kids.ge logo

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ფავორიტებში დამატება

I. ტოტიკო და ქუნქულა

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟრიამულს. 

პატარა მელაკუდა ტოტიკო ახლა სწავლობდა ტყის ბინადრების ხმის გამოცნობასა და ერთმანეთისაგან გარჩევას. ამაში მიმინოს მართვე ქუნქულაც ეხმარებოდა, რომელიც მასზე ცოტა უფროსი იყო და ზედმიწევნით ზუსტად იგებდა ყველაფერს მახვილი სმენის წყალობით. ფრინველების ხმის გარდა ტყის თაგვების წრიპინიც კი ესმოდა.

ერთ დღეს, სწორედ მაშინ, როცა მელაკუდა ტოტიკო ნადირობის ხერხებს ხვეწდა, ზემოდან მას თვალი მოჰკრა მიმინოს მართვე ქუნქულამ. ტოტიკო ისე მაღლა ხტებოდა, რომ მიმინოს მასთან შეჯიბრება მოუნდა. 

ზუსტად ისე, როგორც თავისი დედა კუდაგრძელი  მელია ასწავლიდა - ტოტიკო ჯერ მსხვერპლს ჩაუსაფრდებოდა, მიწას გაეკვრებოდა, მერე კი უცბად ადგილზე რაც შეიძლება მაღლა ისკუპებდა და წინა თათებით მთელი ძალით დააცხრებოდა სოროს. ტოტიკო გამალებული მიწის თხრას მისდგებოდა და სამალავიდან მოიხელთებდა ნადავლს. ზოგჯერ მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა, როცა გამოცდილ ტყის თაგვს წააწყდებოდა, რომელიც თავს გაქცევით შველოდა და ნადირის კლანჭებს ასე გადაურჩებოდა. გამოუცდელ წრუწუნებს კი ნაკლებად უმართლებდათ. 

მიმინომ მელაკუდას ჩამოუქროლა, ჰაერში კამარა შეკრა და მის ცხვირწინ გაინავარდა. მელაკუდა ტოტიკო მიმინოს გამოუდგა და ცდილობდა დასწეოდა. ტოტიკო მიმინოს ჩრდილს აედევნა, რომელიც მინდორში ბალახის ზედაპირზე ისე დასრიალებდა, როგორც თევზი დაცურავს წყალში. მიმინო ქუნქულა რამდენჯერმე დაბლა დაეშვა და თავზე გადაუფრინა   გაანცებულ ტოტიკოს. ასე თამაშ-თამაშით დამეგობრდნენ მტაცებელი ფრინველისა და ნადირის, მიმინოსა და მელას ნორჩი ნაშიერნი.

 

***

იმ დღესაც ძმადნაფიცები ადრიანად გაემართნენ არემარის დასაზვერად და ახალი ადგილების გასაცნობად. ქუნქულა ზევიდან ადევნებდა თვალყურს ჩიტების ადგილსამყოფელს, ხოლო ქვევით, ტოტიკო აყურადებდა ტყის თაგვებს. ჩამოცვენილი ფოთლების ოდნავ შერხევაზე წამიერად გაირინდებოდა და მკვირცხლი ნახტომისთვის მზად იყო. 

ტყის პირას, მდელოზე, ახლადმოჭრილი ნაძვის ხის კუნძზე, წრუწუნები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ეს ხე ჯერ კიდევ გუშინ, მათი მეგობარი ციყვის სახლი იყო, ახლა კი იქვე, დაბლა გართხმულიყო მეტყევის მიერ ფესვებთან ძირში მოჭრილი. 

თაგუნები ციყვის გამოჩენას ელოდნენ და იმედს არ კარგავდნენ, რომ მათი მეგობარი დათქმულ ადგილას, როგორც ყოველთვის, ისევ მივიდოდა. მართლაც, ამ დროს ციყვების ოჯახს ახალი საზრუნავი გასჩენოდა: მათ შორიახლოს, მეზობელ ხეზე, სხვა ფუღუროს მიაგნეს და ახლა იქ გადაჰქონდათ მოგროვილი ზამთრის მარაგი. ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობDა ამ საქმეში, რომ სანოვაგე არ დაეკარგათ და დროულად გადაერჩინათ.

სწორედ ამ დროს, ნაძვის ხის კუნძზე დასკუპებულ სამ წრუწუნას მელამ და მიმინომ მოკრა თვალი. თაგუნებმა უმალ დაინახეს მათ შესაპყრობად შემართული მტაცებლები და წაქცეული ნაძვის ხის ტოტებში ელვის სისწრაფით დაიმალნენ. შეშინებულები გაინაბნენ  და აღარც კი მოძრაობდნენ, რომ ყურადღება არ მიეპყროთ. ტოტებს შორის რამდენჯერმე მელაკუდას თვალები თაგუნას თვალებს შეხვდა. მელაკუდა ტოტიკომ მაშინვე მისი დაჭერა სცადა, მაგრამ ნაძვის ხის წიწვები თათებში შეერჭო და ტკივილისგან დამფრთხალი ადგილზე შეხტა, როგორც სჩვეოდა ხოლმე. მიმინო ქუნქულაც არ შეეშვა დევნას და გარშემო დასტრიალებდა წაქცეულ ნაძვის ხეს. თაგუნები შიშით გაიტრუნენ  და ხის ტოტებში უფრო ღრმად ჩაეფლნენ, რომ მიუწვდომელNი ყოფილიყვნენ და ისინი მტაცებლებს არ მოეხელთებინა. 

დიდი ხანი არ იყო გასული, რაც ტყის ბინადრებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დამალობანა გაიმართა. უცბად ტყის ბილიკზე სატვირთო მანქანა გამოჩნდა, რომელიც ისეთ ხმას გამოსცემდა, თითქოს ნადირი ღმუოდა. 

მელაკუდა ტოტიკო და მიმინო ქუნქულა გაუჩინარდნენ ისე, რომ მანქანაში მყოფ ადამიანებს ისინი არც კი შეუმჩნევიათ. კაცები ჩამოქვეითდნენ და ნაძვის ხე მიწიდან ასწიეს, მანქანის საბარგულში მოსათავსებლად, სადაც უკვე იდო ერთი მოჭრილი ნაძვის ხე. მანქანა იქაურობას მალე გაშორდა და ტყეში საგანგებოდ გაკაფულ ოღროჩოღრო გზას გაუყვა. 

მანქანის საბარგულში თაგუნებს ძლიერი ბიძგები ყველა მიმართულებით აბურთავებდა: ხან ზევით-ქვევით, ხან აქეთ-იქით. მთელი სხეულით ტოტებს ეხეთქებოდნენ. ამის წყალობით არ გადავარდნენ მანქანიდან და ბოლომდე დარჩნენ ნაძვის ხის შიგნით. 

ტოტიკო და ქუნქულა სატვირთო მანქანას აედევნენ, რადგან ნადავლის გაშვება არ უნდოდათ და წრუწუნების დაჭერა გადაეწყვიტათ.  

მანქანა ტყეს გასცდა და როცა სახლები გამოჩნდა, ერთ ჭიშკართან გაჩერდა, სადაც ნაძვის ხე ჩამოტვირთეს. 

ერთმა კაცმა მეორეს გადაულაპარაკა: 

-ასეთი წესია, რომ ქრისტეშობიდან ზუსტად მეთორმეტე ღამის შემდეგ ნაძვის ხე სახლიდან უნდა გაიტანონ, მანამდე კი მორთულობა დაშალონ, რომ მომავალი წლისთვის შეინახონ. ასე რომ, მაგ დროისთვის ისევ აქ უნდა დავბრუნდეთ და ეს ხე წავიღოთ. სახლი რომ არ შეგვეშალოს, მოდი, ნიშანი დავადოთ. 

მათ კარზე ცარცით  დააწერეს სამი ლათინური ასო, თავში და ბოლოში კი ჯვრები დაუსვეს +CMB+, რაც მათი რწმენით ნიშნავდა: „მშვიდობა ამ სახლს.  

-ჯერ მოდი ეს მეორე ნაძვის ხე დროულად მივიტანოთ დანიშნულების ადგილზე. შეკვეთა გვაქვს შესასრულებელი. წინ კი შორი გზა გველის, წავიდეთ!

მელაკუდა ტოტიკო სახლთან შეუმჩნევლად დარჩა და ჩასაფრება გადაწყვიტა, რომ დალოდებოდა ადრე თუ გვიან წრუწუნების გამოჩენას. სახლი ზღვის პირას იყო და წიწვნარის კორომი ერტყა გარშემო. მიმინო ქუნქულა უკან გაჰყვა სატვირთო მანქანას, რომელმაც გზა გააგრძელა და გეზი დედაქალაქისკენ აიღო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა ზღაპრები

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ითამაშეთ ასაკის შესაბამისი თამაშები

აირჩიეთ თამაშები, რომლებიც შეესაბამება ბავშვის ასაკს და განვითარების დონეს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026