kids.ge logo

გაქცევა

ფავორიტებში დამატება

ზაფხული მიილია. ხასხასა, მწვანე ბალახს ჩალისფერი შეერია. ბალახში აქა-იქ ყვითელი, წითელი, იისფერი, თეთრი მინდვრის ყვავილები მძივებივით გაბნეულიყვნენ. მზე ცალი თვალით იჭყიტებოდა ღრუბლებიდან, თითქოს ვერ გადაეწყვიტა მიმალულიყო ღრუბლებში, თუ ცხრავე თვალი დაენათებინა დედამიწისთვის. ბოლოს გადაწყვიტა ღრუბლებს გასცლოდა და მთელი თავისი სიდიადით გამობრწყინდა ცამრგვალზე, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე თბილი და ყველაზე საოცარი მთელ სამყაროში. 

ტყის ნაპირას, მდელოზე მარტოდ-მარტო იჯდა მარიკა და ფიქრებს მისცემოდა. აი, უკვე თვეზე მეტია ტყეში ცხოვრობს აფხაზეთის მიდამოებს შემორჩენილ ქართველებთან ერთად. ესენი ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ვერ გაიგეს საყვარელი ადამიანების ადგილ-სამყოფელი, ვერ გაიგეს ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ზოგიერთს შურისძიება სწყუროდა, მამის, ძმის, დის, დედის, შვილის სისხლის წილ სისხლის აღება უნდოდა, ზოგიერთი კი წართმეულ სახლ-კარს ვერ ელეოდა. 

მარიკა ყოველდღე ელოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ტყეს დატოვებდა და სამშვიდობოს გავიდოდა, მაგრამ ეს არ ხდებოდა. ახლა მარტოა, ბიჭები გავიდნენ, შემთხვევით გადარჩენილების დასახმარებლად, ამბის გასაგებად, ვინ იცის თავისიანი დაღუპული რომ ეგონათ, იქნებ გადარჩა. მარიკა,  როგორც ყველაზე ახალგაზრდა და ცოტა მშიშარა, ადგილზე დატოვეს. ხანდახან ეჭვიც კი იპყრობდა, ხომ არ გაიგეს გოგო რომ ვარ, რაღა მე მომაჩეჩეს სარეცხი და საჭმელიო. სულ ცდილობდა ხმა დაებოხებინა, ცოტა უფრო მკაცრი გამხდარიყო. 

-რა იყო ბიჭო, ასე რამ გამოგილია მკლავში ძალა, ნაჯახი ვერ დაგიჭერია ხელში, ავტომატი როგორ განდოთ?! -ეტყოდნენ ხოლმე მარიკას. 

მარიკა ყველაზე მეტად რაზმის ერთ-ერთ წევრს გიორგის დაუახლოვდა.  გიორგის მეტსახელად „ლომას“ ეძახდნენ, ლომივით ძლიერი და ლამაზი ბიჭი იყო. ეცოდებოდა მარიკა, შეშის ჩეხვის დროს მის წვალებას ვერ უძლებდა, მივარდებოდა, ხელიდან ნაჯახს გამოსტაცებდა და თავად ჩეხდა. 

-ბიჭო, როგორი ხარ, ბიჭობის არაფერი გეტყობა! -ეტყოდა გაბრაზებული ლომა

მარიკა გვერდზე გადგებოდა, დაბღვერილი შესცქეროდა ვებერთელა, ლომა ვაჟკაცს, რომელიც ასანთის ღერებივით ფანტავდა აქეთ-იქით შეშის ნაპობებს. 

-ესეც ასე! -შუბლზე ხელს გადაისვავდა ლომა და ნაჯახს იქვე, კუნძზე დაჰკრავდა. 

-მადლობა ლომა! 

-დაიკარგე აქედან, რა იყო, რამ დაგაძაბუნა? 

-ცუდად ვარ! 

-შენ სულ ცუდად ხარ! არ გინდა იარაღი მოგცეთ? 

-როგორ არა! -თვალები გაუბრწყინდებოდა მარიკას. 

--ერთი ამას დამიხედეთ, როგორ დიდ გულზეა! -ახარხარდებოდა ლომა. 

ლომა განსაკუთრებულად უყვარდა მარიკას. ის იყო მისთვის ყველაფერი:მეგობარი, დედა, მამა, ძმა, გაჭირვების ტალკვესი, იმედის მომცემი. ახლა მარტოა. გადაწყვიტა მდინარეზე ჩასვლა. გულში შიში აქვს, მოდი და უცაბედად მტერს გადაეყაროს, ხომ მოკლავენ მაშინვე. სიკვდილს ვინ დაეძებს, სიკვდილამდე საშინლად აწამებენ. სად არიან მისი ბიჭები უშიშრები, გულადები... მათ მტრის შიში არ აქვთ. თვითონ ისე კანკალებს, ლამის გული წაუვიდეს. პატარა გოგოა და იმიტომ. ეჰა, პატარა გოგო იყო მაია წყნეთელი, მაგრამ ქვეყანას აზანზარებდა, ვაჟკაცებს არაფერში ჩამოუვარდებოდა. 

ფიქრებში წასულს ხმა შემოესმა. მიუყურადა. ხმა სულ ახლოს გაიგონა. მოასწრო და ბუჩქებს ამოეფარა. დაიმალა და ისინიც გამოჩნდნენ, კბილებიდან ფეხებამდე შეიარაღებულები. მეომრები მდინარის ნაპირს მიუყვებოდნენ, იქით მიდიოდნენ, სადაც მათი ბანაკი იყო. მარიკა შიშისაგან დაიბნა, ისინი თვალს მიეფარნენ, მაგრამ კარგა ხანს გამოსვლა ვერ გაბედა. ბოლოს როგორც იქნა გამოფხიზლდა. ის იყო, ბუჩქებიდან გამოსვლა გადაწყვიტა, რომ საიდანღაც სათვალიანი, ზურგზეჩანთამოკიდებული უცნობი გამოჩნდა. მარიკამ თავი ისევ ბუჩქებში შერგო. უცნობი იმ ბუჩქთან გაჩერდა სადაც მარიკა იმალებოდა. ზურგჩანთა მოიხსნა და იქვე ჩამოჯდა. მარიკა გაიტრუნა. მაგრამ როცა ძალიან გინდა თავი შეიკავო, სწორედ მაშინ არ გამოგდის. მარიკამ ითმინა, ითმინა, ბოლოს ისე ძლიერად დააცემინა, რომ დაფეტებული უცნობი ლამის მდინარეში გადავარდა. უცებ წამოხტა ფეხზე. იარაღი მოზიდა ბუჩქებს დაუმიზნა. 

-ხელები მაღლა! -დაიყვირა ხმამაღლა. 

მარიკამ ხელები მაღლა ასწია და მოკუნტული გამოვიდა ბუჩქებიდან. ორივენი გაკვირვებულები და შეშინებულები უყურებდნენ ერთმანეთს. 

-ვინ ხარ? 

-შენ თვითონ ვინ ხარ, აქ რას აკეტებ? -არ დაიბნა მარიკა. 

-პირველი მე შეგეკითხე! 

-მე... მე... უბრალოდ დავიმალე, იმათ დავემალე. 

-იცი ვინ იყვნენ? 

-რომ ვიცი იმიტომ დავიმალე. 

-ქართველი ხარ? 

-რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ადამიანი ვარ! 

-აააა, უბრალოდ ადამიანი! -გამოაჯავრა უცნობმა მარიკა, -ისინი აქ ვიღაცეებს დაეძებენ, სავარაუდოდ ქართველებს... მე ერთი ჟურნალისტი ვარ, შემთხვევით სოხუმში მორჩენილი, -უცნობი იქვე კუნძზე ჩამოჯდა და რატომღაც გადაწყვიტა გულწრფელი ყოფილიყო მარიკასთან, -რაც ომი დაიწყო აქ ვარ, ნათესავებთან ჩამოვედი დასასვენებლად, ქართველი ვარ მაგრამ დედის მხრიდან ბევრი აფხაზი ნათესავი მყავს, ალბათ, იმიტომ ვარ ჯერჯერობით ცოცხალი, რაღაცეებს ვიღებ. 

-კარგი დრო შეგირჩევია გადასაღებად, მეც შემთხვევით შემოვრჩი... -მარიკას თვალზე ცრემლი მოადგა. 

-მომისმინე, შენ აქ ტყეში იმ ქართველებთან ერთად ხომ არ ხარ, ესენი რომ დაეძებენ? 

-რა შენი საქმეა?! 

-მე გული გადაგიშალე, შენ კი ისევ მიმალავ რაღაცეებს, ესენი იმათ დასახოცად მიდიოდნენ. 

მარიკა გაფითრდა, გული ლამის შეუღონდა, მერე გაახსენდა რომ მისი ბიჭები წასულები იყვნენ და დამშვიდდა. 

-ჩემები იქ არ არიან, -წამოცდა უნებურად. 

-შეგიძლია მენდო, მე მტერი არ ვარ! 

მარიკამ უცნობი შეათვალიერა, გვერდით მიუჯდა და ყველაფერი უამბო. 

-ახლა შენები უნდა გავაფრთხილოთ, ისინი იქ იქნებიან და მათ დაბრუნებას დაელოდებიან. იცი საიდან დაბრუნდებიან? 

-ვიცი! 

-წავიდეთ დროზე გავაფრთხილოთ! 

ორივე მდინარის ნაპირს გაუყვა. მორებით ჩახერგილ ხეობაში მარჯვნივ გაუხვიეს, ბუჩქებში შეძვრნენ და მეგობრებს დაელოდნენ. ელოდნენ დიდხანს, ბოლოს, როგორც იქნა ლაპარაკის ხმა შემოესმათ. გაიტრუნენ. ბიჭებიც გამოჩნდნენ. 

-ლომა! -დაიძახა მარიკამ და ბუჩქებიდან გადმოხტა. 

-აქ რას აკეთებ? -სახტად დარჩა ლომა. 

მარიკას ქალურმა სისუსტემ სძლია, გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოერია. ლომამ ძლივს მოიშორა აცრემლებული გოგო. უნდოდა გაელანძღა,  მაგრამ ამ დროს ბუჩქებიდან ჟურნალისტი გამოძვრა. მეომრებმა ერთდროულად მიაშვირეს იარაღი და მიზანში ამოიღეს. 

-შეჩერდით, შეჩერდით! -აღრიალდა მარიკა, -ეს უბრალოდ ჟურნალისტია, შემთხვევით მოხვდა ტყეში, ყველაფერს გიამბობთ. 

-იქ ვერ დავბრუნდებით, გადაწყვიტეს ბიჭებმა, როცა მარიკას საუბარი მოისმინეს, -სჯობს გავეცალოთ. 

მებრძოლებმა აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი. 

-მაინც ვერ გადაგაჩვიე ტირილს, გოგოსავით იცრემლები, -ხელი გადახვია ლომამ მარიკას, -შემთხვევით ხარ ბიჭად დაბადებული. 

ლომას ხარხარმა ტყე შესძრა, მარიკას კი გაეღიმა. ვინ იცის გულში რას ფიქრობდა, როგორ დასცინოდა ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე მეგობარს, რომელმაც სულ მარტივი საიდუმლო ვერ გახსნა.  

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024