია, ორი წლის უკან გარდაიცვალა, მაგრამ მისი ნაწვალები, მისი შთამომავლების ბუდე, ხომ განადგურდა. შვილი და შვილიშვილები ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არავინ იცის. აუჰ, რა დღეშია მარიკა, ნეტავ სად მიდის, ვინ უშველის?!
საღამოხანს ცაგომ მარიკა ტყეში გაიყვანა და იქ მყოფ ქართველ პარტიზანებს ჩააბარა.
ერთმანეთის სისხლით ვერ ძღებოდნენ გუშინდელი მეზობლები და მეგობრები. ძმათა სისხლით ირწყვებოდა საქართველოს ძირძველი მიწა. აფხაზი ქართველს მოკლავდა, ქართველი სამაგიეროს გადაუხდიდა ძმის მკვლელს. ახლა ის შემობრუნდებოდა და მანამ არ ისვენებდა, სანამ მოწინააღმდეგე მხარეს სიცოცხლეს არ გამოასალმებდა ვინმეს.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დიახ, მშობლობა ყველაზე რთული რამაა. დიახ, თქვენი სახლი შეიძლება იყოს არეული, სარეცხი - დაგროვილი და ძაღლი - გასასეირნებელი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს უბრალოდ გაეცინა. ისიამოვნეთ ახლა - დრო სწრაფად გადის.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო