kids.ge logo

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ფავორიტებში დამატება

VI. შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს

დღე დღეს მისდევდა და შობიდან თორმეტი დღის თავზე ოჯახში ზეიმისთვის სამზადისი დაიწყო.

 მართა ბებო დილას ყველაზე ადრე ამდგარიყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა, თან გემრიელ საუზმეს ამზადებდა. ჰაერში ყავისა და ჩაის სურნელოვანი არომატი ტრიალებდა. მაგიდის შუაგულში ფართო თეფშზე ფუმფულა ბლინები კოშკივით წამომართულიყო, გარშემო კი ნაირ-ნაირი ხილის მურაბის ჯამები ჰქონდა შემოწყობილი. 

დიასახლისმა წვეულებისთვის სპეციალურად გამოაცხო ნამცხვარი, რომელიც რგოლის ფორმის სამეფო გვირგვინს ჰგავდა. ის ყველაზე ბოლოს გამოიღო ღუმლიდან და ფანჯრის რაფაზე გადადგა გასაგრილებლად. 

ცომში ოქროსფერი მონეტა საგანგებოდ იყო დამალული, რომელიც პრიზად ითვლებოდა. ვისაც ის შეხვდებოდა, ზეიმის მეფედ გამოაცხადებდნენ, რომელსაც შეეძლო დედოფალი დაესახელებინა. ახლად  არჩეული მეფე-დედოფლისთვის სუფრის წევრებს ყველა თხოვნა უნდა შეესრულებინათ, რასაც ისინი მოინდომებდნენ.

* * *

მართა ბებომ ცეცხლს შეშა შეუკეთა. სასტუმრო ოთახში, სადაც რელიეფური, კერამიკული ფილებით მოპირკეთებული, საგვარეულო გერბით დამშვენებული, ტრადიციული გერმანული ბუხარი კედელში იყო ჩაშენებული, მართა ბებოს საჩუქრები შეუმჩნევლად დაელაგებინა. 

ლექსოს ყველაზე მეტად საზეიმო კოსტიუმები მოეწონა. ეს იყო სამი ლეგენდარული ბიბლიური ხელმწიფის საკარნავალო ბუტაფორიული, თუმცა ძალიან დიდებული სამოსი სამეფო გვირგვინებით, რომლითაც შობის მეთორმეტე ღამეს უნდა შემოსილიყვნენ, რომ მოგვთა თაყვანისცემა ასე აღენიშნათ  და ერთმანეთისთვის მიელოცათ.  ამ დღეს ხომ ყველა  ბავშვი საჩუქრებს ისევე მოელის, როგორც გრძნეულმა მეფეებმა ახალშობილ იესო ქრისტეს  მიართვეს ძვირფასი ძღვენი:  ოქრო  და მირონ-საკმეველი. 

მართა ბებო და ლექსო თავისი ტყუპისცალი ძმის ნიკასა და მათი ბუბა ბაბუს დასახვედრად ემზადებოდნენ.

* * *

ბებიას და შვილიშვილს მოულოდნელი სიხარული დაატყდა თავს. ზარი დაირეკა და როცა ლექსომ მიირბინა კარის გასაღებად, ზღურბლზე სტუმრები გამოჩნდნენ. ყველამ ერთხმად შესძახა სიხარულისა და აღტაცებისგან. ლექსო ბუბა ბაბუს კისერზე ჩამოეკიდა და გაშვება აღარ უნდოდა. ნიკა კი მართა ბებოს ჩაეხუტა და კოცნიდა.

როცა ბებიას და ბაბუას ალერსით გული იჯერეს, ამდენი ხნის უნახავი და მონატრებული ბიჭები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ასე იდგნენ დერეფანში, ცოტა ხანში კი ოთახში შევიდნენ და ამბების მოყოლას ერთმანეთს არ აცდიდნენ. ნიკას ყველაფრის თქმა და გაზიარება უნდოდა დიდი ხნის უნახავი ძმისთვის. სულმოუთქმელად უყვებოდა რით ცხოვრობდა ზღვისპირა ქალაქში, თავის მეგობრებზე და სკოლაზე, სპორტში მიღწეულ წარმატებებზე.  ლექსოს კი არ დავიწყებია გაეზიარებინა თავისი ახალი გატაცება მუსიკით და ამით თავსაც იწონებდა. 

ალბათ ასე უსასრულოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ კარზე კაკუნი ისევ გაისმა. 

-ნეტა ვინ უნდა იყოს? ალბათ, პაპა შულცი გვესტუმრა! - შესძახა ლექსომ და მისი მოლოდინი გამართლდა. შემოსვლისთანავე ყველას წარუდგინა სტუმარი და ერთმანეთი გააცნო. 

* * *

მართა ბებომ ტრადიციული სადღესასწაულო ნამცხვრის ნაჭრები სტუმრებს გაუნაწილა.  

ბუბა ბაბუმ ჯიბიდან ჩუმად ამოიღო მონეტა, ხელი მაღლა ასწია და ყველას დაანახა: 

-გამიმართლა, პრიზი მე შემხვდა, იღბალი მქონია!

ნიკა მიუხვდა ბუბა ბაბუს ოინს, მაგრამ  არ  გაამხილა და გაამარჯვებინა.  ამ დროს თავისი ბისკვიტის ნაჭერი, რომელშიც ნამდვილი პრიზი იპოვა,  ნიკამ შეუმჩნევლად ჯიბეში ჩაიდო. იქ პატარა თაგუნა ეჯდა, რომელიც ტყიდან სახლში მოტანილ ნაძვის ხეზე იპოვა და პურის ნამცეცებით მიიჩვია. მალე  ისე მოათვინიერა, რომ ადამიანის აღარც კი ეშინოდა. 

-ეხლა კი დედოფლის გამოცხადების დროც დადგა!  აბა, შეძახილებით გავამხნევოთ! ბუბა ბაბუ! ბუბა ბაბუ! ბუბა ბაბუ!

-მართა ბებო! მართა ბებო! მართა ბებო!

- ჩემი სურვილია, რომ მართა ბებომ და ლექსომ არდადეგები ჩვენს ზღვისპირა სახლში გაატარონ. საგასტროლოდ ცირკის ქარავანი ჩამოდის და ბილეთები უკვე შევიძინე მთელი ოჯახისთვის. ერთი ზედმეტი ბილეთიც მაქვს და თუ პაპა შულცსაც ექნება სურვილი, შემოგვიერთდეს, ყველა მოხარული ვიქნებით.

ამ დროს ოთახში მართა ბებო შემოვიდა, ხელში საკარნავალო კოსტიუმები ეჭირა და სტუმრებს შესთავაზა შემოსილიყვნენ. მეფის სამი მანტია გაინაწილეს ბუბა ბაბუმ,  პაპა შულცმა და ლექსომ, ნიკას კი მწყემსის შესამოსელი ერგო წილად. თავისი ქურთუკი ნაძვის ხესთან სკამზე დადო, რომლის ჯიბიდანაც თაგუნა შეუმჩნევლად გამოძვრა და ხესთან მიირBინა. 

-წრიპა, აქ საიდან გაჩნდი? პაწიკო, შეხედე! შეხედე! ვინ მოსულა!

- პაწიკო, წუწუნა! - გახარებული თაგუნები ნაძვის ხის ძირში დაფენილ ბამბის ქულებში კოტრიალობდნენ და ყირაზე გადადიოდნენ. 

ლექსომ და პაპა შულცმა გადაწყვიტეს არღანზე აეჟღერებინათ ის მელოდია, რომლის სანოტო გრაგნილებს ცოტა ხნის წინ საკუჭნაოში შემთხვევით მიაგნეს. მუსიკის ჰანგებს ჭივჭავებმა და შაშვებმა მაშინვე ჭიკჭიკით ხმა შეუწყვეს.

თაგუნებს, როგორც კი სიმღერა შემოესმათ,  მაშინვე წრიპას გაუმხილეს თავიანთი საიდუმლო, რომ სწორედ მათი,  პაწიკოსა და წუწუნას დამსახურება იყო ჭივჭავი დარიკოს გალობის გადმოტანა არღნის გრაგნილებზე და ასეთი სახით მელოდიის სამუდამოდ შენარჩუნება. 

- ჭივჭავი დარიკო გასაოცარი მგალობელია და გამუდმებით ხვეწს თავის ხელოვნებას. არაჩვეულებრივი სმენის წყალობით ყურს უგდებს შორეულ ჰანგებს და თვითონაც იმეორებს ახლადმოსმენილ განსხვავებულ მელოდიებს. ასე თითქოს მარტო აღარ არის გალიაში და თავის მოდგმის ყველა ჩიტს იცნობს, ვისგანაც სიმღერა ესმის და თვითონაც შორს აწვდენს ხმას.

ბუბა ბაბუ ყოფილი მეზღვაური იყო და აღტაცებული იყო მოსმენილით.

- ეს ხომ ხალხური სიმღერაა და სამი მეფის მარში ეწოდება. შორეული მოგზაურობის დროს მომისმენია სადღესასწაულო აღლუმისას საფრანგეთის საპორტო ქალაქში, – თავისი გამოცდილება  გაუზიარა ბუბა ბაბუმ ყველა იქ მყოფ სტუმარს.

ამის შემდეგ, ერთმანეთის მილოცვა და საჩუქრების დათვალიერება დაიწყეს, სადღესასწაულო წვეულება კი ცაში Fეიერვერკების გაშვებით საზეიმოდ დასრულდა.

 ყველა სახლში ნაძვის ხის მორთულობა ჩამოხსნეს და მომავალი წლისთვის შეინახეს, მეორე დილას კი სატვირთო მანქანები დაიტვირთა  მოჭრილი, გადაყრილი ხეებით და მეორადი დანიშნულებით გადასამუშავებლად ადგილიდან გაზიდვას შეუდგნენ. 

ტოტიკო და ქუნქულა, რომლებიც თაგუნებს ჩასაფრებოდნენ: მელა - ზღვისპირა სახლთან და ქორის მართვე – ეზოსთან ქალაქის პარკში, ამდენი ხნის მანძილზე ამაო მოლოდინით გაწბილებულები ორივე ტყეში უკან დაბრუნდნენ.

 

დასასრული

თამარ ჩაჩიბაია
21 ნოემბერი, 2021 წ.
ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა ზღაპრები

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მალაზონია:


Kids.ge-ს რჩევები

ნება მიეცით თქვენს შვილს თავი გაართვას მარტივ პრობლემებს

არ დაეხმაროთ ბავშვს თუ დაინახავთ, რომ იგი ცდილობს ააწყოს სათამაშო ან გადმოიღოს წიგნი იმ თაროდან, რომელსაც პატარა ძალდატანებითაც შეუძლია მიწვდეს. „თუკი ბავშვი უსაფრთხო გარემოში ცდილობს დამოუკიდებლად მოქმედებას, ეცადეთ, არ ჩაერიოთ. ზუსტად ასეთი მომენტები აყალიბებს მას“ - ამბობს ზებუკერი. „ბუნებრივია, სრულყოფილება გსურთ, მაგრამ, ამგვარად ბავშვებს წარმატების მიღწევის შანსს ვუკარგავთ.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026