ტყიდან სამი კეთილი ფერია გამოვიდა. თანთ ბაბუაწვერას ბეწვისგან მოქსოვილი მსუბუქი კაბები ეცვათ, თავზე საპოვნელებისგან დაწნული გვირგვინები ეხურათ და მხრებზე ოქროსფერი თმები მზის ჩინჩხლებივით ჰქონდათ ჩამოშლილი. ნეკერჩხლის ფოთლებისგან შეკერილი ფაჩუჩებით ისე მსუბუქად მოდიოდნენ, თითქოს მიწას ფეხს არც აკარებენო.
ფერიებმა მწვანე მდელოზე გვერდით ფარშავანგის ბოლოსაგან დაწნული კალათები მოიდგეს, მარწყვს შეექცნენ და საუბარი გამართეს:
- ბედნიერ ვართ, - თქვა ერთმა, - ჩვენს არემარეში მშვიდობა სუფევს და ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს ამქვეყნად.
- მშვიდობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, - დაემოწმა მეორე.
- მართალს ამბობთ, - ჩაერია მესამე, - მაგრამ მოდით, სხვებსაც ვკითხოთ, რა არის მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.
იქვე, კურკანტელას ტოტზე შემოსკუპებული პატარა ჩიტი თავის ენაზე რაღაცას ჭიკჭიკებდა. ფერიებმა ყველა სულდგმულის, აგრეთვე უსულო საგნების ენაც კარგად იციან და ჩიტს ჰკითხეს:
- ჩიტუნია, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
ჩიტი არც დაფიქრებულა, ფერიებს ჭიკჭიკით ჩამოსძახა:
- ბარტყები ბუდიდან გადაფრენას რომ დაიწყებენ, შორიახლოდან თვალს რომ ვადევნებ და მათ ჭყლოპინს ვუსმენო.
იას ჰკითხეს:
- ლურჯთვალა იავ, შენ რას ფიქრობ, მშვენიერო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- როცა თოვლი დადნება, ბიჭი მომძებნის და ლამაზი გოგოს მკერდზე დამაბნევსო, - თქვა იამ და თავი მორცხვად დახარა.
ფრთახატულა პეპელამ ჩამოიქროლა. ფერიებმა პეპელა შეაჩერეს და ჰკითხეს:
- გვითხარ, ლამაზო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- ყვავილები მიწას რომ ამშვენებენო, - ჩაიჩურჩულა პეპელამ და მინდვრის ყვავილებს ფარფატით შეერია.
მერცხალს ჰკითხეს:
- მერცხალო, კუდმაკრატელავ, შენ რას გვეტყვი, რა არის ბედნიერება?
- გაზაფხულზე ისევ ჩვენს სამშობლოში დაბრუნებაო, - უპასუხა ფერიებს მერცხალმა.
ქარმა დაჰბერა, შორი გზიდან მოდიოდა, ხის კენწეროებს გადაუქროლა და სანამ გადაიკარგებოდა, ფერიებმა მოასწრეს ეკითხათ:
- ქარო, დაუდეგარო მოხეტიალევ, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- როცა დიდი ხნის ქროლვის შემდეგ, თეთრ ქუნქულა ღრუბლების სასთუმალზე დასასვენებლად თავს მივდებო, - შეუჩერებლად თქვა ქარმა და გორაკს თავს გადაევლო.
იქვე ნაკადული ჩამორბოდა, ცივი და გამჭვირვალე.
ნაკადულს ჰკითხეს:
- ნაკადულო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- როცა მწყურვალე დამეწაფება, რომ ჰგონია მთლად შემსვამს და მე კი არაფერი მაკლდებაო, - ჩაიწკრიალა ნაკადულმა და თავის გზა განაგრძო.
მინდვრად, საგანგებოდ შექუჩებულ ქვებს შორის, მწყემსებს ცეცხლი დაენთოთ და მწვადებს აშიშხინებდნენ. ფერიები ცეცხლსაც მისწვდნენ.
- ყოვლადძლიერო ცეცხლო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- როცა ტყუილუბრალოდ არ ვარ გაჩაღებული, ვინმე სითბოს მონატრებული ჩემს ალს ხელებს მაინც მიუშვერსო.
ფერიებმა ახლომახლო რომ ვეღარავინ დალანდეს, შორეულ მთებს გასძახეს:
- მთებო, ზვიადო მთებო, ჩვენო შეუვალო უდრეკო დარაჯებო, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- როცა ჩვენს მიწაზე მტერი და დამპყრობელი ფეხს ვერ შემოდგამსო, - დაიბუხუნეს გოლიათებმა და მხრები მრისხანედ შეარხიეს.
გზაზე ურემმა ჩამოარა. ურემზე მუხის ძველი აკვანი იდგა. წინ ასი წლის თეთრწვერა მოხუცი მოუძღოდა, გვერდით დედა და იმ სოფლის ბრძენი მოჰყვებოდა.
ფერიებმა მგზავრები შეაჩერეს და გამოჰკითხეს.
პირველად აკვნიდან დაიწყეს:
- აკვანო, აკვანო, გეტყობა დაძველებულხარ, ვინ იცის, რამდენი ნორჩი გყოლია მკერდში ჩაკრული. რა არის ბედნიერება ამქვეყნად?
- სხვენზე ატანილს რომ მომძებნიან და არტახებს გადამიჭერენო, - გაინანავა აკვანმა.
მოხუცმა:
- როცა იმ სოფლის მიწას მიებარები, სადაც დაიბადეო.
ბრძენმა:
- ჩემზე უფრო დიდი ბრძენი რომ ცხოვრობს მეზობელ სოფელშიო.
დედამ:
- როცა ისეთი შვილი გეზრდება, სამშობლოს რომ ასახელებსო.
ფერიებმა მოხუცს დიდხანს სიცოცხლე უსურვეს, დედას - სასახელო შვილის გაზრდა, ბრძენს სიბრძნე შეუქეს, აკვანს ყვავილები გადააყარეს და სიკეთე დაუბედეს.
ფერიები ნაზი და ჰაეროვანი არსებობები არიან და ამდენი კითხვა-გამოკითხვით, ცოტა არ იყოს, დაიღალნენ. ის იყო წამოიშალნენ და ტყის ბილიკს უნდა გაჰყოლოდნენ, რომ გზაზე პატარა ბიჭი გამოჩნდა, ხელში იფნის სახრე ეჭირა, რომელსაც წვივებზე მსუბუქად იტკაცუნებდა.
ფერიებმა თქვეს: მოდი, ამ პატარა ბიჭსაც შევეკითხოთო. ბიჭს ისეთი დაღონებული და საბრალო სახე ჰქონდა, ფერიებმა პირველად ბედნიერება ვერც კი უხსენეს.
- ბიჭიკო, რამ დაგაღონა? დედა გაგიწყრა, ალბათ, და დარდობ?
- მე ობოლი ვარ, - თქვა ბიჭმა და თავი ჩაღუნა.
ერთ-ერთმა ფერიამ ბიჭს ნიკაპი აუწია, სევდიან თვალებში ჩახედა, თავზე ალერსიანად ხელი გადაუსვა და ჰკითხა:
- საბრალო ბიჭო, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად?
- როცა ვინმე მოგეფერება, დახედავ მის ალერსიან თითებს და უცებ დედის ხელებს მიამგვანებო, - თქვა ბიჭმა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ბავშვები თანამშრომლობენ სკოლაში, რადგან მათ იციან რასაც უნდა მოელოდნენ, ამბობს ბეთ კოენ-დორფმანი, ჩიკაგოს კონკორდია ევონდეილ კამპუსის სკოლამდელი აღზრდის კოორდინატორი. „ბავშვები ყოველდღიურად ასრულებენ ერთსა და იმავე პროგრამას, ასე რომ, ისინი სწრაფად სწავლობენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად მოქმედებენ“. შეუძლებელია სახლში ერთი და იგივე ტემპის შენარჩუნება, თუმცა, რაც უფრო თანმიმდევრულები იქნებით, მით მეტად ითანამშრომლებს ბავშვი თქვენთან, ამბობს კოენ-დორფმანი. ჩამოყალიბდით რამდენიმე გეგმაზე და მიყევით მათ: ყველა იცვამს ჭამის წინ. როდესაც სახლში შემოვდივართ, ვიბანთ ხელს. ძილის წინ არ ვკითხულობთ ზღაპრებს, სანამ პიჟამოს არ ჩავიცვამთ. საბოლოოდ, „სახლის წესები“ ბუნებრივი გახდება შვილებისთვის
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო