kids.ge logo

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ფავორიტებში დამატება

III. მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის გაიმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ დღესასწაულს. ზეიმისთვის ყველაფერი უნდა შეეთავაზებინათ ბაზრობაზე საყიდლებზე მისულებისთვის, რომ ისინი სტუმრებსაც კარგად გამასპინძლებოდნენ და საჩუქრების კალათაც დაეხვედრებინათ ალილოს მიმლოცველებისთვის. 

საშობაო ბაზრობა ქალაქის ძველ უბანში მართლაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა იქაურობას. მორთული ხის პავილიონები მინიატურულ სახლებს ჰგავდა, თითოეულ ფანჯარაში დიასახლისი გადმომდგარიყო ტრადიციულ სამოსში შემოსილი, მოხატული ან მოქარგული წინსაფრით, მოსასხამით, გაფორმებული ქუდით. მას ზოგჯერ სხვა ოჯახის წევრებიც ეხმარებოდნენ, გამვლელ-გამოვლელს საკუთარ მონაგარს სთავაზობდნენ შესაძენად. ზოგი რამ ხელნაკეთი იყო, ზოგიც ნუგბარი და ტკბილეული, სათამაშოები,  კანფეტები. მოშორებით კი გრძელი მაგიდების რიგები მიუყვებოდა, რომლებზეც სურსათ-სანოვაგე დაეწყოთ. 

დახლ-მაგიდებს სურათები ამშვენებდა მსურველების მისაზიდად, რომ ნახატებით ადვილად მიხვედრილიყვნენ რომელი პროდუქტი იყო წარმოდგენილი გასაყიდად. 

 ერთგან მდინარეზე მოცურავე ტივი ნაპირს მისდგომოდა. იქვე მეარღნე მხარზე გადაკიდებული ინსტრუმენტის სახელურს რიტმულად ატრიალებდა და მუსიკის ჰანგებს აჟღერებდა. გარშემო ყველაზე მეტი ხალხი სწორედ მას ეხვეოდა. მეარღნე მუსიკოსს გერმანელ კლაუსს, ხანაც პაპა შულცს ეძახდნენ. არღნის მელოდიები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ყოველი ახალი მუსიკალური კომპოზიციის შემდეგ, ფულით ივსებოდა პატარა ჩემოდანი, რომელიც იქვე, მერხის სკამზე იდო. მსმენელები სასურველი სიმღერის სახელს დაიძახებდნენ და ასე გრძელდებოდა შეუსვენებლად. 

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ არღნის უკან ათობით გალია იყო ერთმანეთზე სართულებად დაწყობილი და შიგ პატარა მგალობელი ჩიტები შაშვები და ჭივჭავები იყვნენ დამწყვდეულები. 

ფრინველების მრავალხმიანი სტვენა და გალობა არღნის ჰანგებს ჰარმონიულად ერწყმოდა. მეარღნე პერიოდულად ჩიტებს გალიაში ნუგბარს აწვდიდა. 

ასე გაგრძელდა მზის ჩასვლამდე, რაც შობის წინ ძალიან მალე ხდება. წლის ამ დროს დღე ყველაზე ხანმოკლეა, ღამე კი ყველაზე ხანგრძლივი, რომელიც ძალიან გვიან გაილევა.

მოხუცმა ლამაზი, ფერადი ფარდაგი გადააფარა გალიებს, თვითონაც მხრებზე მოსასხამი მოიხურა და სკამზე  ჩამოჯდა დასასვენებლად. 

მართა ბებომ იცოდა, რომ ლექსოს არასდროს მოუსმენია არღნისთვის და მის ჰანგებზე ხმაშეწყობილი მგალობელი ფრინველებისთვის, ამიტომ, ძალიან მოუნდა გაეხალისებინა შვილიშვილი ამ სიახლით და მუსიკოსი სახლში დაეპატიჟებინა. 

მართა ბებომ წარმოიდგინა, რომ მათი ეზოიანი სახლი ამ უჩვეულო სტუმრებს თავისუფლად დაიტევდა. ის გაუბედავად მიუახლოვდა მეარღნეს, თან გულში იმეორებდა: „ნეტა სასწაული მოხდეს და დამთანხმდეს, ნეტა უარი არ მითხრას.“ თითებიც კი გადააჯვარედინა. ჯერ თავაზიანად მიესალმა და მერე მორიდებულად უთხრა:

-ჩემი შვილიშვილი ლექსო სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს და თავის მელოდიებს ფრინველების გალობას ამსგავსებს. არღანი არასდროს უნახავს და უბედნიერესი იქნება თუ მასაც მოასმენინებთ თქვენს სიმღერებსა და ჩიტების ჭიკჭიკს. გთხოვთ გვესტუმროთ, კერძო სახლი გვაქვს დიდი ეზოთი და სტუმრებისთვის განკუთვნილი ბუხრიანი ოთახით, სადაც კარგად მოისვენებთ. 

ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მეარღნე დათანხმდა მართა ბებოს და მისი შეთავაზება მიიღო. მიხვდა, რომ სხვა შემთხვევაში ღია ცის ქვეშ მოუწევდა შობის ღამის გათენება. 

იქვე, შორიახლოს მეფაეტონე კოფოზე თვლემდა და გააღვიძეს, რომ მართა ბებო სახლში წაეყვანა თავის სტუმართან ერთად. ფაეტონიც ქალაქის ისტორიული წარსულის ატრიბუტი და განუყოფელი ნაწილი იყო: იშვიათად თუ ვინმე დაიქირავებდა, თანაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 

მართა ბებოს მოაგონდა თავის ბავშვობაში,  ყოველ კვირა დღეს, მამიდამისი ოჯახთან ერთად ფაეტონით როგორ მობრძანდებოდა ნოი ტიფლისიდან ალექსანდრსდორფში ჯერ დიდუბის ეკლესიაში, მერე კი თავის ძმისწულებსაც მოინახულებდა. მონატრებით გაახსენდა მაშინდელი დრო და ისიც, თუ როგორ უხაროდა პატარა მართას თავის მამიდაშვილებთან შეხვედრა. ახლაც, ამდენი ხნის შემდეგ, ისევ მამაპაპისეულ სამკვიდრო სახლში ცხოვრობდა მათი პატარა ოჯახი, სადაც ყველაფერი უცვლელად და ხელუხლებლად იყო შემონახული: ულამაზესი ეზო, შუშაბანდებიანი დერეფანი, რომელიც მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა სახლს, შუაგულ ეზოს ამშვენებდა შადრევანი დეკორატიული ფიგურებით, ასწლოვანი ვაზის ტალავერი და მიწაში გაჭრილი სარდაფი ზედაპირზე ამოზიდული კარით. 

* * *

 უჩვეულო პროცესია დიდუბის ეკლესიასთან, ერთი სახლის ალაყაფის კართან გაჩერდა. ფრინველების გალიებმა ფაეტონიდან ეზოში გადაინაცვლეს და შენობის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულ, უსასრულო დერეფნის გასწვრივ ფანჯრებთან დაიკავეს ადგილი. სახლის ორი ფლიგელი ერთმანეთს გრძელი შუშაბანდით უკავშირდებოდა.   

მიმინო ქუნქულა ეზოს ზემოდან დასტრიალებდა და ამდენი ჩიტების დანახვაზე სული ეკვროდა, მაგრამ ამაოდ ირჯებოდა. სანუკვარ მიზანს ფანჯრის მინები და გალიის გისოსები აშორებდა. მიხვდა, რომ ეს ჩიტები მისი საკბილო ვერასდროს გახდებოდნენ.  მისდა ბედად სახლის ახლოს მუშტაიდის პარკი იყო და იქ შეაფარა თავი. გადაწყვიტა, უფრო შესაფერის მომენტს დალოდებოდა. 

* * *

საღამოს დიდ სასადილო ოთახში სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა, ლექსომ სტუმარს მოასმენინა  საშობაო მოტივზე დაწერილი თავისი ახალი ლექსი:

ფანტელების ცვენაა, თოვლი ფარავს ყველაფერს.
ყინულისგან ავაგებთ ლაჟვარდოვან სასახლეს,
კოშკის ქიმზე აღვმართავთ  მოელვარე ვარსკვლავს,
იციმციმებს ღამეში სხივებს მოჰფენს მთა-ბარს.
ალიონზე ავანთებთ საკმეველს და სანთლებს,
ასე გაბრწყინებული ქრისტეშობას დავხვდეთ!

პაპა შულცმა თავისი არღნის სახელური დაატრიალა და ლექსს ცნობილი მელოდიის ჰანგები შეუწყო. ამის შემდეგ კი  სხვა სიმღერებიც ააჟღერა.

-სულ რამდენ სიმღერას უკრავთ? - დაინტერესდა ლექსო.

 -ბევრი სხვა სიმღერის დაკვრაც შეუძლია ჩემს არღანს, - გულღიად გაუღიმა მოხუცმა და დაკვრა გააგრძელა, თან ჩიტებს აკვირდებოდა, რომლებიც მელოდიას ხმას აყოლებდნენ.

-ჭივჭავებს და შაშვებს სხვადასხვა მელოდიებს ვასმენინებ და ისინიც ხვეწენ თავიანთ ხელოვნებას. წელიწადში ერთხელ მგალობელი ჩიტების კონკურსშიც ვმონაწილეობთ. აი, თუ გინდა განახებ, როგორ ვაჟღერებ სხვადასხვა სიმღერებს.

-მართლა შეიძლება ვნახო? რა საინტერესოა! - გახალისდა ლექსო. 

-ამას მუსიკალური წიგნი ანუ არღნის რვეული ჰქვია, ოღონდ შეხედე, რა უჩვეულოდ არის აწყობილი - გვერდები კი არ იფურცლება, არამედ ზიგზაგისებურად არის დაკეცილი. სქელ მუყაოს ქაღალდზე ნასვრეტებია ამოჭრილი, რაც ნოტებს შეესაბამება. როცა სახელურით ამ ლილვაკს ვატრიალებ, საბერველებით ჰაერი შედის ინსტრუმენტში და მილაკებში ნაწილდება. თითოეულ ნასვრეტთან კლავიშის სარქველი ჰაერის ნაკადით იხსნება, საიდანაც შესაბამის მილში მიემართება და ბგერა გამოიცემა. ასე იქმნება მელოდია. სხვადასხვა სიმღერები ასეთი ზიგზაგისებური მუსიკალური წიგნების გარდა  ნასვრეტებიანი ქაღალდის გრაგნილებზეც არის ჩაწერილი.

ლექსო დაინტერესდა მუსიკალური წიგნებით და ნასვრეტებიანი ქაღალდის გრაგნილებით, რომლებიც გახვრეტილი ფურცლების დასტებისგან შედგებოდა და გულდასმით ათვალიერებდა მათ. 

უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ამასობაში ყველა საკმაოდ დაიღალა და სტუმარი, მოხუცი მეარღნე გერმანელი კლაუსი, იგივე პაპა შულცი მისთვის განკუთვნილ ოთახში განცალკევდა მოსასვენებლად. 

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა ზღაპრები

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მელაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დააწესეთ წესი: „გაჯეტები ჭამის დროს არა“

აკრძალეთ გაჯეტების გამოყენება ჭამის დროს, რათა ოჯახმა შეძლოს ერთმანეთთან ურთიერთობა.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026