kids.ge logo

გუგუმანა კლდის ამბავი

ფავორიტებში დამატება

ბავშვებს გუგუმანა კლდეზე შეკრება უყვარდათ. ეს კლდე ბევრი რამით იყო გამორჩეული.

ჯერ ერთი იმით, რომ სოფლის გაღმა, ზედ შარაგზაზე მდებარეობდა და მიმსვლელ-მომსვლელის დასასვენებლად მეტად მოსახერხებელი იყო.

ახვიდოდი კლდეზე და უეცრად ქვეყნიერების შუაგულში მოგეჩვენებოდა თავი: წინ სოფელი გადაგეშლებოდა ხელისგულივით -თავისი ბანებითა და შუშაბანდებით, უკან - დიდგორის მთა და ფაფარენას მინდორი,მარცხნივ - თოვლიანი ჭიუხები და მყინვარი სინდაურა, ხოლო მარჯვნივ, მთის კალთაზე მიყუჟული კიდევ ერთი სოფელი - ღული.

კლდეს, ცალ მხარეს, იოლად ასასვლელი საფეხურები და ბრტყელი, მოედანივით ზედაპირი ჰქონდა. მეორე მხარეს კი თანდათან მაღლდებოდა და ციცაბო წვეტს იკეთებდა.

უფრო თამამი და უშიშარი ბავშვები( ალბათ, თავიანთი უპირატესობის წარმოსაჩენად) სწორე ამ წვეროზე შემოსკუპდებოდნენ და ქვემოთ დარჩენილებს ამაყად ჩამოსცქეროდნენ.

გუგუმანა კლდეზე ხშირად დაინახავდით დურბინდმომარჯვებულ ადამიანს, რომელიც სოფლის შემოგარენს ათვალიერებდა. აქედან ყველაზე უკეთ ჩანდა, თუ რა ფუჭდებოდა და რა კეთდებოდა სოფელში : სად პური ცხვებოდა და სად საარაყე ქვაბი დუღდა, ვისი საქონელი ვის ყანაში გადადიოდა და ვისი ხბოები ვის სათიბს აფუჭებდნენ.

გუგუმანა კლდესთან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი იყო დაკავშირებული.

თავთავისი ბებო-პაპებისგან ყველა ბავშვმა იცოდა, თუ რატომ ერქვა ამ კლდეს ,,გუგუმანა კლდე“.

უხსოვარ დროში კლდეს ერთი გუგული შესჩვევია. ყოველ წელიწადს , ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოფრინდებოდა, კლდის წვეროზე ( სადაც ახლა ყოჩაღი ბავშვები სხდებიან) შემოჯდებოდა და ,,გუ-გუ“, ,,გუ-გუ“-ს ძახილს მოჰყვებოდა.

ძალიან შესჩვევია ეს გუგული ამ სოფელს და ეს სოფელი ამ გუგულს.

ისე შეჰყვარებიათ, რომ ყოველ ზაფხულს მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს კი, როგორც ყველგან ხდება, აქაც გამოჩენილა ბოროტი ადამიანი და გუგული მოუკლავს. სოფელს ძალიან სწყენია საყვარელი ჩიტის სიკვდილი და მას შემდეგ ამ კლდისათვის ,,გუგუ მანაკლავი კლდე“ დაურქმევია, რაც ნიშნავს კლდეს, სადაც გუგული მოკლეს. დროთა განმავლობაში ეს გრძელი სახელი შემოკლებულა და ,,გუგუმანა კლდედ“ ქცეულა.

,,წინავ ისეთა ყოფილ სოფელ, ჩიტის სიკვდილსაც იხსომებდ, დღეს კი კაც კაცს აღარ ინდობს“, - სინანულით უთხრა ერთხელ მგელიკა პაპამ სამწყემსურში მყოფ გოგო-ბიჭებს.

რაც მართალია, მართალია, აქამდე ბავშვებს ამაზე არ უფიქრიათ . იმ დღიდან კი ჩაფიქრდნენ  და გუგუმანა კლდეზეც თითქოს უფრო მოწიწებით დაიწყეს სიარული.

მართლაც, ბავშვებო! მთელ დედამიწაზე, როშკის გარდა,ძნელად თუ მოიპოვება სხვა სოფელი, სადაც ჩიტის სიკვდილი ანდრეზად* ჰქონდეთ შემონახული.

ეს ამბავი მეც საყურადღებოდ მომეჩვენა და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მოთხრობა დამეწერა.

გუგუმანა კლდე კი დღესაც იქ დგას და თქვენ გელოდებათ.

ვინ იცის იქნებ გუგულიც ისევ მოფრინდეს?!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ დააყოვნოთ დისციპლინირება

თუ თქვენ უნდა გაკიცხოთ შვილი ცუდად მოქცევის გამო, გაკიცხეთ იგი დროზე. გვირჩევს ბუსი. „ხანდახან მშობლები ამბობენ - დავიცადოთ, სანამ სახლში მივალთ... - თუმცა, სანამ სახლში მივლენ, ბავშვს დავიწყებული აქვს ინციდენტი“. მაშასადამე, შაბათს ზოოპარკში წასვლაზე უარის თქმა ხუთშაბათის შეცდომებისთვის მომავალ შეცდომებს ვერ აგარიდებთ. ეს ჩაითვლება, როგორც შემთხვევითი, დაუმსახურებელი სასჯელი თქვენი შვილისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024