ის-ის იყო სამსახურიდან დავბრუნდი.
სამი წლის ზაზა მუხლებზე შემახტა და შემეხვეწა:
- მამიკო, ყვავილი დამიხატე!
ყვავილის დახატვა ადვილი გგონიათ? რომელი მხატვარი მე ვარ. მარტო სახლის დახატვას ვახერხებ, იმასაც უჯრედებიან რვეულში, ფანქარი რომ სწორად გავაყოლო.
რა ლექსი არ გავიხსენე, - არ მინდაო, „წიქარა“ წამოვიწყე, - ვიციო, „ხუთკუნჭულა“ მოვიშველიე, - არა და არა, ყვავილი დამიხატეო.
რა უნდა მექნა. ავიღე ფერადი ფანქრები, თეთრი ქაღალდი და ყვავილის ხატვას შევუდექი.
აბა, თუ მიხვდებით, რომელ ყვავილს დავხატავდი. - ვარდსო, - იტყვით. ვერაფერსაც ვერ მიხვდით. ვარდის დახატვა ადვილი გგონიათ?
არც შროშანა დამიხატავს, არც ყაყაჩო, ვერც ლურჯთვალა იის დახატვა გავბედე.
შემოვხაზე პატარა წრე და გარშემო წვრილი, მოგრძო ფურცლები შემოვაწკაპე. ყვავილის გული ყვითლად გავაფერადე. ფერები არ მომეწონა და ყვითელზე ყავისფერი ფანქარი გადავუსვი. მგონი მთლად გავაფუჭე ამდენი ხნის ნაშრომი და ნაწვალები, მაგრამ ზაზამ მეტი აღარ მაცალა, ქაღალდი ხელიდან გამომტაცა და:
- ყვავილი, ყვავილი დამიხატა მამიკომ! - მერე შემეკითხა: - ამ ყვავილს რა ჰქვია?
- გვირილა ჰქვია-მეთქი.
- გვირილა, გვირილა დამიხატა, გვირილა!..
უცებ ზაზა გაჩუმდა და ჩემი დახატული ყვავილი ცხვირთან მიიტანა.
ზაზას პატარა მოკუპსული ცხვირი აქვს. ჰო, მიიდო ნახატი ცხვირთან და... განაწყენებული თვალებით ამომხედა:
- არ ვარგა შენი დახატული ყვავილი, სუნი არა აქვს!
ავუხსენი.
- ეს ნახატია, ზაზუნა, ნახატი!..
- ყვავილია?
- ჰო, ყვავილია.
- არ არის ყვავილი, სუნი არა აქვს!
- ნახატია, ბიჭო, სუნი საიდან ექნება!
- არ მინდა ასეთი გვირილა, სუნიანი ყვავილი დამიხატე! - არ ცხრებოდა ზაზა.
- ესეც შენ, - ვუთხარი ჩემს თავს, - რომელი მხატვარი შენ იყავი, თავი რომ გამოიდე.
საგონებელში ჩავვარდი. უბრალო გვირილას დახატვა ძლივს მოვახერხე და ახლა სუნიანი ნახატი საიდან გავაჩინო!
ნუ გააჩენ, თუ ბიჭი ხარ!
გაჯიუტდა, მაგრამ რა გაჯიუტდა ზაზა-ბიჭი. სახლში აღარ დამედგომებოდა.
გარეთ თოვდა, ცივი ქარი უბერავდა, მაგრამ რას ვიზამდი, პალტო ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი.
ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მომაგონდა: - ქალაქში ნაცნობი მხატვრები მყავს, თუ მიშველიან, ისინი მიშველიან-მეთქი.
მივედი ერთთან და ვუთხარი:
- დამეხმარე, ძმაო, ჩემმა ბიჭმა აიჩემა, ყვავილი დამიხატეო. შენ ნამდვილი მხატვარი ხარ და იქნებ შესძლო, მიშველე თუ კაცი ხარ!
მხატვარმა მიპასუხა:
- ჩემო მეგობარო, რაც შემიძლია, დაგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ შენი პატარა ბიჭიკოსთვის. ზაზა ჰქვია, არა? ვიცნობ იმ კუდრაჭას, აი, მოსკუპული ცხვირი რომ აქვს.
- ჰო, ზაზა ჰქვია, ცხვირიც სწორედ ეგეთი აქვს. - თან გამიკვირდა, სად გაახსენდა-მეთქი მისი ცხვირი.
- ყვავილს, რანაირსაც გსურს, იმნაირს დაგიხატავ შენი ბიჭისთვის, - დამაიმედა მხატვარმა. - თუ გინდა, ვარდს, ყვავილთა შორის ულამაზესს, ხავერდოვანს, ცვარდაყრილს. იქვე, ღეროზე, პატარა კოკორსაც მივახატავ.
- ცვარ-ნამიც კარგია, კოკორიც მისწრება იქნება, მაგრამ ყვავილი სუნიანი უნდა გამოვიდეს, ასეთი აიჩემა ზაზა-ბიჭმა, - შევახსენე მხატვარს.
მხატვარმა მხრები აიჩეჩა:
- ასეთი რამ პირველად მესმის!
- მეც არ გამეგონა, მეგობარო, მაგრამ იმ ჯიუტმა ბიჭმა ასე ისურვა და სწორედ ამიტომ შეგახსენე, - ვუთხარი მხატვარს.
- ეს რა ახირებული ბიჭი ყოფილა! - გაიკვირვა.
- კი, მართლაც ახირებულია, მაგრამ, ეს მითხარი, შესძლებ თუ არა სუნიანი ყვავილის დახატვას, მეგობარო!
- ვერა, სუნიან ყვავილს ვერ დავხატავ! - უარი მითხრა მხატვარმა.
ახლა მეორესთან გავიქეცი.
იმ მხატვარსაც კარგად ვიცნობდი. ნიჭიერი კაცის სახელი ჰქონდა მთელ ქალაქში. რასაც კი ხელს შეავლებდა, ყველაფერს აცოცხლებდა და ნახატები მშვენიერი გამოუდიოდა.
შევედი მის სახელოსნოში. მხატვარი საღებავებს ირჩევდა, სახატავად ემზადებოდა.
ჩემი გასაჭირი ავუხსენი, შველა შევთხოვე: - ბიჭისთვის ყვავილი დამიხატე-მეთქი.
- აბა, რისი მხატვარი მქვია, თუ ყვავილს ვერ დავხატავ ერთი კარგი ბიჭისთვის, ისიც ჩემი მეგობრის შვილისთვის, - მითხრა მხატვარმა, - ოღონდ აირჩიე, რომელი დავხატო: მიხაკი, იასამანი, კორჩიოტა, ფურისულა თუ ზიზილა.
- სულ ერთია, რომელიც იქნება, ოღონდ...
- მე იასამანს გირჩევდი. იისფერ ყვავილიან ტოტს დავხატავ თავისი მწვანე ფოთლებით. ყვავილს ფუტკრებსაც შევუსევ, თუ ინებებთ. ეს ბიჭის ხასიათს გააჩნია. ფუტკრები ისე ცოცხლად იქნება დახატული, ვაითუ ნამდვილი ეგონოს და შეეშინდეს... მაშინ არ გვინდა ფუტკრები!
- ფუტკრები კი არა, კრაზანები რომ შეუსიო, მაინც არ შეეშინდება, - ვუთხარი მხატვარს, - მთავარია, სუნი თუ ექნება.
- სუნიო! - გაუკვირდა. - ასეთი ყვავილი ჩემს სიცოცხლეში არ დამიხატავს და არც სხვისი დახატული მინახავს, - მითხრა მხატვარმა.
გული მაინც არ გავიტეხე და მესამე მხატვრის კარს მივადექი.
ჩემი ამბავი მოვახსენე:
- ყვავილის დახატვას როგორ დაგამადლი, მერე ისეთი კარგი ბიჭისთვის, ასე ძლიერ რომ ჰყვარებია ყვავილები, - კეთილი ღიმილით მითხრა მხატვარმა.
- ყვავილი უნდა დამიხატო ისეთი, რომ...
- ყვავილს ისეთს დაგიხატავ, ნამდვილისაგან ვერ გამოარჩიო.
- ახლა კი მეშველა-მეთქი და წამოვიყვირე:
- ვერც სუნით?!
- სუნით?! - გაოცდა მხატვარი, - სუნს რა საქმე აქვს მხატვრობასთან. მე ვფიქრობ, ფერი გინდოდა გეთქვა, მეგობარო!
- სუნი-მეთქი!
- ასეთი ყვავილი ჯერ არავის დაუხატავს და ვერც მე დაგიხატავ! - მოიბოდიშა მესამე მხატვარმა.
დაღონებული დავბრუნდი შინ.
ზაზას ჩემი თავგადასავალი მოვუყევი და ვუთხარი:
- რა ვქნა, ზაზა-ბიჭო, მე კი არა, ნამდვილ მხატვრებსაც კი ვერ შესძლებიათ, თურმე, სუნიანი ყვავილის დახატვა. აი, ისეთ მხატვრებს, რომელთა მიერ დახატული ტყე ისე ჰყავს ნამდვილ ტყეს, რომ შიგ შესვლა მოგინდება, ბალახი ისე ჰგავს ნამდვილ ბალახს, ზედ გაკოტრიალებას იფიქრებს კაცი, მაგრამ, მერე რა! არც ფიჭვის სუნი მოდის ტყიდან და არც მინდვრის სურნელი ბალახებიდან.
სადაცაა ზამთარი გუდა-ნაბადს აიკრავს და კარზე ყველაზე კარგი მხატვარი - გაზაფხული მოგვადგება. გაზაფხული კი ისეთ ყვავილს დაგიხატავს, მათმა სურნელმა თავბრუ დაგახვიოს.
ზაზას გაეღიმა, ქაღალდი აიღო, ფანქარი მოიმარჯვა და ყვავილის ხატვას შეუდგა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დაიმახსოვრეთ: ყველა ბავშვი ძვირფასია, მაგრამ არა სამყაროს ცენტრი. გაზარდეთ იგი შესაბამისად.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო