kids.ge logo

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ფავორიტებში დამატება

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ია, გასაოცარი მგალობელი იყო და გამუდმებით ხვეწდა თავის ხელოვნებას, არაჩვეულებრივი სმენის წყალობით ყურს უგდებდა შორეულ ჰანგებს და თვითონაც იმეორებდა ახლადმოსმენილ განსხვავებულ მელოდიებს. ასე თითქოს მარტო აღარ იყო გალიაში და თავისი მოდგმის ყველა ჩიტს იცნობდა, ვისგანაც კი სიმღერა ესმოდა და თვითონაც შორს აწვდენდა ხმას.

პიპაც მარტო იყო გალიაში, ვითომდა მისივე უსაფრთხოებისთვის, რომ კატას არ შეეჭამა. ამ მოსაზრების სიმართლეში პიპას ეჭვიც ეპარებოდა და არც სჯეროდა.

„თუ ასეა, მაშინ კატაც რატომ არ ზის გალიაში ძაღლისგან თავის დასაცავად?” – ეკითხებოდა გვერდით აკვარიუმში მოცურავე თევზს, მეტსახელად ზვიგენს, თუმცა ის პასუხს არ სცემდა. საერთოდ არავის ამჩნევდა და არც გამარჯობას ეუბნებოდა ვინმეს, ძალიან ქედმაღალი ვინმე იყო.

„ისევ საწყალ ძაღლს რატომ აქვს  კისერზე ჯაჭვი გამობმული?” – არ ეშვებოდა ზვიგენს პიპა, მაგრამ უპასუხოდ რჩებდა.

იმასაც ამბობდნენ, რომ კატას ადრე მეორე თევზი დაუჭერა აკვარიუმში და შეუჭამია. ასე დარჩენილა ზვიგენი მარტო და ალბათ ამას გაუბოროტებია, ამის შემდეგ იმიტომაც არავის ელაპარაკებოდა.

ერთი სიტყვით, დიდი საშიში ვინმე  ბრძანდებოდა კატა მეტსახელად გუშაგი. ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ყველას და ყველაფერს თვალს ადევნებდა და აკონტროლებდა. ვინც ძაღლთან მეგობრობდა, ყველა მტრად მიაჩნდა, არა და ძაღლი პიპასთვისაც უწყინარი იყო.

პიპას წარმოდგენით კატა განაგებდა მათ  სამყაროს. ადამიანიც ემორჩილებოდა და ყველა სურვილს უსრულებდა, იმისთვის, რომ მას უდარდელად ეცხოვრა.

ხანდახან, როცა კატა სასეირნოდ გადიოდა ეზოში, მაშინ ადამიანი პიპას გალიის კარს უღებდა და ორივენი ერთად თამაშობდნენ. ადამიანი პიპას ნებას აძლევდა, რომ მხარზე აცოცებოდა, ლაბირინთში გზის გაკვლევასაც ასწავლიდა.

გუშაგი კატა ადამიანს და ძაღლს გარეთ ერთად სეირნობის უფლებასაც აძლევდა. სწორედ მაშინ, როცა კატა მარტო რჩებოდა, იადონს თავშესაქცევად ეთამაშებოდა. იადონს სულ არ მოსწონდა და გალიის გისოსებს აქეთ-იქეთ აწყდებოდა.

პიპამ გადაწყვიტა იადონს  რამენაირად დახმარებოდა.

„ნეტავ, ისეთი რა გავაკეთო, რომ გუშაგმა თავისი სახიფათო ინტერესი ჩემზე გადმოიტანოს?” – ფიქობდა პიპა. თუმცა, ძალიან კი ეშინოდა, მაინც გაბედა და გალიიდან კუდი გარეთ გამოყო. გუშაგმა მაშინვე შეამჩნია და თავდასხმისთვის მოემზადა, წინა თათებზე ჩაიცუცქა, უკანა თათებით სტარტი აიღო და ერთი ნახტომით დააცხრა პიპას კუდს. პიპას შეეშინდა, გადახტა და გალიაში ამოყირავდა, გული წაუვიდა. როცა თვალები გაახილა, გისოსებთან ძალიან ახლოს მობჯენილი გუშაგის თათები და ცხვირ–პირი დაინახა, თვალებსაც საშიშად აკვესებდა. იჯდა და მოთმინებით ელოდა პიპა კიდევ თუ გამოყოფდა გალიიდან კუდს. დიდი დრო გავიდა, სანამ ადამიანი და ძაღლი სახლში არ დაბრუნდნენ, გუშაგმა პიპას თავი არ დაანება.

ასე გაგრძელდა რამდენიმე დღის განმავლობაში, პიპა უკვე მიეჩვია გუშაგის სიახლოვეს და შეეძლო აღარ შეშინებოდა. გალიის გისოსებში თავი მართლაც დაცულად ეგრძნო, ბოლოს და ბოლოს. წყალსაც და საჭმელსაც მიირთმევდა, ვითომც არაფერი ხდებოდა, რაც კიდევ უფრო მეტად აბრაზებდა გუშაგს. გალიას სულ გარშემო უვლიდა, თან ცდილობდა პიპას დაჭერას, თუმცა ამაოდ ირჯებოდა.

სამაგიეროდ, იადონმა იამ შვებით ამოისუნთქა, მთელ დროს გალობას უთმობდა და ყველა თავის მოძმეს, ვისაც კი მისი ხმა ესმოდა, თხოვნით მიმართავდა:

„ვისაც ჩემი გესმით, ამას გთხოვთ, რომ სხვებსაც შეატყობინოთ! ჩემს მხსნელს, თეთრ თაგვ პიპას მეგობარი სჭირდება, ვცადოთ და მოვუძებნოთ,   შორს მყოფ თავისიანებს დაუკავშირდება, მათგან ახალ  ამბებსაც გაიგებს და თვითონაც ეტყვის, თორემ სულ მარტოა და ხმის გამცემიც არავინ ჰყავს,“ – სტვენით გადასცემდა იადონი ია უწყვეტ ტექსტს გაბმულ მელოდიად და უცდიდა, თუ რას უპასუხებდნენ. 

*****************

საღამოს, სანამ შებინდდებოდა, ჩიტები ერთბაშად იბუდებდნენ, რომ დილას არცერთ სულიერს არ დაესწრო მათზე ადრე გაღვიძება. მეყსეულად სიჩუმე ისადგურებდა, თითქოს უხილავი დირიჟორის ნება–სურვილს ემორჩილება ყველა ფრინველი და ჩიტები მშვიდ ძილს ეძლეოდნენ გარიჟრაჟის დადგომამდე, როცა ისევ ერთდროულად  მოეფინებოდნენ ლაჟვარდოვანი ცის კაბადონს მხიარული ჟივილ–ხივილით და ჟრიამულით.

პიპას, როგორც ყოველთვის, საღამოს არ ეძინებოდა, დღისით უყვარდა ჩათვლემა. სიჩუმეც სიამოვნებდა და არხეინად სუსნაობდა თავის გალიაში. ფანჯარა გაღებული იყო და გუშაგი ფისო რაფაზე იყო დასკუპებული. მოულოდნელად ოთახში ღამურა შემოფრინდა და ჰაერში წრიულად ტრიალი დაიწყო. გუშაგმა დაინახა და დევნა დაუწყო. ხან კარადის თავზე შეხტა, ხან თაროზე და თან, როგორც სჩვეოდა, ცდილობდა ნადავლის თათებში მომწყვდევას. ჭერში ჩამოკიდებულ სანათურსაც კი ჩამოეკიდა, ისე გაახელა ნადირობის ჟინმა, მაგრამ ღამურის დაჭერის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ღამურა ისე ოსტატურად ლავირებდა უცხო გარემოში, რომ თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყოს. არც არაფერს ეჯახებოდა, თითქოს რაღაცას დაეძებდა.

„პიპააა, პიპააა, მე პეპე ვარ, პეპე,“ – ნათლად გაარჩია პიპამ ღამურას ძახილი.

„ჰეი, ჰეი, საიდან მიცნობ?“ – გამოეპასუხა გაკვირვებული  პიპა.

„გადაძახილით მოგაგენი,“ – იყო პასუხი,  – „ფრინველები გადასცემდნენ ერთმანეთს, რომ შენ ისეთი ვინმე გჭირდება, ვინც, დაგეხმარება, რომ სხვებსაც მიაწვდინო შენი ხმა და მათგანაც გაიგო ახალი ამბები.“

„მართალია, თან რა კარგად მესმის შენი, თითქოს დიდი ხანია გიცნობ, რა უცნაურ ბგერებს გამოსცემ?“ – შენ და ჩემს გარდა არავის ესმის და ვერავინ ვერაფერს გებულობს, თითქოს დაფარულ საიდუმლო ენაზე ვსაუბრობთ?“ – გაუკვირდა პიპას. იადონ იასაც კი არაფერი ესმოდა მათი საუბრიდან და მშვიდად ეძინა.

„უხმო სიგნალი, რომელსაც მე გამოვცემ სიბნელეში ფრენის დროს მეხმარება, რომ რამეს არ დავეჯახო, თანაც ღამით მწერებსაც ბევრს ვიჭერ და ჩიტებს ვეხმარები მავლებლების განადგურებაში,“ – უპასუხა  პეპემ. 

პეპე მეორე ღამესაც დაბრუნდა და ისევ შემოფრინდა ოთახში. პიპა მოუთმენლად ელოდა და მისი გამოჩენა გაუხარდა, რადგან ახალი მეგობარი შეიძინა. 

ასე გაგრძელდა მთელ ზაფხულს.  ღამურა უყვებოდა შორეული თეთრი თაგვის ამბავს, რომელიც ინდოეთში ცხოვრობს და ადამანები მის სათაყვანებლად შორიდან ჩადიან. ეს ამბავი პეპეს ნამგალა ჩიტმა მოუყვა, რომელიც ღამითაც კი ცაში დაფრინავს და მიწაზე არასოდეს ეშვება.

„მერცხლები და ნამგალები ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებენ. ჩვენ კი ღამურები ძილს მივეცემით, იმიტომ, რომ შორ მანძილზე გადაფრენა არ შეგვიძლია. სადმე სხვენში ან გამოქვაბულის ჭერზე თავდაყირა დავეკიდებით, ერთმანეთს ახლოს მივეკრობით გასათბობად და გაზაფხულის დადგომამდე ვიძინებთ. ამასობაში ფრინველებიც ბრუნდებიან და ახალ ამბებს გვიყვებიან, რაც შორეულ ქვეყნებში გაიგეს.“  

„იცი თურმე რა ხდება ინდოეთში?! თეთრი თაგვი  ადამიანებს რუხი თაგვების დედოფლად უღიარებიათ და ინდოეთის ყველა კუთხიდან  საიდან აღარ ჩადიან მისთვის პატივის მისაგებად. იმ ძვირფას სასახლეში ათასობით რუხი თაგვი უდარდელად ცხოვრობს და მათ შორის ერთი თეთრი თაგვი მეფობს. ადამიანები ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მას აღმერთებენ. ასეთი ყოფილა შენი შორეული თანამოძმეების იღბლიანი ცხოვრება.“

„ნეტავ სად არის ეს ადგილი?“ – ცნობისმოყვარეობამ და აღტაცებამ  შეიპყრო პიპა.

„ეს უდაიპურში ხდება, რაჯასტანის უძველეს სატახტო ქალაქში. ულამაზესი თეთრი სასახლეები ტბის ნაპირებზეა წამომართული, გარს კი მთებით არის გარშემორტყმული. ადამიანები თეთრი თაგვის სათაყვანებლად ტაძარში საბაგირო გზით ადიან მთის წვერზე, საიდანაც უდაიპურის ულამაზესი ხედი იშლება მნახველების თვალწინ. ხალხს სჯერა, რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინ მათი გაბედული დიდებული და ბრწყინვალე დედოფალი თეთრ თაგვად გადაიქცა, მისი მცველები, კი რუხ თაგვებად, ამიტომ, რამდენიმე საუკუნის შემდეგაც კი საკადრის პატივს მიაგებენ,“  – თითქმის დაუჯერებელი ამბის თხრობას განაგრძობდა ღამურა პეპე.

„ასე გამოდის, რომ ყველა თეთრი თაგვი უდაიპურის პრინცესას შთამომავალი ყოფილა! შეიძლება, რომ მეც მისი მემკვიდრე ვიყო? წარმოგიდგენია, ერთ მშვენიერ დღეს მეც რომ დედოფალი გავხდე?!“ – პიპას თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი ნათქვამის, თუმცა ძალიან სიამოვნებდა ოცნება. ოცნებაში კი შეიძლება ყველაფერი მომხდარიყო, თავი უკვე დედოფლად წარმოიდგინა და სულიერი სიმშვიდე მოიპოვა, რომელსაც ასე ელტვოდა. ამაში თავის გულითად მეგობრებს უზომოდ უმადლოდა. იცოდა, რომ თვითონაც ყველაფერს გააკეთებდა მათი კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის. დარწმუნდა, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აფციაური:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ ემპათია

შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის ავლენს ემპათიას და აჩვენეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი თვისებაა.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026