kids.ge logo

პატარა მოთხრობა კატაზე, რომელსაც მელანო ერქვა

ფავორიტებში დამატება

ზუსტად რვა წლის ვიყავი, როცა კატა მელანო ჩვენს სახლში გამოჩნდა. ეს ამბავი კარგად იმიტომ მახსოვს, რომ იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, 5 თებერვალი. მანამდე ყვითელი თუთიყუში ჩიკო გალიიდან გაგვიფრინდა და დაიკარგა. ამის გამო ბევრი ვიტირე, რის შემდეგაც დედაჩემმა თქვა: _ ამ სახლში ადამიანის გარდა არც ფრინველი და არც ცხოველი არ დავინახო მოყვანილი. მორჩა და გათავდაო.

...მაგრამ ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ მელანო გამოგვეცხადა და ყველას გული მოინადირა. არავინ იცის, საიდან მოვიდა. როცა სტუმრები გავაცილეთ, მაშინვე საჩუქრების თვალიერებას შევუდექი. უცებ ორ სათამაშო დათუნიას შორის რაღაც შავ-თეთრი გამოძრავდა. მას მშვიდად ეძინა და მე გახარებულმა, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ის ალბათ რომელიმე სტუმარმა საჩუქრად მომიყვანა, მერე კი გავარკვიეთ, რომ ეს ასე არ იყო.

ახლა მოგიყვებით იმაზე, რომ ის თავდაპირველად სრულიად ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, კატურად იქცეოდა: ჭამდა, ეძინა და თავის კუდს ეთამაშებოდა. ბებიამ დაასკვნა, რომ დაახლოებით ერთი წლის თუ იქნებოდა. ამის შემდეგ მელანო მალევე მოიზარდა. ერთ დღეს კი, როცა ჟურნალ `დილის~ ახალ ნომერს ვკითხულობდი, ბებიამ, რომელიც ჩემს ვარდისფერ, ახალ კაბაზე მშვენიერ, გვირილის ფორმის თეთრ ღილებს აკერებდა, ძირს დავარდნილი მაკრატლის მიწოდება მთხოვა. ისე ვიყავი კითხვით გართული, რომ ცოტა ფეხი ავითრიე. ბებიამ ისევ დამიძახა: _ ანა, მაკრატელი მომაწოდე-მეთქი, ბებიკო!

...და რა მოხდა თუ იცით? მელანომ წინა ორი თათით მაკრატელი გააჩოჩა ბებოსკენ. მეც და ბებომაც ვიფიქრეთ, რომ ის ძველებურად გაეთამაშებოდა ვერცხლისფერ, მოზრდილ მაკრატელს, მაგრამ მან, მელანომ რამდენჯერმე მიაცურა ხალიჩაზე ის, ზედ ბებიას ფეხებამდე მიიტანა, თავის თეთრ, უკანა ფეხებზე დაჯდა, ჯერ მე შემომხედა, მერე ბებოს და დაელოდა. რა თქმა უნდა, ეს იმ დღეს მთელმა ოჯახმა გაიგო, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა მწვანეთვალება მელანომ შემდგომ ჩაიდინა. ეს კი ასე მოხდა: სამშაბათს, გაკვეთილების შემდეგ ბებოსთან ერთად სკოლიდან ვბრუნდებოდით. სახლის კარს მივუახლოვდით თუ არა, დავინახეთ ჩვენი მელანო თავისი სამი კნუტით ჭიშკართან წრიალებდა. მე და ჩემმა დამ, თამთამ, ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა ხელი ვტაცეთ პატარებს და სახლში შესვლა დავაპირეთ. მელანომ კი, რომელიც იშვიათად კნაოდა, ერთი ამბავი ატეხა და სახლში შესვლა არ დაგვანება. ბებომ თქვა: _ ეს მელანო ტყუილად არ წრიალებს გარეთ, თან შვილებიც გამოუყვანია. თქვენ აქ იყავით. აბა, რა მოხდა, მელანო, ქალო, რა მოხდაო? _ მიმართა ბებომ მელანოს, თან სახლის კარს აღებდა. სურათი კი ასეთი იყო: სამზარეულოში ონკანი გამსკდარიყო, შადრევანივით ასხამდა და მუხლებამდე დამდგარ წყალზე ფეხსაცმელები, სათამაშოები, სხვა საოჯახო ნივთები ტივტივებდნენ. ხოლო, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ძია ნიკამ, ჩვენმა კარის მეზობელმა, რომელიც ონკანის გაკეთებაში დაგვეხმარა, ასეთი რამ გვაიმბო: _ ერთი საათის წინ, კარზე ფხაჭუნი გავიგე. გავაღე და რას ვხედავ, თქვენი მელანო არ არის! გამიკვირდა. მას ხომ კნუტები ჯერ პატარები ჰყავს. ვიცოდი, სახლში არ იყავით, ვიფიქრე, ხომ არ მოშივდა-მეთქი და შემწვარი თევზის ნაჭერი გამოვუტანე. იქვე დავუდე და კარი მოვიხურე. ცოტა ხანში თითქოს ისევ მომესმა კნავილი, მაგრამ ტელევიზორში საინფორმაციოს თავი ვერ გავანებე, თან ვიფიქრე, თევზი ხომ მივეცი-მეთქი და გული დავიმშვიდე. ახლა ვხედავ, ეს თევზი აქ დევს. კნუტები რომ დამენახა, შეიძლება, რამეს მივმხვდარიყავი, მაგრამ ხედავ? მოფარებულში ჰყოლია, თქვენ რომ დაგინახათ, მაშინ გამოიყვანა. ეს მელანო ვინ ყოფილა, კატაა თუ ადამიანიო?

ჩვენ ახლა, რა თქმა უნდა, დიდები ვართ, მეც სამი შვილი მყავს, როგორც მაშინ ჩვენს მელანოს და როცა ბავშვობას ვიგონებთ, ჩემები მაშინვე მთხოვენ: მელანოზე მოგვიყევი რა, დედა, მელანოზეო.

...და ვიწყებთ: _ გახსოვს, მელანოს დროს რომ იასამნისფერი ფეხსაცმელი მქონდა? ცალი სადღაც მიიკარგა. ვეძებდით. გავიხედეთ და, მელანო ბებოს საწოლის ქვეშ შეძვრა და იქიდან ფეხსაცმელი გამოიტანა.

_ აუ, ის გახსოვს, ჩოგბურთის ბურთი რომ გადაგვივარდა ბერიძეების ეზოში? სახლში არავინ იყო და ვერ გამოგვქონდა. აძვრა მელანო სახურავზე, ეზოში ჩახტა და ბურთი პირით გამოიტანა. გაკვირვებულები ჯერ დავმუნჯდით, მერე კი ისეთი ყიჟინა ატყდა, ახლა მელანო გვიყურებდა გაოცებული. ალბათ ფიქრობდა, რა ვქენი იმისთანა, ბურთი გამოვუტანე, მეტი ხომ არაფერიო.
აი, ასეთი კატა გვყავდა ბავშვობაში მე და ჩემს დას, თამთას, რომელსაც ბებია, ქალბატონ მელანოს ეძახდა. ჩვენ კი უბრალოდ, ძალიან გვიყვარდა ის, არა მხოლოდ როგორც კატა, არამედ როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ პატარებს საკანცელარიო ნივთების გამოყენებაში

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გვთავაზობენ სხვადასხვა აქტივობას, რომელიც მოითხოვს ისეთი საგნების გამოყენებას, როგორიცაა კალამი, ფანქარი, მაკრატელი, ცვილი ან ფერადი ფანქრები. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს პატარას და ასწავლოთ მათი სწორი გამოყენება, წაახალისოთ ისინი ისეთი საქმიანობებით, როგორიცაა ხატვა. შეგიძლიათ ასწავლოთ ასოების ან რიცხვების გამოწერა ასაკიდან გამომდინარე.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024