ერთ შორეულ მხარეში, ცხრა ზღვის იქით, მთების სარტყელში მოქცეული, პატარა, სულ ერთი ციცქნა ქვეყანა მდებარეობდა, რომელსაც „საფრთიანო“ ერქვა. ამ პაწია სამოთხეში ბეღურები ცხოვრობდნენ. სამოთხე ვახსენე და, მართლაც, ულამაზესი იყო საფრთიანო - მთაც იყო და ბარიც, ზღვაც და ბარაქიანი მიწაც, ტყეებიც და მდინარეებიც... განსაკუთრებულად გამორჩეული კი იმით იყო, რომ მთებსა და ტყეებში, მტრის თვალისთვის შეუმჩნეველ ადგილებში, მიწიდან ამოუცნობი ძალისა და ენერგიის წყაროები ამოედინებოდა. ამ ანკარა წყაროებით წყურვილს რომ მოიკლავდნენ, ბეღურებს ძალა და სიცოცხლის ხალისი ემატებოდათ, ფრთებს ლაღად შლიდნენ და იმაზე მაღლა მიფრინავდნენ ცისკენ, ვიდრე სხვა ქვეყნის ბეღურები.
ალბათ, ამიტომაც ერქვა მათ ქვეყანას „საფრთიანო“.
ერთად და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ეს პაწია ფრინველები, აგებდნენ ბუდეებს, დებდნენ კვერცხებს და ზრდიდნენ ბარტყებს, აფრთიანებდნენ, უვლიდნენ და შეჰხაროდნენ შვილებსა და თავიანთ ბარაქიან ქვეყანას.
მაგრამ ერთმა შემთხვევამ მათ ბედნიერებას ბზარი გაუჩინა:
ერთხელ დასავლეთიდან მონაბერმა ქარმა უცხო ფრინველთა ბუმბულები მოიყოლა. ამ ნაირფერმა ბუმბულებმა ბეღურები გააოცა, ერთმა მათგანმა კი მოიფიქრა და თავისი ბუდე ამ ბუმბულებით ისე გაალამაზა, ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ მის სანახავად. ვინც მოასწრო დარჩენილი უცხო ბუმბულის მოპოვება, ყველამ მას მიბაძა, დანარჩენები კი შურით აივსნენ. ყველა იმას ნატრობდა, რაც შეიძლება მეტი ასეთი ბუმბული ჩაეგდო ხელში და თანამოძმეებზე უკეთესი ბუდე აეშენებინა. თუმცა ქარს უფრო და უფრო ნაკლები ბუმბული მოჰქონდა, ბეღურებს კი უფრო და უფრო უძლიერდებოდათ შური და ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს შური შუღლს აღვივებდა მათ შორის და თანდათან შლიდა მათ ერთიანობას.
ჰოდა, მტერსაც მეტი რა უნდოდა!..
მტერი? - მტერი კი, მართლაც, ბევრი ჰყავდათ. მათ შორის ორი განსაკუთრებით ძლიერი და საშიში იყო.
საფრთიანოს ერთი მხრიდან გიგანტური, გრძელბეწვიანი კატების, ხოლო მეორიდან - შავნისკარტა ძერების ქვეყნები ესაზღვრებოდა. ამიტომაც ბეღურები სულ მტრების თავდასხმის შიშით ცხოვრობდნენ. რაც არ უნდა მაღალ ხეებზე აეშენებინათ ბუდეები, მაინც აგნებდნენ და წვდებოდნენ მოულოდნელად და უჩუმრად შემოპარული მტრები. ხან ტოტიდან ტოტზე მიპარვით აცოცებული გიგანტი კატები გაკრავდნენ კლანჭს, ხან მალულად მოფრენილი ძერები გამოაცლიდნენ ძირს და წამში ინგრეოდა თავდაუზოგავი შრომით შეკოწიწებული.
თუმცა მარტო ნგრევით არ კმაყოფილდებოდნენ მტრები. პირველ რიგში, ბეღურებით პირის ჩატკბარუნება, შემდეგ კი ამ საოცარი ქვეყნის ხელში ჩაგდება სურდათ. მათ გაგებული ჰქონდათ, რომ უღრან ტყეებსა და მიუვალ მთებში ისეთი წყაროები მოჩუხჩუხებდა, დავრდომილს ფეხზე დააყენებდა, ავადმყოფს გამოაჯანმრთელებდა და ფრთებსაც გააშლევინებდა. ვერც გიგანტ კატებსა და ვერც შავნისკარტა ძერებს ჯერ ვერ მიეგნოთ ამ წყაროებისთვის და თავს არ ზოგავდნენ, სულის მოთქმას არ აცლიდნენ, ისე ესხმოდნენ თავს მშვიდობისმოყვარე ბეღურებს.
ასეთი შიშითა და დაძაბულობით ცხოვრობდნენ პაწია ფრინველები. რა თქმა უნდა, ისინი მტრებს სიძლიერით ვერ შეედრებოდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ მათთან გამკლავებას. სწორედ იმ წყაროების სასწაულმოქმედი ძალითა და ენერგიით გამთლიანებულები, ერთ გუნდად შეკრულები, რუხი ღრუბლებიდან წამოსული ნაცრისფერი ისრებივით ესხმოდნენ თავს მტერს და საოცარი თავგანწირვის ფასად იგერიებდნენ.
ძნელი იყო სულ ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება და ბეღურებსაც სევდა და ნაღველი ეძალებოდათ. განსაკუთრებით უკმაყოფილო იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც მშვიდი და ლაღი ცხოვრება ენატრებოდათ და გული სხვა ქვეყნებისკენ მიუწევდათ. ყველაზე მეტად იმ ლამაზი ბუმბულების ქვეყნის ნახვა აინტერესებდათ, რომლებითაც შემკული იყო მათი ბუდეები. მართალია, საფრთიანოდან უკვე ბევრი ბეღურა იყო წასული, მაგრამ უკან არც ერთი არ დაბრუნებულიყო და მათი ამბავიც არავინ იცოდა. ახალგაზრდებს ეგონათ, რადგან უკან არავინ ბრუნდებოდა, იქ, უცხო მხარეში, სამოთხისებური ნეტარება და განცხრომა სუფევდა, ამიტომ აღარ ახსენდებოდათ მშობლიური მხარე.
ჰოდა, ერთ დღესაც, როდესაც ჩუმად შემოპარული გიგანტი კატა მოიგერიეს და მშობლიური ქვეყნიდან გააძევეს, რცხილნარში თავშეყრილ, დაღლილ-დაქანცულ ბეღურებს ახალგაზრდა წყვილმა გულისნადები გაუმხილა. გულნაცარა და ფრთიანა საფრთიანოდან წასვლასა და უცხო ბუმბულების ქვეყნის ნახვას აპირებდნენ.
- ჩვენ წავალთ, მოვძებნით იმ ქვეყანას, სადაც ჩვენი ბეღურები გადახვეწილან და ყველას დავაბრუნებთ, რომ ერთად, ერთიანი ძალით გავთავისუფლდეთ მტრებისგან. აღარ შეგვიძლია ასეთ შიშსა და ბრძოლაში ცხოვრება.
ეს წყვილი საფრთიანოელებს გამორჩეულად უყვარდათ, მათზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამიტომ ყველა შეშფოთდა. მოხუცებმა გამოცდილებით იცოდნენ, რომ შორეული ქვეყნებისკენ ხანგრძლივი ფრენა ბეღურებს უჭირდათ და ან დაღლილობით იხოცებოდნენ, ან საფრთიანოს მონატრებით გამოწვეული სევდით. ისინი ხომ გამორჩეული იყვნენ მშობლიური მიწის ერთგულებითა და სიყვარულით.
- კარგად დაფიქრდით, შვილებო, - მიმართა წყვილს ბეღომ - საფრთიანოს უხუცესმა, - წასულები ბევრი გვინახავს, უკან დაბრუნებულები კი - არავინ. არ გვინდა თქვენი დაკარგვა... მერე ყველა ახალგაზრდა მოისურვებს თქვენს კვალზე დადგომას, ჩვენ კი, მოხუცებს, ადვილად გვძლევს მტერი და წაგვართმევს სამკვიდროს.
- დიდ იმედს ვამყარებთ თქვენზე, - ახლა მეორე მოხუცმა ბეღურამ სთხოვა წყვილს, - ნუ გაგვიცრუებთ იმედს, თქვენ შეძლებთ მტრის საბოლოოდ დამარცხებას... არ წაგძლიოთ სულმა და არ იფიქროთ იქ დარჩენა, როგორც აქამდე წასულებმა გააკეთეს. ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი სამოთხე არსად არის, შვილებო, დამერწმუნეთ!
გულნაცარასა და ფრთიანას მოხუცების ნათქვამმა გული ატკინა. მათ ხომ საყვარელი ქვეყნის მიტოვება გულშიაც არ გაუვლიათ და ნამდვილად მართალი იყვნენ საფრთიანოელებისა და მრავალჭირგადანახადი ბეღურების წინაშე.
- ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ... ძალიან გვიჭირს ჩვენი ორი პატარა შვილის მიტოვება, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს. ვიღაცამ ხომ უნდა ნახოს გამოსავალი ამ საშინელი მდგომარეობიდან? შვილებს გიტოვებთ, ყველამ ერთად მიგვიხედეთ ჩვენს ჩამოსვლამდე. ჩვენ კი გავფრინდებით, მოვძებნით საფრთიანოელებს და ერთად დავბრუნდებით უკან... დაგვიჯერეთ, ჩვენ შევძლებთ და ყველას დავაბრუნებთ!
იმედის სხივმა თვალები აუცრემლა ბეღურებს. იწამეს ახალგაზრდა წყვილის გულიდან ამოსული სიტყვები და სასოებადაბრუნებულები დაიშალნენ, საფრთიანოს ბედი მათთვის უსაყვარლეს წყვილსა და მომავალს მიანდეს.
ალიონზე გულნაცარამ და ფრთიანამ საფრთიანოს სასწაულმოქმედი წყაროს წყალი დალიეს და გზისთვისაც მოიმარაგეს. საფრთიანოელებმა საყვარელი წყვილი ზღვის ნაპირამდე დიდი ჟივილ-ხივილით გააცილეს და იქამდე გასცქეროდნენ კამკამა სივრცეს, სანამ თვალები არ აეცრემლათ ზღვის ტალღებზე აბრჭყვიალებული სხივებით. უკან ცალფრთამოტეხილებივით გამოფრინდნენ, თუმცა თითოეული მათგანის გულში მაინც ღვიოდა ჯერ კიდევ ბურუსით მოსილი იმედის პაწია ნაპერწკალი.
მოლოდინსა და მტრებთან ბრძოლაში ნელა გადიოდა დრო. არაფერი იცოდნენ შორეთში გადახვეწილი წყვილის შესახებ ბეღურებმა, მაგრამ მაინც იმედიანი თვალებით გასცქეროდნენ იმ ლაჟვარდს, საიდანაც უნდა დაბრუნებულიყო მათი საოცნებო წყვილი.
* * *
გულნაცარა და ფრთიანა კი ბეღურებისთვის გასაოცარი თავდაუზოგველობით მიაპობდნენ სივრცის ტალღებს. დიდხანს იფრინეს. ერთ საღამოს, როგორც იქნა, შორიდანვე შეამჩნიეს აბრჭყვიალებულ-აციმციმებული ქალაქი, ასევე შორიდანვე გაიგონეს მხიარული სტვენა-გალობის ხმები და ფრენით დაღლილებმა ერთმანეთს შვებით გაუღიმეს. უცხო ნათებებმა, მბრწყინავმა ბუდეებმა და იქაური მაცხოვრებლების მხიარულებამ გააბრუა ჩიტუნები. ცოტა შეისვენეს და მალე შეუერთდნენ ჭრელაჭრულა ფრინველების ფარფატსა და ჟრიამულს. თავიდან ეუცხოვათ გარემო, საფრთიანოში ასეთი განწყობა იშვიათი იყო. იქ დღისითაც კი ყველა დარდიანი და ჩაფიქრებული დაფრინავდა, საღამოს ისეთი სიჩუმე ჩამოწვებოდა, ბუზის ბზუილსაც კი გაიგონებდით. ღამით კი ყველა ფხიზლად იყო, რომ მტრის ჩუმი შემოსვლა არ გამოჰპარვოდათ.
გულნაცარა და ფრთიანა ერთ პატარა მდინარესთან მიფრინდნენ და მისი ნათებით გაოცებულნი იქვე ხის ტოტზე ჩამოსხდნენ. მდინარის მოჩუხჩუხე წყლიდან საოცარი ფერები იფრქვეოდა და არემარეს ათასფრად აელვარებდა. მონუსხული წყვილი თვალს ვერ აცილებდა მდინარის დინებას და გაბრუებულებს ერთმანეთიც კი აღარ ახსოვდათ. ამ სხივოსანი მდინარის წყალს თითოეული ფრინველი მოწყურებულივით ეწაფებოდა, შემდეგ კი ანთებული თვალებითა და მხიარული განწყობით ბრუნდებოდნენ უკან, თავბრუდამხვევი ცეკვა-თამაშითა და ჟივილ-ხივილით იკლებდნენ იქაურობას.
გულნაცარამ და ფრთიანამ ერთმანეთს გადახედეს და უთქმელად მიუხვდნენ სათქმელს. ორივე ერთად დაეშვა მდინარის ნაპირას და ერთად დაეწაფნენ წყალს. როგორც კი თავი ასწიეს, საოცარი სიმსუბუქე იგრძნეს, დაახლოებით ისეთი, როგორიც საფრთიანოს წყაროს დალევის შემდეგ ეუფლებოდათ და თვითონაც აჰყვნენ სტვენა-გალობის რიტმებს. დიდხანს იფარფატეს, იმხიარულეს, იმღერეს, ბოლოს კი დაღლილ-დაქანცულებმა ერთ ტოტზე მოიკალათეს და ერთმანეთს ჩახუტებულებმა ჩაიძინეს.
წყვილი დილაადრიანად თავის ტკივილმა და რაღაც ამოუცნობმა წუხილმა გააღვიძა. გადახედეს გარემოს და იგრძნეს, რომ საერთო მხიარულება მათზე აღარანაირად აღარ მოქმედებდა, თვალს არ სტაცებდა და ცეკვა-სიმღერის განწყობაზეც აღარ აყენებდა.
- მოდი, ფრთიანა, ისევ დავლიოთ მდინარის წყალი, იქნებ გამოგვიყვანოს ამ მდგომარეობიდან, - შესთავაზა გულნაცარამ ფრთიანას და მდინარისკენ დაშვება დააპირა.
- იცი, ვფიქრობ, სწორედ ამ წყლის ბრალია, ჩვენ რომ ასე ვართ, - შეაჩერა ის ფრთიანამ, - ნუღარ დავლევთ, მაეჭვებს ეს ამბავი, ნუთუ აქ მყოფთაგან დარდი არავის აქვს? ყველას როგორ უხარია, ყველა ერთნაირად კარგ ხასიათზე როგორ არის? არა, გულნაცარა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რამე ცუდი არ დაგვემართოს, - დაფიქრდა ყოველთვის წინდახედული და გონიერი ჩიტუნა.
დაუჯერა საყვარელ ბეღურას გულნაცარამ და ერთად გაფრინდნენ სხვა ადგილების დასათვალიერებლად. დაფრინავდნენ და ხედავდნენ, რომ ყველგან ხარობდნენ, ყველგან სტვენა-გალობა და მხიარულება სუფევდა. ერთ ხეზე შეისვენეს, რადგან თავის ტკივილი და წუხილი უფრო გაუძლიერდათ.
- დავბრუნდეთ რა, ფრთიანა, აღარ შემიძლია... დარწმუნებული ვარ, მდინარის წყალი გვიშველის... - მუდარა ისმოდა გულნაცარას ხმაში. შეეცოდა ფრთიანას და შემობრუნებაც დააპირა, მაგრამ უცებ ბეღურების ჯგუფს მოჰკრა თვალი. გული შეუფრთხიალდა და ფრთის გაკვრით იქითკენ უბიძგა გულნაცარას.
- ნახე, მგონი ბეღურების სოფელია... წამო, ჯერ ვნახოთ, ვინ არიან და მერე წავიდეთ მდინარესთან, ცოტაც მოითმინე, გთხოვ, მეც მტკივა თავი და ვითმენ, - გაამხნევა გულნაცარა და მასთან ერთად იქით გაფრინდა.
გულსაკლავი სანახაობა დახვდათ ბეღურების სოფელში. ზოგი თვლემდა, ზოგს, ძალაგამოცლილს, თავის აწევის უნარი აღარ შერჩენოდა, თვალებში შუქი ჩაქრობოდათ და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მისჩერებოდნენ ახალმოსულებს. გულნაცარა და ფრთიანა დაკვირვებით ათვალიერებდნენ ბეღურებს და ნაცნობ სახეებს ეძებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე საფრთიანოელი ამოიცნეს და გულაფართხალებულები მათთან მიფრინდნენ. არც ისინი იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში, მათაც გამოსცლოდათ ძალა და თვალებში სიცოცხლის შუქი ჩაქრობოდათ.
- ეს რა დღეში ჩავარდნილხართ? რატომ? რა ხდება თქვენს თავს? - კითხვები დააყარა მათ ფრთიანამ მისალმების შემდეგ.
- ნეტავ იცოდეთ, როგორ გვენატრება ჩვენი საფრთიანო! - ნაღვლიანად ამოთქვა ერთმა შუახნის ბეღურამ, - იქაური შიში და განსაცდელები გვირჩევნია აქაურ გართობასა და ჭრელაჭრულა ბუმბულს, აგე, ნახეთ, რამდენი დავაგროვეთ... - გაახედა ლამაზი ბუმბულების გორაკისკენ ბეღურამ, - რად გვინდა? ყოველდღე ძალა გვეცლება, სიცოცხლის ხალისს ვკარგავთ და აღარაფერი გვაინტერესებს...
- და რატომ? რატომ? - ვეღარ ითმენდა ფრთიანა, მალე უნდოდა გაეგო ყველაფერი.
მათთან ნელ-ნელა გროვდებოდნენ საფრთიანოელები და ყველა ცალ-ცალკე გამოთქვამდა წუხილს.
- აქ რომ ჩამოვფრინდით, მანათობელი მდინარის წყლის დალევა დავიწყეთ, - დაიწყო ისევ იმ შუახნის ბეღურამ, - გვეგონა, ჩვენი წყაროსავით ძალასა და სიცოცხლის ხალისს შეგვმატებდა... თავიდან ასეც იყო, მართლაც, უცნაური შემართებით ვცხოვრობდით, სულ მხიარულებასა და ცეკვა-თამაშში ვატარებდით დროს, მაგრამ თანდათან სისუსტე და თავის ტკივილი ვიგრძენით, რომელიც დღითიდღე ძლიერდებოდა...
- მე ძალა მეცლებოდა და რაღაც გაურკვეველი წუხილი მჭამდა... - გააგრძელა მეორე ბეღურამ, - ყოველდღე ვსვამდი იმ წყალს, დამიბრუნდებოდა ენერგია, მაგრამ მეორე დღეს მდინარემდე მისვლის ძალაც კი აღარ მქონდა, ბევრჯერ ვერც მივსულვარ და ვისაც შეეძლო, იმას მოჰქონდა ჩემთვის წყალი...
- და ასე მეორდებოდა ყოველდღე... თანდათან აი, ამ მდგომარეობაში ჩავცვივდით... - ჩაერთო საუბარში მესამე ბეღურა, - ახალგაზრდებს - ნაკლებად, დანარჩენებს კი უფრო მეტად გაგვიჭირდა... ახლა კი მივხვდით, რის გამო ვართ ასეთ დღეში, მაგრამ ვეღარ ვშველით თავს... თუ წყალს არ დავლევთ, ფრენის უნარსაც კი ვკარგავთ! - ბეღურამ მწუხარებით ჩაჰკიდა თავი.
მათმა ნაამბობმა გული ატკინა გულნაცარასა და ფრთიანას და ღრმად ჩააფიქრა. რაღაც გზა უნდა მოენახათ, რომ ეშველათ საფრთიანოელებისთვის, მაგრამ როგორ ან რით? საფრთიანოს წყაროს წყალი ნამდვილად დააყენებდა ფეხზე თითოეულ მათგანს, მაგრამ მათი ქვეყანა აქედან ხომ ძალიან შორს იყო.
გულნაცარა და ფრთიანა განცალკევდნენ და დაფიქრდნენ.
- მე გავფრინდები საფრთიანოში, ვეტყვი ახალგაზრდებს, რომ მომეშველონ, წყაროს წყალი წამომაღებინონ, თქვენ მანამდე ნელ-ნელა იფრინეთ, სვენებ-სვენებით, აქ დალიონ წყალი, ცოტა გზისთვისაც მოიმარაგონ, რომ შეძლონ ფრენა, მერე კი გზაზე შეგხვდებით და ჩვენს წყაროს წყალს მოგაშველებთ... იმედია, გაუძლებენ გზას, - მოიფიქრა ფრთიანამ.
- არ გაგიჭირდება? - შეწუხდა გულნაცარა, - მე ხომ არ წავსულიყავი?
- არა, შენ ამათ სჭირდები, მე წავალ.
შეთანხმდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება გაუმხილეს საფრთიანოელებს. ყველას ძალიან გაუხარდა, იმედი დაუბრუნდათ, რომ ისევ შეძლებდნენ მშობლიური სამოთხის ნახვას.
- ჩვენ უფრო ბევრი ვართ, მე გავაგებინებ ყველას, - საფრთიანოელების შეკრება ითავა ერთმა ახალგაზრდა ბეღურამ.
რიჟრაჟზე სოფლის ამწვანებული ხეები გააფერმკრთალა ბეღურების სიმრავლემ.
- ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩვენ ერთად დავბრუნდებით საფრთიანოში! - ისეთი მტკიცე ხმით მიმართეს გაოცებულ-გახარებულმა გულნაცარამ და ფრთიანამ ბეღურებს, რომ მათი ჩამქრალი თვალები იმედითა და რწმენით განათდა.
რამდენიმე დღის მერე ბეღურების უზარმაზარმა ჯგუფმა დატოვა აბრჭყვიალებულ-აციმციმებული ქალაქი და მანათობელი მდინარე, რომლებმაც აქამდე ასე ანდამატივით მიიზიდეს და შთანთქეს თითოეული მათგანი. არც ბრჭყვიალა ბუმბულები მოჰქონდათ მათ, არც მომნუსხველი წყლის მარაგი, ბეღურებს საოცარ ძალასა და რწმენას ანიჭებდა მშობლიურ სამოთხეში დაბრუნების უდიდესი სურვილი. ხოლო, როცა გზაში ფრთიანასა და საფრთიანოელებისგან შეგებებული მშობლიური სამოთხის წყაროს წყალი წვეთ-წვეთად იგემეს, მიხვდნენ, სამოთხე მხოლოდ საფრთიანოში იყო, ამიტომაც ებრძოდათ მათ ამდენი მტერი.
მალე საფრთიანოს ცა უდიდესმა ნაცრისფერმა ღრუბელმა დაფარა, მაგრამ ეს არც გიგანტური, გრძელბეწვიანი კატები იყვნენ და არც შავნისკარტა ძერები... საფრთიანოელებიც არ შეშინებულან და არც საომრად მომზადებულან - ყველა დიდი იმედით ელოდა ამ დიდ დაბრუნებას!
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები
ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო