კვირა დღის ბაზრობა იწურებოდა. ყაყანით, ხმაურით, ფუსფუსით სავსე ბაზარი დღის ბოლოს წყნარდებოდა, უშველებელი ბურთივით იჩუტებოდა. ჰაერს მეეზოვეების სასტვენის ხმა ჰკვეთდა: - მემწვანილეებო და მეხილეებო, მექათმეებო და მეფქვილეებო, მექოთნეებო და მეთესლეებო, გეყოფათ დღევანდელი დუგდუგი, მუშტრებთან ლაციცი, დაცალეთ აქაურობა, ბურთი და მოედანი ჩვენ დაგვითმეთო!
მეეზოვეები დანაგვიანებულ ბაზარს თაგვისარას ეკლიანი ცოცხებით გვიდნენ.
ბეღურები დიდად არც მანამდე ეკრძალებოდნენ ვინმეს და ახლა ხომ მთლად მოედვნენ ნარჩენებით სავსე დახლებს. როცა თაგვისარას ეკლიანი ბუჩქი ფხაკაფხუკით მიუახლოვდებოდა, ქშიო! - და თვალის დახამხამებაში ჟივჟივით წამოიშლებოდნენ, ფარდულის სახურავზე დაეფინებოდნენ და კალმებივით წამახულ ნისკარტებს ზარმაცი მოსწავლეებივით შიფერზე აფხაკუნებდნენ.
მეხილეების რიგში ორიოდე კოლმეურნე შემორჩენილიყო, ერთი ულვაშებგაწინწილებული ჭაღარა კაცი საზამთროების გროვაში ჩამჯდარიყო. წინ, გაზეთის ნაგლეჯზე, ყველი, პური, წიწაკის მწნილი ეწყო და დოქიდან წელში გამოყვანილ ჭიქებში ალისფერ ღვინოს ასხამდა; ერთს თავისთვის, მეორეს, აგერ, მის გვერდით ვაშლს რომ ყიდდა, იმ აყლაყუდა ახალგაზრდა კაცისთვის.
- ბიქტორა, გადმეიწიე ჩემკენ, შე კაცო. ერთი ჭიქა გადავკრათ. ბაზარი ქე იკეტება და ვიღა მოვა. კიდეც მოვიდეს ვინმე, მაგ ნარჩიელა ვაშლს მაინც ვერ გაასაღებ. ტყეში რომ ნახოს დაყრილი, მაჩვიც არ გაეკარება.
- ამ წუთში, კოწია! ბიჭო, - მიუბრუნდა სასწორთან მდგარ უმცროს ძმას, - ცოტა ხანს ნუ აალაგებ, იქნებ ვინმე მოვიდეს და ხელი დაგვიცალოს!
ეს თქვა თუ არა, მათკენ სწრაფი ნაბიჯით მომავალი ქალი გამოჩნდა, ეტყობოდა, ჩქარობდა.
მაღალ ლამაზ ქალს გვერდით მოხდენილი ქერა გოგონა მოჰყვებოდა. გოგონა დედას ჰგავდა. ხელში ნოტების შესანახი მუყაოს ოთხკუთხა საქაღალდე ეჭირა, რომელსაც უდარდელად მოაპროწიალებდა, თანაც წყნარად უწტვენდა რაღაც მელოდიას.
- ამიწონეთ ორი კილო ვაშლი, - თქვა ქალმა და საფულე გახსნა.
- ორი მანეთი! - წამოიძახა ახალგაზრდა კაცმა. სასწორიდან ჯამი აიღო და განურჩევლად ახვეტა ვაშლი.
- ბიქტორა, ბიჭო, - არ ისვენებდა კოწია, - ყელი გამიშრა, მივაჭახუნოთ, მაგ ბალღი მოუვლის საქმეს.
- არა, გენაცვალე, - ტუჩები აიბზუა ქალმა, - ერთ კილო ვაშლში მანეთი გადავიხადო და ნახევარი გვერდდამპალი და მოხრუკული შემომასაღო?!
- აუწონე, ბიჭო! - უთხრა ბიქტორამ ძმას. ჯამი გადმოაპირქვავა და კოწიას მიაშურა.
გოგონა სახურავზე მოფართხალე ბეღურებს შესცქეროდა, მერე მზერა სასწორზე გადმოიტანა და ბიჭის თვალებს შეეფეთა. ბიჭი გაწითლდა და გვერდზე გაიხედა. გოგონამ ლამაზი, ბროწეულისფერი ტუჩები დედასავით აიბზუა და ისევ ბეღურებს დაუწყო თვალთვალი.
- ახლავე, დეიდა, - თქვა ბიჭმა, ჯამი აიღო და დახლქვეშ კალათაში შემორჩენილი მოხასხასე ვაშლებით აავსო.
ორ კილოზე მეტი გამოვიდა; აიღო ერთი ვაშლი. მაინც მეტი იყო. აიღო მეორე, არ უშველა. ბიჭმა ორივე ვაშლი ჯამზე დადო და ლამაზ ქალს გაუწოდა, რომელსაც ხელჩანთა უკვე მოეპირღიავებინა.
სანამ ვაშლებს ხელჩანთაში ყრიდნენ, გოგონამ მოასწრო და ერთი ბრიალა ვაშლი აიღო.
- ნუ იღებ, - გაწყრა დედა, - გაურეცხავია!
- სუფთაა, დეიდა, ხეზე მოვკრიფეთ, ფუჩეჩში გავახვიეთ და ისე ჩამოვიტანეთ.
გოგონამ ვაშლი მთლიანად ჩაკბიჩა, შუქიანი თვალები ბიჭს შეანათა და ისე შეჰღიმილა, რომ ბიჭს სახე აელანძღა.
- მადლობთ, ბიჭიკო! - თქვა ლამაზმა ქალმა და ცარიელ ჯამზე ორი თითო მანეთიანი დადო, გოგონას ხელი ჩაავლო და გასასვლელისაკენ გაემართა. გოგონა დედას ერთხანს ასკინკილით მისდევდა და თან ნოტების ჩასაწყობ საქაღალდეს მიაპროწიალებდა, მერე უკან მოიხედა, ბიჭს ხელი დაუქნია და ისევ გაუღიმა, გოგონას ღიმილი ბიჭის სახეზე ვეღარ დაეტია, საკინძეში ჩაუძვრა და უბე ჟრუანტელით აუვსო.
ნიავმა დაუბერა, მანეთიანები აიტაცა და კოწიას საზამთროებისკენ წააფრიალა.
- გამოშტერდი, ბიჭო? - წამოხტა ბიქტორა, - ფულია ეს დასაწვავი თუ კვახის ფოთოლი! - მანეთიანები აკრიფა, ერთმანეთს დაადო, შუაზე გაკეცა და გულისჯიბეში იტუცა.
- ასე თი ფანტე ნაშოვნი ფული, ბაზარში წამოსაყვანად არ გამოდგები, ბიძია, - დაუმატა კოწიამ და ჭიქა გადაჰკრა.
ფარდულის სახურავიდან ბეღურები აფრინდნენ და თავთავიანთ ბუდეებს მიაშურეს. ბაზრის ქვიტკირის გალავანს გადაღმა ბოჩოლა ბღაოდა. დახლზე თაგუნა გამოცუნცულდა, იქაურობას თვალი მოავლო. ესენი კიდევ აქ ყოფილანო, და ფაცხაფუცხით ხვრელში ჩაძვრა. თაგვისარას ზღარბუნა ცოცხები მათ ადგილსამყოფელს ფხაკაფხუკით უახლოვდებოდნენ და მტვრის კორიანტელს აყენებდნენ.
...სოფლის გზას მთვარე ანათებდა. წინ ბიჭი მიდიოდა, რომელსაც ხელში ცხენის აღვირი ეჭირა. უკან გიდელებგადაკიდებული ცხენი და ბოლოს აყლაყუდა ახალგაზრდა კაცი მილაყუნობდა.
გორაკის ფერდობზე შეფენილი სოფლიდან სინათლეები ციცინათელებივით ციმციმებდა. ბიჭმა მთვარეს ახედა. მთვარემ გაუცინა, შუქიანი თვალები შეანათა და ბროწეულივით წითელ ტუჩებთან ბრიალა ვაშლი მიიტანა ჩასაკბეჩად.
- გამოშტერდი, ბიჭო? - იყვირა ბიქტორამ, - რაღა შუაგულ ტყლაპოს უპირდაპირე მაგ ბანდალა ფეხები. მომეცი აქ! - ხელიდან აღვირი გამოსტაცა და ცხენს თვითონ გაუძღვა წინ.
ბიჭი ჩამორჩა. ბუჩქებში რომელიღაც ღამის ფრინველი ჩაჩუნობდა, შორიდან ბაყაყების კრუალი ისმოდა. გზის პირას ღამურები დაფარფატებდნენ და მთვარის შუქზე ლაღობდნენ.
მიდიოდა თავჩაღუნული ბიჭი და უბით ქალაქში ნაპოვნი ღიმილი მიჰქონდა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც მიირთვით ერთად
მაგიდასთან ერთად ჯდომა ყველასთვის კარგი საშუალებაა ერთმანეთისთვის სასიხარულო ამბების გასაზიარებლად, დღის შესახებ სასაუბროდ ან თუნდაც ხუმრობებისთვის. ის ასევე ეხმარება თქვენს ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო