ამ წიგნს მელა წერს. როგორ წერს, რით წერს, საიდუმლოა. ხომ შეიძლება ერთი საიდუმლო მაინც დავიტოვო, როცა ქალაქის სიგრძე ამბავი უნდა გიამბოთ?!
დავიწყებ იმით, როგორ მოხვდა ადამიანებთან. რით დავამთავრებ, ჯერ თვითონ არ ვიცი.
სანამ ადამიანებთან მოვხვდებოდი, საყუნჭია გორაზე ვცხოვრობდით. ეს გორა მდინარე იორს გადაჰყურებს. სხვა რამეებიც ბევრი მოჩანს იქედან - ჭალა, ივრის გადაღმა მთები, იმის იქითა მთები. ექვსნი ვიყავით - მე, ჩემი ოთხი და-ძმა და დედა. თვალები ახელილი არ გვქონია, რომ მამა დაკარგულა. დიდი მელები ამბობდნენ, მოკლესო.
ვინ მოკლავდა, ადამიანების მეტი?!
ჩვენი სოროს წინ ბალახიანი პატარა ფერდობია. შიგ კალიები და ჭრიჭინები დახტიან, პეპლები დაფარფატებენ. მზეზე თბებიან მუცელდაბერილი ხვლიკები. რცხილის ბუჩქებზე მოდიან შაშვები, ჩხიკვები (გაწყდა მაგათი ჯიში და გასაგისი), მწყერჩიტები, ჭინჭრაქები. ღამღამობით კი, სხვა ფრინველებს რომ სძინავთ, თვალების ბრიალით დაფრაშფრაშოენ ბუები და ზარნაშოები.
ერთხელ ნაშუადღევზე გამეღვიძა. დედა შინ არ იყო. ჩემს და-ძმებს ღრმა ძილით ეძინათ. ხან ერთ გვერდზე გადავბრუნდი, ხან - მეორეზე, მაგრამ ძილი აღარ მომეკარა. ავდექი და სოროს პირში გავედი. ჯერ ფრთხილად გავიხედე გარეთ, ჰაერი დავყნოსე, სმენადაც ვიქეცი (როგორც დედა გვასწავლიდა), რომ დავრწმუნდი, საეჭვო სულდგმულის ჭაჭანება არ იყო ახლოს, გარეთაც გავედი და სოროს წინ, მიწაყრილზე დავსკუპდი. ძალიან სასიამოვნო იყო ასე ჯდომა. სოროში ცხელოდა, აქ კი გრილი ნიავი უბერავდა.
უცებ საიდანღაც მამალი ჩხიკვი მოფრინდა და ბებერ კუნელზე დაჯდა. მე რომ დამინახა, თავი გვერდზე გადახარა, ხან ერთი თვალი მოჭუტა, ხან - მეორე, კუდიც გააცახცახა რამდენჯერმე, ბოლოს გასწორდა, ყელი ჩაიწმინდა და მთელი თავ-ტანის ქნევით მომესალმა:
- ჩემს კარგ მეზობელს ვახლავართ! ხომ კარგადა ხართ, ყმაწვილო? ხომ კარგად ბრძანებდება თქვენი დარბაისელი დედიკო?
ის ჩხიკვი სხვა დროსაც მყავდა ნანახი. კალიები ამბობდნენ, დიდად ზრდილი და განათლებული ფრინველია, მაგან რომ არ იცოდეეს, ისეთი არაფერი იქნება ქვეყანაზეო. ყველას თავს უკრავდა, ყველას დიდი ამბით მოიკითხავდა ხოლმე, თან სულ ჭრელ ფრთებზე იყურებოდა. გამოგოტყდებით, ადრე მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა მისი დანახვა, მაგრამ, ყმაწვილი რომ მიწოდა, ამით უცებ მოიგო ჩემი გული - მე ხომ ჯერ სამი თვისაც არ ვიყავი!
- დედა კარგად არის, თქვენ ხომ კარგად ბრძანდებით, ბატონო? - მივუგე, რაც კი შეიძლებოდა ზრდილობიანად.
- გმადლობთ, ყმაწვილო, გმადლობთ, - უფრო დაბლა დაიხარა და ისევ გასწორდა. - ჩვენ კარგად გახლავართ, მაგრამ საერთოდ კი დიდი უბედურება დატრიალდა. წყარო მოკვდა.
- წყარო მოკვდა? რომელი წყარო?!
- ჩვენი წყარო, ჩვენ რომ ვსვამდით ხოლმე.
- ხევში?
- ჰო, ხევში, თელებთან.
ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე, წყარო როგორ უნდა მომკვდარიყო. ჩხიკვმა ეს შემატყო და უარესად დანაღვლიანებულმა მითხრა:
- წამომყევი, შენი თვალით გაჩვენებ.
ფრთა ფრთას შემოჰკრა და წინ გამიძღვა ფრენით, თან სულ უკან იხედებოდა, მივდევდი თუ არა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
მე ყველაფერი მაინტერესებს. გუშინ, მაგალითად, მე და ჩემი პატრონები ტბასთან ვიყავით. ყელზე თასმა მება, იმ თასმის ბოლო პატრონს ეჭირა და ისე დავსეირნობდით. წყლის ნაპირიდან ბორცვის თავზე თეთრი მატყლის ბღუჯა დავინახე. ამ მატყლის ბღუჯას აქ რა უნდა-მეთქი, წავედი მისკენ. მომყვა პატრონიც. გაიზარდა ის მატყლის ბღუჯა, გაიზარდა და ბოლოს თეთრბოხოხიან მეცხვარედ არ იქცა?! იჯდა ბორცვის იქითა გადაქანებაზე, ორლულიანი თოფი კალთაზე ჰქონდა დასვენებული და ცხვრის ფარას სდარაჯობდა. გამოვიპარე და მერე როგორ! ჩემი პატრონი ხან დამცინოდა, ხან მეფერებოდა.
ადვილად წარმოიდგენთ, როგორი ვიქნებოდი თავისუფლად მყოფი. გული როგორ მომითმენდა, მკვდარი წყაროს სანახავად არ წავსულიყავი!
მივრბივარ ბალახიან ფერდობზე, მივყვები ჩხიკვს.
ო, რა მწარედ მახსენდება ყველაფერი!
დაბლიდან რაღაც შემომისხმარტალდა. თურმე დიდი მწვანე ხვლიკისთვის დამიდგამს ფეხი. გახტა ის ხვლიკი და შემომიღრინა:
- ხეპრევ! გაუთლელო!
ალბათ სხვა ვიღაც ვეგონე. რომ მომხედა და მიცნო, მიბრუნდა და გაიქცა თავ-პირის მტვრევით. ჩხიკვი კი მაღლიდან მარიგებდა:
- ნუ, ჩემო კარგო, მაგისთანა არარაობებს ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეგ საჭმელადაც კი არ უნდა იკადრო. თქვენს გვარში თაგვებსაც კი არ კადრულობდნენ და ხვლიკს ხომ... ფუჰ, ხვლიკი!
დავუჯერე და ისევ მას გავყევი. გავძვერით ჯაგრცხილებისა და შინდების ბუჩქებში. იქ კიდევ შაშვი მჯდარიყო, დამინახა და იმასაც თავზარი დაეცა - ჭახჭახით გავარდა მუხნარისკენ.
მივუახლოვდით ჩამძვლეულ კბოდეს. მაღალი ბალახებიღა მიშლიდნენ, თორემ უნდა დამენახა კიდეც მკვდარი წყარო. მივდიოდი, იმ ბალახებს აქეთ-იქით ვწევდი ცხვირით და თათებით და უცებ - თითქოს დაღამდა. ჩემს მაღლა მოფარფატე ჩხიკვი გაკაპასებული დამაცხრა, ზემოდან გადამეფარა და ნისკარტი დამიშინა. მოვასწარი და თვალები დავხუჭე. კიდევ ისიც მოვასწარი, რომ ზურგზე გადავბრუნდი და ფეხები შევუშვირე. იმან კიდევ უფრო გამწარებით დამკრა და დამკრა ნისკარტი. მე მოვიკუნტე, გადავქანდ-გადმოვქანდი და კბოდეზე დავგორდი. მივგორავდი და ჩხიკვიც მომდევდა - უხმოდ, ბრჭყალებგაშლილი, ნისკარტის კაპუნით. ძირს ჩაგორება არ მაცალა, რომ კიდევ ერთხელ დამაცხრა. მაშინ კი გავიფიქრე, გათავდა-მეთქი ჩემი სიცოცხლე. ვუცდი ნისკარტის დარტყმას, მაგრამ იგვიანებს. ვიცდი კიდევ, მაინც იგვიანებს. ბოლოს ჩხავილი გავიგონე, ისიც შორეული. თვალების გახელას ვეღარ ვბედავ. და, აი, ვგრძობ, რომ ვიღაცამ ამწია, მაღლა-მაღლა მივყავარ. მაშინ კი გავახილე თვალი და დავინახე, რომ კბილებდაკრეჭილ შავ კაცს ვუკავივარ ხელში. ხითხითებს ის კაცი, მე შემომცქერის და იძახის:
- მელაკუდავ! საიდან შენ აქა! აბა, მომხედე, საიდან შენ აქა!
გავშეშდი, გონება დამებინდა შიშისაგან. როდის-როდის ძლივს გავაქნიე ფეხები და ამოვიწკმუტუნე:
- გამიშვი! გამიშვი!
მაგრამ კაცს ჩემი ნათქვამი თითქოს არც გაეგონოს. სულ უფრო მაღლა მეწეოდა და ახლა ქვემოდან შემომხითხითებდა:
- მართლა მელუკა ხარ, კაცო?! უი, უი, უი! როგორი კიჭები გქონია! - თითი პირთან მომიტანა და, ვითომ ძალიან მეკბინოს, უცებ ამოიფარა ზურგს უკან.
მე ვტიროდი და მაღლიდან ვიხვეწებოდი:
- გამიშვი რა! გამიშვი!
მაგრამ კაცმა არ გამიშვა. პირიქით, მკერდზე მიმიხუტა, თავზე ხელი დამადო და მოშორებით გაჩერებულ ცხენთან მიმიყვანა.
- შეხედე, - უთხრა ცხენს, - შეხედე, ვინ მოვიყვანე.
ცხენმა მოწყენილი თვალებით შემომხედა. მერე, თითქოს თვალებს არ დაუჯერა, რამდენჯერმე აჩქარებით დაახამხამა, მერე მიცნო და ნესტოები დაბერა, ყურები აცქვიტა, გაუკვირდა.
- საიდან?
კაცს არც მისი სიტყვა გაუგონია. ცხენს გვერდიდან წამოუარა. იქ უნაგირზე გადაკიდებული გაბერილი ხურჯინის თვალიდან პატარა ბატკანი იჭყიტებოდა. კაცმა ამწია და ცხვირი იმ ბატკნის ცხვირზე მიმადებინა. ბატკანი შეშინდა, აფართხალდა და ბღავილს მოჰყვა. კაცმა ისევ მიმადებინა ცხვირი ცხვირზე, თან სულ იცინოდა. არც ახლა გაუგონია ცხენის ბუზღუნი:
- გაიჩინა საქმე! გაუშვი, რას აწვალებ!
კაცმა ხურჯინის პირი გამოხსნა, კარგად გასწი-გამოსწია და მეც ბატკანის გვერდით ჩამაბრძანა. ბატკანი გადაირია, მაგრამ კაცმა ისე გაგვხლართა ბაწრით, ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ვერ ამოვხტებოდით.
და წარმოიდგინეთ ახლა: ვსხედვართ ხურჯინის ერთ თვალში ერთად ბატკანი და მე, მელა, მარტო თავები გვაქვს მაღლა ამოყოფილი, ბატკანი ბღავის, მე ხან ვწკმუტუნებ, ხან ვიღრინები, ცხენი მიდის, თავის პატრონზე ბრაზობს:
- იშოვა, რა, გასართობი!
კაცი კი მიბარგანაობს, მალ-მალე შემოგვხედავს და იცინის.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო