ნაძვის ხით დატვირთულმა მანქანამ მითითებულ მისამართზე დანიშნულების ადგილს მიაღწია და სახლთან გაჩერდა. შეშინებული და დამფრთხალი წრუწუნები მოჭრილი ნაძვის ხის იმ ტოტს ჩასჭიდებოდნენ, რომელსაც შერჩნენ და თათებს არ უშვებდნენ. საბარგულში ძლიერი რყევის შედეგად, სრულიად გაბრუებულებს არაფერი ახსოვდათ და ვერც ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. არც ერთს არ გაეგებოდა რამდენ ხანს დაჰყვეს ასე. ალბათ, საკმაოდ დიდმა დრომ გასტანა სანამ გონს მოვიდოდნენ და გამოფხიზლდებოდნენ.
ტოტებში ჩაკარგულებმა ძახილი დაუწყეს ერთმანეთს:
-წრიპა!
-პაწიკო!
-წუწუნა!
სამი წრუწუნადან ორი ერთ ხეზე აღმოჩნდა, წრიპა კი, როგორც ჩანს, სხვა ხეზე დარჩა და ვეღარ იპოვეს მისმა ძმებმა პაწიკომ და წუწუნამ.
უცბად მათი ყურადღება უცნაურმა ხმამ მიიპყრო. მათ რაღაც განსხვავებული მელოდია შემოესმათ. ადრე ასეთი ჰანგები არასდროს გაუგიათ, არც ერთი ფრინველის ხმას არ ჰგავდა, თუმცა სიამოვნების მომგვრელი იყო. თაგუნები გაირინდნენ და ტკბებოდნენ მხიარული სიმღერით:
გვესმის, გვესმის ხმა, წკრიალა ზარს ჰგავს,
თოვლის კაცი მარხილით გადმოსერავს ცას.
ჩრდილოეთის ირმები მოაგელვებს მას,
ზანზალაკთა ჟღარუნით მოსდგომიან კარს.
დიდი გუდა ტომარა გავსებული აქვს.
ჯიბეებშიც უწყვია უთვალავი რამ,
ბევრი საჩუქარია, ზოგიც კიდევ სხვა,
ტკბილეული კანფეტი ასარჩევად აქვს,
დიდხანს ნუ შეაყოვნებთ, თორემ დრო არ აქვს.
თოვლის კაცს ეჩქარება, ელოდება სხვაც! *
როცა მუსიკა შეწყდა, თაგუნებმა მალულად გამოაპარეს მზერა ნაძვის ხის ტოტებიდან და გარშემო მიმოიხედეს.ნაძვის ხე რაღაც სასწაულით ისევ ზეაღმართულიყო და თაგუნები მაღლა კენწეროზე აღმოჩნდნენ. აქამდე მიწის ზედაპირს არასდროს ასცილებოდნენ. ამ სიმაღლეზე თავბრუ დაესხათ და შიშისაგან კინაღამ გულები გაუსკდათ. თათებით მაგრად ჩაებღაუჭნენ ტოტებს და წიწვების სიღრმეში ჩაიმალნენ.
გული საგულეში რომ დაიგულეს, მიმოიხედეს და პაწიკომ ბრჭყვიალა მძივები დაინახა, რომლებიც ტოტებიდან მთელ სიგრძეზე დაბლა ეშვებოდნენ. მერე უცბად უამრავი პატარ-პატარა ციცინათელასავით მანათობელი ვარსკვლავი აკიაფდა და სხვადასხვაფრად გაბრწყინდა. სინათლემ გაანათა მინიატურული ფიგურები, რომლებიც ნაძვის ხეს ამშვენებდა. ტოტებზე ტყის ბინადრები შეფენილიყვნენ: ბაჭია, ბეღურა, დათვის ბელი და კიდევ ბევრი სხვაც - სოკოები, ოქროსფრად გაფერადებული გირჩები, ზოლებიანი ბურთულები, სხვადასხვა ზომის პატარა სახლები, ყველაზე დაბლა კი, იატაკზე, რამდენიმე ლამაზი ყუთი იდო, რომლებიც ფერად-ფერადი ლენტებით იყო შეკრული.
-პაწიკო, ნახე, ნახე, ადამიანები! - აწრიპინდა წუწუნა.
-აბა, სად ხედავ? მეც დამანახე! - აცქმუტდა პაწიკო.
-დაბლა გადაიხედე! ნაძვის ხის ქვეშ, ვერ ხედავ?
აქამდე ადამიანებისთვის მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ თვალი მოკრული. ერთხელ წრუწუნები გაშლილ მინდორზე დაჭერობანას როცა თამაშობდნენ და ერთმანეთს დასდევდნენ, გვერდით, სულ ახლოს ბაჭია წამოეწია, რომელიც შეშინებული გაიძახოდა:
-გაიქეცით, ჩქარა გაიქეცით, თავს უშველეთ, ადამიანები სანადიროდ არიან გამოსული და მომდევენ.
წრუწუნებმა იქითკენ გაიხედეს, საიდანაც ბაჭია გამორბოდა და მაშინ პირველად დაინახეს ადამიანები. ისინი ისე შორს იყვნენ, რომ ერთი ციცქნა არსებებად მოჩანდნენ. თუმცა, მაინც დაუჯერეს ბაჭიას და სასწრაფოდ თავს უშველეს, იქვე სოროში ჩაძვრნენ.
მეორედ ტყის განაპირას მაშინ დაინახეს ადამიანები, როცა ისინი მიწაზე წაქცეული ნაძვის ხისკენ გამოემართნენ. შეშინებული წრუწუნები ხის ტოტებში უფრო ღრმად ჩაიმალნენ, საიდანაც გამოსვლას ისედაც ვერ ბედავდნენ ქორისა და მელიას შიშით. მესამედ კი უკვე ადვილად გამოიცნეს ადამიანების სილუეტები.
-მართლა იქ არიან, ოღონდ არ მოძრაობენ.
-ერთ ადგილას არიან გაშეშებულები და მგონი სულაც არ უნდა იყვნენ ჩვენთვის საშიში.
წრუწუნებს ცნობისმოყვარეობამ სძლიათ, დაინტერესდნენ გაეგოთ რას წარმოადგენდა ადამიანი და ახლოს მისვლა გადაწყვიტეს. მიხვდნენ, რომ მათ წინაშე ერთი ოჯახი იყო - დედა, მამა და ახალშობილი ჩვილი, რომელიც ბაგაში ჩაეწვინათ, გარშემო კი შინაური ცხოველები და მწყემსები შემოხვეოდნენ. ამ სცენას დანათოდა ოქროსფრად მოკაშკაშე ვარსკვლავი.
აქლემებზე ამხედრებული აღმოსავლურ ყაიდაზე დიდებულად შემოსილი სამი გვირგვინოსანი ხელმწიფე შორეული ქვეყნიდან ჩამოსულიყვნენ მისაგებებლად. ისინი ძვირფასი საჩუქრებით იყვნენ ხელდამშვენებულები ჩვილი იესოს შობის მისალოცად.
თაგუნები მონუსხულები დარჩნენ ამ საოცარი სანახაობით და გადაწყვიტეს შეუმჩნევლად დარჩენილიყვნენ, რომ ვინმეს არ დაენახათ და არ გაეძევებინათ. მათ ისიც კი არ იცოდნენ, გარეთ რა დახვდებოდათ ან სად აღმოჩნდებოდნენ. ტყის ნაძვის ხე კი ნაცნობი და მშობლიური იყო მათთვის, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
* * *
ამ სახლში მხოლოდ ბებია და შვილიშვილი მართა ბებო და ლექსო ცხოვრობდნენ, ტყუპისცალი ძმა ნიკა კი, ბაბუასთან ერთად სხვაგან ცხოვრობდა. ბიჭებს თავიანთი დედ-მამა არ ახსოვდათ. პატარაობიდან მართა ბებომ და ბუბა ბაბუამ გაზარდეს, რომლებიც ქვრივები იყვნენ და ორივე მარტო ცხოვრობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. გზაში ერთი დღე იყო საჭირო იმისთვის, რომ სტუმრად სწვეოდნენ ერთმანეთს შავი ზღვისპირეთიდან დედაქალაქში.
ლექსომ და ნიკამ უერთმანეთოდ ძალიან მოიწყინეს. მათ მხიარულად მოთამაშეებს, ხალისიანებსა და ცელქებს, ვეღარ ნახავდით, როგორც ადრე, ერთად ყოფნისას.
მართა ბებო ყველანაირად ცდილობდა ცხოვრება გაემარტივებინა ბიჭისთვის. განსაკუთრებით დღესასწაულებზე იყო საგრძნობი მარტოობა. მეზობელი სახლებიდან ჟრიამულის ხმა არემარეს სწვდებოდა, როცა ზეიმის აღსანიშნავად ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბებოდა.
ნიკას და ლექსოს სანუკვარი ოცნება იყო მათაც ჰქონოდათ დიდი ოჯახი და დღესასწაულზე ერთად შეკრებილიყვნენ. წელს ბუბა ბაბუმ შეუკვეთა ერთ-ერთ კომპანიაში ორი ნაძვის ხე, რომელიც ნიკასა და ლექსოსთვის სახლში უნდა მიეტანათ.
* * *
მისაღებ ოთახში, გამოსაჩენ ადგილას, ტყუპების დედ-მამის ფოტოები იყო გამოფენილი. ისინი მფრინავი აკრობატები იყვნენ და ცირკის გუმბათის ქვეშ სარისკო საჰაერო ილეთებს ასრულებდნენ. სურათების ჩარჩოები ბევრგან იდო თაროებსა და სამუშაო მაგიდაზე. ოთახის ინტერიერს კი მხატვრის მიერ დახატული დედის პორტრეტი ამშვენებდა. ზოგ ფოტოზე მამასთან ერთად იყო გადაღებული და ყოველთვის იღიმებოდა, სულ ბედნიერებას ასხივებდა. ამ სურათების შემყურე ადამიანს ხალისი და სიხარული ემატებოდა.
მართა ბებო ხშირად უყვებოდა ლექსოს დედის შესახებ: მისი ბავშვობის მოგონებებსა და სტუდენტობის დროინდელ ცხოვრებაზე. ბებიას და შვილიშვილს ბიჭების მშობლები ისეთი წარმოედგინათ, როგორიც მეხსიერებამ შემოუნახათ. ერთ დღეს მათ გამოჩენას ელოდნენ, ოღონდ როდის, ზუსტად ჯერ არაფერი იცოდნენ.
* * *
შობა ახლოვდებოდა და მართა ბებო სამზადისს შესდგომოდა ყველაფერი რომ მოესწრო, რაც საჭირო იყო ამ დღისთვის. საზეიმო სუფრა უნდა გაეწყო, თანაც, ამის გარდა, სხვა საზრუნავიც ჰქონდა - ალილოს მიმლოცველებისთვის საჩუქრად გემრიელი ტკბილეულით და ნუგბარით სავსე კალათა უნდა მიერთმია, რადგან ბავშვებს ყველა ოჯახი ტრადიციულად, ხელგაშლილად გულუხვი ძღვენით ხვდებოდა.
* მელოდია: „Jingle Bells“
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ
თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო