kids.ge logo

დაკარგული წიგნი

ფავორიტებში დამატება

სენაკებში, გასაოცარი სიჩუმის შემდეგ, უცბად ატყდა ყურთწამღები ყიჟინა, კივილი, შეძახებები და ჩახაჩუხი. შაჰმა დაამთავრა კლდეებში გამოკვეთილი ქალაქის დათვალიერება, თავის კარავს მიაშურა, და ყიზილბაშები შეუდგნენ ვარძიის ქონების საპალნეებად შეკვრას. ყაენმა ბრძანა, რომ მთელი ავლადიდება მის სალაროში წაეღოთ. როდესაც ბრძოლის შემდეგ დაღლილი და სისხლში მოსვრილი მეომრები ყაენთან გამოცხადდნენ, მათ გაოცებით უამბეს შაჰ-თამაზს ზღაპრული მშვენება ქვაბებისა. მაშინ შაჰი თვითონ წაბრძანდა ამ მშვენების სანახავად. ყველა სენაკი დაიარა და აღტაცებულმა ქაიხოსრო ათაბაგს თავისი ხალათი და ლორი-ბამბაკის პატრონობა უწყალობა.

შემდეგ მეომრებმა თავიანთი მკვდრების გატანა დაიწყეს. მზის ჩასვლამდე ეზიდებოდნენ მკვდრებს და ვარძიის ალაფს. მკვდრები ასპინძისაკენ ჩაჰქონდათ და იქ მარხავდნენ. ხოლო საპალნეებად შეკრული განძეული მიჰქონდათ ყაენის კარავთან და იქ აწყობდნენ.

გულზე სამელნეჩამოკიდებული მდივანბეგი მთელ დღეს დადიოდა სენაკებში და განუწყვეტლად წერდა, ადგენდა ნაალაფევის სიას, რომ არაფერი დაკარგულიყო და მთელი განძი უკლებლად მირთმეოდა ყაენს:

„ციხის შუაგულს არს ათი ადლი11 ქვა ოთხკუთხივ მოგრძო ერთი ქვისაგან გათლილი და შიგნით და გარეთ ამისი კედელი, ოქროს და ლაჟვარდის სახენი კაცისა და ანგელოზისა მოჭედილნი, სულ სამოცდაორი მოვხსენით კედლებსა მას, თუმცა ლაჟვარდი დაიმსხვრა სრულად და ოქრო იგი შთავდევით საპალნესა ა“.

„ერთი ოქროს ხატი კაცის სახითა, აგებული, ტახტზედან აყუდებული, მურასათ12 მოჭედილი, მრავალი ძვირფასი თვალ-მარგალიტი მასზე მსხდომარე და ორის ლალით თვალთა ნაცვლად, რომელ ჯუჰაირის მცნეთ თითო ორმოცდაათ თუმნათ დააფასეს, კიდევ ხუთი დიდი ხატი ოქროსი და ორმოცდაათი ვერცხლისა შთავდევით საპალნესა ბ“.

„მურასად ნაჭედნი მცირედნი ხატნი ოქროსი სამას სამოცდახუთი შთავდევით საპალნესა გ. დ. ვ. ზ“.

რკინის ორი ბჭე მოხსნეს და პირდაპირ აჰკიდეს აქლემებს. ოქროს ბჭე კი  პატარა ნატეხებად აქციეს და საპალნედ შეჰკრეს. სამოცდაათლიტრიანი ჩამოსხმული სარეკლის წაღება არ მოხერხდა. ჩამოაგდეს და დაამტვრიეს. მდივანბეგი კი წერდა და წერდა სიაში ოქრო-ვერცხლის მოკაზმულობას, მურასა ხატებს, კანდელებს, ოქროსა და ვერცხლის მძიმე შანდლებს, ოსტატურად ნაჭედ სურებს, მინანქრიან თასებს, ოქრომკერდით ნაქარგ სამოსელს, სასაკმეველს და მოფენილობას, ქირმანის ხალიჩებს, ტრაპეზის13 შემკულობას, დროშებს და სიასამურის და კვერნის ბეწვეულს. ხუთასი საპალნე შეიკრა იმ დღეს და მდივანბეგი დარეტიანებული დალასლასებდა საკნიდან საკანში, ტაძრიდან ეკვდერებში14 და განუწყვეტლად ადგენდა სიას. ბანაკიდან სურა ამოუტანეს და დაცარიელებული პატარა სამელნე ორჯერ აუვსეს.

როდესაც ჯერი წიგნებზე მიდგა, მდივანბეგს არაქათი აღარა ჰქონდა და ღონემიხდილი დასასვენებლად ჩამოჯდა. სათითაოდ მათი ჩაწერა ვეღარ შესძლო და მითვლით დაიწყო ჩაბარება. მაგრამ შემდეგ იმ იმედით, რომ წიგნს მაინც არავინ მოიპარავსო, ბრძანა, პირდაპირ ჩაეყარათ უზარმაზარ ხურჯინებში. სიაში კი ჩასწერა: „წიგნები მრავალი და მრავალი, სულ ათორმეტი საპალნე“. ბოლოს ადგა (დანარჩენის შესრულება უკვე ყორჩიბაშის საქმე იყო) და ლასლასით გაემართა ბანაკისაკენ, სადაც ყაენს ნადიმი ჰქონდა გამართული.

მონებმა წიგნებიც საპალნეებად შეჰკრეს და ვიწრო ხვრელში ფრთხილად დაუწყეს ჩატანა. ერთი საპალნე მოსახვევში გაეჭედათ. ბევრი ჯაჯგურისა და წვალების შემდეგ საპალნე როგორც იქნა დასძრეს ადგილიდან, მაგრამ ამ წვალებაში გაიხსნა საპალნის ერთი მხარე, საიდანაც კარგა მომსხო წიგნი გამოვარდა, სიპზე დაცურდა, სარკმელში გაძვრა და ფრიალო კლდეზე გადაეშვა. ყორჩიბაში შეშინდა. წიგნს დასაჭერად გამოედევნა, სარკმელში გაიხედა და კლდეზე გადაეკიდა, მაგრამ გვიან იყო: წიგნი აღარა ჩანდა, დაკარგულიყო. ბოლოს ყორჩიბაშს გაახსენდა, რომ წიგნები მდივანბეგს მითვლილი არ ჰქონდა. ხელი ჩაიქნია და ისევ საპალნეს მიუბრუნდა. შაჰი წიგნის დაკარგვას ვერ გაიგებდა და ყორჩიბაშს თავი ისევ შერჩებოდა მხრებზე.

შემდეგ დაცლილ სენაკებს ნამუსრევის მომლოდინე მეომრები შეესივნენ და ხელიდან ჰგლეჯდნენ ერთმანეთ მკვდრების ტანსაცმელს, იარაღის ნამსხვრევებს, რკინის შუბისთავებს, ფქვილით სავსე კოდებს15, სპილენძის თუნგებს, გამჭვარტლულ საკიდლებს და ხახვისა და ნივრის გალებს16.

ბოლოს ბანაკიდან მოისმა ბუკის ხმა და ყველამ დატოვა სენაკები.

ყაენმა ბრძანა აშლილიყვნენ.

ბანაკი აფუსფუსდა. აიშალა და გორგალივით დაიხვა. შემდეგ ატრიალდა, ურჩხულივით შლა დაიწყო, ერთი თავით ზანტი ზლაზვნით გზაზე შეცურდა, გაიბაწრა, სრიალითა და კლაკვნით შეუყვა გორაკებს, სერზე თავი აიქოჩრა, თავისი ათასფრად აჭრელებული ზურგით გამძღარი უნასივით ზანტად გადაცურა მთის გადაღმა და თვალთაგან მიეფარა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ექიმს

თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024