– აბა, გაამზადე შენი ახალი ციგა, ისე იღრუბლება, ამაღამ აუცილებლად მოთოვსო, – უთხრა მამამ შვილს და ღუმელს შეშა შეუკეთა.
ბიჭი სწრაფად წამოხტა სკამიდან და ფანჯარაში დაიწყო ცქერა, თუმცა საიმედო ვერაფერი შენიშნა, მაგრამ გვერდით ოთახში მაინც შეირბინა, მამის მიერ ამ ორიოდე დღის წინ ნაყიდ ციგას თვალი შეავლო, მერე ისევ უკან შემობრუნდა და ბინდშეპარებულ ეზოს სარკმლიდან გადახედა, გადახედა და – თოვს, თოვსო! – დაიძახა უზომოდ გახარებულმა.
სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა ბიჭს, იმის გამო, – რომ გარეთ თოვდა, ოთახში ღუმელი ენთო და დედ–მამა მასზე ზრუნავდა.
ბავშვს იმ საღამოს წუწუნი არაფერზე დაუწყია, მანანის ფაფაც უყოყმანოდ მიირთვა და რძით სავსე ჭიქაც გამოცალა. მერე დედამ ფეხები დაბანა, ლოგინში ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა, უცებ ბიჭი ფეხზე წამოხტა და ციგა ლოგინთან მიაჩოჩა.
– რას აკეთებ, გაცივდებიო, – გაუჯავრდა დედა.
ბავშვს არაფერი უთქვამს, საბნის ქვემოთ სწრაფად შეძვრა და დედას მიეთბო. თუმცა თოვლის მოსვლით გახარებულს ძილი არ ეკარებოდა და დედას ჩუმად ეკითხებოდა, – ისევ თოვსო?
– კი, თოვსო, – ეუბნებოდა ქალი.
– მთელი ღამე ითოვებსო? – ვერ ისვენებდა ბავშვი.
– ჰო, აბა რას იზამსო?! – ამშვიდებდა დედა.
– დილით ადრე თუ არ გამეღვიძა, ხომ გამაღვიძებო?
– დროზე დაიძინე და გაგეღვიძებაო.
– კი დავიძინებ, მაგრამ შენ ხომ მაინც გამაღვიძებო? – ნერვიულობდა ბიჭი.
– ნეტავი შენ, თოვლის მოსვლა რომ გიხარიაო, – ეცინებოდა დედას და შვილს კოცნიდა.
მეორე დილით, ადრე გაღვიძებულ ბიჭს, გვერდით ოთახიდან, რაღაც ფუსფუსი შემოესმა. ბავშვმა კარი ფრთხილად შეაღო და დაინახა, დედა ტახტზე იწვა, თავთან თეთრხალათიანი კაცი ეჯდა, რომელსაც ქალის ხელი ხელში მოექცია, მაჯის საათს დაჰყურებდა და თავს სინანულით აქნევდა.
ოთახში კიდევ ორი თეთრხალათიანი ქალი ფუსფუსებდა. მამა, იქვე, ფანჯარასთან იდგა და ეზოში მოწყენილი იმზირებოდა.
მერე ექიმი ბიჭის მამას მიუბრუნდა: ქალაქის საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, ყველაფერი კარგად უნდა გამოვიკვლიოთ, შესაძლოა, სასწრაფო ოპერაცია იყოს საჭიროო.
თეთრხალათიანები დაფაცურდნენ.
დედამ კარებთან მდგარ შვილს თვალი მოჰკრა, გაუღიმა და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო. ბიჭი მაშინვე მიუახლოვდა. ქალმა შვილი მკერდში ჩაიკრა, ოქროსფერი, ხუჭუჭა თმა სიყვარულით აუწეწა, ცისფერი თვალები დაუკოცნა და უთხრა: აბა, შენ იცი, არ იდარდო, მალე დავბრუნდებიო.
მერე ქალი საკაცით გაიყვანეს თოვლიან ეზოში და ჭიშკართან მდგარ თეთრ, წითელ ზოლებიან მანქანაში მოათავსეს. მანქანა შემზარავად აკივლდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
შუა ოთახში დასვენებული დედა ისეთივე ლამაზი იყო, როგორც სიცოცხლეში, თუმცა არ უკვირდა შვილს, რატომ იწვა უძრავად დედამისი.იცოდა ბიჭმა: ცოტაც და ვერასოდეს დაინახავდა მას, ვინც ასე ძალიან სჭირდებოდა, ვისაც გვერდიდან არასოდეს შორდებოდა, ვის მკერდზე მიხუტებულსაც არაფრის ეშინოდა, იცოდა ეს ბიჭმა და ეშინოდა, მისი უმწეობის ეშინოდა. მაგრამ არ ატირებულა, თუმცა პატარა გული დაუმძიმდა, ისე დაუმძიმდა, ტკივილი იგრძნო. მამა კი... მამა აქეთ – იქით დარბოდა, ბიჭისთვის გაუგებარ რაღაცეებზე ნერვიულობდა, მეზობლებს გასძახოდა:
– აბა, თქვენ იცით, არ შემარცხვინოთ და მე ვიცი თქვენი პატივისცემაო.
– ნუ გეშინია, შე კაცო, ყველაფერი კარგად იქნებაო, – ამშვიდებდნენ მეზობლები.
და ბიჭს თუ რამე უკვირდა, მეზობლების პასუხი უკვირდა ყველაზე მეტად, – ნეტა კარგად რა უნდა იყოსო?! – ფიქრობდა და შუა ოთახში უძრავად მწოლ დედას უცქერდა.
ბიჭი სასაფლაოზე არ წაუყვანიათ, – რა უნდა ბავშვს სასაფლაოზე ამ სიცივეში, მე შენ გეტყვი კარგს დაინახავს რამეს, ცოდო არისო.
და მერე...
მერე ბავშვი ფანჯრიდან უცქერდა, როგორ გაჰყავდათ დედა ეზოდან და როგორ ეყრებოდა თოვლის ფანტელები იმის უძრავ სახეს. და იცოდა ბიჭმა, რომ იმ დღიდან
არასოდეს ეყვარებოდა თოვლი.
იმ საღამოს მამიდა სახლში არ წასულა, ბიჭთან დარჩა და თავს დასტრიალებდა. ვახშამიც თავად მოუმზადა, თუმცა საჭმლის დანახვაზე ბიჭს ლამის გული აერია, მაგრამ მამიდამ, – დედას ეწყინება, თუ არ შეჭამო, – და ბავშვმაც ძლივს გადაყლაპა რამდენიმე ლუკმა.
მერე მამიდამ ბიჭი ლოგინში ჩააწვინა და თავადაც გვერდით მიუწვა. ბავშვს თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა. ცოტა ხნის შემდეგ – ისევ თოვსო? – შეეკითხა მამიდას.
– კი, თოვსო, – უთხრა ქალმა, – ციგა ხომ გაქვსო?
– კიო, – ჩაილაპარაკა ბიჭმა და ცხადად იგრძნო, როგორ ათოვდა დედის საფლავს, იგრძნო და საშინლად შეაცივა.
– დილამდე ითოვებსო? – ცოტა ხნის შემდეგ ისევ იკითხა აკანკალებულმა ბავშვმა.
– კი, დილამდე ითოვებს, ნუ გეფიქრებაო, – დააიმედა მამიდამ და ბიჭი ატირდა.
მამიდამ გადაწყიტა ბიჭი თავისთან, ქალაქში წაეყვანა:
– შენ ამის მომვლელი არა ხარ და ვიდრე რამე შეიცვლება, ბავშვი ჩემთან იყოსო,– უთხრა ძმას.
სამ თვეს ცხოვრობდა ბიჭი ქალაქში და ყოველ დილით აკითხავდა სამსახურში მიმავალი მამა შვილს, აკითხავდა და ყოველ მისვლაზე ერთსა და იმავეს ეკითხებოდა ბიჭი:
– სახლში როდის წამიყვანო?
– მალე წაგიყვან, მალეო, – ეუბნებოდა დაფიქრებული კაცი.
– უქალო ოჯახში რა უნდა ბავშვსო? – ეუბნებოდა მამიდა, – შენ შენს თავს ვერ უვლი და ამას როგორ მოუვლიო?
– აბა, რა ვქნაო? – ეკითხებოდა ძმა.
– ცოლი უნდა შეირთოო.
– რას ამბობ, ცოლი ახალი დაკრძალული მყავს და ასე უცებ სხვა ქალი ოჯახში როგორ შემოვიყვანო? ხალხს თვალებში როგორ შევხედოო?
– შენს შვილს როგორ უნდა შეხედო თვალებში, ქალის ხელი რომ დააკლდებაო? – უკვირდა მამიდას.
დილით ბიჭს ხელ-პირის დაბანაში მამიდაც მიეხმარა, ახალი ტანსაცმელი ჩააცვა, ხუჭუჭა თმა, როგორც შეძლო ისე დაუვარცხნა, მერე, ერთხელ კიდევ, ყურადღებით შეათვალიერა და ქმარს ტელეფონით დაურეკა:
– სადა ხარ, ამდენ ხანს? დავაგვიანებთო.
ქმარი მეგობრის მანქანით მოვიდა. ბიჭი და მისი მამიდაშვილები მაშინვე მანქანაში ჩასხდნენ, ბოლოს მამიდაც ჩაჯდა, პირჯვარი გადაიწერა და მანქანა ასფალტზე გასრიალდა.
გაზაფხულის ხალისიანი და თბილი დილა იდგა. გზის პირას, ბოძებზე გაბმულ მავთულებზე მერცხლები ისხდნენ. ირგვლივ ყველაფერი მწვანედ ხასხასებდა. შორს მდგარი თეთრი მწვერვალები ძალიან უხდებოდა ამ ყველაფერს.
ბიჭმა, უცებ, მშობლიური ადგილები იცნო, იცნო და ისეთი სიხარული დაეუფლა, გაუკვირდა, ქალაქში ამდენ ხანს, როგორ გავძელიო. გული უცნაურად უფართხალებდა, მღელვარებისაგან ნიკაპი უთრთოდა და ემოციების დამალვას დიდი მონდომებით ცდილობდა, რადგან, ეშინოდა, მამიდაშვილებს არ შეემჩნიათ მისი მღელვარება და დაცინვა არ დაეწყოთ.
მანქანა, მალე, მისი ეზოს ჭიშკარს მიადგა. ბიჭი მანქანიდან აუჩქარებლად გადმოვიდა. სახლის აივანზე მამა და უცხო ახალგაზრდა ქალი იდგა. მამამ შვილს აკოცა და – ეს ჩემი ბიჭიაო, – უთხრა მის გვერდით მდგარ ახალგაზრდა ქალს.
– უიმე, რა პაწაწუნა ყოფილხარო, – ტაში შემოჰკრა აღტაცებულმა ქალმა და ბავშვის წინ ჩაიმუხლა, ქოჩორზე მიუალერსა, ცისფერი თვალები დაუკოცნა. მერე ხელი ჩასჭიდა და დარცხვენილი ბიჭი სასტუმრო ოთახში გაიყვანა. იქვე, ტახტზე უამრავი სათამაშო იყო დახვავებული: სხვადასხვა ფერის ბურთები, ავტომობილები, ასაწყობი კუბურები და ერთი დიდი თვითმფრინავი, თუმცა ბავშვი არაფერს გაჰკარებია.
– მიდი, აიღე, რაც გინდა, ეს ყველაფერი შენიაო, – ალერსიანად ეუბნებოდა ქალი.
– არა, ჯერ არ მინდა, მერე ავიღებო, – ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა.
– კარგი, როცა მოგინდეს, მაშინ ითამაშეო, – გაუცინა ქალმა და ბავშვს ტახტის საზურგეზე დასკუპებულ უცნაურ თოჯინაზე მიუთითა:
– ეს დათვის ბელი შენიაო?
– პატარას გაეღიმა და თავი დაუქნია.
– რა ჰქვიაო?
– ნიფნიფიო, – ისევ გაეღიმა ბიჭს.
– ვაიმე, გოჭი ყოფილა და მე დათვის ბელი მეგონაო, – აკისკისდა ქალი, თოჯინა ხელში აიღო და გულმოდგინედ შეათვალიერა:
– უყურე შენ, მართლა გოჭი ყოფილა და როგორ ვერ მივხვდიო.
მერე ქალმა ბიჭს ისევ ხელი ჩასჭიდა და: – ახლა სტუმრებთან გავიდეთ, თორემ გველოდებიან და უხერხულიაო.
ლამაზი ქალიაო, ფიქრობდა ბიჭი დედინაცვალზე, მაგრამ დედა უფრო ლამაზი იყოო. მგონი დედაჩემი უფრო მაღალიც კი იყო, ვიდრე ეს ქალიაო, არა, არა, მგონი კი არა, ნამდვილად უფრო მაღალი იყოო. თბილი ხმა აქვს ამ ქალსო, მაგრამ დედას უფრო ნაზი და საყვარელი ხმა ჰქონდაო. ამ ქალს თაფლისფერი თვალები და შავი თმა აქვსო, დედას კი ცისფერი თვალები და ოქროსფერი თმა ჰქონდაო. მეც დედას ვგავარო, მეც ისეთივე ფერის თვალები და თმა მაქვსო, – ფიქრობდა ბიჭი და სარკეში თავის თავს გულმოდგინედ აკვირდებოდა, აკვირდებოდა და დედასთან სხვა მსგავსებასაც ეძებდა, თუმცა საიმედოს ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ თავს მაინც ინუგეშებდა: ვგავარ, როგორ არ ვგავარ, მე თუ ვერ ვამჩნევ, სხვები ხომ ამჩნევენო. და რაც უფრო მეტს ფიქრობდა ბიჭი დედაზე, მით უფრო უჭირად დედინაცვალთან შეგუება. თუმცა ქალი ისე მზრუნველობითა და სიყვარულით ეპყრობოდა, ბავშვი უხერხულადაც კი გრძნობდა თავს და როგორც კი ქალი მიუალერსებდა, მაშინვე წითლდებოდა, თავს ჩაღუნავდა, ან გვერდზე გაიხედავდა და ცოტათი უძალიანდებოდა კიდეც.
თუმცა, მაინც გულიანად ხითხითებდა, როცა დედინაცვალი მუცელზე კოცნიდა, ან იღლიებსა და ფეხის გულებზე თითებს უღიტინებდა. ბიჭი, ვერც ქალის მოთხრობილ ზღაპრების მიმართ იჩენდა გულგრილობას, რადგან დედინაცვალი ზღაპრის გმირებს სხვადასხვა მოძრაობითა და ხმით აჯავრებდა, რაც ბავშვის აღტაცებას იწვევდა. თუმცა ეს გრძნობა დროებითი იყო და მაშინვე ქრებოდა, როგორც კი ქალი იტყოდა: მგონი, საკმარისია, უკვე ძილის დროაო.
მერე ბიჭი თვალებს დახუჭავდა და, სევდიან ფიქრებში გართულს, გამთენიისას ჩაეძინებოდა ხოლმე, ამიტომ დილით გაღვიძება უჭირდა. მერე მთელი დღე უხალისოდ იყო და, ტახტზე ჩამომჯდარსაც, არა ერთხელ ჩასძინებია.
ქალი კი ცდილობდა, ძალიან ცდილობდა, ბავშვის სიყვარული დაემსახურებინა.
დრო კი მიდიოდა.
იმ დილით, ჩვეულებრივ, სუფრასთან ისხდნენ და საუზმობდნენ. ბიჭს თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და ერთ წერტილს მისჩერებოდა.
– ჩემო კარგო, ჭამის დროს ფიქრი არ შეიძლებაო, –ფრთხილად უთხრა დედინაცვალმა.
– ვფიქრობ, რამეს ხომ არ ვაშავებო? – უკმაყოფილოდ თქვა ბიჭმა და ჭამას შეუდგა.
– ჯერ საჭმელი მიირთვი და მერე იფიქრე, რამდენიც გინდაო, – უთხრა მამამ და შვილს პურის ნაჭერი მიაწოდა, – არა, მაინც რას ფიქრობ ასეთს? თუ რამე გაინტერესებს, გვითხარი და იქნებ დაგეხმაროთო.
ბიჭი დაიბნა და გაუგებრად ალუღლუღდა, მერე ისევ დაფიქრდა და:
– იცით, რა მაინტერესებსო? – თქვა უცებ.
– ჰო, ჰო, გვითხარიო, – შეაგულიანა დედინაცვალმა.
– ცის იქით რა არისო? – იკითხა ბიჭმა.
– რაო? – ერთდროულად წამოიძახა მამამ და დედინაცვალმა და ერთმანეთს გადახედეს.
– ცის იქით რა არისო? – ისევ იკითხა ბიჭმა.
უფროსებს, უცებ, ისეთი სიცილი აუვარდათ, ერთმანეთს მიასკდნენ.
– რა ვთქვი ასეთიო? – გაუკვირდა ბიჭს.
დედინაცვალმა ძლივს მოითქვა სული და მის დამშვიდებას შეეცადა:
– არა, შენს ნათქვამზე არ ვიცინით... მე და მამას რაღაც გაგვახსენდაო – მერე ახარხარებულ ქმარს გადახედა და ისევ გულიანად აკისკისდა.
– არა, არა, შენს ნათქვამზე მართლა არ ვიცინიო, – როგორც იქნა, თქვა სიცილისაგან დაოსებულმა მამამ, – თუმცა შენხელა ბავშვები ასეთ კითხვებს არ სვამენო.
– რატომო? – იკითხა ბიჭმა.
– იმიტომ, რომ ასეთი რამეები არ აინტერესებთო.
– აბა, რა აინტერესებთო?
კაცმა მიიხედ-მოიხედა, ფეხზე წამოდგა, ოთახის კუთხეში მივიდა, იატაკიდან სათამაშო ავტომობილი აიღო და ბიჭისაკენ გამოემართა:
– აი, მაგალითად, შენი ასაკის ბავშვს, აუცილებლად დააინტერესებდა ამ მანქანის შიგნით რა არისო.
– ეგ ხომ მეც მაინტერესებსო, – თვალები დაჭყიტა ბიჭმა.
– მერეო? – ჰკითხა მამამ.
– მერე, ეს რომ გავიგო, მანქანა უნდა დავშალოო.
– ჰო, მაგრამ, შენი მოქმედება სულაც არ იქნება გასაკვირიო, – გაუღიმა ასეთი საუბრით გახალისებულმა დედინაცვალმა.
– სამაგიეროდ, გამიჯავრდებით და არც მანქანა მექნებაო, – გაეცინა ბიჭს.
ასეთი პასუხით დაბნეულმა მამამ ვერაფერი უთხრა შვილს და გამხიარულებულ ცოლს უმწეოდ გადახედა:
– ეს ან დამაქცევს, ან ამაშენებს, ხომ იციო, –თქვა გაღიმებულმა და ფანჯარაში გაიხედა, – აუჰ, როგორ თოვსო, – წამოიძახა გაკვირვებულმა. მერე ქუდი და ქურთუკი საკიდიდან უხალისოდ ჩამოხსნა, ცოლ-შვილი გადაკოცნა, – აბა, წავედი მე სამსახურშიო, – თქვა და სახლიდან გავიდა.
...აჟრჟოლებდა ბიჭს, როცა იხსენებდა, თუ როგორ შეცვივდნენ აქვითინებული მეზობლები მათ სახლში, როგორ ეფერებოდა ერთი მათგანი დაბნეულ ბიჭს, როგორ უამბობდნენ სხვები გაფითრებულ დედინაცვალს, რაღაც უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც, თურმე მის ქმარს სამსახურში შეემთხვა, როგორ მისცვივდნენ მერე გულწასულ ქალს, რომელმაც ქმრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო და...
....მამა იმავე ადგილას ესვენა, სადაც ერთი წლის წინათ დედა იყო დასვენებული.მამიდა და ახალგაზრდა ცოლი თავთან ესხდნენ მიცვალებულს, გულსაკლავად დასტიროდნენ ქალები იმქვეყნად მიმავალს და მოსთქვამდნენ კაცის უბედობას.
აივანზე წყლის დასალევად გამოსულ მამიდას მეზობლები ამშვიდებდნენ, – ნუ გეფიქრებათ, ყველაფერი კარგად იქნებაო, – ვერც ახლა მიხვდა ბიჭი, კარგად რა უნდა ყოფილიყო და გაკვირვებული უცქერდა ხალხს.
მერე მამა ეზოში ჩაასვენეს და ჭიშკრიდან მოთქმითა და ტირილით გადაიყვანეს.
ბიჭი ისევ არ წაუყვანიათ, რა უნდა ბავშვს სასაფლაოზე და თანაც ასეთ ამინდშიო. და ისევ ფანჯრიდან უცქერდა ბავშვი, დიდი, ცისფერი თვალებით, როგორ მიჰყავდათ მამამისი და როგორ ეყრებოდა თოვლის ცივი ფანტელები მამის უძრავ სახეს. და იცოდა ბიჭმა, რომ არასოდეს, არასოდეს მოენატრებოდა თოვლი.
სასაფლაოდან მობრუნებულმა მამიდამ ჯერ დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, – ისე თოვს, აუცილებლად გზები ჩაიკეტება, რომ არ წავიდე არ შეიძლება, ბავშვები უპატრონოდ მყავს მიტოვებულიო, – და ბიჭმა და დედინაცვალმა გამოაცილეს სახლიდან. ჩუმად მიდიოდნენ.ყველა თავისის ფიქრობდა. უცებ მამიდა რძალს მიუბრუნდა:
– ხომ არ აჯობებს, ბავშვი ჩემთან წავიყვანოო?
ბიჭს გაუხარდა ამის გაგონება, მაგრამ შეამჩნია, როგორ გაფითრდა დედინაცვალი და ხმა არ ამოუღია.
– რას ამბობთ, ქალბატონო, რას ამბობთო, – წამოიძახა შეშფოთებულმა ქალმა და თვალები ცრემლით აევსო.
– რა ვიცი, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა მამიდამ, – სხვის შვილს კი არა... – თუმცა სათქმელი აღარ დაუმთავრებია.
მერე ხმა არავის ამოუღია.
გზის პირას წასასვლელად გამზადებული ავტობუსი თუხთუხებდა. მამიდამ მძღოლს ხელი დაუქნია, დამელოდეო, მერე ბიჭს მიუბრუნდა, შუბლზე აკოცა, – აბა, შენ იცი, ყოჩაღად მოიქეცი, მალე ჩამოგაკითხავო, – უთხრა, ცრემლები მოიწმინდა და ავტობუსში ავიდა.
საღამო ახლოვდებოდა.
ოთახში ღუმელი გუგუნებდა.
ბიჭი ფანჯარასთან იდგა და გარეთ უხალისოდ იყურებოდა.
ისევ თოვდა...
ბავშვი ფანჯარას მოსცილდა, ღუმელთან მოკალათდა და, სკამზე უმწეოდ მოკუნტულ, შავით შემოსილ დედინაცვალს მალულად გახედა. ბიჭს ახლა უფრო ეუცხოვა ეს ქალი, რომელსაც ადრინდელი სიხალისის არავითარი ნიშან-წყალი არ შერჩენოდა, პირიქით, საგრძნობლად მოტეხილიყო, თითქოს ასაკი ერთბაშად მომატებოდა, ლამაზი, თაფლისფერი თვალები ჩაღრმავებოდა და მწუხარებით ამოვსებოდა, ბავშვურ სახეზე შესამჩნევი ნაოჭები გასჩენოდა და იერი გამკაცრებოდა.
უცებ დედინაცვალი ფეხზე წამოდგა, ბიჭს სევდიანად გაუღიმა, თავზე ხელი გადაუსვა და არ მოგშივდაო? – შეეკითხა.ბავშვმა თავი გაიქნია. კარგიო, თქვა ქალმა. მერე კარადიდან ჩურჩხელა გამოიღო და არც ეს გინდაო... ბიჭმა ჩურჩხელა გამოართვა და უხალისოდ შეუდგა ჭამას
– მგონი ძილის დროა, – ცოტა ხნის შემდეგ თქვა ქალმა.
ბავშვი უხმოდ წამოდგა, ფანჯარაში გაიხედა და საძინებელ ოთახს მიაშურა.
ბიჭს ძილი არ ეკარებოდა და ლოგინში წრიალებდა. მერე გვერდით მწოლ დედინაცვალს – ისევ თოვსო, – შეეკითხა.
– კი, თოვსო.
– მთელი ღამე ითოვებსო?
– ალბათო, – დარდნარევი ხმით უთხრა ქალმა, – თუმცა, რაც უფრო დიდია თოვლი, მიწის ქვემოთ მით უფრო თბილა, იცოდიო?
ბიჭმა, რატომღაც, არაფერი თქვა და არც დედინაცვალს დაურღვევია სიჩუმე.
იცოდა ბიჭმა, რომ დედა და მამა სამუდამოდ წავიდნენ სახლიდან და ეს მშობლიური გარემო: სახლი, ეზო და ქუჩა, რაც მისთვის თითქმის მთელ ქვეყანას ნიშნავდა, უცებ გაუცხოვდა. მხოლოდ მამიდა იყო ერთადერთი ნუგეში მისთვის და გადაწყვიტა, როგორმე მასთან წასულიყო.
– მერე რა, რომ მამიდა ქალაქში ცხოვრობსო, – ფიქრობდა ბიჭი, – ავტობუსით წავალ, მე თუ არ ვიცი გზა, ავტობუსის მძღოლმა ხომ იცის? წავალ და მამიდაც იქ დამხვდებაო.
მეორე დილით ბიჭმა უხალისოდ ისაუზმა, მერე ფანჯარასთან მივიდა და დათოვლილ ეზოსა და ქუჩას გადახედა. ქუჩაში ბავშვები თამაშობდნენ და მათი ჟრიამული მთელ დაბას იკლებდა.
– გარეთ მინდა გასვლაო, – მიუბრუნდა ბიჭი ჩაფიქრებულ დედინაცვალს და თვალი აარიდა.
ქალი გამოერკვა, გაუხარდა ბავშვის ნათქვამი.
– მაგას რა სჯობს, ჩემო კარგო, ცოტას გაერთობი ბავშვებთან, აბა, სულ სახლში ხომ არ იქნები, ოღონდ თბილად ჩაიცვიო.
ქალმა ბიჭს ქურთუკი მოაცვა, ყელზე კაშნე მოახვია, თავზე ყურებიანი, ჭრელი ქუდი დაახურა, მაღალყელიანი ბოტები გულმოდგინედ ამოაცვა პატარა ფეხებზე და ეზოში გაიყვანა.
– აბა, შენ იცი, ფეხები არ დაისველოო, – უთხრა და მიმავალ ბავშვს პირჯვარი გადასახა.
მიდიოდა ბიჭი და ზონარგამობმულ ციგას თოვლზე მიასრიალებდა. ბავშვებს მალე მიუახლოვდა, თუმცა არ შერევია, იქვე, შორიახლოს, დადგა და მოწყენილი უცქერდა მათ ცელქობას.
ავტობუსთან მდგარი ხალხი მძღოლს შემოჰხვეოდა და ქალაქში წასვლას აიძულებდა. მძღოლი უარზე იდგა, ისე თოვს, ქალაქამდე ვერ ჩავაღწევთ და სადმე შუა გზაში დავრჩებითო. მაგრამ ხალხი არ ეშვებდა, ბოლოს, როგორც იქნა, ზოგმა ხვეწნით, ზოგმა მუქარით დაიყოლია ყვირილით დაღლილი მძღოლი.
ბიჭი ავტობუსში ამავალ ხალხს შეერია. ცოტა არ იყოს, სუნქვა შეეკრა, მაგრამ
მაინც მოახერხა ასულიყო და შვებით ამოისუნთქა. იგო ბოლო სავარძელზე მოკალათდა და მოუთმენლად ელოდა ავტობუსის დაძვრას.
ალბათ, მგზავრთაგან ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს ბავშვი მარტო აპირებდა მგზავრობას და ყურადღება არავის მიუქცევია.
როგორც იქნა, ავტობუსი ათუხთუხდა და მძღოლმა მანქანა ბუზღუნით დაძრა ადგილიდან.
დედინაცვალი ფანჯრიდან ადევნებდა თვალს თოვლში მოთამაშე ბავშვებს. უცებ დაინახა, როგორ უხერხულად წაიქცა ჭრელქუდიანი. ქალი სასწრაფოდ გამოიქცა სახლიდან და გულამოვარდნილი მივარდა წაქცეულს, აცრემლებული ბავშვი ფეხზე წამოაყენა და. . . გაფითრდა. ხან ამ უცხო ბავშვს უცქერდა, მისი ბიჭის ქუდი რომ ეხურა და ხანაც თოვლში მოთამაშე პატარებს. მერე, როგორც იქნა, ხმა ამოიღო ნერვიულობისაგან აკანკალებულმა ქალმა და – ამ ქუდის პატრონი სად არისო? – იკითხა.
– კარგად არ ვიცით, მგონი, იქით გაიქცაო, – სამანქანო გზისკენ მიანიშნეს აწითლებულმა ბავშვებმა და თამაში განაგრძეს.
ავტობუსის საბურავებით გაჭრილ თოვლს მისდევდა დედინაცვალი. ხშირი ფანტელები ხვავრიელად ეყრებოდა თავშალმოუხურავ თმასა და მხრებზე.
დაუსახლებელი ადგილები იყო დაბიდან ქალაქამდე.
თოვდა, თოვდა გადაუღებლად.
გზისპირა ხეებზე ყვავები ისხდნენ და ყრანტალით ცდილობდნენ უზარმაზარი მდუმარების დაფრთხობას.
ქალს გააჟრჟოლა, პირჯვარი გადაიწერა და გზა განაგრძო. სიცივე მატულობდა, თუმცა ეს უმწეო მგზავრი, მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობდა:
როგორმე არ დაღლილიყო, ძალა არ გამოლეოდა და იქნებ სასწაული მომხდარიყო, იქნებ დასწეოდა ავტობუსს, რომელსაც მისი პატარა ბიჭი მიჰყავდა. თუ არა და, ფეხით უნდა ევლო ქალაქამდე, ივლიდა კიდეც, როგორმე ივლიდა.
მერე... მერე ბინდი მოვიდა, შავად მოვიდა ბინდი და მზერადამძიმებულმა ქალმა რამდენიმე ნაბიჯში გაჩერებული ავტობუსი და იქვე მოფუსფუსე ხალხი შეამჩნია და თვალებს არ დაუჯერა. ერთხანს გაოგნებული უყურებდა ამ ყველაფერს და ზედმეტი დაღლილობისა და დაძაბულობისაგან თოვლში ჩაიკეცა.
ბიჭი თავჩაღუნული იდგა ავტობუსთან. მერე ნელი ნაბიჯით თოვლში მოკუნტულ დედინაცვალს მიუახლოვდა. ერთხანს დარცხვენილი უცქერდა ატირებულსა და ერთიანად აკანკალებულ ქალს და შეეცოდა, ძალიან შეეცოდა. უნდოდა, რამე სანუგეშო ეთქვა მისთვის, მაგრამ ვერ შეძლო. უცებ პატარა ხელები კისერზე მოჰხვია და მიეხუტა, მიეხუტა და გაოცდა ბიჭი: თბილი იყო დედინაცვალი, დედასავით თბილი.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
როდესაც ჩვილი იწყებს კვებას უფროსების საკვებით
იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვილი იწყებს კვებას იმავე საკვებით, რითაც დანარჩენი ოჯახის წევრები, მნიშვნელოვანია–არ დაამატოთ მარილი საკვების მომზადებისას.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო